ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს, მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა.
ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა, შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა, აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა, და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!
წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი! კავკასო, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი, და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი პირველ რჩეულნი!
მის შორის ბრუნავს ცხოველად დავით სარდრისა კვლავ სული! ჰე, დაღისტნელნო, სომხითის კედელნი, თქვენგან ნგრეულნი, მის ძეთა თქვენის თავებით ყონ ახლად აღშენებულნი!
მეფის ირაკლის გაწრთვნილნი, გმირებად დასახულები! ნუ ჰგონებ, აღხოცილიყვნენ მათ შორის ძველნი მამაცნი: ყოველსა დაშთა შვილები, საშვილიშვილოდ ვაჟკაცნი!
სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი! თქვენი ჭირიმე, თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა, მახვილი თქვენი მარადის დაღისტნელთ ქედზედ ლესულა!
მან თავი დასდვა სპათათვის, სახელითა ქმნა სახელი, და საკადრისად გვარისა გამოჩნდა ნამდვილ ქართველად: მტერთ სიხარულით შეებმის მჭვრეტელთა საოცნებელად!
ვის არა აღეტაცების სული ამ ამბვის მცნობელი? ჰე, ძმანო, ნუ თუ არ გესმით მეფის ირაკლის ხმა მაღლით? გიხმობთ: ”ქართველნო, ჰე, შაბაშ! კურთხევა თქვენდა ზე მადლით!”
მეფესა თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართთა! აჩრდილნი ჩვენთა მამათა იშვებენ საიქიოსა, და გიკურთხებენ სახელსა, მომავალთ მოსალხინოსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |