კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:36

 

 

 

შენ არ იცი აქ ყვირილა რატომ ყვირის

ან გვირილი ძეძვში რატომ იმალება,

არ გსმენია შორეული ხმა საყვირის,

არ გინახავს შავი ოქროს ბრწყინვალება.


სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,

როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს 

დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ

მერე, მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ.


მაშ, წავიდეთ, მოდინახეც მოდი ვნახოთ, 

იქ აკაკის ყრმობის წლები გავიხსენოთ

და სხვიტორში წერეთლიანთ ოდის ახლოს

ლექსი ვთქვათ და სავანეთშიც დავისვენოთ.


შორს ქორეთში განა ქორებს უფრენიათ?

ძვირფასს ხალხის ნატერფალებს ქარი არ შლის,

იქ რამდენი ღამე თეთრად უთევია 

ოცნებებში გატაცებულ ბელიაშვილს.


მწამს ბაჯითში სიო შავ თმებს დაგიკოცნის,

იტყვი გული საგულეში აღარ მიძევს.

იქ მზის ახლოს ოცნებების თეთრი კოშკი

აუგია ერთ დროს რევაზ ჯაფარიძეს.


მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილო,

ჩემი მხარის სიდიადეს არც კი ვჩემობ

არგვეთშიაც ხალიჩებად დაგიფინო

იაშვილის საოცნებო კაკლის ჩერო.


მოვეფეროთ მგოსნის ხელით დარგულ ვარდებს,

ვაქოთ ღამე დარიანი, მთვარიანი.

საჩხერიდან ჭიათურის სადგურამდე,

მიგვაცილებს მუხრან მაჭავარიანი.


იქ ჩემს რგანში სადაც გრიგოლ აბაშიძეს

ერთ დროს ფრთები აუშლია ასაფრენად

საშევარდნო ალიონზე გაიღვიძებს 

და მოიხვევს ცისფერ ნისლებს თავსაფრებად.


მაშინ კარგო რას მიქვიან სინანული,

ჩემს შუკაშიც შევხვდეთ ნიავს ფრენით მოღლილს 

იქ ჩრდილებში საგანგებოდ მიმალული,

კარს შეგვიღებს ჭერმზიანი ჩემი ქოხი.


მაშინ შენაც სასოებით მკლავებს გაშლი,

ვენაცვალე ჩემს იმერეთს ფუძემზიანს

ნავარძეთში ჩვენს მარიკა ბარათაშვილს 

მარჯნისფერი საპოვნელა უძებნია.


ტყემლოვანში ტყემლის ძირას დავისვენოთ,

გვიმასპინძლებს მარიჯანის თბილი კერა. 

მერე კარგო სასოებით გავიხსენოთ,

რაც გვიამბო სერებმა და ბილიკებმა.


ქვაციხეში აღმართს წამში ავივლით და 

ვიცი, მეტყვი რა სამოთხე გადავლახეთ, 

ბესო ჟღენტის სახლის კოხტა აივნიდან

საქართველოს სილამაზეს დაგანახებ.


ნისლის ბორნით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,

როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს,

ხომ გითხარი ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, 

მერე, მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ