როდესაც ერი, თვისს აწმყოთი გამწარებული, იგლოვდა წარსულს გულდამწვარი, შეწუხებული, და ვით ცხვრის ფარა, უპატრონოდ მიტოვებული, ეჩეხებოდა კლდესა და ღრეს, გზადაბნეული, მამულის შვილნი კი "ლოთებო ნეტავი ჩვენა", გაიძახოდნენ, "მოგვეცაო დღეს შვება-ლხენა" და არ ნაღვლობდენ არც სამშობლოს აოხრებულსა, არც ერს მწუხარეს, ცხარის ცრემლით ატირებულსა, - მაშინ გაისმა შენი მწარე კვნესა-ტირილი, გრძნობით აღვსილი, ნაღვლიანი ოხვრა-ჩივილი! შენ დასტიროდი "ბედსა ქართლისას", გულგატეხილის მეფის რჩეულსა: შენ დასტიროდი "ტაძარსა წმინდას, უდაბნოდ მდგარსა, გაუქმებულსა", შენ დასტიროდი "ცხოვრებას ფუჭსა", "ამაოებას წუთისსოფლისას", "სუმბულს, მოკლებულს სამშობლოს გულსა", და "მარტოობას, სულის ობლისას!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |