განთიადისას ოკეანის ზედაპირიდან ორი დიდი შადრევანი ავარდა ერთად. ცოტა ხნის შემდეგ კი მათ შორის ერთმა პატარა შადრევანმაც ამოყო თავი.
- ოჰო, პატარა ვეშაპი დაიბადაო, - თქვეს ოკეანეში გაფანტულმა ვეშაპებმა და ყველამ იქით გასწია.
რომ მიცურდნენ, ნახეს, მშობლებს შორის პატარა ვეშაპი დაცურავდა და იღიმებოდა. ხან დედასთან მივიდოდა და მიეკვრებოდა მუცელზე, ხან მამისკენ გამოცურავდა.
ვეშაპები შემოეხვივნენ ბედნიერ მშობლებს და ულოცავდნენ.
- რა ლამაზიაო.
- როგორი ჭკვიანი თვალები აქვსო.
აქებდა პატარა ვეშაპს ყველა.
მერე საუბარი საერთოდ შვილებზე დაიწყეს.
- ეჰ, ვიდრე პატარები არიან, ყველანი კარგები არიანო, - ამოიოხრა ერთმა.
- რას იზამ, აღზრდა ძნელი საქმეაო, - თქვა მეორემ.
- სულ უნდა იტანჯო და იწვალო მაგათთვის და დაგიფასდება თუ არა, არ იციო...
- მაინც ბედნიერებაა შვილიო...
ამ საუბარში პატარა ვეშაპი სულ გადაავიწყდათ. იმანაც არხეინად გასცურა.
მიცურავდა და ატყაპუნებდა კუდს წყალზე. თან მალიმალ შადრევნებს უშვებდა.
მერე ცაში ერთ პატარა კოხტა ღრუბელს მოჰკრა თვალი და ძალიან მოეწონა.
აფრინდა ღრუბელთან. უნდოდა გასთამაშებოდა და ცხვირით მისწოლოდა, მაგრამ ძალიან გაოცდა, როცა ღრუბლებში შეფრინდა და ვეღარა დაინახა რა.
სასწრაფოდ გამოვიდა ღრუბლიდან და სხვა უფრო ლამაზი ღრუბლებისაკენ გაფრინდა.
მიფრინავს პატარა ვეშაპი, მიფრინავს და უხარია.
ანათებს მზე.
ძირს ლურჯი ოკეანეა.
აქეთ-იქით ღრუბლებია.
ხანდახან შეფრინდება ღრუბელში პატარა ვეშაპი, მერე გამოყოფს თავს და გაიღიმებს. მზეს დამალობანას ეთამაშება.
მიფრინავს, მიფრინავს და უხარია...
ჰოდა, ვიდრე ის მიფრინავს, მოდი, ჩვენ აი, რაზე ვიფიქროთ: ვამბობთ, პატარა ვეშაპიო, მაგრამ ვეშაპი ისეთი სიტყვაა, რომ გინდა პატარა ვეშაპი თქვი და გინდ პაწია ვეშაპი, მაინც რაღაც დიდი და ტლანქი დაგვიდგება თვალწინ. ეს ჩვენი ვეშაპი კი ცელქი და მხიარულია.
იქნებ სჯობს, რომ ალერსით ვეშაპუნა ვუწოდოთ? ასეც არ ვარგა, მგონი. მაშინ ვეშაპიკო? ვეშაპიკო - ვეშაპიკო, მაინც დიდი გამოდის. ვეშაპიკო... ვე-შა-პი-კო, ვეშა-პიკო!
მოდი, უბრალოდ, პიკო დავარქვათ.
დიდხანს მიფრინავდა პიკო.
რამდენჯერმე დაღამდა და გათენდა. ის კი მიფრინავდა და მიფრინავდა.
ღამით ვარსკვლავების ციმციმი ახარებდა, დღისით ჩიტები მიჰყვებოდნენ გვერდით და ეთამაშებოდნენ.
რამდენჯერმე წვიმაშიც მოყვა და ძალიან მოეწონა წვიმაში ფრენა...
ერთ დილით პიკომ დაინახა, რომ ოკეანე აღარ იდო ძირს, - ველ-მინდვრების თავზე მიფრინავდა.
მერე მდინარის ლურჯი ზოლი დაინახა და იმას გაჰყვა.
იფრინა, იფრინა და ერთი პატარა ქალაქი დაინახა.
ქალაქის მახლობლად გორაკზე იჯდა პატარა გოგონა და ყვავილებს ელაპარაკებოდა.
თუმცა პიკოს გოგონა არასოდეს ენახა, მაინც იგრძნო, რომ ეს პაწია არსება კეთილი იყო.
- გამარჯობა, - მიესალმა პიკო გოგონას.
გოგონას ძალიან გაუხარდა პატარა ვეშაპის დანახვა.
- გაგიმარჯოსო, - უპასუხა მისალმებაზე.
- შენ ვინ ხარ? - ჰკითხა პიკომ.
- მე ოლიკო ვარ, - უთხრა გოგონამ. - შენ?
- მე პატარა ვეშაპი ვარ.
- მაგას მეც ვხედავ, მაგრამ რა გქვია?
- პატარა ვეშაპი მქვია, სხვა რაღა უნდა მერქვასო? - გაუკვირდა პიკოს.
- ეგრე მეც პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ სახელად ოლიკო მქვიაო, - აუხსნა ოლიკომ, - რახან შენთვის ჯერ სახელი არ დაურქმევიათ, მე დაგარქმევო.
დაფიქრდა ოლიკო, იფიქრა, იფიქრა, ზუსტად ჩვენსავით, და უთხრა: მოდი, პიკო გერქვასო.
- კარგიო, - გაუხარდა პიკოს, აფრინდა ჰაერში და ჩამოსძახა: - ოლიკო და პიკო, პიკო და ოლიკო, რა კარგია, წამომყევი, ერთად ვიფრინოთო.
- მე რომ ვერ დავფრინავო?! - დაღონდა ოლიკო.
- ვერ დაფრინავ? - ერთხანს პიკოც დანაღვლიანდა, მერე კი თქვა, - ეგ არაფერი, მე შეგისვამ ზურგზე და გაფრენო.
შეაჯდა ოლიკო ზურგზე პიკოს, მაგრამ გაქროლდნენ თუ არა, კინაღამ გადმოვარდა, პიკოს კუდზე ძლივს დაიმაგრა თავი.
ოლიკო ჩაფიქრდა. მერე უთხრა პიკოს: აქ დამიცადე, აქედან ჩვენი სახლი მოჩანს, აგერ ისაა, აივანზე ყვავილები რომ დგას, იმ აივნიდან ხელს რომ დაგიქნევ, მოფრინდიო.
წავიდა ოლიკო სახლში და დედ-მამას უთხრა, ჩვენი ხალიჩა მჭირდება ძალიან, უნდა დავჭრაო. მხოლოდ ის ერთი ხალიჩა ჰქონდათ და, ცხადია, დაენანათ, მაგრამ მშობლებმა იცოდნენ, ოლიკო ტყუილუბრალოდ არ სთხოვდა მათ რამეს.
- კი, ბატონოო, - უპასუხეს.
გახარებული ოლიკო გავარდა აივანზე და ხელი დაუქნია პიკოს.
მერე კარი ფართოდ გააღო და დედ-მამას უთხრა:
- ახლა დასხედით და უყურეთ, რა განახვოთო.
მშობლები დასხდნენ, მიაცქერდნენ კარს...
მალე ოთახში პიკო შემოფრინდა.
- გამარჯობათო, - მიესალმა ოლიკოს დედ-მამას.
- ოჰო, ეს რა კარგი სტუმარი მოგვიყვანეო, - უთხრა მამამ ოლიკოს.
დედა კი მიხვდა, რისთვისაც უნდოდა ხალიჩა ოლიკოს. მან და ოლიკომ ხელად აუღეს ზომები პიკოს, გამოჭრეს ხალიჩა და შეკერეს რაღაც დიდი ჭრელი მაისურის მსგავსი.
ჩააცვეს პიკოს და სარკეშიაც ჩაახედეს.
ძალიან მოუხდა.
- ისე, მართალი გითხრათ, სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ მაგ ხალიჩის ადგილი კედელზე არ იყოო, - თქვა მამამ.
მერე პიკო სუფრასთან მიიპატიჟეს და მურაბები მიართვეს.
პიკო ცოტას მორცხვობდა, მაგრამ ოლიკო ეჯდა გვერდით და ეუბნებოდა, არ შეიძლება, რომ არ ჭამო, ეს კოვზი დედიკოსთვისო, ეს - მამიკოსთვისო, ეს - ბებიკოსთვისო, ეს - ბაბუასთვისო, ეს - ჩემი დედიკოსთვის, ეს - ჩემი მამიკოსთვის, ეს - ჩემთვისო.
მერე პიკომ შეისვა ოლიკო ზურგზე და გაფრინდა.
ახლა, როცა პიკოს ხალიჩისაგან შეკერილი მაისური ეცვა, ადვილი იყო მის ზურგზე თავის შეკავება.
დაფრინავდნენ აღმა-დაღმა.
გამოეფინა მთელი ქალაქი გარეთ. უყურებდნენ პიკოსა და ოლიკოს ფრენას.
მერე პიკომ სხვა ბავშვებიც შეისვა ზურგზე რიგრიგობით.
ყველას ძალიან უხაროდა.
სულ ჩვენთან დარჩესო, ამბობდნენ ბავშვები.
ოლიკომ მოიფიქრა, ჩვენს აუზში იცხოვროსო.
წაიყვანეს პიკო ბავშვებმა ქალაქის ბაღში და აჩვენეს აუზი, რომელშიც თვითონ ჭყუმპალაობდნენ ხოლმე.
პიკოს ძალიან მოეწონა აუზი.
ჩაწვა შიგ და აადგაფუნა წყალი.
და საღამომდე ასე გრძელდებოდა, ხან ბავშვებს დააფრენდა რიგრიგობით, ხან აუზში იწვა და შადრევნის მაგივრობასაც სწევდა - უშვებდა მაღალ ჭავლებს.
მთელი ქალაქი იქ იყო.
ბოლოს ერთი უჟმური კაციც მოვიდა.
- ამ აუზში ადრე შადრევანი არ იყო და ახლა ვინ გააკეთაო? - იკითხა უჟმურმა.
- ეგ შადრევანი კი არა, პატარა ვეშაპიაო.
- რაო, რაო? - ყურთან ხელისგული მიიტანა უჟმურმა, - აბა, ერთი მიმიშვით ახლოსო.
ხალხს არ უნდოდა, უჟმური პიკოსთან მიეშვა, მაგრამ მუჯლუგუნებით გასწი-გამოსწია მოქალაქენი და მივიდა აუზთან.
- შენ ვინა ხარო? - ჰკითხა პიკოს.
- მე პიკო ვარო.
- პიკო, მიკო, არ ვიცი მეო, - გაბრაზდა უჟმური, - ვინ ხარო?
- პატარა ვეშაპი ვარო.
- მერე აქ როგორ გაჩნდიო?!
- მოვფრინდიო, - უპასუხა პიკომ.
- ვეშაპის ფრენა ვის გაუგია. ნუთუ მშობლებს არ უთქვამთ ეს შენთვის? განა გინახავს სადმე მფრინავი ვეშაპი?
პიკო ჩაფიქრდა და მართლაც მოაგონდა, რომ ცაში არც ერთი ვეშაპი არ შეხვედრია.
მერცხლები და ჩიტები - კი, ვეშაპი - არა.
- მაშ, ამის შემდეგ იცოდე, ვეშაპები არ ფრენენო, - მკაცრად უთხრა უჟმურმა.
ბავშვები ახმაურდნენ, როგორ თუ არ ფრენენ, პიკო დაფრინავსო.
- სისულელეაო, - განაცხადა უჟმურმა.
- მოდი, კიდევ გავფრინდეთო, - სთხოვა ოლიკომ პიკოს.
მაგრამ ვეღარ აფრინდა პიკო და ცრემლები გადმოუგორდა თვალიდან.
- წესით, არც ტირილია ვეშაპის საქმე, მაგრამ, ჯანდაბას, იტირეო, - თქვა უჟმურმა, მიტრიალდა და კმაყოფილი, ყველას თავისი ადგილი მივუჩინეო, გაეცალა ხალხს.
ტიროდა პიკო. ტიროდნენ ოლიკო და სხვა გოგონები. ხელებდამუშტულმა ბიჭებმა კი ბრაზით გააყოლეს თვალი უჟმურს...
- ნუ გეშინია, არაფერს მოგაკლებთ, სულ გეთამაშებითო, - უთხრა ოლიკომ პიკოს, მაგრამ პიკო მაინც ტიროდა და ოლიკო მიხვდა, პიკოს თავის მშობლებთან სურს დაბრუნებაო.
ჩაფიქრდა ოლიკო, იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა, რაც უნდა ექნათ.
უთხრა ბავშვებს.
ყველამ მოიტანა შინიდან თოკი და მოქსოვეს დიდი ბადე.
ჩადეს ბადე აუზში და პიკო დაწვა ბადეზე. მერე ბავშვები აქეთ-იქიდან ჩააფრინდნენ ბადეს, გაჭიმეს და ამოიყვანეს წყლიდან პიკო.
ნელ-ნელა წაიყვანეს მდინარისაკენ.
ბავშვებს რომ მიჰყავდათ, ამან ისე გაახარა პიკო, თითქმის დაავიწყდა თავისი დარდი, ფრენა რომ აღარ შეეძლო.
ჩასვეს ბავშვებმა პიკო მდინარეში.
პიკო გამოემშვიდობა ყველას და უცებ თქვა დაღონებულმა, ეს ხალიჩის მაისური რაღად მინდაო.
- სამახსოვროდ წაიღეო, - უთხრა ოლიკომ.
- კარგი, წავიღებ, იქნებ რომელიმე პატარა ვეშაპმა კიდევ მოინდომოს ფრენაო, - თქვა პიკომ.
ოლიკომ აკოცა პიკოს.
პიკომ ერთი მოხედა ბავშვებს, გაუღიმა ნაღვლიანად და დაამშვიდა, არა უშავს, ნუ დაღონდებითო.
როგორც შეეძლო მაღალი შადრევანი ამოუშვა და გაჰყვა მდინარეს...
წავიდა პიკო.
დაღონდა მთელი ქალაქი.
მხოლოდ უჟმური იყო კმაყოფილი, თურმე აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოეხერხებინა ამდენი ხალხის ერთად დაღონება.
მაგრამ შემდეგ ცუდად წაუვიდა საქმე უჟმურს. ქუჩაში რომ მიდიოდა, უცებ მაღლიდან თავზე ეცემოდა ლაყე კვერცხი, დამპალი პამიდორი და რა ვიცი, რა აღარ.
და ასე ყოველდღე...
საღამოს უჟმური გულმოდგინედ რეცხავდა თავის შავ ცილინდრს და ფიქრობდა:
"დავუშვათ, ციდან ერთხელ ჩამოვარდა ლაყე კვერცხი ან დამპალი პამიდორი, მაგრამ ყოველდღე?!
უცნაურია, ძალიან უცნაური. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ რაღა ყოველთვის მე მეცემა თავზე? რატომ ხდება ასე? ნეტა რისი ბრალიაო?!"
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |