კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 13:25

 

 

რექვიემი

სიკვდილის და სიცოცხლის უსასრულო პა-დე-დე

ასე მწარე თუ იყო, მაშინ რად დამბადე, დე...

მშვენიერი ისეთი და ისეთი ტანადი,

დაუჯერებელია, როგორ დაპატარავდი...

გაგიოხრეს წვიმებმა ერთი ციცქნა ყანაო!

დაიძინე, ძვირფასო, ნანა, დედა, ნანაო!


ბედმა თაფლის მაგიერ გულში შხამი გაწვეთა.

შხამმა - გული დაღალა, გულმა - ტვინი გაცვითა.

და შენ ახლა წერო ხარ, წეროს ჩამორჩენილი.

შენი სასთუმალია სევდა მოურჩენელი.

ცეცხლი უკვე ჩამქრალა, შენი კაციც წასულა.

რასაც ერქვა ღიმილი, გადაიქცა წარსულად.


აღარ წუწნი ვალიდოლს, აღარ ყლაპავ ასკოფენს,

ბედის ჰუნე ჯაგლაგი უფსკრულებში ასკუპე.

სიხარულებს - დარდი ცვლის, ოჯახს - ნაოჯახარი

ხსოვნა მოფენილია ნაადრევი ჭაღარით.

ნოლში - ბაღჩა ჩაიქცა და სუფსაზე - სანაო!

დაიძინე, ძვირფასო, ნანა, დედა, ნანაო!


სულ ჩეჩმაში გიზიდეს შარდენი და კასტელი,

მშვენიერი წიგნები, რითაც იყავ გაზრდილი.

ბოლოს შვილებისაგან შენც გამოგყვეს მავთულით...

არასოდეს გსმენია ასე ცოტა ქართული.

მავთულების კუთხეში ცრემლი იდგა კოკებით.

სულ შვილებზე ტიროდნენ ცისფერი “ნაკოლკები”.

ვერ გაიგე ვერაფრით ქვეყნის გამოცანაო.

ახლა მაინც იძინე, ნანა დედა, ნანაო...


შენთვის მარტოს გეტირა - იქნებ მჯდარხარ კარცერშიც...

შენი ხელით მიწვდილი - მკვდარს არჩენდა კალცექსი...

შვილებს ხან შენ ტიროდი, ხან - დეიდა მაკაო,

ჩვენც ვცდილობდით, გვინდოდა, ჩვენით გეამაყაო.

მკერდზე დიდხანს იზომე ქურდი ვერას დანაო!

ვერ გაბედე, ვერ ქენი... ნანა, დედა, ნანაო...


მოგვიჩინეს შენს ნაცვლად სამი გველი-გველუკა...

გვაძალებდნენ, რძის ნაცვლად ლურჯი შხამი გველოკა...

ისევ ტოვებ შენს ოჯახს, ოღონდ ახლა - დიდ ხნითო,

ბოძზე ვაკრავთ წარწერას - გვარს და სახელს ვთითხნითო...

დამთავრდება დღემუდამ ცრემლით პირის ბანაო.

ნუღარასდროს გაიღვიძებ, ნანა დედა, ნანაო...


ახლაც ისევ ისე მაქვს თავი გადახოტრილი!

რას მერჩიან! რა უნდათ! რა ვქნა მეტი! - ხომ ვტირი!

წყალზე გავეგზავნები, ზეწრებს დაგაჭიმინებ,

ოღონდ ისევ მითხარი: “ჩემი ბიჭის ჭიმილე...”

ქვეყნად შვილის გაჩენა ბოლოს თუ ინანეო...

დაიძინე, მშობელო, ნანა, დედა, ნანაო!


ლექსები დედაზე  • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ