კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:49

 

 

 

უთუოდ ჰგავდი თვითონ ტარიელს,

და იმის მსგავსად შენც გვემალები

ფიქრს, შენით სავსეს, ფიქრს დასალიერს

კვლავ უპასუხებ იდუმალებით.


აგე რამდენი საუკუნეა,

რაც გვამიჯნურებს შენი ამბავი.

შენი ყოველი სიტყვა მწველია

თითქოს თქმულება დაუსტამბავი.


შენი გმირების გზნება და ფარჩა,

შენი ვეფხების გრგვინვა ალური,

საუკუნეთა ხსოვნაში დარჩა,

როგორც სიმღერა ლეგენდარული.


არის ოსტატის ხელით ნაჭედი

ზღვაში მსრბოლავი შენი ზანგები,

შენი ნესტანი, შენი ქაჯეთი,

შენი რითმები - ფარშავანგები!


მიწის სიღრმიდან ამონადენი

აფრქვიე სიტყვა და საფირონი,

ვართ მადლიერი, ვით შერმადინი -

მოგვეც ლალები უნაპირონი.


მაგრამ რა იყო იგი დემონი,

შენ რომ გდაგავდა ცეცხლის ამბორით,

ვისთანაც ჰქონდა გმირს პაემანი

უღრან ტყეთა და შამბნართა შორის?


შენი გმირების ლტოლვა მარადი

ჰგავს უკვდავების ძიებას ხშირად:

ისმის წესტანის მწველი ბარათი

ცაში ატყორცნილ სულის საყვირად.


შენ შეახვედრე ერთმანეთს გრძნობის

თავგანწირული პალადინები,

მიჯნურობისა და მაღალ ძმობის

თავზე დაადგი მათ გვირგვინები.


ჯოჯოხეთი და სალხინებელი,

მათი რკალებით შენ გაიარე

ტარიელისა იყავ მხლებელი

და ანელებდი იმის იარებს.


იწვოდი მისთვის, როგორც სანთელი

მის უშრობ ცრემლთა სთვალე წვეთები,

სჩანხარ დაისში, ვით ავთანდილი

და გესალმებით ჩვენ - პოეტები


ხარ ჩვენი ქვეყნის სიბრძნე და ფიცი,

შენს ძვირფას სახელს მზეზე ავიტანთ.

სად განისვენებ დღესაც არ ვიცით,

და მაინც გრგვინავ ბნელ საფლავიდან.


ო, გაიხარე სამშობლოს ბედით,

ჩვენ აღარ გვმოსავს მონობის თალხი,

დღეს საქართველო გაცოცხლდა მკვდრეთით

და შენ გადიდებს ქართველი ხალხი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ