ვინ სთქვა ბერდები წლებთან ერთად, თითქოს დიდი ხარ, რადგან სხვა გზები არ არსებობს მასთან ზავდები, ნაოჭებს ითვლი, ფიქრით მაინც უკან მიდიხარ, დაბადების დღე გახარებს და პატარავდები.
მაგრამ გული არ ტყდება არა, მიჰყვები შარას ბავშვობისა სიზმრით ნაცეცებს, ჭიშკართან ისევ გელოდება მოხუცი მამა და დედას ხელით ეშველება რომ არ დაეცეს.
თავად ჭაღარა, იმ წამში ისევ პატარა ხარ, უმწეო ჩვილი, არც დარდი გახსოვს, შენი წლებიც გახსოვს აღარა, მოხუცებს ხელებს უკოცნი და ბავშვივით სტირი.
სხვა არაფერი, და თუ ეს გერგო, ქედს მადლობით უნდა იხრიდე, იარო წინ და წარსულს უნდა უწმინდო მტვერი, რადგან უფალთან ბავშვის გულით უნდა მიხვიდე
ასაკი მოგემატა, თითქოს დიდი ხარ, წლები რა არის, მიდიან და მეორდებიან, მოხუცდები და კვლავ ბავშვობის გზებთან მიდიხარ, იმ ძველ ჭიშკართან, მშობლები რომ გელოდებიან. |
ლექსები დედაზე • • • • • • ნანა მეფარიშვილის პოეზია |