ქართლის მიწა ჩოხის კალთით დამქონდა, მისთვის ღამე მითევია თეთრადა. სხვა მიწაზე შავი მერნით დავქროდი და ჩემს მკერდში საქართველო ფეთქავდა.
წინ მიძღოდა ჩემი მიწის ხატება, განსაცდელში ჩავარდნილს თუ მიჭირდა, მასზე ფიქრი ძალას მომიმატებდა.
ჩემი ხელით გადავტეხე მახვილი. ო, გული კი მანდ დავტოვე მფეთქავი, დაჭრილი ვარ, გესმის ჩემი ძახილი?
სამშობლოში გშვენის მხარგაშლილობა. ღრუბელი რომ ციდან მოგიხევია, მაგ ღრუბელით დამიფარე ჭრილობა.
გამწირეს და მოღალატეს მადარეს. ჩემი ხმალი, სისხლიანი, ნაბრძოლი, სამშობლოში ორბებს გამოვატანე.
გვერდით ძმები სისხლით შენაფიცარი, სხვა მიწაში მტანჯავს ჩემი საფლავი, არ მეცემა საქართველოს ცის ნამი.
მკერდზე მწველი ამაცალეთ ისარი, ქართლის მიწა გულზე გადამაყარეთ, იქ წაიღეთ ჩემი კუბოს ფიცარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ მამფორიას პოეზია |