კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:43

 

 

 

შენ გადალახე წარსულის ცხრა მთა,

საუკუნეთა მისდევ ქარავანს.

გესმის გუგუნი გარდასულ ჟამთა

და ჰხედავ ბნელში ჩამქრალ შარავანდს.

შეგაქვს ჟინჟღილი დახშულ ღამეში,

რომ გაანათო ბნელი უბნები.

შედიხარ დინჯად ცივ აკლდამებში

და იქ გმირთა ძვლებს ესაუბრები.

და შენს ოცნებას გარს ეხვევიან

ძველი ურარტუს ტყიანი მთები.

ო, რამდენ არწივს მიუმსხვრევია

იმ შავ კლდეებზე გაშლილი ფრთები!

რამდენი ფარი დაულეწია

ასურეთიდან მოვარდნილ ქარბუქს, -

ქვეყანა მაინც ბედს ვერ ეწია:

დაემხო ზეცა დანგრეულ ქალდუს!

შენ გადმოხვეწილ ხალხს გამოჰყვები,

წინ განსაცდელით სავსე გზებია.

კოშკებს აგებენ ზღვისპირს კოლხები

და მოსეულ მტრებს უმკლავდებიან.

აქ ამობრწყინდა ზეცა ახალი,

ცეცხლი აყვავდა ახალ კერაზე.

ფრთები მოშუშდა, კლდეს შენახალი,

და მტრებს კარები გადაერაზა.

ქართულმა მიწამ აქ დაიქუხა

ჩვენი სიმღერა ათასწლიანი,

აქ გაიზარდა ქართული მუხა,

ზედ მზე შემოჯდა ოქროს ფრთიანი.

წვიმას ახლიდა ზეცა კარ-ღია,

ენარცხებოდა ელვა და ქარი,

მაგრამ ავდარმა ვერ შეარყია,

ვერც მოუღუნა ტოტი მაგარი.

და შენ ამ მუხის ერთი ტოტი ხარ,

მასავით ქარში გაუღუნავი.

დაუძლეველი ნებით მოდიხარ,

ვით ისტორიის ჩარხი მბრუნავი.

მოდიხარ სიბრძნით წელგამართული,

ითვლი წარსულმა ჩვენს ხალხს რა მისცა.

სიდარბაისლე მოგაქვს ქართული,

მოგაქვს მხნეობა ამირანისა.

მოჰყვები დროთა მღვრიე მდინარეს

ჩვენი წარსულის მეგზური დიდი.

ხალხის დიდება დღეს შენს წინ არის,

მუდმივი ნატვრით გულში რომ ზრდიდი.

ღამეგამოვლილს ზურგს უკან დაგრჩა

ბნელი მანძილი შორ ქვეყანათა.

მზემ გადმოშალა ბრწყინვალე ფარჩა, -

სამშობლოს დროშა შემოგანათა.

სად არის მტრისგან აოხრებული

ბუდემოშლილი ძველი თუბალი? -

დგას საქართველო განახლებული,

საკუთარ ბედის ხელისუფალი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ