კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:33

 

 

 

როს დაღამდება - მაგიდას ჩემსას

თქვენი აჩრდილი აღარ შორდება,

თქვენი აჩრდილი მე თვალწინ მიდგას,

თქვენი ცხოვრება მომაგონდება.

ზოგჯერ ამაყი გრძნობა ამანთებს,

ზოგჯერაც გული დამიღონდება!


ასეთი ცოდვა რა ჩაიდინე,

ჩემო სამშობლოვ, მინდა ვიცოდე

რომ ამოდენა ცეცხლი დაგვჭირდა

და მეც ამ ცეცხლით უნდა ვიწოდე.

რომ განთხევინეს ამდენი სისხლი,

არ შეგიბრალეს, არ შეგიცოდეს?!


თქვენი აჩრდილი, გარინდულ სახით,

ჩუმად მიცქერის, არაფერს ამბობს

ეკლის გვირგვინი თქვენს შუბლზე მოსჩანს

ეკლის გვირგვინი თქვენს სახეს ამკობს,

მხოლოდ ღიმილი, კაეშნით სავსე,

ბაგეთა კიდეს ოდნავად აპობს...


შენ რაღას მეტყვი დიდო რაინდო,

ჩვენი გმირების აკვანს რომ არწევ,

ტანჯულ ძმებისკენ რომ მიიჩქარი,

მათ საწამებელ მოედანს აღწევ!

და ქუთუთოებს, ფუტკრით დაკბენილს,

თითქოს დარცხვენილს, ზევითაც არ სწევ!


ეს ხომ შენა ხარ, ო, უნაზესო,

ქალო ქართველო, ჩვენო დიდებავ!

ეგ ხომ შენს გულ-მკერდს შანთებს უყრიან,

ეგ ხომ შენს ირგვლივ ცეცხლი ინთება!

მაგრამ არ ისმის შენი გოდება

და თვალებს ცეცხლი არ დადინდება!


შენ რაღას იტყვი? რისთვის მარიდებ

მაგ თვალებდათხრილ, მწუხარე სახეს?

რად არ ვიყავი მე შენთან მაშინ

და შენთან ართად არ დავიმარხე?

ო, უწმინდესო, მითხარი რამე

და შუბლს ანთებულს ხელი შეახე!


ისეთი ცოდვა რა ჩაიდინე,

ჩემო სამშობლოვ, მინდა ვიცოდე,

რომ ამოდენი ცეცხლი დაგვჭირდა,

და მეც ამ ცეცხლით უნდა ვიწოდე,

რომ განთხევინეს ამდენი სისხლი,

არ შეგიბრალეს, არ შეგიცოდეს?!


შენ კი რად დუმხარ, დიდო მგოსანო

და მოციქულო ერის და უფლის?

რისთვის მიცქერი ასეთი სევდით

და ჩემს მაგიდას ირგვლივ რად უვლი?

ვინ გაგიმეტა ასე უღმერთოდ,

და გახვრეტილი რადა გაქვს შუბლი?


შენ ხომ გნიშნავდა მაღალი ზეცა

და გზრდიდა შენი მშობელი ერი!

მაშ ვინ გაგწირა, როგორც ზვარაკი,

ვინ გახდა შენი მოსისხლე მტერი,

რომ ნატყვიარში შენი შუბლისა,

ქარი გასწივის, მოთქვამს და მღერის?


სამი აჩრდილი წამებულ სახით,

ჩუმად მიცქერის, არაფერს ამბობს!

ეკლის გვირგვინი მათ შუბლზე მოჩანს

ეკლის გვირგვინი მათ თავებს ამკობს,

მხოლოდ ღიმილი კაეშნით სავსე,

ბაგეთა კიდეს ოდნავად აპობს...


დამათენდება მამადავითზე,

ააელვარებს ხმალს განთიადი

სამი აჩრდილი დატოვებს ოთახს,

გაიფანტება ჯანღი წყვდიადის

და ჩვენს ქვეყანას, როგორც ნათელი,

დაეფინება შუქი დიადი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ