დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად!
ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი!
ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.
უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ.
ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!
ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! |
ლექსები დედაზე • • • • • • მედეა კახიძის პოეზია |