კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:06

 

 

 

დაჰჟანგებულხარ, გორდაო,

დაგობებია ქარქაში,

სადა გყავს შენი პატრონი,

დაგაწყებინოს კაშკაში?

- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:

შამქორს გავწირე მკვდარია,

ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,

სდიოდა სისხლის ღვარია.

ომში წინ წასვლა უყვარდა,

ხელთ დაბღუჯვილი ფარია;

არას დასდევდა სიკვდილსა,

ოღომც არ შარცხვეს ჯარია,

მეფის თამარის გვირგვინი,

ქართველთ სამეფო გვარია.

ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს

ლაჩართ კედელზე უქმადა;

ვისღა სცალიან ჩემთვისა,

ქვეყანა იქცა დუქნადა.

გადამაგდებენ გირაოდ...

და გზირ-ნაცვლების ხელითა

ქვეყანა მხედავს მდებარეს

“არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.

შვიდასი წელი გამიხდა,

არ გავპოხილვარ დუმითა,

არ ვულესივარ ქართველსა

დაღიღინებით ჩუმითა.

მისი ხმა აღარ მსმენია:

“გასჭერ, გამიშვი წინაო,

თუ სახელს არ მაშოვნინებ,

როგორ დავბრუნდე შინაო!”

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ