კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 10:13

 

 

1

 

ერთხელ კერაზე ცეცხლი ამღერდა.

მე გამიკვირდა ცეცხლის გალობა:

ერთ მტკაველ მიწას ვინ დააბღერტა

ამდენი მადლი და ცის წყალობა!

ცეცხლი ბალღივით ხელებს მიწვდიდა,

ცეცხლი ვარდივით ფოთლებს არხევდა:

ეხლა ამოველ მშობელ მიწიდან,

წინაპართ ძვლების ბნელ სამარხიდან.

ეხლა ამოველ მე იმ ძვლებიდან

ყაყაჩოსავით ამოწვერილი.

მამა-პაპათა საფლავებიდან

ამოვიტანე თქვენთვის წერილი...

აბრიალებულ ალით მღეროდა

სურნელოვანი ფიჭვის ნაპობი.

მე ყურს ვუგდებდი და მე მჯეროდა

ცეცხლის ნამღერი და ნაამბობი:

ცხოვრების სიბრძნე ჩვენგან ისწავლეთ,

თუ გსურთ ქვეყნისთვის გახდეთ უკვდავი:

სამშობლოს ცაზე მზე დაიცავით, 

მშობელ მიწაზე - კერა მბჟუტავი.

თესლი, მიწიდან თავს რომ ამოჰყოფს,

შეხედავს ზეცას, გაეცინება,

თქვენი გულიც ხომ იმ მზით ამაყობს,

თქვენს კერას ციდან რომ ეფინება!

მზეც ხომ საერთო კერაა ცაში,

და თქვენი კერაც მზის ნაწილია.

მზის ალი ბუდობს წმინდა ნაცარში,

შიგ მზის სხივები ჩალეწილია.

მზიურ ცეცხლიდან ჩამოწყვეტილი

პატარა ალი დაეცა მიწას.

ცეცხლს შემოვავლეთ ირგვლივ კედელი, -

მას შემდეგ ქართლი თვის კერას იცავს.

ღვივის მას შემდეგ ალშემართული,

ერთი წუთითაც არ სძინებია.

თბილი დავტროვეთ კერა ქართული,

თქვენც ნურასოდეს გაგცივებიათ!

უკეროდ ყოფნა მხოლოდ ცრემლია,

და ძველთაგანაც ნაამბობია,

რომ ვისაც კერა ჩანაცრებია,

მას მისი წილი მზეც ჩაქრობია.

აღგვილა იგი ქვეყნის პირიდან,

გამქრალა მისი წუთისოფელი.

კერის გაქრობა ვინც აირიდა,

მზეც მას უნათებს გაუქრობელი...

ამას ამბობდა, ამას მღეროდა

ალმოდებული ფიჭის ნაპობი.

მე ყურს ვუგდებდი და მე მჯეროდა

ცეცხლის ნამღერი და ნაამბობი.

 

2

 

ქართლის ცხოვრების გმირულ წიგნს გავშლი, -

წინ მიდევს, როგორც ძველი ბიბლია,

გავხედავ წარსულს: ცეცხლსა და ქარში,

ო, რა დიდი გზა გამოგვივლია!

ეს გზა, წარსულის უსიერ ტყიდან

ჩვენს ნათელ დღემდე გადოსროლილი,

მუდამ ბრძოლათა ნაპერწკლებს ჰყრიდა, 

ღრუბელზე გაკრულ ელვის ზოლივით.

და როგორც ქარში თაფლის სანთელი

წაიღოს მგზავრმა ხელმოფარებით,

ისე მოგვქონდა კერის ნათელი,

და ზუზუნებდნენ ირგვლივ ქარები.

მტრებთან ბრძოლაში თუ სისხლი ვღვარეთ,

კერას ვიცავდით ამ სისხლის ფასად.

მამა-პაპათა სამკვიდროს გარეთ

ჩვენ არ გვინდოდა სიცოცხლე არსად.

იქნებ ახსოვდეთ უკვდავ ვარსკვლავებს,

ან ჩვენს მაღალ მთებს თუ აგონდებათ,

ეს ვაჟკაცობა როგორ გვასწავლეს,

ეს სიყვარული როგორ გროვდება!..

 

3

 

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კერის ნაცარი,

როგორც წარსულის ძვირფასი კვალი.

ჩვენ გვიყვარს მიწის გულში რაც არი

ჩვენი სიცოცხლის ფერფლი და ძვალი,

რადგან ჩვენს გმირულ წარსულზე მღერის

ყოველი ბელტი მშობელი მიწის,

რადგან ამ მიწის უბრალო მტვერიც

წინაპართ სისხლის ნათელში იწვის.

და როცა მინდვრებს შორდება რხევით

დილის ნიავით აყრილი ნისლი,

წითელ ყვავილებს ამოაქვთ ზევით

მიწის გულიდან ეს ძველი სისხლი, -

რომ შავი ზღვიდან მყინვარ-ქედამდე

ხალხი ისმენდეს წინაპართ ძახილს

და ყოველ დილით ნიშანს ხედავდეს:

იმათ სისხლ-წვეთებს, მიწაზე დაყრილს.

 

4

 

ჩვენს გმირულ წარსულს ჩვენ არ ვუჩივით,

თუმც ის მუდმივი იყო ხანძარი.

ვხეადვთ - ანთია ვარდის ბუჩქივით

ჩვენი კერა და ბრწყინავს ნაცარი.

შორიდან მოდის გზა გასაკვირი,

რაც საქართველოს გამოუვლია. 

ამ გზას რომ ბრძოლის მოსდევს საყვირი,

ეს ხომ გმირული ქართლის გულია!

ცეცხლი ფეთქავდა გულის ძარღვებთან,

გულს უფრო ემტი ალი სწყუროდა.

ქალდუს მთა-ბარი ბნელს მოარღვევდა,

რომ ქართლის ზეცა გადმოჰხუროდა.

და ჩვენც ამიტომ ბედს არ ვუჩივით,

სიკვდილის აჩრდილს გადავასწარით.

ანთია ცეცხლი ვარდის ბუჩქივით,

ოქროს მტვერივით ბრწყინავს ნაცარი.

 

5

 

ჩვენ სიმხურვალე მშობლიურ კერის

მოგვიტანია იმ წარსულიდან,

როცა ქართველთა წინაპარ ერის

აკვანს ხეთური მზე გარს უვლიდა.

მზეს ჰქონდა ფრთები გამოსახული

და ჰგავდა არწივს დისკო ფრთიანი.

იყო ზამთარი, იყო ზაფხული

და მიწაც იყო დოვლათიანი.

მაგრამ ქარით და მხეცებით სავსე

იწვა გველივით უდაბნო იქვე.

გადაუვლიდა გრიგალი თავზე

და ემხობოდა სიცოცხლე პირქვე.

დაუცხრომელი გრგვინავდა ქარი

და თბილ ნაცარში ქვიშას ურევდა,

ილეწებოდა გალავნის კარი,

ქარი ყველაფერს ანადგურებდა.

მაინც ამ მქუხარ დღე-ღამის ცვლაში

სულ ენთო კერა ძველ წინაპართა,

და მზე ფრთიანი ბრწყინავდა ცაში

ტორებზე შემდგარ ლომის ფაფართან.

 

6

 

შორეულ დროთა იმ ბნელ ღამეში

გაუძლო ხალხმა სისხლიან ომებს.

ღმუოდნენ მხეცნი, და გილგამეში

ებრძოდა ყვითელ უდაბნოს ლომებს.

ღმერთი და კაცი იბრძოდნენ ერთად, 

კერის ნათელი სწვდებოდა ცამდე,

კაცს მიწის სითბო მიჰქოდნა ღმერთთან,

მიწის ყვავილნი ცის სითბოს სვამდნენ.

ებრძოდა ხალხი სუსხიან ავდარს

და ქარისხლისგან იცავდა კერას.

ებრძოდა ღამეს, უდაბნოს აფთარს

და სისხლისათვის მოფრენილ ძერას.

და ამ ბრძოლებში დრო მიფრინავდა,

ღვივოდა კერა ძველ წინაპართა,

მზე-კი ხან ციურ ვერძთან ბრწყინავდა,

ხან ციურ ლომის ოქროს ფაფართან.

 

7

 

ასე ბრუნავდა გზა მეწამული,

ზოდიაქოთა უცვლელ რკალივით,

და თან მოჰქონდა ჩვენი მამული

ნაომარი და ნაგრიგალევი.

კერა სულ ენთო ჩვენს ქვეყანაში,

ხალხიც იმედით მას შეჰყურებდა,

ენთო მღვიმეში, ქოხში, ყანაში,

ან სადმე გზაში დამდგარ ურემთან.

ის გადაურჩა ჩაუქრობელი

საუკუნეთა ულმობელ ქარებს,

ენთო უნათლეს სხივთა მხმობელი

და ანათებდა მშობლიურ მხარეს.

 

8

 

შემდეგ ამ კერას შუქი ემატა

დავითისა და თამარის დროთა,

და რაც სინათლე ზეცას ემართა,

გადაგვიხადა მზიურმა შოთამ.

გადავიტანეთ ბევრი ავდარი,

ბევრი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ.

წარსულში დარჩა მკაცრი ზამთარი,

ჩვენ გაზაფხულის მზეს ვეზიარეთ.

ვნახეთ ქართველთა ბედნიერ კერას

როგორ დაადგა გვირგვიი სხივის,

როგორ ჩაერთო მყინვარის ჟღერა

ციდან ხეთური არწივის ყივილს.

 

9

 

მაგრამ კვლავ აღსდგა უდაბნო ძველი

და ქართლის კერის ჩაქრობა სცადა.

კვლავ შემოგვენთო ის ცეცხლი მწველი,

დასაბამითგან ჩვენს გულს რომ სწვავდა.

ხევებში გრგვინვით ჩაიმსხვრა ზვავი,

გამოეღვიძა მყინვარზე ელვას.

მოუახლოვდა უმსგავსი სვავი

სამშობლოს მთების უწმინდეს მწვერვალს, -

რომ წაებილწა ფირუზის კართან

ათასწლოვანი ყინულის ბროლი,

მხოლოდ ვარსკვლავთა, თოვლიან ქართა

და მთის არწივთა გადანაქროლი.

შემოესალტა ჩვენს მაღალ კარებს

ყაჩაღთა ურდო დაუდეგარი,

მაგრამ მკვლელებმა ვერ გაიხარეს,

ვერ გაანგრიეს ჩვენი კლდე-კარი.

ჩვენს თბილ მიწაზე ვერ დაიზამთრეს,

ვერ მოისხივეს ცა ნარისხვალი,

აქ გილგამეშის დროინდელ აფთრებს

წინ შეაგება სტალინმა ხმალი.

შემუსრა ხროვა უწმინდურ მხეცთა,

მოსტეხა ფრთები სისხლიან ძერას,

შეგვინარჩუნა ფრთიანი მზეც და

შეგვინარჩუნა ნათელი კერაც. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ