დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლევინებ მოზღვავებულის ავითა!.. სხვაც მრავალია ჩემფერა, ვისაც არავინ არ სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა. გულიც მან გამიერთფერა. ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯებ სერ-სერა; ათასჯერ, განა ერთხელა; და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი… გულ-მკერდზე დაიწეროდი! ბარო, წარბნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი!.. ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, - იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. კეთილსა ვყვანდე ზიარად; ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად… ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, - ჯერ ისევა ვარ ფხიანად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |