წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა, წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა? წიწამურიდან საგურამომდე აშრიალებულ ფოთლების ზღვაა. ღამით ამოსულ და აყვავებულ ვარსკვლავებს დილა მოთიბავს ცელით, ღამით ამოსულს და აყვავებულს ნიავს არაგვი დილამდე ელის. შენს სამას შვილზე ხომ არა დარდობ? - გყავდა და თითქოს არა გყოლია! შენი ჩქერების თეთრი შხეფები, - ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია! როგორ აღზარდე ქართულ ქოხებში და ქართულ აკვანს როგორ ურწევდი! ჰოი, არაგვო, მაშინაც, ალბათ, ამავე სევდას მოაქუხებდი! აღარ გესმოდა `ვისაც მოუკლავს, არ გუგუნებდა ზარი სიონის, შენ დაგტიროდა მხოლოდ მოხუცი: - დამარცხებული ბაგრატიონი!.. საით ისწრაფვი მაინც, არაგვო, და მიაშფოთებ ტალღებს ქაფიანს? მცხეთის კარამდე დიდი ჩრდილებით მთებს შენი ტანი დაუდაფნიათ! მცხეთის კარამდე წარსულ ბრძოლების ისევ ამტყდარა აურზაური, მცხეთის კარამდე რეკავს ჯავშანზე დაჯახებული ხმალი ფშავური! ისევ ჰყივიან ცაში არწივნი და შრიალებენ მთანი ტყიანი; მთებში ირმების ისმის ყვირილი გულის მზარავი და სევდიანი. განგმირულ შუბლით ეკლიან გზაზე ისევ მგოსანმა თუ გაიარა? ეგების ამცნო მთებს საიდუმლო და დიდი ფიქრი გაუზიარა? მოკლულ პოეტზე ხომ არა დარდობ? - გყავდა და თითქოს არა გყოლია! შენი ჩქერების თეთრი შხეფები, - ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია! ეგების შესწყდა ვარსკვლავთ კაშკაში, გადაეფარა მიწას წყვდიადი, და დამწუხრებულს, კაეშნით მოცულს, მზესაც ამოსვლა დაუგვიანდა? ალბათ, მისთვის ხარ გულჩათხრობილი და აღარ ცხრება ტალღების კვნესა! ნატყვიარ შუბლის სისხლის წვეთები ახლაც აცხია მიწას და ქვებსა!.. წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა? წიწამურიდან საგურამომდე დიდი მთები და უძირო ცაა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |