ხალხს და ქვეყანას ეწირება მხოლოდ თევდორე. ხალხმა არ იცის, საქართველო რომ იღუპება, რომ განსაცდელი კარს მოსდგომიათ, რომ შუბი უკვე აღმართულია, შუბი ფარული და უხილავი და სადაც არი, გაიზუზუნებს. და უმწეოა ტივზე მეტივე, რომ საყდარია მიტოვებული და მოციქული უნუგეშოდ დგას თორმეტივე, რომ ოცნებისთვის მკაცრი არის დღე დღევანდელი და თმებგაშლილი ანგელოსი დგას და ქვითინებს. ხალხმა არ იცის, საქართველო რომ იღუპება, რომ მტერი უკვე ოჯახში უზით. ხალხს და ქვეყანას ეწირება მხოლოდ თევდორე და თავგანწირულს ჯერ სამშობლო ვერ დაუხსნია. ის ქვენადრისის გზაზე მიდის. მაგრამ მან იცის, რატომ მიდის... ხალხმა არ იცის, არ ეყურება გადამთიელის ცხენის ჭიხვინი. თებრონე მშვიდად მიდის წყაროზე, მერე ქალებში დგას მარიხივით. საქართველოში მოსვლა სატანის და ორღობეში ღვივის თებრონეს აყვავებული კაბის ატამი. ო, ღმერთო, ასე უყურებს ალბათ მიწაზე ძალით წამოქცეული ხარის თვალები გაოფლილ ნალბანდს. რომ სისხლით ღებეს თრიალეთი და დაწვეს მანგლისი. ცხირეთში მშვიდად ისვენებს მეფე. ძალაუფლების ათრობთ თრიაქი. სასაფლაოზე გადადის ცხვარი. სოფელს აფხიზლებს დედლის კრიახი. ვაჭარი ძღვენით მისდგომია მეფის პალატებს. ხალხმა არ იცის, არც მამაცმა და არც ლაჩარმა, გულქვამ, გულჩვილმა, არც ერთგულმა, არც მოღალატემ, რომ იღუპება საქართველო. ქვეყნად არავის - არც ხელმწიფეს, არც ქვეშევრდომებს, წინ გაგდებული, სისხლიანი, ლახტით ნაცემი რომ ყველას მსხვერპლად ეწირება მხოლოდ თევდორე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი გეგეჭკორი პოეზია |