მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული, ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში, და მე არ ვჩივი, - მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშრვება ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო, რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |