თვალი შევავლე დაკიდულ ბილიკს, - მე ეს აღმართი მიტაცებს მუდამ; მოგონებანი მწარე თუ ტკბილი წამომეშალნენ გზადაგზა გუნდად. ბარათაშვილი, აქ იქარვებდა სულის წამებას; შუბლს უკოცნიდა სიო ფრთაშლილი, სწერდა “მთაწმინდის შემოღამებას". გრიბოედოვი - შორს, მოსკოვიდან ლტოლვილი ჩაცკი, გაჰქვავებია მეუღლე გლოვით და თავს ადგია ძეგლად ახლაც კი. დინჯი აჩრდილი, თითქოს სისხლი სდის მის შუბლს ნატყვიარს; წიწამურისკენ ხელებგაწვდილი უხმოდ მოუხმობს თვის თანაზიარს. შუქბადრი სახეც, თმათეთრი, როგორც თოვლიანი მთა; ქნარს ოდნავადაც ხელს თუ შეახებს, მყის დაირხევა წკრიალი სიმთა. ვასილ ბარნოვის იქით, ქართული სუფრა მოსჩანს რიჟრაჟად; “ქოსების” ღვინით სავსე ჯიხვის რქით შიო მღვიმელის ტოსტსა სცლის ვაჟა. მიმიპატიჟეს, ის იყო ვაჟამ სასმისი მტყორცნა, რომ “ძია შიო” გადმომწვდა პირზე, მაგრამ შევკრთი და... ჰაერს გაჰკოცნა. ძვირფას ხილულ აჩრდილებს დავემშვიდობე, დავჰყევი ქალაქს; მთა-პანთეონი მწუხრით მაცილებს, ფიქრთა ქარავანს საზღვარი არ აქვს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |