საქართველოში წინათ მრავალი, ისტორიულად არწარმავალი, ვიდოდა მტრობა - გესლით მავალი, და სისინებდა ქვეწარმავალი.
შეხედეთ: გესლი რაოდენია, ის ანადგურებს “ვეფხისტყაოსანს”, რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.
ვაჟა ფშაველას დეკას და ღვიას, ის წიწამურთან ხვდება ილიას და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.
პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი, მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.
ბნელ მწუხარებად იცვალა ჟღერა, - ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან დასტრიალებდა ბედითი ძერა.
მაგრამ ცივ კლდიდან ახლა ძვირფასად ამოსკდა წყარო ანკარა ასად, მსგავსი რის ქვეყნად არ არის არსად.
სხივთა კრთომაში იყოს ძლიერი. უფრო და უფრო, სულ მაღლა-მაღლა იწევდეს მნათი პირმშვენიერი.
ჟღერს ყველას სიმი დღეს, როგორც ერთი. თვალწარმტაცია ახალი ხანა და ისტორიის ახალი გვერდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |