ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი… კურთხეულ იყოს მარაბდა!
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით… მხედრებო, ასე უღმერთოდ, რად მიატოვეთ რაშები?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |