დიდი დუნაის პირად პატარა სახლი არი, მე თავზე მეტად მიყვარს მისი ეზო და კარი.
სარკმელში შუქი მკრთალი, წამწამზე ცრემლი ბრწყინავს, ცრემლით მევსება თვალი.
რატომ დავტოვე დედის... ასე არ ფიქრობს კაცი, როცა მომავალს ელტვის.
ფრთები ძლიერი ორბის, იმ ფრთებს გავყევი შორს და სახლი დავტოვე მშობლის.
თვალში ჩაუდგა სევდა, გამოთხოვების წუთში როცა დავკოცნე დედა.
გულს მოდებული ალი, მას ვერ ჩაუქრო ცრემლმა, თუმცა ცრემლს ღვრიდა თვალი.
გულში მიკრავდა თრთოლვით, მისი ხვეწნა და ცრემლი ვერ მაჩერებდა ლტოლვილს.
ქვეყნის კარგი და ცუდი, ჩემს აცრემლებულ დედას არ დავტოვებდი წუთით.
რა სდევს იმედის გარდა, მთელი ქვეყანა მაშინ ჰყვავის იად და ვარდად.
როს ცხოვრებაში შეალთ, რა გულუბრყვილოდ ვჭვრეტდით იმ იმედების მწვერვალთ.
მეც რწმენა მქონდა ბალღის, გამქრალ იმედთა წყება აწ მოგონებად არ ღირს.
დიდი დროც არის ეგებ, წამების გზაზე მხოლოდ ეკალი მიჩხვლეტს ფეხებს.
მიმავალ მგზავრებს ვხედავ, შენს სანუგეშოდ, რა ვქნა, რა დავაბარო, დედავ!
მის სახლს გაუვლით ახლო, გთხოვთ, უსათუოდ ჩემი მოხუცი დედა ნახოთ.
ნუ გაუტყდება ძილი, ნუ შეშფოთდება, რადგან ბედნიერი ჰყავს შვილი.
არ გაუმხილოთ დედას, მას რომ სიმართლე უთხრათ, ვერ გადურჩება ელდას. |
ლექსები დედაზე • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |