თავი პირველი
– ცუდი ყოფაქცევა –
პატარა, წითური ძაღლი - ტაქსასა და ნაგაზის ჯიშნარევი, - ქუჩაში წინ და უკან დარბოდა და თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. ცხვირ-პირი მელას მიუგავდა.
დროდადრო შედგებოდა, აწკმუტუნდებოდა, ხან ერთ გათოშილ თათს ასწევდა, ხან _ მეორეს. ვერაფრით მიმხვდარიყო, გზა რამ აუბნია. ცხადად ახსოვდა, როგორ გაატარა დღე და ბოლოს, როგორ აღმოჩნდა ამ უცნობ ქუჩაში.
დილაადრიან მისმა პატრონმა, დურგალმა ლუკა ალექსანდრიჩმა ქუდი დაიხურა, წითელ ხელსახოცში გამოხვეული ხის რაღაც საგანი ამოიიღლიავა და დაიძახა:
− კაშტანკა, წავედით!
თავისი სახელის გაგონებაზე ძაღლი დაზგის ქვემოდან გამოძვრა, იქ ბურბუშელაზე ეძინა, ერთი გემრიელად გაიზმორა და პატრონს გაედევნა.
ლუკა ალექსანდრიჩის მუშტრები ძალზე შორს ცხოვრობდნენ. ასე რომ, სანამ თითოეულ მთგანს მოინახულებდა, დურგალს ღონეზე მოსასვლელად სამიკტნოში რამდენჯერმე უნდა შეევლო.
კაშტანკას ახსოვდა, რომ გზაში მეტისმეტად ცუდად იქცეოდა, აქაოდა, სასეირნოდ წამომიყვანესო, გახარებული ხტოდა, კონკის ვაგონებს უყეფდა, ეზოებში შერბოდა და ძაღლებს დასდევდა. როგორც კი თვალს მიეფარებოდა, დურგალი ჩერდებოდა და გაბრაზებული შეუყვირებდა ხოლმე.
ერთხელაც გაცეცხლებულმა პატრონმა ძაღლს მელასავით აცქვეტილ ყურში ხელი სტაცა და კბილებში გამოსცრა:
− შენი ჯი...ში კი გა...წყდა, შე ეშმაკის კერძო!
რაკი მუშტრები დაიარა, ლუკა ალექსანდრიჩმა წამით დასთან შეირბინა, სადაც დალია და წაიხემსა, შემდეგ ნაცნობ ამკინძავს ესტუმრა. მერე ისევ სამიკიტნოში ამოჰყო თავი, სამიკიტნოდან ნათლიმამას მიადგა და ა. შ.
ერთი სიტყვით, როცა კაშტანკა უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა, უკვე საღამოვდებოდა და გვარიანად გამობრუჟული დურგალი ხელებს იქნევდა, მძიმედ ხვნეშოდა და დუდღუნებდა:
− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ! ცოდვის შვილები! აგერ ქუჩაში მივაბიჯებთ და ფარნებს შევცქერით, მოვკვდებით და - ჯოჯოხეთის ალში დავიხრუკებით... ხან მოლბებოდა, კაშტანკას მიიხმობდა და ტკბილად ეტყოდა:
− შენ, კაშტანკა, მწერი ხარ და მეტი არაფერი: ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან. ამ საუბარში რომ იყვნენ, ანაზდად მუსიკამ დაიქუხა. კაშტანკამ მიიხედა და დაინახა, ქუჩაში, პირდაპირ მისკენ ჯარისკაცთა პოლკი მოაბიჯებდა.
მუსიკა მუდამ ნერვებს უშლიდა, ახლაც ერთ ადგილზე აწრიალდა და აყმუვლდა. ძალიან კი გაუკვირდა, როცა დურგალი იმის მაგივრად, რომ დამფრთხალიყო და შეეყეფა, გაიბადრა, წელში გასწორდა და ჯარისკაცებს მხედრულად მიესალმა.
კაშტანკა რაკიღა დარწმუნდა, პატრონი უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა, უფრო ხმამაღლა აყმუვლდა, თავგზააბნეულმა ქუჩა გადაირბინა და მოპირდაპირე ტროტუარზე აღმოჩნდა. როცა გამოერკვა, მუსიკა აღარსად ისმოდა და აღარც ჯარისკაცები ჩანდნენ, ისევ გადაირბინა ქუჩა, იმ ადგილს მიაშურა, სადაც პატრონს დასცილდა... დურგალი იქ აღარ დახვდა.
ახლა წინ გავარდა, მერე ისევ უკან გამოიქცა. ერთხლ კიდევ გადაირბინა ქუჩა, მაგრამ დურგალი თითქოს მიწას ჩაეყლაპა... კაშტანკამ ფილაქანი დაყნოსა, იქნებ გეში ავიღოო, მაგრამ უფრო ადრე ვიღაც სალახანას რეზინის ახალი კალოშებით გაევლო და ყველა სურნელი კაუჩუკის მყრალსა და მძაფრ სუნში არეულიყო. ასე რომ, ვერაფერი გამოარჩია.
კაშტანკა წინ და უკან დარბოდა, პატრონს კი ვერა და ვერ პოულობდა. ამასობაში კიდეც დაბინდდა. ქუჩის ორსავე მხარეს ფარნები აინთო. ფანჯრებში შუქი აკიაფდა. დიდრონი, ფაფუკი ფანტელები ცვიოდა და ქვაფენილს, ცხენების ზურგებსა და მეეტლეთა ქუდებს თეთრად რთავდა.
რაც უფრო ბინდდებოდა, მით უფრო გამორჩევით ქათქათებდა საგნები, ქუჩაში არ ილეოდნენ უცნობი მუშტრები, კაშტანკას თვალში ეჩხირებოდნენ, ზოგი ფეხსაც წაჰკრავდა ხოლმე (კაშტანკა კაცობრიობას ორ ძალზე არათანაბარ ჯგუფად, პატრონებად და მუშტრებად ყოფდა. ამათ შორის არსებითი განსხვავება ის იყო, რომ პირველთ მისი ცემის უფლება ჰქონდათ, მეორენი კი თავად უნდა მორიდებოდნენ). მუშტრები სადღაც მიიჩქაროდნენ და კაშტანკას არაფრად აგდებდნენ.
როცა სულ მთლად ჩამობნელდა, კაშტანკა სასოწარკვეთამ და შიშმა აიტანა. რომელიღაც სადარბაზოს შეეყუჟა და მწარედ ატირდა. ლუკა ალექსანდრიჩთან მგზავრობამ დაღალა, ყურები და თათები გაეთოშა. შიმშილმაც გვარიანად შეაწუხა.
იმ დღეს მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭამა: ამკინძავთან ცოტოდენი ბუბკო მიირთვა და ერთ-ერთი სამიკიტნოს დახლთან ძეხვის კანს წააწყდა. ეს იყო და ეს. ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ გაიფიქრებდა: "არა, ასე ცხოვრება შეუძლებელია, თავი უნდა მოვიკლა!"
თავი მეორე
– იდუმალი უცნობი –
მაგრამ კაშტანკა არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ საწყალობლად ტიროდა. როცა რბილმა, ფაფუკმა თოვლმა თავი და ზურგი დაუფიფქა, ქანცგაწყვეტილს ძილმა თავი წაართვა. უცებ სადარბაზოს კარმა გაიჩხაკუნა, გაიწრიპინა და ფერდში გაჰკრა. კაშტანკა ზეზე წამოვარდა.
კარიდან ვიღაც ისეთმა გამოალაჯა, მუშტრების ჯგუფს რომ ეკუთვნოდა, კაშტანკამ დაიწკმუტუნა და უცნობს ფეხებში გაებლანდა. ამიტომ შეუძლებელი იყო, მას არ შეენიშნა ძაღლი. უცნობი დაიხარა და ჰკითხა:
− ცუგრი, აქ საიდან გაჩნდი? გეტკინა? ოი, საბრალო, საბრალო... კარგი, ნუ მიწყრები... დამნაშავე ვარ.
კაშტანკამ უცნობს ფიფქდაფენილი წამწამებიდან ამოხედა და დაინახა, რომ მის წინ იდგა ტანდაბალი და მსუქანი, გაპარსული, ფუნჩულა პირისახის პატრონი კაცი, რომელსაც ცილინდრი ეხურა და მკერდზე ქურქი გაღეღოდა.
− რა გაწკმუტუნებს? - განაგრძო უცნობმა, თან ზურგიდან თოვლი ჩამოუფერთხა. - შენი პატრონი სადღაა? ალბათ დაეკარგე, არა? ეჰ, საბრალო ცუგო! ახლა რა ვქნათ? რაკიღა უცნობის საუბარში კეთილგანწყობა იგრძნო, კაშტანკამ ხელი აუ-
ლოკა და უფრო საწყალობლად აწკმუტუნდა.
− თურმე კარგი, სასაცილო ძაღლი ყოფილხარ! უთხრა უცნობმა. - ზედგამოჭრილი მელა ხარ! რა ვქნა. რა გიყო, მეტი რა გზა მაქვს. წამოდი ჩემთან! იქნება რამეში გამოგადგე... აბა, წამო!
თანაც დაუწრუპუნა და ხელიც ისე დაუქნია, რაც უთუოდ ერთს ნიშნავდა: წამოდიო. კაშტანკა გაჰყვა. ნახევარი საათის შემდეგ იგი უკვე დიდი, ნათელი ოთახის იატაკზე იჯდა, თავი გვერდზე გადაეხარა და გრძნობამორეული, ცნობისწადილით აღსავსე მზერას არ აცილებდა უცნობს, მაგიდას რომ უჯდა და სადილობდა. კაცი ჭამდა და ძაღლსაც უნაწილებდა... ჯერ უცნობმა პურის და ყველის მწვანე ქერქი დაუგდო, მერე ხორცის ნაჭერი, ნახევარი ღვეზელი და ქათმის ძვლებიც დაუმატა. დამშეულმა კაშტანკამ ყველაფერი ისე უცებ შესანსლა, რომ საჭმელს გემო ვერც გაუგო. გააფთრებით ყლაპავდა მთელ-მთელ ლუკმებს. რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო აწუხებდა შიმშილი.
− ეტყობა, შენი პატრონი რიგიანად ვერ გაჭმევს, - ამბობდა უცნობი, - სული ძლივს გიდგას, ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ...
კაშტანკამ ბევრი ჭამა, მაგრამ ვერ გაძღა, საჭმელმა მხოლოდ თავბრუ დაახვია. სადილის შემდეგ შუა ოთახში გაწვა, ტანი საამოდ მოეთენთა და კუდი ააქიცინა.
სანამ სავარძელში გაშხლართული ახალი პატრონი სიგარას ეწეოდა, კაშტანკა კუდს აქიცინებდა და ერთი კითხვა აწვალებდა: ვისთან ჯობდა - უცნობთან თუ დურგალთან? უცნობის ოთახი ღარიბულად და ულაზათოდ გამოიყურებოდა; სავარძლების, ტახტის, ლამპისა და ნოხების გარდა სხვა არაფერი მოეპოვებოდა, ოთახიც ცარიელი ჩანდა.
დურგლის ოთახში კი ტევა არ იყო: მაგიდაც ჰქონდა, დაზგაც, ბურბუშელაც, შალაშინებიც, ხვეწებიც, ხერხებიც, თანაც გალიაში ჭივჭავი ჰყავდა. ჰო, გობიც ჰქონდა... უცნობის ბინაში არაფრის სუნი არ ტრიალებდა, დურგალთან კი ყოველთვის ბუღია და წებოს, ლაქისა და ბურბუშელას საუცხოო სურნელი დგას.
სამაგიეროდ უცნობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - საჭმელს არ იშურებს, თანაც კაცმა სიმართლე უნდა თქვას, როცა კაშტანკა მაგიდის წინ იჯდა და გულაჩვილებული ახალ პატრონს თვალებში შესციცინებდა, მისთვის არც წიხლი უთავაზებია და არც დაუცაცხანებია: დაიკარგე აქედანაო. სიგარა რომ მოსწია, ახალი პატრონი ოთახიდან გავიდა და იმწამსვე შემობრუნდა, ხელში პატარა ლეიბი ეჭირა:
− ჰეი, ცუგო, აქ მო! - დაუძახა და ლეიბი კუთხეში, ტახტთან მისდო, - აქ დაწე, დაიძინე!
შემდეგ ლამპა ჩააქრო და გავიდა. კაშტანკა ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა; ქუჩიდან ყეფა მოისმა და მასაც მოუნდა გაპასუხება. მაგრამ, ანაზდად სევდა შემოაწვა. ლუკა ალექსანდრიჩი და მისი შვილი ფედიუშკა გაახსენდა, გაახსენდა დაზგის ქვეშ მისთვის მიჩენილი მყუდრო ადგილი... ზამთრის გრძელი საღამოები, როცა დურგალი ფიცრებს აშალაშინებდა, ან გაზეთს კითხულობდა ხმამაღლა.
ფედიუშკა, ჩვეულებისამებრ, მასთან თამაშობდა.... უკანა თათებში ხელს ჩაავლებდა, დაზგის ქვემოდან გამოათრევდა და ისეთ ოინებს უწყობდა ხოლმე, რომ კაშტანკას თვალთ უბნელდებოდა და ყველა სახსარი სტეხდა.
ბიჭი აიძულებდა, უკანა თათებზე ევლო, ხან კი გეგონება ზარიაო, მაგრად მოქაჩავდა კუდზე, გამწარებულს აწკმუტუნებდა და აყეფებდა. ხანაც ბურნუთს დააყნოსვინებდა...
განსაკუთრებით ერთი ოინი იყო მტანჯველი: ფედიუშკა კანაფზე ხორცის ნაჭრებს გამოაბამდა და კაშტანკას დაუგდებდა, მერე კი, როცა ძაღლი გადაყლაპავდა, ბიჭი სიცილ-ხარხარით უკანვე ამოაცლიდა ხორცის ნაჭერს.
რაც უფრო ცხადი იყო მოგონება, მით უფრო ხმამაღლა და ნაღვლიანად წკმუტუნებდა კაშტანკა. მაგრამ მალე დაღლილობამ და სითბომ დაჯაბნა მოძალებული სევდა... კაშტანკას ჩაეძინა. ძაღლები ეზმანა; სხვათა შორის, დღეს ქუჩაში ნანახი ბანჯგვლიანი, თვალზე ლიბრგადაკრული ბებერი პუდელიც, რომელსაც ცხვირთან ბღუჯა-ბღუჯა ეკიდა ბალანი
ფედიუშკა სატეხით გამოუდგა პუდელს, მერე უცებ მასაც გამოესხა ბალანი, მხიარულად აყეფდა და კაშტანკას მხარში ამოუდგა. კაშტანკამ და ფედიამ დანდობილად დაუყნოსეს ცხვირები ერთმანეთს და ქუჩაში გაიქცნენ...
თავი მესამე
– ახალი, მეტად სასიამოვნო ნაცნობობა –
როცა კაშტანკას გაეღვიძა, უკვე გათენებულიყო და ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა. ასე მხოლოდ დღისით ხმაურობს ქუჩა, ოთახში არავინ იყო. კაშტანკა გაიზმორა, დაამთქნარა, გაბრაზებულმა და აღრენილმა ოთახში გაიარგამოიარა.
ავეჯი და კუთხე-კუნჭულები დაყნოსა. წინკარში შეიხედა და საინტერესოს ვერას წააწყდა. იმ კარის გარდა, წინკარში რომ გადიოდა, კიდევ ერთი კარი იყო. კაშტანკამ ორივე თათით მოფხოჭნა ის კარი, გააღო და მეორე ოთახში გავიდა: საწოლზე ფლანელის საბანში გახვეულ მუშტარს ეძინა, კაშტანკამ გუშინდელი უცნობი შეიცნო.
− ღრრრ... - დაიღრინა, მაგრამ მაშინვე გუშინდელი სადილი გაახსენდა და კუდი ააქიცინა.
კაშტანკამ უცნობის ტანსაცმელი და ჩექმები დაყნოსა და დაასკვნა, რომ სამოსელს ცხენის სუნი ასდიოდა. საძინებელი ოთახიდან კიდევ ერთი კარი გადიოდა სადღაც. ისიც მოხურული იყო.
კაშტანკამ ეს კარიც მოფხოჭნა, მკერდით მიაწვა, გააღო და მაშინვე უჩვეულო, ძალზე საეჭვო სუნი ეცა. იგრძნო, არასასიამოვნო შეხვედრა რომ მოელოდა. ღრენითა და თვალის ცეცებით იმ ოთახში შევიდა, ჭუჭყიანი კედლები რომ ჰქონდა, მაგრამ დაფეთებულმა უკანვე დაიხია.
რაღაც მოულოდნელი და საზარელი დაინახა, მისკენ მოემართებოდა ნაცარა ბატი, თავი დაბლა დაეხარა და ფრთებგაფარჩხული სისინებდა.
კაშტანკასგან მოშორებით, პატარა ლეიბზე თეთრი კატა იწვა. დაინახა თუ არა კაშტანკა, წამოხტა, აიფხორა, კუდი აპრიხა, ბალანი აებურძგნა და დაიქშუტუნა. ხუმრობა იქით იყოს და ძაღლი მართლა შეკრთა, მაგრამ შიშის გამხელა არ ისურვა, ხმამაღლა აყეფდა და კატას ეცა...
კატა უფრო აიფხორა. დაიქშუტუნა და კაშტანკას თავში თათი დაჰკრა. კაშტანკა გვერდზე გახტა, დაცუცქდა, დრუნჩი კატისკენ გააღირა და ყეფა ატეხა: ამ დროს ბატი უკანიდან მიეპარა და ზურგში ჩაუნისკარტა. კაშტანკა წამოვარდა და ახლა ბატს ეცა...
− რა ამბავია? - მოისმა გაბრაზებული ხმა და ოთახში ხალათწამოსხმული უცნობი შემოვიდა, კბილებში სიგარა ჰქონდა გაჩრილი, - რა დღეში ხართ? აბა, თქვენ-თქვენ ადგილებზე გასწით.
პატრონი კატასთან მივიდა, ზურგში წაჰკრა და უთხრა:
− ფიოდორ ტიმოფეიჩ, როგორ იქცევი? ეს რა ომი გაგიმართავთ! აი, შე ბებეო მუდრეგო! დაწე! მერე ბატს დაუყვირა:
− ივან ივანიჩ, შენი ადგილი მონახე!
კატა მორჩილად გაწვა თავის ლეიბზე და თვალები დახუჭა. ულვაშებზე ეტყობოდა, თვითონაც უკმაყოფილო იყო, ასე უცებ რომ აპილპილდა და ჩხუბში ჩაება. განაწყენებული კაშტანკა აწკმუტუნდა, ბატმა კისერი წაიგრძელა და გამალებით მოჰყვა ლაპარაკს ცხარედ, მკაფიოდ ლაპარაკობდა, თუმცა მაინც ძალზე გაუგებარი იყო მისი ნაუბარი.
− კარგი, კარგი! - უთხრა პატრონმა და დაამთქნარა. - სიამტკბილობით უნდა იცხოვროთ, - კაშტანკას მიეფერა და განაგრძო, - შენ კი, წითურო, ნუ გეშინია... აქ არავინ გერჩის. მოიცა, მოიცა, შენ რა დაგარქვათ? უსახელოდ ხომ არ იქნები, ძმობილო.
უცნობი ჩაფიქრდა და დაუმატა:
− აი, რა... შენ ძალუას დაგარქმევთ... გეყურება? ძალუას!
ახალმა პატრონმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა "ძალუა" და ოთახიდან გავიდა. კაშტანკამ იქ მყოფნი გულდასმით შეათვალიერა. კატა ლეიბზე უძრავად იჯდა და თავი ისე ეჭირა, ვითომ ეძინა. ბატს კისერი წაეგრძელებინა, ერთ ადგილზე იტკეპნებოდა და ისევ სწრაფად და მგზნებარედ ლაპარაკობდა, ალბათ, მეტად ჭკვიანი ბატი იყო;
ყოველი გრძელი ტირადის შემდეგ გაოცებული უკან იხევდა და აშკარად ეტყობოდა, თავისსავე ნათქვამს აღტაცებაში მოჰყავდა... კაშტანკამ მოუსმინა და პასუხად მიუგო: "ღრრრ..." მერე კუთხე-კუნჭულები დაყნოსა.
ერთ-ერთ კუთხეში პატარა ვარცლს მიაგნო, სადაც დამბალი მუხუდო და ჭვავის პურის ქერქები აღმოჩნდა. კაშტანკამ მუხუდოს გემო გაუსინჯა, არ ეგემრიელა, ახლა პურის ქერქს დასწვდა, მოეწონა და ჭამა განაგრძო.
ბატს სრულებითაც არ სწყენია, რომ უცნობი ძაღლი მის ულუფას შეექცეოდა, პირიქით, უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა, და ნდობა რომ გამოეხატა, თვითონაც პატარა ვარცლთან მივიდა და მუხუდოს რამდენიმე მარცვალი ამოკენკა.
თავი მეოთხე
– იოლი ოინები –
მცირე ხნის შემდეგ უცნობი შემობრუნდა, თან რაღაც უცნაური საგანი შემოიტანა. თავისი მოყვანილობით ალაყაფის კარსა და რუსულ ასო G-ს წააგავდა. ამ ხის, უშნოდ გამოჩორკნილი საგნის კადონზე ზარი და პისტოლეტი ეკიდა. ზარის ენაზე და პისტოლეტის სასხლეტზე თოკი იყო გამობმული.
უცნობმა G ოთახის შუაგულში დადგა, ერთხანს რაღაცას კრავდა, ხსნიდა, შემდეგ ბატს გადახედა და უთხრა:
− ივან ივანიჩ, მობრძანდი! ბატი მივიდა და ბრძანების მოლოდინში შორიახლოს გაჩერდა.
− აბა, - თქვა უცნობმა, - სულ თავიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას მიესალმე! მარდად! ივან ივანიჩმა კისერი წაიგრძელა, თავი აქეთ-იქით დაიქნია და ფეხიც გააფრატუნა.
− კარგია, ყოჩაღ... ახლა ვითომ მოკვდი! ბატი გაგორდა და ფეხები მაღლა აფშიკა. კიდევ რამდენიმე მსგავსი იოლი ოინის შესრულების მერე უცნობმა ანაზდად თავზე ხელები იტაცა, სახეზე ძრწოლა გამოეხატა და იყვირა: - გვიშველეთ! ხანძარია! ვიწვით! ივან ივანიჩმა G-სთან მიირბინა, ნისკარტი თოკს ჩაავლო და ზარი ჩამორეკა.
უცნობი ძალზე კმაყოფილი დარჩა, ბატს კისერზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
− ყოჩაღ, ივან ივანიჩ! ახლა წარმოიდგინე, რომ იუველირი ხარ, ოქროთი და ბრილიანტით ვაჭრობ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ მაღაზიაში შეხვედი და იქ ქურდებს წაასწარი. ასეთ დროს როგორ მოიქცეოდი? ბატმა ახლა მეორე თოკს ჩაჰკიდა ნისკარტი, მოსწია და მაშინვე გამაყრუებელი სროლის ხმა გაისმა. კაშტანკას ძალზე მოეწონა ზარის წკარუნი, ხოლო გასროლამ ისეთ აღტაცებაში მოიყვანა, რომ G-ს გარშემო სირბილსა და ყეფას მოჰყვა.
− ძალუა, ახლავე შენს ადგილზე მიდი! - დაუყვირა უცნობმა. - ჩუმად იყავი!
ივან ივანიჩის საქმიანობა გასროლით არ დამთავრებულა. შემდეგ უცნობი მთელი საათი თავის გარშემო დაარბენინებდა. თან შოლტს ატყლაშუნებდა. ბატი თარჯზე უნდა გადამხტარიყო, რგოლშიც უნდა გამძვრალიყო, ყალყზეაც დამდგარიყო, ე. ი. გაფოფრილ ბოლოზე დაცუცქდებოდა და ფეხებს აქნევდა.
კაშტანკა ივან ივანიჩს თვალს ვერ აცილებდა, აღტაცებული წკავწკავებდა, რამდენჯერ უკან გამოუდგა კიდეც ყეფით, როცა უცნობმა ბატს სიქა გააცალა და თვითონაც არაქათი გამოელია, გახვითქული შუბლი მოიწმინდა და დაიძახა:
− მარია, ერთი ხავრონია ივანოვნას სთხოვე!
მცირე ხნის შემდეგ ღრუტუნი მოისმა... კაშტანკამ დაიღრინა. შეეცადა თავი მამაცურად დაეჭირა და ყოველი შემთხვევისათვის უცნობთან ახლოს მიიწია. კარი გაიღო, ოთახში ვიღაც დედაბერმა შემოიხედა, რაღაც ჩაილაპარაკა და შავი, ძალიან უშნო ღორი შემოუშვა.
ღორმა კაშტანკას ღრენას ყურადღება არ მიაქცია. დინგი ააღირა და მხიარულად აღრუტუნდა. ეტყობოდა, ძალზე სიამოვნებდა თავისი პატრონის, კატისა და ივან ივანიჩის თავშეყრილობა.
იგი ჯერ კატასთან მივიდა და დინგი მეგობრულად ამოსცხო მუცელში, მერე ბატს გადაულაპარაკა რაღაც. მისი საქციელი, ხმა, მეტადრე კი პატარა კუდის ქიცინი უზომო კეთილგანწყობას გამოხატავდა, კაშტანკა მაშინვე მიხვდა, რომ აქ ღრენა და ყეფა სულ არ იყო საჭირო.
პატრონმა G გაიტანა და დაიძახა:
− ფიოდორ ტიმოფეიჩ, გთხოვ!
კატა წამოდგა, ზანტად გაიზმორა და უხალისოდ, თითქოს ვიღაცას რამეს ამადლისო, ღორთან მივიდა.
− აბა, ეგვიპტური პირამიდით დავიწყოთ! - გამოაცხადა პატრონმა. იგი კარგა ხანს სამივეს რაღაცას დაწვრილებით უხსნიდა. შემდეგ კი ბრძანა: - "ერთი... ორი... სამი!" სიტყვა "სამზე" ივან ივანიჩმა ფრთები აიქნია და ღორს ზურგზე შეახტა... როცა წონასწორობა დაიცვა და გამაგრდა, ფიოდორ ტიმოფეიჩიც უხალისოდ შეასკუპდა ღორს, თან ისეთი იერი ჰქონდა, თითქოსდა ყოველივე სძაგდა და თავის ოსტატობას კაპიკადაც არ აგდებსო.
შემდეგ უხალისოდ, ზოზინით ბატს ზე მოექცა და უკანა თათებზე დადგა. წარმოადგინეს ის, რასაც უცნობი ეგვიპტურ პირამიდას უწოდებდა. კაშტანკამ აღტაცებისაგან შეჰყეფა. მაგრამ ამ დროს ბებერმა კატამ დაამთქნარა, წონასწორობა დაკარგა და ჩამოვარდა. ივან ივანიჩიც შექანდა. ისიც ჩამოვარდა. უცნობმა შეჰყვირა, ხელების ქნევასა და კვლავ რაღაცის ახსნა-განმარტებას მოჰყვა.
დაუცხრომელმა პატრონმა პირამიდა მთელი საათი აჯახირა, მერე ივან ივანიჩს უჩიჩინა, როგორ უნდა ამხედრებულიყო კატაზე, ბოლოს კი კატას პაპიროსის მოწევა შეასწავლა.
მეცადინეობა იმით დასრულდა, რომ უცნობმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა. ფიოდორ ტიმოფეიჩმა დაიფრუტუნა, ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა. ივან ივანიჩმა პატარა ვარცლს მიაშურა. ღორი კი დედაბერმა გაიყვანა.
უამრავი ახალი შთაბეჭდილების წყალობით კაშტანკასათვის დღე შეუმჩნევლად მიილია, საღამო ჟამს კი თავის ლეიბიანად იმ ოთახში დააბინავეს, ჭუჭყიანი კედლები რომ ჰქონდა, და ღამე ფიოდორ ტიმოფეიჩსა და ბატთან ერთად გაათია.
თავი მეხუთე
– ტალანტია! ტალანტი! –
გავიდა ერთი თვე. კაშტანკა უკვე მიეჩვია იმას, რომ ყოველ საღამოს გემრიელი სადილით უმასპინძლდებოდნენ და ძალუას ეძახდნენ, მიეჩვია უცნობსაც და თავის ახალ სახლეულსაც. ცხოვრება აეწყო.
ყოველი დღე ერთნაირად იწყებოდა. ჩვეულებრივ, ყველაზე ადრე ივან ივანიჩი გაიღვიძებდა და მაშინვე ძალუასთან მივიდოდა ან კატასთან, კისერს წაიგრძელებდა და რაღაცაზე ცხარედ და დამაჯერებლად მოჰყვებოდა ლაპარაკს, მაგრამ კვლავ გაუგებარი იყო მისი ნათქვამი.
ზოგჯერ თავს ააღერებდა და გრძელ მონოლოგებს წარმოთქვამდა. ნაცნობობის პირველ დღეებში კაშტანკა ფიქრობდა, ალბათ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ძალზე ჭკვიანიაო.
მაგრამ გამოხდა ხანი და კაშტანკამ მისადმი რიდი და პატივისცემა დაკარგა: როცა ივან ივანიჩი თავისი გრძელი მოხსენებების წასაკითხად მიუახლოვდებოდა, კაშტანკა კუდს კი აღარ აქიცინებდა, პირიქით, აბუჩად იგდებდა ამ თავმომაბეზრებელ მოლაყბეს, ძილს რომ არავის აცდიდა და მოურიდებლად შეუღრენდა ხოლმე.
ფიოდორ ტიმოფეიჩი კი სულ სხვა ყაიდის ბატონი ბრძანდებოდა. გაიღვიძებდა თუ არა, გაისუსებოდა. იჯდა უძრავად, თვალებსაც კი არ გაახელდა. მისი ნება რომ ყოფილიყო, სულ არ გამოიღვიძებდა, რადგან ცხოვრებაზე გულაყრილი ჩანდა. არაფერი აინტერესებდა. ყველაფერს ზანტად და უგულოდ ეკიდებოდა, ყველაფერი სძაგდა. თავისი წილი გემრიელი სადილის მერეც კი გულამრეზილი ფრუტუნებდა.
გაიღვიძებდა თუ არა, კაშტანკა ოთახებში სიარულსა და კუთხე-კუნჭულების ყნოსვას მოჰყვებოდა. მარტო კაშტანკასა და კატას ჰქონდათ ასე თავისუფლად სიარულის უფლება; ბატს სადგომის ზღურბლზე გადმობიჯება ეკრძალებოდა.
ხავრონია ივანოვნა სადღაც ეზოში, ფარდულში ცხოვრობდა და მხოლოდ მეცადინეობის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე. პატრონი გვიან დგებოდა, ჩაის დალევდა და მაშინვე თავის ოინებს იწყებდა.
ოთახში შემოჰქონდათ შოლტი, რგოლები და ყოველ ცისმირე დღე თითქმის ერთი და იგივე მეორდებოდა, მეცადინეობა სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა, ასე რომ, ზოგჯერ დაღლილობისაგან ფიოდორ ტიმოფეიჩი მთვრალივით ბანცალებდა, ივან ივანიჩი ნისკარტს დააღებდა და ღრმად სუნთქავდა, წამოჭარხლებულ პატრონს კი ვერა და ვერ მოეწმინდა გახვითქული შუბლიდან ოფლი.
მეცადინეობა და სადილი დღეებს უხალისებდათ, საღამოები კი ერთობ მოსაწყენი იყო. ჩვეულებრივ, საღამოობით პატრონი სადღაც მიდიოდა, თან ბატი და კატა მიჰყავდა. მარტო დარჩენილი კაშტანკა ლეიბზე იწვა და გული ელეოდა... სევდა როგორღაც შეუმჩნევლად წამოეპარებოდა და თანდათან ისე იპყრობდა, ვით ბინდი ოთახს.
ძაღლს ჯერ ყეფის, ჭამის, ოთახებში სირბილისა და უბრალოდ, ცქერის სურვილიც კი ეკარგებოდა, მერე მის წარმოსახვას ორი ბუნდოვანი არსება ეწვეოდა. თუმცა ვერ გაერჩია, ძაღლები იყვნენ თუ ადამიანები, სანდომიანი, ძვირფასი სახეები წარმოუდგებოდა, მაგრამ ვეღარ შეეცნო; იმათ გამოჩენას ძალუა კუდის ქიცინით ხვდებოდა, ეჩვენებოდა, რომ ისინი ოდესღაც, სადღაც უნახავს და ჰყვარებია... ჩაძინების ჟამს კი მუდამ გრძნობდა, რომ იმათ ლაქის, ბურბუშელისა და წებოს სუნი ასდიოდათ.
როცა კაშტანკა თითქმის შეეგუა ახალ ცხოვრებას და გაძვალტყავებული ქოფაკი მაძღარ, მოვლილ-ნაპატივებ ძაღლად იქცა, ერთხელაც, მეცადინეობის დაწყების წინ, პატრონი მიეფერა და უთხრა:
− ძალუა, დროა საქმეს ვეწიოთ, გეყოფა უქმად ყოფნა. მსახიობი უნდა გამოგიყვანო... გინდა?
და ოინების სწავლება დაუწყო. პირველ გაკვეთილზე კაშტანკა უკანა თათებზე დგომასა და სიარულს სწავლობდა, რაც ძალიან მოსწონდა, მეორე გაკვეთილზე უკანა თათებზე მდგარი უნდა ამხტარიყო და შაქარს მისწვდომოდა, მის თავს ზემოთ რომ ეჭირა მასწავლებელს.
შემდეგ გაკვეთილებზე უკვე ცეკვავდა, ყმუილს აყოლებდა მუსიკას, ზარს რეკავდა და პისტოლეტს ისროდა. ერთი თვის მერე კი შეეძლო "ეგვიპტურ პირამიდაში" წარმატებით შეეცვალა ფიოდორ ტიმოფეიჩი. ხალისით სწავლობდა და თავისი წარმატებებით კმაყოფილი იყო; ენაგადმოგდებული სირბილი კორდით, რგოლში გაძრომ-გამოძრომა და ბებერი ფიოდორ ტიმოფეიჩის გაჭენება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ძალუას.
ყოველ მარჯვედ შესრულებულ ოინს ხმამაღალი, აღფრთოვანებული ყეფით ხვდებოდა. მასწავლებელსაც უკვირდა და აღტაცებული ხელებს იფშვნეტდა:
− ტალანტია! ტალანტი! - გაიძახოდა პატრონი, - უეჭველი ტალანტია! დიდი წარმატება გელის, წყალი არ გაუვა!
ძალუაც ისე მიეჩვია "ტალანტს", რომ ყოველთვის, როცა პატრონი ამ სიტყვას წარმოთქვამდა, ზეზე წამოვარდებოდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქოს "ტალანტი" რქმეოდეს.
თავი მეექვსე
– შფოთიანი ღამე –
ძალუას უჟმური სიზმარი ეზმანა, ვითომ მეეზოვე მოსდევდა ცოცხით და შეშინებულს გამოეღვიძა.
ოთახში სიბნელე და სიჩუმე იდგა. სუნთქვა ჭირდა, უმოწყალოდ იკბინებოდნენ რწყილები, ადრე ძალუას არასოდეს შინებია სიბნელის, მაგრამ ახლა რატომღაც ძრწოლამ აიტანა და დაყეფება მოუნდა.
მეზობელ ოთახში ხმამაღლა ამოიხვნეშა პატრონმა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავის ფარდულში ღორმა დაიღრუტუნა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
საჭმელზე ფიქრი ამშვიდებდა ხოლმე და ძალუამაც გაიხსენა, როგორ მოპარა დღეს ქათმის ფეხი ფიოდორ ტიმოფეიჩს და სასტუმრო ოთახში კარადის უკან გადამალა. იქაურობას აბლაბუდა და მტვერი მოსძალებოდა.
ახლა ურიგო არ იქნებოდა, ენახა: რა ბედი ეწია ქათმის ფეხს? სავსებით შესაძლებელი იყო პატრონს ეპოვა და შეეჭამა, მაგრამ დილამდე ოთახიდან გასვლა არ შეიძლებოდა. მალე რომ ჩასძინებოდა, ძალუამ თვალი დახუჭა. გამოცდილებით იცოდა, რაც მალე დაიძინებდა, მით უფრო ჩქარა გათენდებოდა.
ანაზდად, შორიახლო უცნაური ყვირილი გაისმა, რამაც შეაკრთო და აიძულა ფეხზე დამდგარიყო. ივან ივანიჩი ყვიროდა და ეს აღარ ჰგავდა მოლაყბე, თავდაჯერებული ბატის წინანდებურ ყიყინს. რაღაც ველური, გამკივანი და უჩვეულო, ჭიშკრის ჭრიალივით გაისმა სიბნელეში.
წყვდიადში ძალუამ ვერა გაარჩია და ვერც ვერაფერი იაზრა, მაშინ უფრო მოეძალა შიში და დაიღრინა:
− ღრრრ... გავიდა მცირე ხანი, იმდენი, რამდენიც გვარიანი ძვლის დახვრას სჭირდებოდა: ყვირილი არ განმეორებულა. ძალუა თანდათან დამშვიდდა და ჩათვლიმა.
ორი დიდი, შავი ძაღლი დაესიზმრა, ბარძაყებსა და ფერდებზე ბღუჯაბღუჯა რომ შერჩენოდათ შარშანდელი ბალანი. ძაღლები დიდი გობიდან ხარბად თქვლეფდნენ ნარცხს, იქიდან თეთრი ორთქლი და ძალზე ტკბილი სურნელი მოდიოდა.
დროდადრო ძაღლები მოხედავდნენ ძალუას, კბილებს უკრეჭდნენ და იღრინებოდნენ - შენ არაფერს დაგითმობთო. ამ დროს სახლიდან გლეხი გამოვარდა: მათრახით გაყარა ისინი, მაგრამ როგორც კი გლეხი კარს მიეფარა, ორივე ძაღლი ღრიალით მოუვარდა ძალუას. ანაზდად, კვლავ გამკივანი ყვირილი გაისმა.
− ყი-ყი! ყი-ყი! - დაიყვირა ივან ივანიჩმა.
ძალუას გამოეღვიძა, წამოხტა და ლეიბიდან არც გადმოსულა, ყეფა ატეხა. ძალუას უკვე ეჩვენებოდა, რომ ივან ივანიჩი კი არა, ვიღაც სხვა, უცხო ყვიროდა. გარეთ ფარდულში რატომღაც კვლავ დაიღრუტუნა ღორმა.
ამ დროს ფეხსაცმლის ფრატუნი მოისმა და ოთახში ხალათწამოსხმული პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა. მკრთალი შუქი ჭუჭყიან კედლებსა და ჭერზე ალიცლიცდა, სიბნელე განდევნა.
ძალუა დარწმუნდა, რომ ოთახში უცხო არავინ იყო. ივან ივანიჩი იატაკზე იჯდა, არ ეძინა, ფრთები გაეფარჩხა, ნისკარტი დაეფჩინა და, საერთოდ, ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს გადაქანცულიყო და სწყუროდა. არც ბებერ ფიოდორ ტიმოფეიჩს ეძინა, უთუოდ ისიც ყვირილმა გამოაღვიძა.
− ივან ივანიჩ, რა დაგემართა? - ჰკითხა პატრონმა ბატს. - რა გაყვირებს? ავად ხომ არა ხარ? ბატი დუმდა. პატრონმა კისერზე მოავლო ხელი, მერე ზურგზე გადაუსვა და უთხრა:
− დიდი უცნაური ვინმე ხარ. არც თვითონ გძინავს და არც სხვას აძინებ. როცა პატრონი წავიდა და სინათლე თან გაიყოლა, ისევ სიბნელე ჩამოწვა. ძალუა შიშმა აიტანა. ბატი აღარ ყვიროდა, მაგრამ კაშტანკას კვლავ ეჩვენებოდა, რომ სიბნელეში ვიღაც უცხო იდგა. ყველაზე შემზარავი კი ის გახლდათ, რომ ამ უცხოს ვერ უკბენდა. რადგან უჩინარი და უსხეულო იყო.
ძალუა რატომღაც ფიქრობდა, ამ ღამეს უცილოდ რაღაც ძალზე ცუდი ამბავი უნდა მოხდესო. ფიოდორ ტიმოფეიჩიც ვერ ისვენებდა. ძალუას ესმოდა, კატა ლეიბზე წრიალებდა, ამთქნარებდა და თავს იბერტყავდა.
სადღაც, ქუჩაში, კარზე დააკაკუნეს და ფარდულში ღორმა დაიღრუტუნა. ძალუამ დაიწკმუტუნა, წინა თათები გამოშალა და თავი ზედ ჩამოდო. კარზე კაკუნმა, ღორის ღრუტუნმა, ჩამომდგარმა სიბნელემ და სიჩუმემ ძალუას რაღაც სევდიანი და შემზარავი წინათგრძნობა განუახლა. სწორედ იმგვარი, ივან ივანიჩის ყვირილმა რომ განაცდევინა.
ირგვლივ შფოთი და წუხილი გამეფებულიყო, მაგრამ რის გამო? ვინ იყო ის უცხო, ის უჩინარი? ძალუას ცხვირწინ წამით ორი მქრქალი მწვანე ნაპერწკალი აინთო. მთელი ნაცნობობის მანძილზე ეს პირველად იყო, რომ ფიოდორ ტიმოფეიჩი კაშტანკასთან მივიდა. ნეტა რა უნდოდა? ძალუამ კატას თათი აულოკა, არც უკითხავს, რისთვის მოხვედიო, ისე მოჰყვა უთავბოლო წკავწკავს.
− ყი-ყი! - დაიყვირა ივან ივანიჩმა. - ყი-ყი-ყი!
კარი კვლავ გაიღო და პატრონი შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა. ბატი წინანდებურად ნისკარტდაბჩენილი და ფრთებგადაფარჩხული იჯდა, თვალები დაეხუჭა.
− ივან ივანიჩ! - დაუძახა პატრონმა.
ბატი არ განძრეულა, პატრონი იატაკზე დაჯდა, ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა ბატს.
− ივან ივანიჩ! რა დაგემართა? კვდები? ვაი, ახლა გამახსენდა, გამახსენდა! - წამოიყვირა და თავზე ხელები იტაცა, - ვიცი, რაც არის შენს თავს! დღეს ხომ ცხენმა დაგადგა ფეხი!.. ღმერთო, ღმერთო!
ძალუას არ ესმოდა, რას ამბობდა პატრონი, მაგრამ სახეზე ატყობდა, რაღაც საშინელის მოლოდინს შეეპყრო. კაშტანკამ დრუნჩი ჩაბნელებული ფანჯრისაკენ გააღირა, რომელსაც თითქოს ვიღაც უცხო მოსდგომოდა, და აყმუვლებდა.
− ჩვენი ივან ივანიჩი კვდება, ძალუა! - პატრონმა ხელები გაასავსავა. - ჰო, ჰო, კვდება! თქვენ სადგომს სიკვდილი ეწვია! რაღა ვქნათ ახლა?
ფერნაცვალმა, აღელვებულმა პატრონმა უიმედოდ გადააქნია თავი და ვიშვიშით თავის საძინებელში გავიდა. ძალუას სიბნელეში დარჩენის შეეშინდა და უკან გაედევნა, პატრონი საწოლზე ჩამოჯდა და რამდენჯერმე გაიმეორა:
− ღმერთო ჩემო, რაღა ვქნა?
ძალუა პატრონის სიახლოვეს დაბორიალებდა და ვერ მიმხვდარიყო, რა ნაღველს დაეთრგუნა იგი, რა აშფოთებდა. ცდილობდა, მიზეზი ამოეცნო და პატრონს თვალს არ აცილებდა. პატრონის საძინებელ ოთახში ფიოდორ ტიმოფეიჩიც შემოვიდა, რომელიც, საერთოდ, იშვიათად თუ შეელეოდა თავის ლეიბს. კატა თავს იბერტყავდა, თითქოს მძიმე ფიქრების გაფანტვა სურდა, თან საწოლქვეშ იჭვნეულად იცქირებოდა.
პატრონმა პირსაბანიდან წყალი ჩამოასხა და ისევ ბატთან გავიდა.
− დალიე, ივან ივანიჩ! - უთხრა ალერსიანად და ლამბაქი წინ დაუდგა. - დალიე, ჩემო კარგო! მაგრამ ივან ივანიჩი არ განძრეულა და არც თვალი გაუხელია. პატრონმა თავი დაუწია და ნისკარტი წყალში ჩააყოფინა, მაგრამ ბატმა არც წყალი დალია, კიდევ უფრო გაფარჩხა ფრთები, თავი კი ისევე დარჩა, ლამბაქზე ჩამოდებული.
− არა, აღარაფერი ეშველება! - ამოიოხრა პატრონმა, - ყველაფერი გათავდა, წასულია ივან ივანიჩის საქმე.
ამის თქმა იყო და პატრონს ღაწვებზე მბრწყინავი წვეთები ჩამოუგორდა, სწორედ ისეთი, წვიმის დროს რომ მოგორავს ხოლმე ფანჯრის მინებზე. ძალუა და ფიოდორ ტიმოფეიჩი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა, პატრონს ეკვროდნენ და ზარდაცემულნი შესცქეროდნენ ბატს.
− საბრალო ივან ივანიჩი! - იმეორებდა პატრონი, თან მწუხარედ ხვნეშოდა, - მე კი ვოცნებობდი, გაზაფხულზე აგარაკზე წავიყვან და იქ მწვანეზე ერთად ვისეირნებთ-მეთქი. ივან ივანიჩ, ჩემო კეთილი მეგობარო, შენ აღარ ხარ! რაღა ვქნა უშენოდ?
ძალუას ეჩვენებოდა, რომ მასაც იგივე ბედი ეწერა, ანუ ისიც ივან ივანიჩის მსგავსად, გაურკვეველი მიზეზის გამო, დახუჭავდა თვალებს, ფეხებს გაფშეკდა, კბილებს დაკრეჭდა და ყველანი შეძრწუნებულ მზერას მიაპყრობდნენ. ეტყობოდა, ფიოდორ ტიმოფეიჩსაც იგივე ფიქრები უტრიალებდა, ადრე არასოდეს ყოფილა ბებერი კატა ასე დაღვრემილი და კუშტი.
თენდებოდა. აღარსად იყო უცხო ჩვენება, ასე რომ აფრთხობდა ძალუას. კარგად გათენდა, მეეზოვე მოვიდა, ბატს ფეხებში ჩაავლო ხელი და სადღაც წაიღო. ცოტა ხნის მერე ბებრუხანა შემოვიდა და პატარა ვარცლი გაიტანა.
ძალუა სასტუმრო ოთახში გავიდა და კარადის უკან შეიხედა: ქათმის ფეხისთვის ხელი არავის ეხლო, იქვე იდო, მტვერსა და აბლაბუდაში. მაგრამ კაშტანკას მოწყენილობა და სევდა დაუფლებოდა, არც კი დაყნოსა ქათმის ფეხი, დივანქვეშ შეძვრა და საწყალობლად აწკავწკავდა.
თავი მეშვიდე
– უიღბლო დებიუტი –
ერთ მშვენიერ საღამოს პატრონი ეახლათ და ხელების ფშვნეტით თქვა:
− აბა-ა...
კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ უთქმელად გატრიალდა. ძალუა, რომელმაც გაკვეთილების დროს ჩინებულად შეისწავლა პატრონის სახის გამომეტყველება და ლაპარაკის კილო, მიხვდა, რომ იგი აღელვებული, შეწუხებული და მგონი გულმოსულიც იყო.
მცირე ხნის შემდეგ პატრონი შემობრუნდა:
− დღეს თან წავიყვან ძალუას და ფიოდორ ტიმოფეიჩს. ძალუა, ეგვიპტურ პირამიდაში დღეს შენ შეცვლი განსვენებულ ივან ივანიჩს. ეშმაკმა დალახვროს! არაფერი გვაქვს მომზადებული, შესწავლილი, რეპეტიციებიც ცოტა გვქონდა, თავი მოგვეჭრება, ჩავფლავდებით.
შემდეგ ისევ გავიდა და სულ მალე ქურქსა და ცილინდრში გამოწყობილი დაბრუნდა. კატასთან მივიდა, წინა თათებში ხელი ჩაავლო, აიყვანა და ქურქქვეშ შეისვა. ფიოდორ ტიმოფეიჩი ყველაფრისადმი ძალზე გულგრილი ჩანდა. თვალის გახელაც კი არ უცდია. მისთის თითქოს სულ ერთი იყო: იწვებოდა, თუ უკანა თათებით ზე ასწევდნენ, ლეიბზე ინებივრებდა თუ ქურქქვეშ, პატრონის უბეს შეეყუჟებოდა...
− ძალუა, წავიდეთ! - უთხრა პატრონმა.
ძალუას ვერ გაეგო, რა ხდებოდა, და პატრონს კუდის ქიცინით მიჰყვა. მალე კაშტანკა მარხილში პატრონის ფერხთით იჯდა და ყურს უგდებდა სიცივისა და მღელვარებისაგან მობუზული კაცის ბუტბუტს:
− თავი მოგვეჭრება! ჩავფლავდებით!
მარხილი ერთ ისეთ ვეებერთელა, უცნაურ სახლთან გაჩერდა, გადმოპირქვავებულ საწვნეს რომ წააგავდა. სახლის გრძელი, სამკარიანი სადარბაზო ერთი დუჟინი ფარნებით გაეკაშკაშებინათ. კარი ხმაურით იღებოდა და სადარბაზოს წინ მორიალე ხალხს ნთქავდა. ხალხი ბლომად იყო, სადარბაზოსთან ხშირად ცხენებიც მოირბენდნენ ხოლმე, ძაღლები კი არსად ჩანდნენ.
პატრონმა ძალუა აიყვანა და ქურქქვეშ უბეში ჩაისვა, ფიოდორ ტიმოფეიჩი უკვე იქ იყო. ქურქქვეშ ბნელოდა და სუნთქვა ჭირდა. სამაგიეროდ თბილოდა, უცებ ორმა მქრქალმა ნაპერწკალმა გაკვესა - მეზობლის ცივი და ხეშეში თათების მიკარებამ თუ შეაწუხა კატა, - თვალი გაახილა. ძალუამ კატას ყური აულოკა, შეეცადა, რაც შეიძლებოდა, უკეთ მოკალათებულიყო და მოუსვენრად აწრიალდა.
კატა ცივი თათებით მიჭეჭკა და ქურქიდან უნებლიეთ თავი გამოყო, მაგრამ დაიღრინა და უკანვე შეძვრა, მოეჩვენა, უზარმაზარი, მკრთალად განათებული ოთახი ურჩხულებით გატენილიყო, ტიხრებიდან და ორივე მხარეს გაყოლებული ხარიხებიდან საშინელი სახეები დაინახა: ცხენების, რქოსანთა, დიდყურათა და ერთიც ვეება სახე, ცხვირის ადგილას კუდი რომ ება და პირიდან ორი გრძელი შემოხრული ძვალი გამოსჩროდა.
ძალუას თათქვეშ მოკუნტულმა კატამ ხრინწიანად დაიკნავლა, სწორედ ამ დროს პატრონმა ქურქი შეიხსნა. "ჰოპ" დაიძახა და ფიოდორ ტიმოფეიჩი და ძალუა იატაკზე ჩამოხტნენ. ისინი პატარა, ფიცრულ ოთახში აღმოჩნდნენ. აქ პატარა სარკიანი მაგიდის, ტაბურეტისა და კუთხეებში გაკიდული ჩვრების გარდა სხვა არავითარი ავეჯი ამ მოიძევებოდა: კედლის გასწვრივ ფარანის თუ სანთლის მაგიერ ჩასობილი მილაკი კაშკაშა მარაოსებრ შუქს აფრქვევდა.
ფიოდორ ტიმოფეიჩმა ბეწვი გაილოკა, ძალუამ რომ მოუთელა, მერე ტაბურეტქვეშ შეძვრა და გაწვა. პატრონი ჯერ ისევ ღელავდა და ხელებს იფშვნეტდა, თან ტანსაცმელს იხდიდა... გაიხადა, როგორც საერთოდ იხდიდა ხოლმე ძილის წინ, სანამ ფლანელის საბანქვეშ შეგორდებოდა.
ერთი სიტყვით, საცვლების ამარა დარჩა. შემდეგ ტაბურეტზე ჩამოჯდა, სარკეში იყურებოდა და სასწაულმოქმედებდა. უწინარეს ყოვლისა, თავზე პარიკი ჩამოიცვა, შუაზე გადაყოფილი და წყვილ რქასავით აღერებული. მერე სახეზე სქლად წაისვა თეთრი საღებავი და ზედ კიდევ წარბები, ულვაშები და ღაჟღაჟა ლოყები დაიხატა.
მისი გნაზრახი ამით არ დამთავრებულა. პირისახე და კისერი რომ გაითხუპნა, მერე რაღაცნაირ უჩვეულო კოსტიუმში გამოეწყო, რომლის მსგავსი ძალუას არასოდეს ენახა, არც სახლებსა და არც ქუჩაში. წარმოიდგინეთ, დიდრონი ყვავილებით მოხატული, ჩითის ფარფაშა შარვალი, ზუსტად იმ ჩითისა, მეშჩანები საფარდედ და ავეჯის გადასაკრავად რომ იყენებდნენ.
შარვალი თითქმის იღლიებთან იკვრებოდა: ცალი ტოტი ყავისფერი ჩითისა იყო, მეორე - ღია ყვითელი ფერისა. ამ ტანსაცმელში ჩაფლულმა პატრონმა კიდევ სხვადასხვა ფერის ყელიანი წინდები, მწვანე ფეხსაცმელი და ჩითის ქურთუკი ჩაიცვა: ქურთუკს დიდი, დაკბილული საყელო ჰონდა და ზურგზე ოქროს ვარსკვლავი ეხატა...
ძალუას თვალი აუჭრელდა, ამ თეთრპირისახიან, ჩანჩურა კაცს პატრონის სუნი უდიოდა, ხმაც ნაცნობი ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ ძალუას ეჭვი აწვალებდა და მაშინ მზად იყო, ამ ზიზილ-პიპილა არსებას გაქცეოდა და ყეფა აეტეხა.
ახალი გარემო, მარაოსებრი შუქი, პატრონის სახეცვალება - ყოველივე ეს გაურკვეველ შიშსა და ისეთ წინათგრძნობას უღვიძებდა, რომ უსათუოდ რაღაც საშინელებას გადაეყრებოდა, სწორედ ისეთს, მსუქან სახეზე ცხვირის ადგილას კუდი რომ ება.
ამას ისიც ემატებოდა, რომ სადღაც შორს, კედლის მიღმა საძულველი მუსიკა უკრავდა და დროდადრო გაუგებარი ღრიანცელი მოისმოდა. მხოლოდ ფიოდორ ტიმოფეიჩის უშფოთველობა აწყნარებდა ძალუას.
იგი მშვიდად თვლემდა ტაბურეტქვეშ და თვალებს მაშინაც კი არ ახელდა, როცა ტაბურეტი გადაადგილებისას გაბრახუნდებოდა ხოლმე. ოთახში ფრაკსა და თეთრ ჟილეტში გამოწყობილმა კაცმა შემოიხედა და თქვა:
− ახლა მის არაბელი გამოდის. შემდეგ კი თქვენი რიგია.
პატრონმა არაფერი უპასუხა. მაგიდის ქვემოდან ვეება ჩემოდანი გამოათრია, ჩამოჯდა და დაელოდა. ტუჩებსა და ხელებზე ეტყობოდა, ღელავდა, ძალუას ესმოდა მისი არათანაბარი სუნთქვა.
− მისტერ ჟორჟ, გთხოვთ! - დაიყვირა ვიღაცამ კარს მიღმა.
პატრონი წამოდგა და სამგზის გადაიწერა პირჯვარი, მერე ტაბურეტის
ქვემოდან კატა გამოიყვანა და ჩემოდანში ჩასვა.
− ძალუა, მოდი! - უთხრა პატრონმა ხმადაბლა.
ძალუას ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა, პატრონმა ძალუას თავზე აკოცა და ფიოდორ ტიმოფეიჩს გვერდით მიუსვა, მერე ჩამობნელდა... ძალუა კატას ეხეთქებოდა, ჩემოდნის კედლებს ფხოჭნიდა და შიშისაგან კრინტი ვერ დაეძრა. ჩემოდანი კი, როგორც ტალღებზე, ისე ქანაობდა და ძაგძაგებდა...
− აი, მეც აქა ვარ! - დაიყვირა პატრონმა. - აი, მეც აქა ვარ!
ძალუამ იგრძნო, ამ ყვირილის მერე ჩემოდანი რაღაც მაგარს რომ მოხვდა და გაჩერდა. აღარ ქანაობდა, მოისმა ღრიალი: ვიღაცას ტაშს უკრავდნენ. და ის ვიღაცა, უთუოდ ის ურჩხული იყო, ცხვირის ადგილას კუდი რომ ება. ისე ხმამაღლა ღრიალებდა და ხარხარებდა, რომ ჩემოდნის საკეტები აძიგძიგდა. პასუხად პატრონის ხითხითი გაისმა. ასე შინ არასოდეს იცინოდა.
− ჰა! - დაიყვირა პატრონმა და ამით შეეცადა ღრიალი დაეფარა. - პატივცემულო საზოგადოება! მე ახლა პირდაპირ ვაგზლიდან მოვდივარ! ბებია მომიკვდა და მემკვიდრეობა დამიტოვა! ჩემოდანში რაღაც ძალზე მძიმე დევს, ეტყობა, ოქროა... ჰა-ა! ერთიც ვნახოთ და მილიონი აღმოჩნდეს! აბა, გავხსნათ და ვნახოთ...
კლიტემ გაიჩხაკუნა. კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა ძალუას: ჩემოდნიდან ამოხტა და ღრიალით გაყრუებული, მთელი სისწრაფით პატრონის გარშემო დარბოდა და მხიარულად ყეფდა.
− ჰა! - დაიყვირა პატრონმა: - ძია ფიოდორ ტიმოფეიჩ! ძვირფასო ძალუა! სანატრელო ნათესავებო, ეშმაკსაც წაუღიხართ! პატრონი სილაზე გაგორდა, კატას და ძალუას ხელი სტაცა და ხვევნაკოცნა დაუწყო. ძალუამ, სანამ პატრონს მკლავებში ჰყავდა ჩაბღუჯული, წამით გადაავლო თვალი იმ სამყაროს, ბედმა რომ არგუნა წილად და განაცვიფრა მისმა სიდიადემ. მერე პატრონს მკლავებიდან დაუსხლტა და შთაბეჭდილებებით გაბრუებული, ერთ ადგილზე ბზრიალასავით დატრიალდა.
ახალი სამყარო იყო უზარმაზარი და გაკაშკაშებული. საითაც არ უნდა
გაგეხედა, ყველგან, იატაკიდან ჭერამდე, მარტოოდენ სახეები მოჩანდა. სახეები, სახეები და სხვა არაფერი.
− ძალუა, გთხოვთ, დაბრძანდეთ! - დაიყვირა პატრონმა.
ძალუას ახსოვდა, რას ნიშნავდა ეს და სკამზე შეხტა. პატრონს თვალი აადევნა. როგორც ყოველთვის, მას ახლაც სერიოზული და ალერსიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ პირისახე ცივ ღიმილს დაეღრიჯა, იგი ხარხარებდა, ხტოდა, იგრიხებოდა, ისე იქცოდა, თითქოსდა ათასობით ხალხის ხილვა ძალიანაც ახარებდა.
ძალუამ დაუჯერა პატრონს, ირწმუნა მისი მხიარულება. უცებ მთელი ტანით იგრძნო, რომ ეს ათასობით სახე სწორედ მას შემოსცქეროდა, მელასებრ დრუნჩი ააღირა და ყეფა გააბა.
− ძალუა, თქვენ ჯერ მოითმინეთ, - უთხრა პატრონმა, - მე და ბიძაჩემი კი კამარინსკულს ვიცეკვებთ. იმის მოლოდინში, როდის აიძულებდნენ ყოველგვარი სისულელეების შესრულებას, ფიოდორ ტიმოფეიჩი იდგა და გულგრილად აქეთ-იქით იყურებოდა.
ცეკვით კი დაუდევრად იცეკვა. თითოეულ მოძრაობაზე, კუდსა და ულვაშებზე ეტყობოდა, უზომოდ სძაგდა ეს ბრბოც, კაშკაშა შუქიც, პატრონიცა და, ასე გასინჯეთ, საკუთარი თავიც... რაკი თავისი წილი იცეკვა, დაამთქნარა და დაჯდა.
− აბა, ძალუა, - უთხრა პატრონმა, - ჯერ ვიმღეროთ, შემდეგ კი ვიცეკვოთ, კარგი?
პატრონმა ჯიბიდან სალამური ამოიღო და დაუკრა. ძალუა, რომელიც მუსიკას ვერ იტანდა, სკამზე მოუსვენრად აწრიალდა და აყმუვლდა. ყოველი მხრიდან ღრიალი და მქუხარე ტაში მოისმა. პატრონმა საზოგადოებას თავი დაუკრა და როცა ისევ სიჩუმე ჩამოდგა, დაკვრა განაგრძო... ერთი ყველაზე მაღალი ნოტის შესრულებისას, მაყურებელთა შორის ვიღაცამ ხმამაღლა შეჰყვირა:
− მამილო! ეს ხომ კაშტანკაა!
− სწორედ რომ კაშტანკაა! - დაუდასტურა ნაბახუსევმა, ჟღრიალა ხმამ. - კაშტანკაა! ფედიუშკა, ღმერთო დიდებულო, კაშტანკაა! ფუი!
ქანდარაზე ვიღაცამ დაუსტვინა და ერთდროულად გაისმა ბავშვისა და მამაკაცის ძახილი:
− კაშტანკა! კაშტანკა!
ძალუა შეკრთა და იქით მიიხედა, საიდანაც ძახილი მოისმა. თვალში ეცა ორი სახე: ერთი ნაღვინევ, გაუპარსავი და უშნოდ გაღრეჭილი, მეორე - ფუნჩულა, ლოყაწითელი და დაფეთებული.
თვალი მოსჭრა ამ სახეებმა, როგორც ადრე კაშკაშა სინათლემ... კაშტანკას ყველაფერი გაახსენდა, სკამიდან გადმოვარდა და სილაზე აფართხალდა, მერე წამოხტა და მხიარული წკმუტუნით მათკენ მოკურცხლა. გაისმა გამაყრუებელი ღრიალი, სტვენა და ბავშვის ყვირილი:
− კაშტანკა! კაშტანკა!
ძალუა მოაჯირს გადაახტა, მერე ვიღაცის მხარს გადაევლო და ლოჟაში ჩახტა; იარუსამდე რომ მიეღწია, მაღალ კედელზე უნდა გადამხტარიყო; ისკუპა, მაგრამ ვერ უწია და კედელზე დაცურდა. შემდეგ კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიღაცას ხელები, ვიღაცას პირისახე აულოკა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და ბოლოს ქანდარაზე ამოჰყო თავი...
ნახევარი საათის შემდეგ კაშტანკა უკვე იმ ადამიანებს მიჰყვებოდა, წებოსა და ლაქის სუნი რომ ასდიოდათ.
ლუკა ალექსანდრიჩი ბარბაცებდა და უნებურად თხრილებს ერიდებოდა, გამოცდილებამ ასე ასწავლა.
− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ... - ბუტბუტებდა დურგალი. - შენ კი, კაშტანკა - საოცარი ვინმე ხარ, თუმცა ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან.
ფედიუშკას მამის ჩიხაქუდი დაეკოსებინა თავზე. კაშტანკა შეჰყურებდა გვერდი-გვერდ მიმავალ მამა-შვილს და ეჩვენებოდა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც ასე მისდევდა მათ კუდში და უხაროდა, რომ წუთითაც არ შეცვლილა მისი ცხოვრება.
კაშტანკამ გაიხსენა ჭუჭყიანკედლებიანი ოთახი, გაიხსენა ბატი, ფიოდორ ტიმოფეიჩი, გემრიელი სადილები, მეცადინეობა, ცირკი, მაგრამ ყოველივე ეს ახლა ეჩვენებოდა, როგორც ერთი ავი და უჟმური სიზმარი...