მოგრძო თითებში ოქროსავით გასცვითეს ნისლი და რომ გაჰყიდეს, მთის კალთებმაც გული დაჰკოდეს... მას არ ჰქონია მეფური სისხლი, - ქართველი იყოს და მეფური სისხლი არ ჰქონდეს?! მის ვაჟობისთვის არ შეუსხამთ საზანდრებს ხოტბა, არც ედრებოდა მთვარეს რქაყვითელს, მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა, რომ შვიდ არაბულ ბედაურის ფასად გაჰყიდეს... შენ კი სტიროდი მისი ხელით დარგულ ჩინართან, ხედავდი - მტვერი ავარდა გზაზე, და საურმეზე კვალიც როგორ გაუჩინარდა მისი თვალების მუდარით სავსე. შენ ქვითინებდი და სახეზე მწუხრის პირბადე გაშლილ ყვავილთა შრიალზე იგრძენ, და მდინარისკენ როცა მირბოდი, გზა მოგეჩვენა დალალის სიგრძე. სულს გიბზარავდა ჭრიალი ურმის და მთვარისაგან ჩამოყრილი ხეთა ჩრდილები, მირბოდი როგორც... გათრთოლებდა აპრილის სუნი და ისიც, მიჯნურს რომ ეძახდა მთაში ირემი. შენ გეძახოდა მიჯნური შენი? მე ისიც მიკვირს, ანგელოსებმა შენ თავის მოკვლა როგორ შეგინდეს, მიჰყევ ოცნებას და როგორც შველი, არაგვის კბოდეს გადაეკიდე... სად მიგიყვანეს შენმა თვალებმა, გზით ხომ არ წახველ - არაგზით! დასტოვე ქოხი დედის ანაბარ და თეთრმკლავებამ თავი დაიხრჩე მღვრიე არაგვში... ***** მე კი დავბრუნდი, დაგიბრუნდი, უშენოდ მაინც როგორ გავძლებდი, და ქვაზე ჩუმად ველოდები ვნებიან მაისს, გაგიჟებულს და ღილებაწყვეტილს. მზე კი - მიწყრება გაზაფხულის მზე, მიამბობს შენზე, შენი გულისთვის გადავარდა მაღალ კლდიდანო... მე მაინც გელი, ო, იქნება ანანურისკენ ორაგულებმა ამოგიტანონ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |