შ ვ ი ლ ი დედავ, მითხარი, გენაცვა, მე როგორ გამაჩინეო? დ ე დ ა გაიგებ, რომ გაიზდები, დაწექი, დაიძინეო. შ ვ ი ლ ი შენი ჭირიმე, დედილო, მინდა ვიცოდე მართალი, - თავს წამოადგა დედასა ვით თავ–მომწონი სარდალი. დ ე დ ა გიამბობ, თავს შემოგევლე, მიკვირს, რომ არა გცოდნია, შენ ჩვენს ბაღჩაში მოგთხარე, აგერ, იქით რომ ღობია. იქ საკიტრესა ვჩიჩქნიდი, ვაფხვიერებდი მიწასა, პირველად ვერა ვნახე-რა, ეხლაცა ვკვირობ იმასა!.. ჯერ ხომ ბორხვენა ამოჩნდა, მერე ლუსუმა, ღოლოცა, მესმის კრუსუნი თხრილშია, თმა დავინახე ბოლოსა. ეს იყო, შენ გენაცვალე, შენი ქოჩორი ოქროსა!.. გეწიე თმაზე, გეწიე, ამოგაჩინე მთლიანად; ძლივსა ჰსუნთქავდი, ჰკრუნავდი გულისა დამაზიანად. შეგხვიე კაბის კალთაში, გამოვექანე შინაო. მამამ რო გნახა, იამა, ძალიან მოილხინაო. გაგბანე, ცეცხლზე გაგათბე, აკვანიც მქონდა თანაო; მყის ჩაგაწვინე აკვანში, გიმღერე ნანი-ნანაო. შ ვ ი ლ ი მაშ, ჩვენებიანთ ვასო-ღა საით, ვინ გააჩინაო? დ ე დ ა წისქვილს ეპოვნა დედასა, ალატში, ფქვილის კრეფაში, ფქვილს თურმე სწმენდდა და ამ დროს ხელი მოევლო კეფაში. შ ვ ი ლ ი ოჰ, მაშ ვანო-ღა, დედილო, ის სადღა არის ნაპოვნი? დ ე დ ა ვანო ხნულშია, პაპა-შენს ეხნა მინდორი, ველები, გადაბრუნებულს კვალშია ამოსჩენოდა ხელები. შენი ძალუა თინაცა მეხრედ ჰყოლოდა პაპასა, რა დაენახა ყმაწვილი, ხელი ეტაცა იმ წამსა. შ ვ ი ლ ი თუ ნაპოვნები არიან, ორივ რად მიყვარს დიდადა? - კვლავ ჰკითხა ბავშვმა დედასა ნაღვლიანადა, მშვიდადა. - არა, ჩვენები არიან, მე თვითონ ვიცი წმინდადა. რისთვის მატყუებ, დედაო? - სთქვა, გადაეჭდო ყელზედა, შეჰფოფინებდა თვალებში, ხელებს უსვამდა თმებზედა. |
ლექსები დედაზე • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |