ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას, მოკაზმული ხმლით და მუზარადით. ქართლის დროშა დაულოცა მხედართ, როს დაგვესხა მტერი მუხანათი.
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა. ამშვენებდათ საქართველოს ეშხი, თვითეულმა ხმალი გააცოფა.
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა, მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა, მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით. მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! - ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.
თავდადებით აქეზებდა მხედართ, ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა, დაუხრელად დაუბრუნდა დედას.
ქართლის ნისლით სახე დაებანა, მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი, მისი თმები წვიმას დაემგვანა.
ანთებული დედა ქეთევანი. არკინებდა მამულისთვის მაშვრალს, ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს: - მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! - ქარში რეკავს საქართველოს დედა. |
ლექსები დედაზე • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |