დედასა სძინავს… ვაი იმ ძილსა: გულის სიღრმიდან ამოსდის კვნესა, ჰხედავს სიზმარში, რომ მისი შვილი პირსისხლიანი წევს ბრძოლის ველსა.
დაჰყრანტალებენ ყორან-სვავები; სხდებიან კიდეც მოკლულის ლეშზე, უნდათ დასთხარონ ჭაბუკს თვალები, გაუპონ მკერდი, ზედ ინავარდონ, არ შეიწყალონ გმირის მკლავები.
თვალებს აფეთებს, გავარდა კარში, ასქდება ხესა, აწყდება ქვასა, გზას როდი ირჩევს, შეიჭრა წყალში. „ვაიმე, შვილო!“ ჰბოდავს და მოსთქვამს, თან მუშტებს იშენს პირში და თავში.
აღარ დაბრუნდა ელენე სახლში. „ქიტუას დედა გაგიჟებულა!“ მეორე დღესა ხმა იყო ხალხში: „დიდი ხანია მაგ უბედურსა ალ-ქაჯებთანა კავშირი ჰქონდა“. ამას ამბობდენ. აი რა სასწვრით ერი უბირი დედის გულს სწონდა! |
ლექსები დედაზე • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |