მარტო ვარ, მარტო დავდივარ, მარტოდ ვაწუხებ საწუთროს, ხან დარდი ამეწეწება, ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს, დავდივარ დაფიქრებული, ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
ხანაც მაცილი მერევა, ასეთ დროს ხელად მყოფს ვგავარ, გული გონებას ერევა;
ამ ჟამის ვარ, თუ "მერე ვარ", რად არ ჩამაქრობს უფალი, ალბათ მამა, - შვილს მერევა...
უნდა მასმიოს ფიალა, მანამდის, სანამ არ მიგრძნობს, ჩემში ხვთის არა ყრია რა...
განა ერთსა და ცოტასა, მოხარული ვარ იმათთან: ლხინსა, ქეიფსა, ყოფასა.
აღარ დაგიდევთ შობასა, ბნელს ვეფარები, არ დავდევ საუფლო ნათელყოფასა.
აღარ მადარდებს მამული, გულს ნუ მთხოვ, გავხდი უგულო, სულით ვარ, სულმოწამლული.
ხავსმოდებულებს, ძველებსა, ჩემს მამიდებს და დეიდებს, იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ომებში ნასახელებსა, ჩემს პაპებსა და ბებოებს, იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა, კრწანისის ომში ალალად ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყვავილებს ყელმოღერეთა, ვარსკვლავებს, ცაში მგალობელთ, ზეცას მიბჯენილ სერებსა,
მთის ყინულიან ყელებსა, თუ აღარ გინდათ ქართველებს ყვავილად მოსხმა ველებსა,
რა ძალგვიძს ჩემსა ფერებსა; რაც დავიყბედე, ვერ ვიზამ, განა ეგეთად მზრდიდნენა,
"შინაურებს და ფლიდებსა". რას ვაქნევ იმათ ქეიფსა, იმათ ლხინსა და ყოფასა,
ვფიცავ იესოს შობასა. ბნელს ნუ მანახვებთ, ვესწრაფვი, საუფლო ნათელყოფასა!
შორს, კუდიანთა არული, გულს მასვენია სამშობლოს ღრუბელი ფერ-მეწამული.
ხავსმოდებულებს, ძველებსა, ჩემს მამიდებს და დეიდებს, იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ომებში ნასახელებსა, ჩემს პაპებსა და ბებოებს, იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა.
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა, კრწანისის ომში ალალად ჩაჩეხილ არაგველებსა...
ჩემთა სალოცავთ წყებასა; აღდგომას, ამაღლებასა, შობას და ნათლისღებასა...
ახლაც მწამს, ვიწამებ, ქართველთა გამარჯვებასა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გოდერძი ჩოხელის პოეზია |