თავმოძულებულს თათრის ბეგარით, გაალმასებულს სპარსთა უღელით ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი, სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.
ასჯერ ხომ მაინც მოხვდა მახვილი, წყლულს იშუშებდა შუბლდანასერი, დარბაზებს დგამდა ომგადახდილი!
გაგრილებული რკინის პერანგით, თვალს აელვებდა, რომ უნებური არ დასცემოდა მზირი ვერაგი.
გარჯა თუ ლხინი ჰქონდა ახალი, - თანდაყოლილი დედის მუცლიდან ყველგან თან ჰქონდა ქართველს ფარ-ხმალი.
მხოლოდ ის დარჩა მარად უცვლელი, ტაძარს აგებდა, - ეცვა წვრილთვალა, ვეფხის წიგნს სწერდა ჯაჭვგაუხდელი.
გაალმასებულს სპარსთა უღელით ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი, სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ აბაშიძის პოეზია |