მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა, და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან - დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში… გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა - და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი… გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ და… მიუხედავად ამისა, მაინც - გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული და დღეს - შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს - ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს - სულხანის ნაქონი სისხლით - თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და… იარონ! იარონ! იარონ! ამინ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |