კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:10

 

 

 

დედები ადრე დგებიან დილით.

ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს,

რომ გაამართლონ უსიზმრო ძილი,

დაღლილ თვალებს რომ ვერაფრით აგნებს.


დედები ადრე დგებიან დილით,

აღებენ ცას და ორპირში დგანან,

ანიავებენ დასაფქვავ ტკივილს

და მოჩვენებებს მიჰგვანან თავად.


დედებმა ზუსტად იციან ისიც,

რომ მარტოობა დააქვთ მუცლებით,

და არ აჩენენ ქმარ-შვილის შიშით

და სიკვდილამდე უხმოდ უძლებენ.


თეთრი იის რძე დასდით კერტიდან,

საბრალო დედებს ცრემლებიც რძის სდით,

ცეცხლი გადმოდის მათი მკერდიდან

ტკივილებისგან გულები მისდით.


დედებს ყველაზე მეტად სწამთ ღმერთის,

ყველაზე მეტი ცოდვების გამოც.

ფსალმუნებივით კითხულობს ქმარი

იმათი თბილი სხეულის კანონს.


არც ასაკი აქვთ წლებით მოფენილთ,

შემოიხვევენ გრიგალს ლოდივით,

ზედ დაიდგამენ სახლის ობელისკს,

უღალატობით შუბლს იბლონდავენ.


დედის ფიქრების გაფოთლავს სურო

სამყაროს, მაგრამ არ იცის არვინ,

რატომ დგებიან დედები ადრე

და ლექსებს წერენ ჩუმად და მალვით.


დედები ადრე დგებიან დილით.

სიყვარულის და ომის ბატონებს

არ უყვართ ხოლმე დედების ძილი,

როგორც სიმშვიდე - ვნების ფანტომებს.


ბედნიერების ალღო აქვთ მაინც,

ძელქვებად დგანან სამყაროს ბაღში

და სიკვდილამდე ელიან რაინდს,

ვისგანაც სურთ, რომ გაუჩნდეთ ბავშვი.


და იქცნენ დედად, ბოლოსდაბოლოს,

და დაილიოს მდინარეც ზღვასთან.

რად ეჩვენებათ დედებს, რომ მათი

ბედნიერება დარჩა სულ სხვასთან?


ნაბიჯს თამამად ადგამენ მაინც,

ზოგი ზეცაში ფრენასაც ბედავს.

კაცს ეგონება, ღმერთს უთანხმებენ

ცხად-სიზმრის ყველა წვრილმანს და დეტალს.


დედები ადრე დგებიან დილით,

ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს.

დედობისათვის არც ახსოვთ, თითქოს,

თავისი თავი რა უცებ დათმეს.


აფათურებენ დაძარღვულ ხელებს,

რომ მიაკვლიონ გულს თავის თავში.

საკუთარ თვალთა ნათელზე წერენ

ბნელშიც, გრიგალშიც, ომებშიც, დარშიც...

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ