კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 05:49

 

 

 

როცა ქართლში გაზაფხული

აამწვანებს სერს და ყანობს,

ცხელი სისხლი ჩაუდგება

სამაჩაბლოს, სამუხრანოს.

დაშვენდება საულვაშე

დოლის პურს და ქერის თავთავს,

ქსანზე ნისლად აცურდება

წმიდა სული ერისთავთა.

მუხრანს ზემოთ ერთი შინდი

რომ ყვავილობს გამთენია,

ქეთევანის სულის საოხ

ანთებული სანთელია.

მიწას, ასჯერ გადაბუგულს,

თავზე ადგას სვეტი ნათლის,

პირჯვრის წერით სათქმელია:

ზემო, ქვემო, შუა ქართლი.

ქართლო, საქართველოს ძირო,

ქართლო, საქართველოს ფარო,

არც არავინ გაგიტოლო,

ვერც ვერავინ შეგედაროს.

გადავძახი ოთხივ მხარეს,

სადაც მზერა გადამიტანს:

"საქართველო ქართლით არი!”

ზეცა ამბობს: "ჭეშმარიტად!”

მეფედ საქართველოისა

არ ითქმოდა არვის ნებით,

თუ სკიპტრას და ოქროს გვირგვინს

მცხეთას შენ არ უკურთხებდი.

უწინ ბევრჯერ ნაწამები,

მაინც მუდამ მთქმელი მართლის,

ერის მჩენი, გადამრჩენი -

ქართლი, მშვენიერი ქართლი!

მცხეთას ლოცვად დაგიდგები,

ვიმარტვილებ, ვიმარხულებ,

თუ ათას წლებს შენ ასეთი

ეშხით გამოიზაფხულებ.

დღეისდღესაც ღვაწლი შენი,

მადლი შენი უდევს დვრიტად,

"საქართველო ქართლით არი!”

ცა მიმოწმებს: "ჭეშმარიტად!”

მე ვით გეტყვი, ანდა ქვეყნად

ღვაწლი შენი ვინ თქვას დათვლით...

დედა საქართველოისა,

გული საქართველოისა -

ქართლი, საოცარი ქართლი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ