მზე შირაზის ისე მწარედ ანათებს ლამის ახებს გამშრალ ქვიშას ლოყას… ისმის "მოჰყავთ" და სისხლისფერ ჯალათებს იბერიის დედოფალი მოჰყავთ. მზერა მისი სხვა სიმშვიდის არის… ყელაზიდულს თეთრი კაბა აცვია (ლამაზია დედა დედოფალი). ის ურჩობას არ პატიობს მის მტერს: ან მაჰმადი - პატივი და დიდება, ან წამება - ესე იგი ქრისტე!.. ქვეწარმავლის სინებივრით მწოლი, ვერ უბზარავს რწმენის მაღალ ალაყაფს ვერც ირანი, ვერც "ირანის ლომი"; რა სიმტკიცეს და სიყვარულს იტევს: - მხოლოდ ქრისტე! მხოლოდ ქრისტე, უგნურნო! ჯვარცმული და წამებული ქრისტე! უფერულ თმას მგლოვიარედ იშლის… ცხელ ჰაერში ფარფატებენ ჩიტები, უცნაური ფერისა და ჯიშის. ახურავენ ადუღებულ მიტრას… იწვის ხორცი და შენ უწყი, უფალო, ამ საშინელ ტკივილს როგორ იტანს… სექტემბრის მზეს ოფლი დასდის სიმწრის… დედოფალი, სანახევროდ დამდნარი, ანთებული სანთელივით იწვის. თავზარდამცემ ტკივილების დამთმენს, ფლეთენ, კვეთენ, მკერდს გაზებით აგლეჯენ და სისხლშივე აგრილებენ შანთებს. და სიცოცხლე ჭრილობიდან ჟონავს. უკვე ცერზე დგება ხალხი მილეთის, რომ უცქიროს სურათს გაუგონარს. (რწმენა მისი ვერ ითქმება ამბად) და ნაკვერჩხლებს ამოვსებულს ლურსმნებით აფარებენ ცეცხლმოდებულ საბნად. და ჯალათი, წამითაც არ შემკრთალს, ყელში სწვდა და ხელით ახრჩობს დედოფალს, ჯერაც ცოცხალს, წამებისგან ვერ მკვდარს. ცის სილურჯე რომ ირჩია ბინად, ფრთებით მიაქვს საქართველოს გოდება და წამებულ შვილიშვილთა გმინვა… სისხლით იზელს ამობურცულ კუნთებს, მერე ერთხანს ეჭვით დასცქერს და ბარით მიცვალებულს შუბლს ყვირილით უმტვრევს… ჰგავს მგლებისგან დაფეთებულ ფარას. ბრბო ირევა და საშინელ ჯგლეთაში თავდახრილი ქართველები დგანან… შვენის ფერი - დარჩენილებს ღიად… სხვის მიწაზე, ცოდვით სავსე შირაზში გულისწამსვლელ ნაფლეთებად ყრია. სურვილს რწმენით რომ უბზარავს ირანს… საქართველოს სიწმინდე და ნამუსი!.. დედოფალი - ორთავ სოფელს შინა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |