კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:36

 

 

 

ბაზალეთისა ტბის ძირას

ოქროს აკვანი არისო,

და მის გარშემო წყლის ქვეშე

უცხო წალკოტი ყვავისო.


მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს თურმე არ სჭკნება,

ქვეყნისა დროსა ტრიალსა

იგი არ ემორჩილება.


ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს

ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, 

და იმის მზიან ჩრდილებში 

მუდამ გაზაფხული არი.


წალკოტის შუაგულშია

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა

არავის გაუბედნია.


მარტო ერთნი - სირინოზნი

იმ აკვანს გარს ეხვევიან,

მარტო იგინი, გრძნეულნი,

დასტრფიან და დამღერიან...


ამბობენ, - თამარ დედოფალს

ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით

ტბა კარვად ზედ გადუხურავს.


ამას კი აღარ ამბობენ, -

აკვანში ვინ ჩააწვინა, 

ან თვით ერმა თვისი ცრემლი

ზედ ტბად რისთვის დაადინა...


იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,

ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი?


თუ ესე არის, ნეტა მას

ვაჟკაცსა სახელოვანსა,

ვისიცა ხელი პირველად 

დასწვდება იმა აკვანსა!


თუ ესე არის, ნეტა მას,

დედასა სახელდებულსა,

ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის

თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ