ოდეს მამაცი იბერი, ცისა და ქვეყნის ასაკის, ლაღი და თვალებცისფერი, მცხეთის მახლობლად დავსახლდი;
ხელში გუთანი მეჭირა, ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი, ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.
უღრანში ვჩეხდი ახოებს, ხარი მყავდა და კამეჩი, ვეძებდი საბალახოებს.
მცხეთას ავაგე ტაძარი, გაღმამთას ჯვარი შევაბი, არმაზს ვაფრქვიე ნაცარი...
და მოყვარული სინათლის, ურჩი არაბის, მონგოლის, პარტახში ვაზებს ვწინდავდი.
კაჟით მოვხატე კევრები, რთვლობას ვაჟურად დავდუღდი, ტკბილით დავავსე ქვევრები...
ღვინო და პური მახობლის, მოდით, მსურველო დათრობის, სიყვარულის და ლაღობის.
თაღარში ბორგავს მაჭარი, ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახია ნამცვრევი და ნაჭაჭარი!
გულს ნაპერწკალი აღინთეთ, თუ გეწამებათ, აცალეთ - დავაჟკაცდეს და დაღვინდეს!
ნაჟური ჩემი ვაზების, უმალ ალავერდს გადმოვალ საალავერდო თასებით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |