როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია, საქართველო ჩირაღდანად მინთია. შავი ზღვიდან მოვარდნილი ქარი ვარ, ქოხის ბუხრის მუხის ნაკვერჩხალი ვარ და ამ მიწას ვეტრფი, როგორც მინდია.
საქართველო კელაპტარად მინთია!
მყინვარიდან აფრენილი არწივი, ვაზის ჯვართან დამხობილი მლოცველი და ზედაშით ავსებული ბარძიმი. წინაპრების საფლავების მკოცნელი, გათანგული სიმღერით და ოცნებით.
საქართველო კელაპტარად მინთია.
მახვილივით მტერზე წამომართული. დარიალზე მოხვეული ნისლი ვარ, და ცრემლებით გაბზარული ჩანგური. ივერიის ჭრილობების სისხლი ვარ, და კრწანისთან გაკვესილი ფრანგული.
საქართველო კელაპტარად მინთია.
საქართველო მაღლა ღმერთთან მიმაფრენს. თეთრი მტრედის აფეთქილი გული ვარ, მარტო ლექსი, მარტო სიყვარული ვარ. ჯერ მზე ვარ და მერე ალბათ მიწა ვარ, ხნოვანებით ამ სტრიქონის ხნისა ვარ...
საქართველოს გვედრი, წმინდა მარიამ! |
პოეზიის გვერდი • • • |