კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:06

 

 

ერეკლე და კოხტა ბელადი

 

მთების მწვერვალებს ეფინება მზე ფარჩეულად,

მოისმის სროლა და ყიჟინა მრისხანე ხმების.

დღეს საქართველოს სასიკვდილოდ გადარჩეულა,

ვერ ითმენს ჯარი, და იწყება თარეში ხმლების.

მაღლობთა რკალში მომწყვდეული ხმების ზვირთები.

ბრუნავს გრიგალად და ეცემა გადამწვარ ველად.

მთის ფერდობები და მინდვრები სისხლით ინთება

და ბრძოლის ბედი ახლოვდება დაუძლეველად.

მოდის შუადღე,ემატება მზეს გახელება,

მივლენ ბარბაცით ურდოები, ქრიან დროშები,

მაგრამ მებრძოლებს ეჭირვებათ შესახელება,

ისმის ჭიხვინი და ბრძანება დროგამოშვებით.

კოხტა ბელადის აელვარდა ფარ-ხმალი მტვერში.

დაიძრა მიწა ცხენოსანთა ჯარით მოყრილი.

ორბის თვალებით და მახვილით ამართულ ხელში

მიჰქრის მხედარი შავ მერანზე მხრებში მოხრილი.

 

ყალბი ცნობა ქართველთა ჯარის დამარცხებისა

 

ელიან ხარბად, მოლოდინში ფითრდება სული,

თბილისი ჟღალი, ჭორფლიანი დღეს არის ავად.

მაგრამ გაჩნდება მეომარი ფერგადასული

და შიშის დამბლა დაეცემა ქალაქს უძრავად.

ისმის ტირილი, ჭირვეულთა ქალთა გოდება,

ზარების გლოვა, აქლემების ზმუილი ნელი.

სდუმს ნარიყალა, ამართული მძიმე ლოდებად.

არავინ არის სიკვდილისგან გადამრჩენელი.

მზე გადიხარა, ჟანგისფერი მძიმობს ჰაერი.

ხმა საოცარი ბრბოს მოედო, როგორც სახადი.

გაწითლდა მტკვარი და შეიქმნა სისხლისნაირი,

და საკვირველად იცრემლება ღვთისმშობლის ხატი.

ვეღარ მალავენ; დამხსნელია მხოლოდ უფალი,

გამუსრეს ჯარი, დაიღუპა ბატონიშვილი!

გაეშურება სიონისკენ დღეს დედოფალი,

ატირებული, თავდახრილი და ფეხშიშველი.

 

ერეკლეს შემოსვლა

 

მოათრევს მტკვარი მტრების ლეშებს, შავად გაბერილს.

ელდანაკრავი, მოედანზე გროვდება ხალხი.

იჭერენ ფარ-ხმალს ნაპირებზე, წყალში დაფერილს,

შორდება თბილისს მგლოვიარე სიკვდილის თალხი!

კიდევ ლოცულობს დედოფალი ქვედამხობილი,

მაგრამ სარკმელში შეიჭრება ხმა უცნაური.

ივსება გული სიხარულით კვლავ შეპყრობილი,

მოისმის ვიწრო ქუჩებიდან მძიმე ხმაური.

მზე დაწდა სისხლად, მაგრამ ბინდი ჯერ გვიანდება,

აწვება მეტეხს, დაზანტებით, საღამოს ჩრდილი.

და სოღანლუღის სიმაღლეზე, როგორც ლანდება,

დაისის ცეცხლში დგას ერეკლე ხმალამოწვდილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ