თქვენ თქვენს წარსულს ეფერებით, თქვენს კერპებთან ქედსაც იხრით, შევაჯიბროთ მეფეები რა მხრითაც გსურთ, იმ მხრით!
მკლავით, გულით, ჯიგრით! ხასიათით-ომში ავით, შემწყნარებლით- შიგნით!
ქვეყნის ხსნაზე ფიქრით, ჭმუნვით, სევდის უძირობით, წვერ-ულვაშში - ჭირხლით!
(,,მაღალს"-არ ვწერ ლიქნით!) მიჰყვებოდა ლომს აღალი ტონანახევარი წიგნით...
რაკი წიგნი მოჰყვა სიტყვას, დავით არა მარტო მერჩულს, სხვათა შორის ესეც ითქვას, კითხულობდა ბერძნულს... კითხულობდა სხვათ ელიტას, არა მარტო მტბევარს,- ,,ფილასოფოსთ მათ ელინთა ღრმად სიბრძნეთა შევალს..." კითხულობდა სომხურს, სპარსულს, უკითხავდა ჯალაბს არაბულად თარგმნილ ჩან-ჯუს, იბნ-ალასარს- არაბს... რაიც თურქულს შეეხება, თურქის წიგნის მარაგს, თურქი-ოთხფეხს ერეკება, ასდევს მტკვარს და არაგვს, თურქი-დუმით ნასუქია, თურქს ჯერ წიგნი არ აქვს... უკაცრაულ პასუხია, ცხვარს აძოვებს ბალახს...
ჩვენც ჩვენს წარსულს ვეფერებით, იქნებ მართლა ბალღები ვართ, რომ ვამაყობთ მეფეებით!
ვიკვებებით ლეგენდებით, კი, ბატონო, ვწუნობთ აწმყოს, ისტორიას ვეკედლებით.
და თქვენს თვალში ვჩანვართ ბალღად, არ გვეძრახვის, ვოცნებობდეთ ჩვენც ოდესმე ვიქცეთ ხალხად...
მკლავით, გულით, ჯიგრით! ხასიათით-ომში ავით, შემწყნარებლით- შიგნით!
(,,მაღალს" არ ვწერ ლიქნით!) მიჰყვებოდა ლომს აღალი ტონანახევარი წიგნით!
იყო შანსი გულის მოფხანის,- პრობლემა რთული (შედარებით!) წყდებოდა მარტივად... ,,აქუნდის ესე ჩვეულებად" აღმაშენებელს,- გვითხრობს ესრეთ ,,ქართლის ცხოვრება",- გადვიდოდაო ზამთრის პირზე განზრახვით აფხაზეთს, გადაბრძანდებოდა დავითი ქუთაისს, მოიხილავდა გელათს, გეგუთს, განისვენებდა... (მსტოვრების თვალის ასახვევად იქმოდა ამას!) ჩამოიტყუებდა ასერიგად შუა ქართლში საზამთროდ თურქმანს... ხოლო სცნობდნენ რა სიშორეს მისას, აიძვროდნენ რა სამხრეთიდან მყრალი ფალანგები ცხვრით და ხარ-ძროხით, დედა-წულით, დედაბუდიანად, ჩამოდგებოდნენ რა ავჭალას, დიღომს და ბარდავს, შეესეოდნენ რა ხეობებს ივრისას, მტკვრისას, მოედებოდნენ რა ქვეყანას ვითარცა მკალნი, ,,არა ჰრულოდა მეფესაო",-განავრცობს ესრეთ მემატიანე დავითისი მოთხრომას თვისას, აღისრბოლებოდა ,,ვეფხი ფრთოვანი", გადმოათხრევინებდა მთას თოვლიანს, გადმოტოპავდაო ქედს ლიხისას გაცეცხლებული, დახვდებოდა მზაობით სპაი, ჩამოუქროლებდა ჟანგიან ფალანგებს, დააცხრებოდა წვირიან თურქმანს, ააჭყვიტინებდა კოლტს ღორისას ვითარცა ფოცხვერი, დააყრევინებდა საბრალთ თავებს, ,,აღიღის ტყვე და ალაფი ურიცხვიო", გამოირეკავდა ნაალაფარ ცხვარსა და ძროხას... კი! ის დრო სჯობდა,- იყო შანსი გულის მოფხანის,- პრობლემა რთული (შედარებით!) წყდებოდა ადვილად! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |