კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:02

 

 

 

ხელისკანკალით შეჭამანდს მისხამს,

გოგოლის ქუჩას იგონებს ნეტარს, -

ახალგაზრობას იხსენებს ქმრისას

ჩემი საწყალი

პატარა დედა...


მოვიდა ერთხელ

ცხონებული ფაიტვნის ყალყით,

გარაყანიძით, მუჩიაშვილით, -

თავისი ხალხით, -

რასაკვირველია, არღნით...

შენ თოთო მყავდი (გამთენიაა!)

გამოვეგებე ბალღით...


„ბალკონზე“ ვდგავართ,

გაიტონი ჭიშკართან იცდის, -

ამას აკეთებს

კაი ქალი კაი ქმრის ხათრით, -

ცალ ხელში ბალღით,

მეორეში, აღმძვრელით იშტის,

(კაი დრო იყო!)

ბლუდზე არყით,

დოშით და თართით...


გახსნილი წარბი ეამა საწყალს,

„ხომ გითხარითო!“ - თან არაყს ასხამს, -

რა დააძინებს უჩემოდ ჩემ ქალს!

დაიძინებს და...

ცოლ-შვილი სხვაც მყავს!“


ამოსდიოდა ცოლ-შვილზე სული,

წამხდარ ქალებში ძუნძულს ჩვეული

მე ის არ მყავდა - ხატი და სჯული,

ტყუილს ამბობდა სულკურთხეული...


„შეუბერეო! -

შეუძახა, მეარღნევ, არღანს! -

დაიძინებს და...

(თან თვალს მიკრავს)

ცოლ-შვილი სხვაც მყავს!“


რა ჰქვია იმას, ლექსებში რომ წერ?!

კი! „ბრადიაგას“ „ზაკაზი“ მისცა,

დააკვრევინა, იმღერა ორჯერ

და კაკარდისქვეშ თუმანი სტკიცა...


გამომართმევენ შენს თავს კაცები,

(მე გული მიმდის...) ჭერში გტყორცნიან,

მერე ბურთსავით ხელსა გტაცებენ

და ტიტლიკანა ფეხს გიკოცნიან...


დაღვიძებული

მეზობლების შევწუხდი ხათრით,

არ იყო ლოთი,

თვეში ერთხელ ქეიფს გასწევდა,

იცოდა ჩვენ დროს

მეზობელმა მეზობლის ყადრი,

ეგეც არ იყოს,

კაცი იყო - ხმას ვინ გასცემდა!


სვეს ნასვამებმა

ზეზეულად ხელახლა ერთხანს,

მაინცდამაინც

არ უნდოდათ, არ დარჩნენ დიდხანს;

დილით ცხონებულს

კი უნდოდა მადლობა ეთქვა, -

შაბათიაო,

გავიაროთ ქალაქში, - მითხრა...


ჩამომატარა

„დეზერტირკის“ ჭრელი დახლები,

მასახელეო,

გეკუთვნისო ჩემგნით ახლები:

ტუფლები - ლაკის,

შლაპა - ფეტრისმ ტაშტი - ჩაიდნით...

დედოფალივით

მიმაბრძანა სახლში ფაიტვნით...


ხელისკანკალით შეჭამანდს მისხამს,

გოგოლის ქუჩას იხსენებს ნეტარს,

ახალგაზრდობას იგონებს ქმრისას

ჩემი გამჭკნარი პატარა დედა.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ