„დავკარგე შვილი“, - დედა ტიროდა, - ჩასდევდა მოთქმით მდინარის კიდეს; არ დარჩენილა ხმელეთზე კუთხე, რომ არ მოევლოს, ან არა ვლიდეს. ზეცას ვერ მისწვდა, თუმცა დაკარგულს თვალებით ეძებს ვარსკვლავთა შორის. ახლოს არ არის, ცამდე შორია - ამითი გულზე ნაღველი მოსდის. - თავს რაზე იკლავ? - სხვამ დაუძახა, - ცხრა კიდევ დაგრჩა, ნუთუ არ კმარა? - ხომ კმარა, მაგრამ მკვდრისა ალაგსა ცოცხალი გულში დაიჭერს განა?! მას როდი ესმის, რას ეძახიან, მისდევს მდინარეს პირის ხოკითა, ვინ დააბრუნებს იმას უკანა, თუნდა დააბან ასი თოკითა?! იარა ბევრი… ზღვას მიაღწია და შეუდრკელად გადვარდა შიგა; ზღვამ ხელი არ ჰკრა: აქ ნუ მოხვალო, ზვირთებმა ზღვისამ უფსკრულს დალიკა. იქაც ეძია და დღესაც ეძებს, მინამ არ ჰპოვებს, არ დაბრუნდება… ასეა ყველგან, საცა დედაა, ასეა ყველგან დედის ბუნება. ზღვათა მეფემა დარბაზს იწვია დიდის ზეიმით და ამბით ისა; ზღვნად მას მიართვა თავის სალარო, გადაუშალა თავისი ქისა. მტირალი დედის მოსალხენადა მოიპატიჟა მნათობნი ცისა. ისეთი ლხინი და მასპინძლობა კაცთაგანს ნუთუ გენახოსთ ვისა?.. მგლოვარე დედას ვერ უსალბუნა, იმას უფროცა ცრემლები სდისა…
მჭმუნვარე სახით სამ დღესა ვლიდა; მეოთხესა სთქვა: „ჭმუნვით რას ვშველი, ბევრის ნაღველით და ცრემლის ღვრითა?!“ მეხუთეს დაჰკრა ბუკს და ნაღარას, ლხინი მოძებნა დარდის წამლადა, შესანდობარსა დედისას ჰსვამდა, დარდს მას ატანდა მტვრად და კვამლადა. მხოლოდ ფიცის დროს დედის სულს ჰფიცავს, თუ არა ჭირს-რა - სიმართლისადა; თუ გაუჭირდა, არ ეზოგება მშობლისა სული თავის ხსნისადა. |
ლექსები დედაზე • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |