დედაო, საქართველოვ, ჩვენო ეზო-კარო, დაწმენდილო არაგვო, ამღვრეულო მტკვარო;
ჭალას ძლივს რომ ესმის, ყვირილაო, მყვირალო იმერეთის მთებში,
კლდის ლიბო რომ გმალავს და კლდის თავზე ბერმუხავ, ქედმაღალო მარად;
მწვერვალებზე მაღლა და ძირს, მინდვრის ხაოში განაბულო ღალღავ;
მეხთან შენაბრძოლო და ფერდობზე, ბარდებში, გულმშიშარა გნოლო;
წყაროვ, წყნარზე წყნარო და შენ, პალიასტომის ზვირთო, დაუმცხრალო;
ნისლს ახლაც რომ იხვევთ, ჩვენო ახალქალაქო, ჩვენო ახალციხევ;
ზღვადაღვრილო გულზე და ახალო რუსთავო, მზეს ლაღად რომ უმზერ;
ტბეთო, არტანუჯო, აწეულო ცარგვალო, წაქცეულო ბურჯო;
გაზაფხულის დარო, თიბათვეში თეთნულდზე თოვლო დაუმდნარო;
მოდებულო ხავსო და ახალო თბილისო, შუქურბაღის მსგავსო;
ახალო და ძველო, შენი წინსვლისა იყოს, შენი სადღეგრძელო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |