ბიბინა მოლი და ეზო წყნარი, კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი, მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი... მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.
და ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა, მკრთალი თითები - სანთლები თაფლის - მე ასე მახსოვს მშობელი დედა.
თუ რას ნიშნავდა, ვერ ვგრძნობდი იმ დროს... არ მაგონდება თვალების ფერი, მე მახსოვს მისი თვალების სითბო.
ფანჯრებს ჩამოხსნეს ფარდები თეთრი... მეფერებოდა ქალი თუ კაცი, - მე ასე მახსოვს სიკვდილი დედის.
თვალებს დროებით შეაშრა ცრემლი და სოფლის ალალ ბიჭებთან ყოფნამ გადამავიწყა ობლობა ჩემი.
და ჩემს ეზოში მინდოდა ლხენა - ფინიას ნაცვლად დამხვდა ნაგაზი, რომელმაც ავად დამიწყო ღრენა.
ყველა დამიხვდა იქ, დედის გარდა... სარკმელთან იდგა უცნობი ქალი და ზედ ჰკიდებდა თოვლისფერ ფარდას.
მაგრამ ვერ შევძელ მე დაძვრა ენის... ბებომ თქვა: იყავ დამჯერე მისი; მამამ თქვა: დედა არისო შენი.
და იყო ჩუმი, ვით ჩიტი ღამით... მე მისი უბის სითბო მახსოვდა და ვერ ვიწამე სიტყვები მამის...
და თავი ახლაც ბავშვი მგონია... მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ სითბოს და იგი ვერსად ვერ მიპოვნია. |
ლექსები დედაზე • • • • • • ზურაბ კუხიანიძის პოეზია |