მცხეთის გუმბათი მოჭედილა ბაჯაღლოებით... გზას მივუყვებით დიდი რწმენით და სასოებით. გზას მივუყებით მასპინძლისკენ წელთა მრავალთა - სვეტიცხოვლისკენ, უკვდავების მაღალ ტაძართან.
ამ სამყოფელში ჩადგა ნინომ რწმენის სამანი, ახლაც უთუოდ ბინადრობენ - არ მეჩვენება! - მათი სულები: წმინდა ნინო, თამარ, ქეთევან.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ახლა იესოს კვართთან, სადაც ბინდბუნდში საოცარი თავგამეტებით ფრენენ, იწვიან ოქროსფერი სანთლის პეპლები.
რამდენს გვავალებს ტვირთმრავალი დღე - დღევანდელი. თქვენი ვართ მუდამ მლოცველები და მოვალენი, თქვენი ხვედრია ეს მამული - ღვთიურ ქალების, მოვსულვართ თხოვნით ერთადერთით და უმაღლესით: მოხედეთ მამულს, მრავალტანჯულს, მტრობით დაგესლილს!
ვაითუ ყორნებმა ლუკმა-ლუკმა დაინაწილონ... შენ გევედრებით, დედავ ღვთის, და ყველას, წმინდანებს: გამოგვიდარეთ ჩვენს მამულში, გამოგვიდარეთ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიკა ბარათაშვილის პოეზია |