შენს საწოლს მკრთალი სინათლე ათოვს და მე ლანდივით შემდგარი ვიცდი. გადმოგცვენია ხელები - რატომ? წუხილით სახე შეგშლია, - რისთვის?
და იმ წარსულმა ვერ მოგაგონა - წმინდა აუზში კენჭების დათვლა, მწვანე ეზოში იების კონა.
და იქვე დარჩი როგორც ვირჟინი - აკაკის ლექსი, ქუთაისის მზე და გიმნაზია ყაუხჩიშვილის.
აფეთქდნენ ბაღში გორტენზიები. და უმშვიდესმა ვარდის დღეებმა შენ ერთხელ კიდევ მოგრთეს იებით.
და აივანი ბევრი რიკულით, გაშლილი ლურდით და მწუხარ სახით რეკავდა ზარი კათოლიკური.
შორს კი ნანგრევი ტაძარი ჩანდა... და მეთულუხჩე ივანე კოკით რიონის ზვირთებს ამოგიტანდა.
მწვანე კალთებზე დაეცა უხმოდ და მწუხრის ჟამმა ლანდებს გულთბილი და უნაზესი ღიმილით უხმო.
ჩადგა ღრუბლების ცისფერი ბლონდით და ბავშვებისთვის მაღალ კარიბჭით ქუჩა მიეცა უსაზღვრო ლოდინს.
რომ ულამაზეს ნუკრივით მფრთხალი - მაგნოლიის და დაფნების სუნით დაეთრო ქუჩის საღამო ხანი.
გული სათნო და ფიქრი ბავშვური. ბაღში ვარდობით მსუნთქველი ზეცა ოთახში ლოტო და აბაჟური.
გეტყოდათ ლოცვებს, თქვენ იძინებდით. გესიზმრებოდათ ცა მოწამეთა, ბაგრატის მთა და თეთრი მძივები.
საით წავიდნენ, რა ბილიკებით... დაფნის ფოთოლი, ჩათაილუგი და წყნარი ქუჩა კათოლიკების. |
ლექსები დედაზე • • • • • • თამაზ ჩხენკელის პოეზია |