კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 14:19

(მისტიკური, მაგრამ ნამდვილი ამბავი)

– თავი პირველი –

როცა ამერიკის ელჩმა ბატონმა ხაირამ ბ. ოუტისმა კენტერვილის სასახლის ყიდვა გადაწყვიტა, ყველანი არწმუნებდნენ, დიდ სისულელეს სჩადიო; სასახლეში აკი მოჩვენება ცხოვრობსო.

თვით ლორდი კენტერვილი მეტისმეტად წესიერი კაცი იყო.

ამიტომ ამ ფაქტის გამო გააფრთხილა მყიდველი: "ჩვენ ამ სასახლეში ცხოვრებას, სიმართლე გითხრათ, თავს ვარიდებთო; მეტადრე მას მერეო, რაც ჩემმა ბიძაშვილმა, ქვრივმა ჰერცოგინიამ, აქ ნერვული შოკისგან ავი ზნე აიკიდაო. სადილისთვის ემზადებოდაო საცოდავი, როცა მხრებზე ჩონჩხმა დააწყოო ხელები.

არ დაგიმალავო, ბატონო ოუტის, რომ მოჩვენება ჩემი ოჯახის სხვა წევრებსაც გამოეცხადაო. მას ჩვენმა მღვდელმაც მოჰკრაო თვალი, ღირსმა მამამ ოგასტუს დემპირმაო, სამეფო კოლეჯის საბჭოს წევრმაო კემბრიჯში. ჰერცოგინიას რაც ეს იაღლიში შეემთხვაო, ჩვენი სასახლიდან გუდა-ნაბადი აიკრესო მსახურებმა; ხოლო ქალბატონმა კენტერვილმა ძილი დაკარგაო. ყოველღამ ესმისო გაურკვეველი ხმები დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან".

– რა გაეწყობა, მილორდ, - მიუგო ელჩმა, - ვყიდულობ სახლს თავის ავეჯიან-მოჩვენებიანად. მე ჩამოვედი მოწინავე ქვეყნიდან, სადაც ყველაფერია, რაც კი ფულზე იყიდება.

ერთიც გაითვალისწინეთ: მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს; შეუძლიათ ყირამალა გადაატრიალონ ძველი ქვეყანა, მაშ, სულ ჩვენმა ჭაბუკებმა არ გაზიდეს თქვენგან საუკეთესო აქტრისები და ოპერის პრიმადონები? მოჩვენებას ვინ შეგარჩენდათ? იმწამსვე აღმოჩნდებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში და დიდძალ ფულსაც დაქაფავდნენ.

– ვშიშობ, რომ მოჩვენება მაინც არსებობს, - გაიღიმა ლორდმა კენტერვილმა, - რა ვუყოთ, თუ არ დახარბდა თქვენი ფხიანი იმპრესარიოების წინადადებას. აგერ სამი საუკუნე ხდება, რაც მას იცნობენ აქაურები. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით - ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი წლიდან. ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილის წინ იცის ხოლმე გამოჩენა.

– ძვირფასო ლორდ, ოჯახის ექიმმაც იცის ხოლმე ასეთ დროს გამოჩენა. გარწმუნებთ, სერ, არავითარი მოჩვენებანი არ არსებობენ და ბუნების კანონებიც, ვგონებ, ერთია ყველასათვის; თვით ინგლისის წარჩინებული ფენისთვისაც კი.

– თქვენ, ამერიკელები, ჯერაც ისე ახლოს ხართ ბუნებასთან! - წამოიძახა ლორდმა კენტერვილმა; ეტყობა, მთლად ვერ გაისიგრძეგანა ბატონ ოუტისის ბოლო შენიშვნა, - რა გაეწყობა, თუ თქვენ ხელს გაძლევთ მოჩვენებიანი სახლი, ყველაფერი რიგზეა, ოღონდ დაიხსომეთ: მე თქვენ გაგაფრთხილეთ!

რამდენიმე კვირაში ხელი მოაწერეს ნასყიდობას და ლონდონის სეზონის დასრულების მერე ელჩი ოჯახითურთ გადმობარგდა კენტერვილის სასახლეში.

ქალბატონ ოუტისს, რომელიც თავის დროზე ნიუ-იორკში განთქმული იყო სილამაზით, ახლა საშუალო ასაკის მანდილოსანი ეთქმოდა. მიმზიდველობა არც ახლა აკლდა: ლამაზი თვალები ჰქონდა და დიდებული პროფილი. ამერიკელი ქალები, სამშობლოს დატოვების მერე, სახეზე ქრონიკული ავადმყოფის იერს მოირგებენ ხოლმე; აქაოდა, ეს ევროპული დახვეწილობის ნიშანიაო.

ქალბატონ ოუტისს ეს შეცდომა არ მოსვლია. ის შესანიშნავი ჯანმრთელობითა და ძალთა არნახული სიჭარბით გამოირჩეოდა. ძნელი იყო მისი გარჩევა ნამდვილი ინგლისელისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ და ამერიკელებს ბევრი გვაქვს საერთო; პრაქტიკულად - ყველაფერი, გარდა, რაღა თქმა უნდა, ენისა.

უფროსი ვაჟისთვის სახელის შერჩევისას მშობლებს პატრიოტიზმის ბუშტი გაუსკდათ და ბიჭს ვაშინგტონი დაარქვეს. სასიამოვნო გარეგნობის ქერათმიანი ყმაწვილი სულ წუხდა ხოლმე ამის გამო. ამერიკულ დიპლომატიაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ ზედიზედ სამი სეზონი ენერგიულად იცეკვა ნიუპორტის სამორინეში კოტილიონი, თან - წამყვან წყვილში.

თვით ლონდონშიც კი გაუვარდა შესანიშნავი მოცეკვავის სახელი.

მისი დაიკო ვირჯინია ოუტისი მეთექვსმეტეში იყო გადამდგარი. ტანადი, ირემივით ნარნარი; დიდრონი, ნათელი და ცისფერი თვალები ჰქონდა; შესანიშნავი ცხენოსანი! ერთხელ მოხუცებული ლორდი ბილტონი შეუგულიანებია და გასწრებაზე გააჭენეს ცხენები ჰაიდპარკის გარშემო ორ წრედ. გოგონამ ცხენის ერთ-ნახევარი ტანით გადაასწრო მეტოქეს და პირველი მიიჭრა აქილევსის ქანდაკებასთან. ამით ისე აღაფრთოვანა ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგი, რომ უკანასკნელმა მაშინვე ხელი სთხოვა. ჭირისუფალმა ძლივს დააშოშმინა ცრემლმორეული ვაჟკაცი და უკანვე, იტონში გაისტუმრა.

ვირჯინიას ორი ტყუპი ძმა მოსდევდა, რომლებსაც «ვარსკვლავზოლებიანებს» ეძახდნენ, რადგან სულ ამერიკის დროშას აფრიალებდნენ. ოჯახის ყველაზე მგზნებარე რესპუბლიკელები ესენი იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, თვით ელჩს არ ჩავთვლით.

კენტერვილის სასახლიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე შვიდიოდე მილი იყო, მაგრამ ბატონმა ოუტისმა წინასწარ აფრინა დეპეშა ეკიპაჟისათვის. ოჯახი საუკეთესო გუნებაზე დაიძრა სასახლისაკენ.

ივლისის მშვენიერი საღამო იდგა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ფიჭვნარის თბილი სურნელით. ჟამ-ჟამად სმენას სწვდებოდა თავისივე ხმისგან თრობამორეული გვრიტის ნაზი ღუღუნი. გვიმრის მოშრიალე ბარდებში გაიელვებდა ხოლმე ხოხბის ჭრელჭრული მკერდი. მაღალი წიფლებიდან იჭყიტებოდნენ ციყვები, რომლებიც ქვემოდან მთლად პაწაწკინტელები ჩანდნენ; ხოლო პატარა ბუჩქებში განაბული კურდღლები შეშინებულნი გარბოდნენ ხავსიან კოლბოხებზე, პაწია თეთრი კუდების ქნევით.

მაგრამ როგორც კი სასახლისკენ მიმავალ ხეივანში გავიდნენ, უცებ ცა ღრუბლებით მოიქუფრა და ჰაერში უცნაურმა სიჩუმემ დაისადგურა. თავზე აურაცხელმა ჭილყვავმა გადაუფრინათ. ის-ის იყო, სასახლეს მიაღწიეს, რომ წვიმაც დაიწყო.

კიბესთან ელოდათ სალუქი დედაბერი შავი აბრეშუმის კაბაში, თეთრი ჩაჩითა და წინსაფრით.

ეს გახლდათ ქალბატონი ამნი, შინამოსამსახურე, რომელიც ქალბატონმა ოუტისმა ქალბატონ კენტერვილის დაჟინებული თხოვნის მერე დაიტოვა. ის თავდახრით მიესალმა თითოეულს და საზეიმოდ, ძველებურ ყაიდაზე წარმოთქვა: «კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კენტერვილის სასახლეში!»

ახალი მობინადრეები მოხუცებულ ქალს სახლში შეჰყვნენ, გაიარეს ტიუდორების სტილით ნაგები ჰოლი და ბიბლიოთეკაში აღმოჩნდნენ. ეს იყო გრძელი და დაბალჭერიანი ოთახი, შავი მუხით მოჭედილი, დიდი ვიტრაჟით კარის პირდაპირ. აქ უკვე ყველაფერი მზად იყო საღამოს ჩაისთვის. მათაც საჩქაროდ გაიხადეს ლაბადები და მოსაცმელები, მიუსხდნენ მაგიდას და სანამ ქალბატონი ამნი ჩაის ჩამოარიგებდა, იქაურობის თვალიერება იწყეს.

ანაზდად ქალბატონმა ოუტისმა ბუხრის გვერდით, იატაკზე ჟამთასვლისაგან დამუქებული წითელი ლაქა შენიშნა.

რაღაი თავად ვერ მიხვდა, რა უნდოდა აქ ლაქას, ქალბატონ ამნის მიუბრუნდა:

– აქ, ალბათ, რაღაც დაექცათ, არა?

– დიახ, ქალბატონო, - მიუგო მოხუცმა შინამოსამსახურემ, ცოტა არ იყოს, გაბზარული ხმით, - ამ ადგილას… სისხლი დაიღვარა.

– რა საშინელებაა! - წამოიძახა ქალბატონმა ოუტისმა, - მე არაფრად მეპიტნავება ჩემს მისაღებში სისხლის ლაქა.

ახლავე უნდა მოვაშოროთ!

დედაბერს გაეღიმა და ისევ იდუმალი ჩურჩულით უპასუხა:

– თქვენ ხედავთ ქალბატონ ელეონორა დე კენტერვილის სისხლს, ქალბატონისა, რომელიც აი ამ ადგილას ათას ხუთას სამოცდათხუთმეტ წელს მოკლა მისმა მეუღლემ, ბატონმა საიმონ დე კენტერვილმა. ბატონმა საიმონმა კიდევ ცხრა წელიწადი იცოცხლა. შემდეგ კი უცებ გაქრა ფრიად იდუმალ ვითარებაში. მის სხეულს ვეღარსად მიაგნეს. აი, ცოდვილი სული კი დღემდე დაბორიალებს სასახლეში. ტურისტები და სხვა სტუმრები ყოველთვის აღტაცებით ათვალიერებენ ამ ლაქას და მისი მორეცხვა არასგზით არ შეიძლება.

– სისულელეა! - დაბეჯითებით წარმოთქვა ვაშინგტონ ოუტისმა, - პინკერტონის ფირმის სანიმუშო საწმენდი სითხე ეგრევე გააქრობს. ეს თქვა და სანამ შეშინებული შინამოსამსახურე დაუშლიდა, წამის უმალ ჩაიმუხლა, პომადის მსგავსი, ოღონდ შავი ფერის სალესი ძელაკი მოიმარჯვა და ლაქის ამოყვანას შეუდგა.

წუთიც და ლაქისგან კვალიც აღარ დარჩა.

– პინკერტონი არასოდეს გიღალატებს! - დასჭექა გაბრწყინებულმა ყმაწვილმა აღტაცებული ოჯახის წინაშე.

მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე საშინლად იელვა და ნახევრად ჩაბნელებული ოთახი განათდა. ისეთმა მეხმა გაიტკაცუნა, რომ ყველანი ზეზე წამოცვივდნენ, ქალბატონმა ამნიმ კი გრძნობა დაკარგა.

– რა საძაგელი კლიმატია აქ, - აუმღვრეველი სიფათით ჩაილაპარაკა ამერიკის ელჩმა და ნაფაზი დაარტყა, - ეს ბებერი ინგლისი ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდიც კი ყველას არ ჰყოფნის. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ემიგრაცია ერთადერთი ხსნაა ბრიტანეთისათვის.

– ძვირფასო ხაირემ, - თქვა ქალბატონმა ოუტისმა, - თუ ამან ასე გააგრძელა წარამარა გრძნობის დაკარგვა, ჩვენ კაი დახლი დაგვიდგება.

– დაუქვითე ჯამაგირიდან, როგორც ჭურჭლის დამსხვრევისათვის ვუქვითავთ ხოლმე და ესეც მალე მოიშორებს ამ ცუდ ჩვევას, - უპასუხა ელჩმა.

და მართლაც, ორ-სამ წუთში ქალბატონი ამნი გონზე მოვიდა. სხვათა შორის, აშკარად ნაწყენი ჩანდა. ტუჩები ჯიუტად მოკუმა და ბატონ ოუტისს განუცხადა, ამ სახლში მალე უბედურება დატრიალდებაო.

– ჩემო ბატონო, - თქვა მან, - მე აქ ისეთები მინახავს, რომ ყველა ქრისტიანს თმა ყალყზე დაუდგებოდა. საშინელებებისაგან, აქ რომ დატრიალებულა, რამდენი ღამე თეთრად გამითენებია.

მაგრამ ბატონმა ოუტისმა და მისმა მეუღლემ აუხსნეს პატივცემულ მოხუცს, რომ მოჩვენებებისა არ ეშინიათ. მანაც ღმერთს შეავედრა თავისი ახალი პატრონები; ისიც მიანიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა მისთვის ჯამაგირის მომატება.

მერე კი გაუბედავი ნაბიჯებით თავის ოთახს მიაშურა.

– თავი მეორე –

მთელი ღამე ქარბუქი არ დამცხრალა, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ერთი კი იყო: როცა დილით ოუტისები სასაუზმოდ დაბლა ჩავიდნენ, სისხლიანი ლაქა თავის ადგილას დახვდათ.

– სანიმუშო საწმენდი სითხის ღირსებაში არავის ეჭვი არ შეგეპაროთ! - გამოაცხადა ვაშინგტონმა, - სადაც კი გამომიცდია, არსად უღალატია. აქ მართლაც მოჩვენების ხელი ურევია.

და მან ერთხელ კიდევ პირწმინდად ამოიყვანა ლაქა, მაგრამ მეორე დილას ლაქა ჯიუტად ზიმზიმებდა თავის ადგილას. ასე განმეორდა მესამე დილასაც, თუმცა წინა საღამოს ბატონმა ოუტისმა, სანამ დასაძინებლად წავიდოდა, პირადად ჩაკეტა ბიბლიოთეკა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

ახლა მოჩვენების პრობლემამ მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა. ბატონ ოუტისს, ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა თავის უწინდელ თავდაჯერებაში: ცოტას ხომ არ ვაჭარბებო, სულებს ასე დაბეჯითებით რომ უარვყოფო. ქალბატონმა ოუტისმა პარაფსიქოლოგიურ საზოგადოებაში გაწევრიანება ისურვა, ვაშინგტონმა კი მოზრდილი წერილი მისწერა მაიერსსა და პოდმორს დანაშაულებრივი სისხლიანი ლაქების თაობაზე. და თუ კიდევ ეეჭვებოდათ ოდნავ მაინც აჩრდილების არსებობა, ერთ ღირსსახსოვარ ღამეს ყველა ეჭვი საბოლოოდ განიფანტა.

დღე იყო ცხელი და მზიანი.

საღამოთი აგრილდა და მთელი ოჯახი სასეირნოდ გამოვიდა. შინ მხოლოდ ცხრა საათისთვის დაბრუნდნენ და მაშინვე მსუბუქად ივახშმეს. აჩრდილებზე არ უსაუბრიათ. ის აგზნებული განწყობილება, სულების მატერიალიზაციას რომ უწყობს ხელს, არ შექმნილა. საუბრობდნენ, როგორც ბატონი ოუტისი მიყვებოდა შემდეგში, იმაზე, რაზეც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლმე საზოგადოების უმაღლესი ფენის განათლებული ამერიკელები:

იმაზე, რომ ამერიკელი მსახიობი, ქალბატონი ფანი დევენპორტი უდავოდ სჯობია ფრანგ სარა ბერნარს, რომ საუკეთესო ინგლისურ ოჯახებშიც კი არ მოგართმევენ სიმინდს, წიწიბურას კვერებსა და ღომს;

ბოსტონის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მთელი კაცობრიობის სულიერი განვითარებისათვის;

იმაზე, რა დიდი უპირატესობა აქვს რკინიგზაზე ბარგის გადაზიდვის გაფორმებისას საბარგო ქვითრების სულ ახლახან შემოღებულ სისტემას;

იმაზე, რა ტკბილად ჟღერს ნიუიორკული გამოთქმა გატყლარჭულ ლონდონურთან შედარებით.

ერთი სიტყვით, განსაკუთრებული არაფერი თქმულა. არც ბატონი საიმონ დე კენტერვილი უხსენებია ვისმე. საღამოს თერთმეტზე ყველანი დასაძინებლად გაემართნენ.

ნახევარ საათში სახლში შუქი ჩაქრა.

ცოტა ხანში ბატონი ოუტისი გამოაღვიძა, ცოტა არ იყოს, უცნაურმა ბგერებმა: დერეფანში, იქვე, მის კართან, თითქოს ლითონი ჩხარუნებდა, თან - სულ უფრო და უფრო მკაფიოდ. წამოდგა, გაჰკრა ასანთს და საათს დახედა. ზუსტად პირველი იყო. წონასწორობის დაუკარგავად მაჯა გაისინჯა. მაჯისცემა, როგორც ყოველთვის, თანაბარი და მშვიდი ჰქონდა. იდუმალი ბგერები კი არ წყდებოდა, მეტიც, ბატონ ოუტისს ცხადად მოესმა ნაბიჯების ხმა. მაშინ კი ფეხები გაყო ოთახის ფაჩუჩებში, აბგიდან შეფუთული მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გააღო.

პირდაპირ, მის წინ, მთვარის მიმქრალ შუქზე იდგა უაღრესად საშინელი სახის ბერიკაცი, თვალები გავარვარებული ნაკვერჩხლებივით უელავდა; ჭაღარა გრძელი თმა აჩეჩილად ეყარა მხრებზე; ძველებურ ყაიდაზე გამოყვანილი წვირიანი კაბა ნაფლეთებად იყო ქცეული.

ბორკილგაყრილ ხელ-ფეხზე მძიმე და ჟანგიანი ჯაჭვები ეკიდა.

– სერ, - მიმართა მას ბატონმა ოუტისმა, - იძულებული ვარ, დაბეჯითებით გთხოვოთ, რომ ამიერიდან შეზეთოთ ხოლმე თქვენი ჯაჭვები. ამ მიზნით თქვენთვის წამოვიღე ერთი შუშა მანქანის ზეთი, სახელწოდებით «დემოკრატიის ამომავალი მზე», რომელიც ცნობილია თავისი ეფექტიანობით.

საფუთავზე დართულია ჩვენი გამოჩენილი მღვდლების დადებითი გამოხმაურებანი, რაც ადასტურებს ამ სითხის განსაკუთრებულ ღირსებებს. ვტოვებ შუშას აქვე, მაგიდაზე და დიდი სიამოვნებით მოგამარაგებდით ზეთის ახალ-ახალი ულუფებით საჭიროების მიხედვით.

ეს თქვა და შეერთებული შტატების ელჩმა შუშა მარმარილოს მაგიდაზე დადო. თვითონ კი კარი გაიხურა და ლოგინში შეძვრა.

კენტერვილური მოჩვენების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. შუშა პარკეტზე დაანარცხა და დერეფნისკენ წაბორიალდა ავისმომასწავებელი ფოსფორული ნათებითა და ყრუ კვნესით, მაგრამ როგორც კი მუხის კიბეს აუყვა, კარი ელვის სისწრაფით გააღო და იქიდან ორი პატარა, თეთრად მოსილი ფიგურა გამოცუნცულდა. უშველებელმა ბალიშმა გადაიშხუილა მოჩვენების თავზე.

ასეთ ვითარებაში წამის დაკარგვაც დიდი სისულელე იქნებოდა.

სულმაც სივრცის მეოთხე განზომილებაში დურთა თავი და სასწრაფოდ გაუჩინარდა. ამის მერე სახლში სიჩუმემ დაისადგურა.

აჩრდილი სასახლის მარცხენა სახურავქვეშ განთავსებულ საიდუმლო სენაკში გაიძურწა. იქ მთვარის სხივს მიეყრდნო; ცოტა სული მოითქვა და შეეცადა, გადაეხარშა შექმნილი ვითარება. არასოდეს თავისი უზადო სამასწლოვანი აჩრდილური ცხოვრების მანძილზე ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა არ განუცდია.

რა არ გაახსენდა იმ წუთში: სასიკვდილოდ როგორ შეაშინა ქვრივი ჰერცოგინია, როცა იგი ერთიანად მაქმანებსა და ბრილიანტებში ჩამჯდარი იდგა სარკის წინ; როგორი კრუნჩხვები დამართა ოთხ მოახლეს მხოლოდ იმით, რომ გაუღიმა სასტუმრო ოთახის ფარდიდან.

ერთხელაც, ცოტა არ იყოს, წაიანცა: მოუკიდა სანთელს, რომელიც ბიბლიოთეკიდან გვიან ღამით გამოსულ სამრევლო მღვდელს ხელში ეკავა. საცოდავს ავი ზნე ეტაკა და დღემდე ბატონ უილიამ გალთან მკურნალობს.

სხვა ამბავიც გაახსენდა; ერთხელ მოხუც მადამ დე ტრემუიაკს უთენია, რიბირაბოზე გამოეღვიძა და რას ხედავს: ბუხართან, სავარძელში თავის გემოზე გამოჭიმულა ჩონჩხი და მის დღიურებს კითხულობს. უბედურმა დედაბერმა შიშისაგან ტვინის ანთება აიკიდა და ექვსი კვირით სარეცელს მიეჯაჭვა. როგორც კი გამოკეთდა, ეკლესიას შეურიგდა და ყველა კავშირი გაწყვიტა ცნობილ სკეპტიკოსთან მესიე დე ვოლტეროსთან.

ის საშინელი ღამეც გაახსენდა, როცა მზაკვარი ლორდი კენტერვილი საგარდერობოში მოიგუდა ყანყრატოში ჩაჩრილი აგურის ვალეტისაგან.

სულთმობრძავი ბერიკაცი გამოტეხილა: ამ კარტით ვთაღლითობდი და ჩარლზ ჯეიმს ფოქსს კროკფორდში მთელი ორმოცდაათი ათასი გირვანქა მოვუგეო. მერე კი დაიფიცა: საგარდერობოში კენტერვილის მოჩვენება გამომეცხადა და მონიშნული კარტი გადამაყლაპაო.

ყველა გაახსენდა, ვინც კი მისი დიადი ფათერაკების მსხვერპლი გამხდარა: მსახურთუხუცესიდან დაწყებული, რომელმაც ტყვია დაიხალა, როცა სასადილო ოთახის სარკმელში მწვანე ხელმა მოუკაკუნა, და მშვენიერი ქალბატონი სტატფილდით დამთავრებული, რომელიც მთელი ცხოვრება შავი ხავერდის შარფით იმალავდა ხუთი თითის ანაბეჭდს ყელის ფუმფულა კანზე; ბოლოს კი თავი დაიხრჩო საკობრე წყალსაცავში, სამეფო ხეივნის ბოლოს.

ჩონჩხი, როგორც ყველა დიდ ხელოვანს შეეფერება, აღტაცებული დარჩა საკუთარი თავით. აღტაცებით გადაავლო გონების თვალი მის მიერ ნათამაშევ საუკეთესო როლებს. ჩაცინებისაგან ტუჩები მოეღრიცა, როცა გაახსენდა თავისი სულ ბოლო გამოსვლა წითური რაბენის ანუ მოგუდული ჩვილის როლში; თავისი დებიუტი ბექსლეის ჭაობის წურბელის, მჭლე გიბეონის როლში.

გაახსენდა, როგორ მოახდინა ივნისის ერთ წყნარ საღამოს ნამდვილი ფურორი, როცა ჩოგბურთის მოედანზე ერთი პარტიაც კი ითამაშა თავისი ჩონჩხის ჩხარაჩხურით. თავად განსაკუთრებული არაფერი დაუნახავს ამაში, მაგრამ ფურორი კი ნამდვილად შედგა.

აი, ყოველივე ამის მერე სასახლეში მობრძანდნენ ვიღაც ყოვლად უვიცი, საშინლად თანამედროვე ამერიკელები და ხელებში სჩრიან მანქანის ზეთს. თან რა ბრიყვული რაღაც რქმევია ამ ზეთს _ დემოკრატიის ამომავალი მზე! ბალიშებსაც რომ ესვრიან?! არა, ეს, უბრალოდ, აუტანელია! ისტორიას არ ახსოვს მოჩვენებების ასე აბუჩად აგდება.

და ჩონჩხმა შურისძიება გადაწყვიტა.

უკვე ირიჟრაჟა. ის კი ჯერაც ღრმა ფიქრებში იყო გახვეული.

– თავი მესამე –

დილით, საუზმეზე, ოუტისები უმთავრესად მოჩვენებაზე საუბრობდნენ.

შეერთებული შტატების ელჩი, ბუნებრივია, ცოტა გაწბილებული ჩანდა, მისი საჩუქარი რომ არ მიიღეს.

– მე არ ვისურვებდი, რომ მოჩვენებას ვინმემ ზიანი მიაყენოს, - თქვა მან, - ერთიც უნდა დავამატო; სახლის ესოდენ ძირძველი ბინადარისათვის ბალიშების სროლა ძალიან შორს დგას თავაზიანობისაგან.

სამწუხაროდ, ამ სრულიად სამართლიან შენიშვნას ხარხარით შეხვდა ტყუპი.

– მაგრამ, მეორე მხრივ, - განაგრძობდა ელჩი, - თუ მოჩვენება გაჯიუტდა და არ ისარგებლებს ჩვენი სახელოვანი ზეთით, მოგვიწევს მისთვის ჯაჭვების ახსნა. როგორღა გინდა დაიძინო, როცა ყურისძირში ასეთი ჩხარაჩხური გესმის?

ასეა თუ ისე, კვირის ბოლომდე ისინი არავის შეუწუხებია, თუმც ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლიანი ლაქა ყოველ დილას ისევ და ისევ ჩნდებოდა. ეს, კაცმა რომ თქვას, უცნაური იყო, რადგან ბატონი ოუტისი ღამით მუდამ კეტავდა ბიბლიოთეკის კარს, ხოლო ფანჯრები ურდულიანი დარაბებით იგმანებოდა. ისიც გასაკვირი იყო, რომ სისხლის ლაქა ქამელეონივით მიწყივ იცვლიდა ფერს; ხან მკრთალი წითელ-ყვითელი ეთქმოდა, ხან – ალისფერი, ხან – მეწამული. ერთხელ კი, როცა ისინი დაბლა ჩავიდნენ თავისუფალი ამერიკული რეფორმაციულ-ეპისკოპური ეკლესიის გამარტივებული რიტუალის შესასრულებლად, ლაქას ზურმუხტისფერმა დაჰკრა.

ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძლიერ ართობდა. ამის თაობაზე ყოველ საღამოს ნაძლევსაც კი დებდნენ. მხოლოდ ნორჩი ვირჯინია ვერ პოულობდა ამაში ვერაფერ გასართობს.

ლაქის დანახვაზე რატომღაც მოიღუშებოდა ხოლმე. ზურმუხტისფერი ლაქის დანახვაზე კი ლამის ცრემლიც მოერია.

მოჩვენება მეორედ კვირა ღამეს გამოჩნდა. ოუტისები ჯერ ჩაძინებულნიც არ იყვნენ, როცა ჰოლში ნაცნობი ჩხარაჩხური გაისმა. ისინი წამოცვივდნენ, ძირს გაექანენ და ასეთი სურათი იხილეს: ქვის იატაკზე გდია რაინდის უზარმაზარი აბჯარი, კვარცხლბეკიდან გადმოგდებული; ხოლო მაღალსაზურგიან სავარძელში მოჩვენება ზის; თან ტკივილისაგან იმანჭება და მუხლებს ისრესს.

ტყუპმა ეგრევე დააყარა მოჩვენებას გოროხები დატენილი მილაკებიდან, რომლებიც წინდახედულად თან წამოიძღვანიეს. ეს გასაოცარი სიმარჯვით ქნეს. ასეთ სიმარჯვეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიო, თუ დიდხანს და ბეჯითად ვარჯიშობ სუფთა წერის მასწავლებელზე.

შეერთებული შტატების ელჩმა კი რევოლვერი მიადო ზედ და კარგი ტონის კალიფორნიული წესების სრული დაცვით უბრძანა: «ხელები ზევით».

სულმა გამწარებული ბგერები ამოუშვა, ცქვიტად წამოხტა, ქარისგან გატაცებული ღრუბლის ფთილასავით გაძვრა ოუტისებს შორის, სანთელი ჩაუქრო ვაშინგტონს და ყველანი ბნელში დატოვა.

კიბის ზედა ბაქანს რომ მიაღწია, ძლივს სული მოითქვა და მოაფიქრდა თავისი სახელგანთქმული ეშმაკისეული ხითხითი, რასაც ბევრჯერ გადაურჩენია ხოლმე. ამბობდნენ, ამ ბგერებისაგან ერთ ღამეში გასთეთრებია ლორდ რეიკერს პარიკი, ხოლო სამი ფრანგი აღმზრდელი მანდილოსანი სასწრაფოდ გასცლია აქაურობას ისე, რომ ერთი თვეც არ უმუშავიათ სასახლეში.

და ატეხა მან უსაზარლესი ხითხითი. ეს ავბედითი ბგერები კიდევ დიდხანს ზრიალებდნენ სასახლის ბებერ თაღებქვეშ. გამყინავი ექო ჯერაც არ იყო მიწყნარებული, როცა გაიღო კარი და ზღურბლზე ქალბატონი ოუტისი გამოჩნდა მკრთალი ცისფერი ხალათით.

– თუ არ ვცდები, თქვენ შეუძლოდ უნდა ბრძანდებოდეთ, - თქვა მან, - აი, მე მოგიტანეთ ექიმ დობელის მიქსტურა. ვფიქრობ, კუჭის ჩივილები უნდა გქონდეთ და, უკაცრავად პასუხია, ნაწლავგაუვალობაც უნდა გაწუხებდეთ. ამ წამლისგან მაშინვე გამოკეთდებით, აი, ნახავთ.

აჩრდილმა ავი მზერა ესროლა ქალბატონს და იქვე განიზრახა დიდ შავ ძაღლად გადაქცევა. ამ ნაცადმა ტრიუკმა ადრევე მოუტანა მას დამსახურებული დიდება და კენტერვილების კერძო ექიმის აზრით, მისი მაღალაღმატებულება თომას ჰორტონის განუკურნებელი გონებასუსტობის მიზეზად იქცა, მაგრამ მოახლოებული ნაბიჯების ხმამ აჩრდილს ხელი ააღებინა ამ ცბიერი განზრახვის ასრულებაზე.

იმასღა დასჯერდა, რომ მკრთალი ფოსფორული ციმციმი იწყო, ხოლო როცა ტყუპი სირბილით მივარდა, გულის გამყინავი სამარისეული კვნესა ამოუშვა და გაქრა.

თავის თავშესაფარს რომ მიაღწია, სრულიად გატეხილი ჩანდა. აჩრდილი უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ტყუპის უზრდელობა და ქალბატონ ოუტისის ხეშეში მატერიალიზმი თავისთავად ხომ იყო ესოდენ შეურაცხმყოფელი, მაგრამ ყველაზე მეტად ის აღონებდა, რომ აბჯარი ვერ აისხა. ვარაუდობდა, რომ თვით ამ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშის ფეთებას მოჰგვრიდა აბჯარასხმული მოჩვენება; სხვა რომ არა, თავიანთი სახალხო პოეტის ლონგფელოს ხათრით მაინც, რომლის დახვეწილი პოეზიითაც ის საათობით ტკბებოდა, როცა კენტერვილები ქალაქად გადაბარგდებოდნენ ხოლმე.

თან ეს ხომ მისი საკუთარი აბჯარი იყო, ბოლოს და ბოლოს. თავის დროზე ძალიანაც უხდებოდა და ერთხელ კენილუორტის ტურნირზე აბჯარასხმულმა თვით ქალწული დედოფლის რამდენიმე საქებარი სიტყვაც კი დაიმსახურა.

მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, აბჯრის დიდი სამკერდე და ფოლადის მუზარადი ერთობ ემძიმა, ვეღარ გაუძლო და უკაცრავად პასუხია, ქვის იატაკზე მოადინა ბრაგვანი. ორივე მუხლი დაიჩეჩქვა და მარჯვენა ხელის მტევანიც იტკინა.

ამის მერე რამდენიმე დღე უქეიფოდ იყო.

ოთახიდანაც არ გამოდიოდა, თუ არ ვიანგარიშებთ ღამღამობით სისხლიან ლაქაზე ზრუნვას, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავს კარგად უაქიმა და გამოკეთდა კიდეც. გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ, ამჯერად უკვე მესამედ, ეცადა ამერიკელი ელჩისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ჭკუის სწავლება. დღეც დათქვა: პარასკევი, ჩვიდმეტი აგვისტო. მთელი ეს დღე, დაღამებამდე, თავისი გარდერობის თვალიერებასა და ტანისამოსის შერჩევას მოანდომა. ბოლოს არჩევანი ასეთ ვარიანტზე შეაჩერა: ეხურება მაღალი, ფართოფარფლიანი და წითელფოჩიანი ქუდი; ეცმევა სუდარა ფურფუშებიანი სახელოებით და ასეთივე საყელოთი; ქამარში ჟანგიანი ხანჯალი ექნება გარჭობილი.

საღამოს ჭექა-ქუხილი დაიწყო. ქარი ისე ბობოქრობდა, რომ ძველი სასახლის კარ-ფანჯარას ერთიანად გაუდიოდა ზანზარი. ერთი სიტყვით, აჩრდილი უკეთეს ამინდს მართლაც რომ ვერ ინატრებდა.

გეგმა მოფიქრებული ჰქონდა. თავიდან ფეხაკრეფით შეიპარებოდა ვაშინგტონ ოუტისის ოთახში. ერთხანს ძილს არ დაუფრთხობდა და გაურკვეველი სისინით იდგებოდა მის საწოლთან; ხოლო მერე ნაღვლიანი მუსიკის თანხლებით სამჯერ ჩაიცემდა ხანჯალს ყელში. ვაშინგტონი განსაკუთრებით სძულდა, რადგან მშვენივრად იცოდა: სწორედ ამ ყმაწვილს ჰქონდა საძაგელი ჩვევა, ამოეყვანა თავისი «სანიმუშო ქიმიური სითხით» სახელგანთქმული კენტერვილური სისხლიანი ლაქა.

ამ უგუნური და თავხედი ყმაწვილის ასეთი ნაყოფიერი დამუშავების შემდეგ გაეშურებოდა შეერთებული შტატების ელჩის საძინებლისკენ და თავის ცივ, ნესტიან ხელისგულს ზედ შუბლზე დაადებდა ქალბატონ ოუტისს; თან შიშისგან გათანგულ მის ქმარს ცივად ჩაუსისინებდა ყურში კენტერვილების საგვარეულო აკლდამის შემზარავ საიდუმლოებას.

პატარა ვირჯინიასათვის საგანგებოდ არაფერი მოუფიქრებია. მისგან არავითარი წყენა არ ახსოვდა. მეტიც, ეს გოგონა სასიამოვნო და კეთილი ვინმე ჩანდა.

აი, ტყუპს კი მართლაც ჭკუას ასწავლის. ჯერ მკერდზე დააჯდება, რათა ორივეს ჰაერის უკმარისობისაგან შფოთიანი სიზმარი მოუვლინოს; შემდეგ ჩაწვება მათ შორის, მომწვანო ცხედრის სახეს მიიღებს და ფეხს არ მოიცვლის იქიდან, სანამ ამ თავხედებს ბოლომდე არ დაადამბლავებს შიში.

მერე გაიძრობს სუდარას, გაიშიშვლებს თეთრ ძვლებს, გაცოცდება ოთახში და ასე განასახიერებს დამუნჯებულ დანიელს, ანუ თვითმკვლელ ჩონჩხს. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი როლი იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა მისსავე სახელგანთქმულ შმაგ მარტინს, ანუ გამოუცნობ საიდუმლოს.

თერთმეტის ნახევარზე მთელი ოჯახი, გამოცემული ბგერების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, დასაძინებლად დაწვა. მხოლოდ ტყუპის ოთახიდან ისმოდა ერთხანს ველური სიცილის ხმა. ბიჭუნები მოსწავლისათვის ჩვეული უზრუნველობით ანცობდნენ ძილის წინ. თორმეტის თხუთმეტი წუთისათვის სახლში საბოლოოდ დაისადგურა სრულმა სიჩუმემ. შუაღამის დადგომისთანავე ჩვენი მოჩვენება თავისი კეთილშობილური მისიის აღსასრულებლად დაიძრა.

ჭოტი მინებს ეხეთქებოდა. ბებერი ურთხელის კენწეროზე ყორანი ჩხაოდა.

სახლის ირგვლივ ქარი დაეხეტებოდა და აწრიალებული სულივით კვნესოდა. მაგრამ ოუტისებს უშფოთველად ეძინათ. ვერც კი წარმოედგინათ, რა განსაცდელი ელოდათ. ქარისა და წვიმის ხმასაც კი ვერ დაეხშო შეერთებული შტატების ელჩის თანაბარი ხვრინვა.

აჩრდილი ფეხაკრეფით გამოვიდა მუხით მოპირკეთებული კედლის პანელიდან. სახე ბოროტი ჩაცინებისგან დაღრეჯოდა. მალე, სწორედ იმ წამს, როცა მიიპარებოდა მისი და მისგან მოკვდინებული მეუღლის კუთვნილი ოქროსფერ-ცისფერი საგვარეულო გერბებით გაწყობილ უზარმაზარ ფანჯარასთან, მთვარის მრგვალი მოხაზულობა ერთთავად ღრუბლებს მიეფარა.

მისრიალებდა ავბედითი ლანდივით და ეტყობოდა, თვით ღამის წყვდიადსაც კი აფრთხობდა.

ანაზდად მოეყურა, თითქოს ვიღაცამ დაუძახა.

ადგილზევე გაშეშდა, მაგრამ ეს წითელი ფერმის ნაგაზი ყეფდა. მოჩვენებამ გზა განაგრძო შუასაუკუნეებისეული გინებითა და ჟანგიანი ხანჯლის ქნევით. ბოლოს იმ ადგილამდე მიაღწია, საიდანაც დერეფანი იწყებოდა. ბოლო დერეფანი უბედური ვაშინგტონის ოთახში გადიოდა. იქ წამით შეყოვნდა სულის მოსათქმელად. სახლში შემოღწეული ქარი ჭაღარა ბუწუწებსა და სამარის სუდარას უფრიალებდა. ქსოვილი უცნაურ შეფერილობასა და ფანტასტიკურ მოხაზულობას იღებდა.

ამასობაში თხუთმეტი წუთი გავიდა და მოჩვენებამ იგრძნო, რომ გადამწყვეტი მოქმედების ჟამი დადგა.

კმაყოფილი სახით ჩაიხითხითა და წინ დაიძრა, მაგრამ იქვე საწყალობელი კვნესა აღმოხდა და ერთბაშად უკან დაიხია: თან შიშისგან გაფითრებული სახე გრძელი ძვლიანი ხელებით დაიფარა. პირდაპირ მის წინ - არც მეტი, არც ნაკლები - საზარელი აჩრდილი იდგა; უძრავი, ვითარცა ქვის ქანდაკება, მახინჯი ურჩხული, შლეგის ზმანება ავი; მელოტი თავი ულაპლაპებდა; მრგვალი და სქელი სახე ჰქონდა, ოღონდ მკვდრისფერი. ზედაც საძაგელი ღიმილი შეჰყინვოდა. თვალები მისი წითლად კვესავდნენ; პირი განიერ ჭას ედრებოდა, რომლის ფსკერზეც ცეცხლი ბრიალებდა. უგვანო ტანისამოსი, ზუსტად მისას რომ ჰგავდა, თეთრ სუდარაში ხვევდა მის უშველებელ ტანს. მკერდზე ფირფიტა ეკიდა. ზედ გოთური შრიფტით იყო გამოყვანილი წარწერა, რომლის ამოკითხვა შეუძლებელი იყო სიბნელეში.

ალბათ, სამარცხვინო ამბებს, ბინძურ მანკიერებებსა და ველურ ბოროტმოქმედებებს თუ გვაუწყებდა იგი. დაუპატიჟებელ სტუმარს ზეაღმართულ მარჯვენა ხელში ელვარე ხმალი ეპყრა.

კენტერვილის სული, რომელსაც აქამდე არასოდეს ენახა სხვა მოჩვენებები, ბუნებრივია, საშინლად შეძრწუნდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საზარელ აჩრდილს და თავისი ოთახისკენ მოკურცხლა. ისე გარბოდა დერეფანში, რომ ფეხებს ვეღარა გრძნობდა. სუდარის ნაკეცები ფეხებში ებლანდებოდა. ჟანგიანი ხანჯალი გზაში დაუვარდა; მეორე დილას მსახურთუხუცესმა აღმოაჩინა ის ელჩის ჩექმაში.

თავის ოთახს რომ მიაღწია, ჩვენი მოჩვენება უბადრუკ საწოლზე მიეგდო და თავი ზეწარში დურთა, მაგრამ მალევე გაიღვიძა მასში იმ ომახიანმა სულისკვეთებამ, რითაც ძველთაგანვე ამაყობდნენ კენტერვილები და გადაწყვიტა, გათენებისთანავე სწვეოდა ახალ მოჩვენებას და გაეცნო იგი. მართლაც, როგორც კი დილის რიჟრაჟმა ვერცხლისფრად ინათა, იმ ადგილისკენ გაუტია, სადაც მოჩვენებას გადაეყარა.

ბევრი ფიქრის მერე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ორი მოჩვენება სჯობია ერთს და რომ თავის ახალ მეგობართან ერთად უკეთ გაუსწორდება საძაგელ ტყუპს.

მაგრამ დახეთ უბედურებას! როცა იმ ადგილს მიაღწია, თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა. აშკარა იყო, მოჩვენებას რაღაც შეემთხვა. ცარიელ უპეებში სხივი ჩაჰქრობოდა, მოელვარე ხმალი ხელიდან გავარდნოდა, კედელს მიყრდნობოდა რაღაც დაძაბულად და არაბუნებრივად.

კენტერვილის სულმა მასთან მიირბინა და ხელები მოხვია. და იმავ წამს აჩრდილის თავი… ჰოი, საშინელებავ! - ანაზდად მოსწყდა მხრებს და იატაკზე გაგორდა. ტანი დალბა. თურმე ხელები მარმაშის ფარდას მოხვია; ხოლო მის ფეხებთან ცოცხი, სამზარეულოს დანა და ცარიელი გოგრა გდია.

რას ნიშნავდა ეს უცნაური გარდასახვა? აკანკალებული ხელებით აიღო იატაკიდან წარწერებიანი ფირფიტა და დილის ნაცრისფერ სინათლეზე თავისუფლად გაარჩია სიტყვები: "ოუტისების ფირმის მოჩვენება - ერთადერთი ნამდვილი მოჩვენება. ერიდეთ ნაყალბევს! არც ერთი სხვა მოჩვენება ნამდვილი არაა!»

ახლაღა მიხვდა, რომ გააბრიყვეს, ეშმაკობით აჯობეს, თითზე დაიხვიეს! მის თვალებში კენტერვილებისათვის ჩვეულმა გამომეტყველებამ იელვა. უკბილო ღრძილები დააღრჭიალა, გამომხმარი ხელები ცისკენ აღაპყრო და ძველებური სტილისტიკის უაღრესად ხატოვანი ნიმუშებით დაიფიცა: სანამ შანტეკლერი ორჯერ დაიყივლებდეს, სისხლიანი საქმეები დატრიალდება და მკვლელობა ამ სახლში გაუგონარი ნაბიჯებით შემოვა.

ეს თავზარდამცემი ფიცი დასრულებული არც კი ჰქონდა, რომ შორეული სახლიდან მამლის ყივილი მოისმა. მოჩვენებამ ნიშნის მოგებით ჩაიქირქილა და მოთმინებით იწყო ლოდინი. უცადა ერთი, მერე ორი საათი, მაგრამ მამალი რატომღაც არ ჩქარობდა მეორედ დაყივლებას. ბოლოს, როცა რვის ნახევარზე მოახლეები მოვიდნენ, იმედი გადაეწურა და გაწბილებული წაფარფატდა თავისი სადგომისაკენ. იქ ძველი სარაინდო წიგნების ფურცვლას შეუდგა, რაც ყოველთვის უყვარდა.

იქ ეწერა, რომ ამგვარი ფიცის წარმოთქმისას, ყოველთვის, მამალმა ორჯერ უნდა დაიყივლოს.

– ღმერთმა დასწყევლოს ეს საძაგელი ფრინველი! - ჩაიჩურჩულა მან, - ადრე თუ გვიან დადგება ჟამი, ჩემი ნაცადი მახვილი მას ყელს გამოღადრავს და აიძულებს, დაიყივლოს; ოღონდ ეს უკვე სასიკვდილო ყივილი იქნება!

ეს თქვა და თავის მოხერხებულ ტყვიის კუბოში ჩაწვა. იქ იწვა, სანამ სრულიად დაბნელდებოდა.

– თავი მეოთხე –

დილას მოჩვენება ერთიანად მოწყვეტილი იყო. თავი იჩინა უკანასკნელი ოთხი კვირის გაწამაწიამ. ნერვები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მცირეოდენი გაფაჩუნებაც კი აკრთობდა. მთელი ხუთი დღე არ გამოსულა ოთახიდან. ბიბლიოთეკის სისხლიან ლაქასაც თავი ანება. რაკი ის ოუტისებს არ სჭირდებათ, მით უარესი მათთვის.

ისინი, ეტყობა, იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნიან, რომლებიც არსებობის მდაბალ, ნივთიერ დონეს სჯერდებიან და არავითარი უნარი არ შესწევთ, საკადრისი მიაგონ მოვლენათა სიმბოლურ მნიშვნელობებს. რაც შეეხება აჩრდილთა არსებობის თეორიულ საკითხებს, ვთქვათ, ასტრალურ სხეულთა განვითარების ფაზებს, ეს, სიმართლე გითხრათ, მისი კომპეტენციის ფარგლებიდან გადიოდა. მან ერთი რამ იცოდა: მისი წმიდათაწმიდა მოვალეობაა, კვირაში ერთხელ მაინც გამოჩნდეს დერეფანში, ხოლო ყოველი თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს აჩრდილების ენაზე ილუღლუღოს დიდ ფანჯარასთან. ვერც კი წარმოედგინა ამ მოვალეობებზე უარის თქმა.

მართალია, თავისი მიწიერი ცხოვრება მან ფრიად უზნეოდ განვლო, მაგრამ, აი, საიქიოში გასაოცარი კეთილსინდისიერება გამოავლინა. ზემოხსენებულ ოთხშაბათობათა მერე იწყებოდა შაბათობანი. შუაღამიდან ღამის სამ საათამდე დერეფნებს დაივლიდა; თან ცდილობდა, არავის დანახვებოდა და ვერც ვინმეს გაეგონა ხმა მისი. ფეხსაცმელს ოთახში ტოვებდა, რათა ჭიებისგან გამოჭმულ ფიცრულ იატაკზე სრულიად უხმაუროდ ევლო; შავი ხავერდის ფართო მანტიაში გაეხვეოდა და არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ჯაჭვის გულმოდგინედ შეზეთვა «დემოკრატიის ამომავალი მზით».

უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ერთ საღამოს, როცა ოჯახი ვახშმობდა, ბატონ ოუტისის საძინებელში შეიძურწა და ზეთის ბუშტი დაითრია.

თავიდან ცოტათი დამცირებულად გრძნობდა თავს ამის გამო, მაგრამ ძალიან მალე იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს სასარგებლო გამოგონებაა და ჩინებულად ადგება პირადად მას.

ამ თვინიერების მიუხედავად მაინც არ ეშვებოდნენ. დერეფნის გასწვრივ სულ რაღაც თოკები იყო გაბმული. ისიც წამოედებოდა ხოლმე და დაეცემოდა. ერთხელაც, როცა შავი ისააკის, ანუ ჰოგლეის ტყის მონადირის მოსასხამში შემოვლას ასრულებდა, ფეხი მოუსრიალდა და კინაღამ კისერი მოიტეხა. თურმე, ტყუპს ქონით მოუპრიალებია იატაკი გობელენიანი დარბაზის შესასვლელიდან მუხის კიბის ბაქნამდე. ამ საძაგელმა ოინმა ისე გაამწარა, რომ გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ, ამჯერად საბოლოოდ, თავისი გათელილი ღირსებისა და კენტერვილური მოჩვენების მაღალი სტატუსის დაცვა ეცადა - ხვალვე ღამით იტონის მამაც აღსაზრდელებს გაბედული რუპერტის, ანუ უთავო გრაფის როლში მოვლენოდა.

ეს საყვარელი როლი სამოცდაათ წელზე მეტია, რაც არ უთამაშია; მას აქეთ, რაც შიშის ზარი დასცა მშვენიერ ქალბატონს ბარბარა მოუდიშს: ისე შეაშინა, რომ ქალბატონმა მოულოდნელად გააუქმა ნიშნობა კენტერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან და გრეტნა-გრინში გაიქცა ულამაზეს მამაკაცთან, ჯეკ კასლტონთან ერთად. თან განაცხადა: არაფრისდიდებით არ მივთხოვდებიო კაცს, რომლის ოჯახი მახინჯ მოჩვენებებს იფარავს და ნებას რთავს, ტერასაზე დაძრწოდნენ შეღამებისას.

ბეჩავი ჯეკი მალე ლორდ კენტერვილის ტყვიისგან დაიღუპა უონდსვორტის ველზე შემდგარ დუელში. ლედი ბარბარა ერთ წელიწადში დარდისაგან გარდაიცვალა ტენბრიჯ-უელსში. ასე რომ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, კენტერვილური მოჩვენების გამოსვლას რუპერტის როლში გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად.

ესაა, რომ ამ როლისათვის მეტისმეტად რთული გრიმი იყო საჭირო; თუ, რა თქმა უნდა, გამართლებულია ამ უაღრესად თეატრალური ტერმინის გამოყენება ზებუნებრივი სამყაროს ანუ, მეცნიერულად რომ ვთქვათ, «უმაღლესი რიგის ბუნებრივი სამყაროს» მიმართ.

გრიმის მომზადებაზე მთელი სამი საათი დაეხარჯა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და მოჩვენება ერთობ კმაყოფილი დარჩა თავისი სახით. მართალია, ამ მორთულობის განუყრელი ნაწილი, მაღალი ტყავის წაღები, ცოტათი დიდი მოუვიდა, ხოლო ერთ-ერთი საუნაგირე დამბაჩა ვეღარსად იპოვა, მაგრამ მთლიანობაში მორთულობა ტანზე დიდებულად მომდგარი ეჩვენა.

ზუსტად ორის თხუთმეტ წუთზე გამოძვრა კედლის პანელიდან და დერეფანს აუყვა. ტყუპის ოთახს რომ მიაღწია, შეამჩნია, კარი ოდნავ მოღებული იყო. თავისი გამოცხადებისათვის მეტი შთამბეჭდაობის მისაცემად ფართოდ გამოაღო კარი.

იმწამსვე წყლით სავსე მძიმე დოქი გამოუქანეს. დოქმა მარჯვენა ბეჭთან ჩაუქროლა და ერთიანად გაწუწა წყლით. იქვე, ფართო საწოლის ბალდახინიდან დაგუდულმა სიცილმა იფეთქა.

ამან ისე იმოქმედა მის ნერვებზე, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა თავის სამალავში. მეორე დღეს კი ძლიერი გაციებისაგან ჩაწვა. კიდევ კარგი, თავი ოთახში დატოვა, თორემ მის დასუსტებულ ორგანიზმს დიდი გართულებები ელოდა.

ამის მერე ამ ხეპრე ამერიკელების დაშინების ყოველგვარი იმედი დაკარგა. ფაჩუჩებით დალასლასებდა დერეფნებში. კისერზე სქელი წითელი შარფი ჰქონდა შემოხვეული გამჭოლი ქარის შიშით; ხოლო ტყუპის შიშით ძველებურ პატრუქის თოფს არ იშორებდა ხელიდან.

საბოლოო დარტყმა სექტემბრის ცხრამეტში განიცადა.

სასახლის უზარმაზარ ჰოლში ჩავიდა. დარწმუნებული იყო, იქ მაინც არ დაუფრთხობდნენ სიმშვიდეს; მით უფრო - ასე გვიან. იქ ერთ დროს კენტერვილების საგვარეულო პორტრეტები ეკიდა. ახლა კი ისინი შეერთებული შტატების ელჩისა და მისი მეუღლის დიდი ფოტოსურათებით იყო შეცვლილი. მოჩვენება მათი გესლიანი გაქირდვით ერთობოდა ხოლმე.

სადად, მაგრამ კოხტად იყო ჩაცმული: გრძელი სუდარა ემოსა, რომელსაც აქა-იქ სამარის ობი დასდებოდა. ქვედა ყბა ყვითელი ხილაბანდით ჰქონდა აკრული; ხელში კი პატარა ფარანი და ბარი ეჭირა, მესაფლავენი რომ ხმარობენ ხოლმე. კაცმა რომ თქვას, გეგონებოდათ, იონა უსაფლავო, ანუ ცხედართა გამტაცებელი ჩერთსეის კალოდან.

ო, ეს მის მიერ განსახიერებული საუკეთესო როლი იყო. ეს როლი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ კენტერვილებს, რადგან სწორედ მისი ბრწყინვალედ შესრულების გამო წაეჩხუბნენ თავიანთ მეზობელს, ლორდ რაფორდის.

ოთხის თხუთმეტი წუთი იყო. სახლში, მისი ანგარიშით, სრული სიჩუმე სუფევდა. ბიბლიოთეკაში შეფარფატდა: ნეტა დარჩა თუ არა რაიმე კვალი მაინც სისხლიანი ლაქისგანო, მაგრამ ბნელი კუთხიდან უცაბედად თავს დაესხა ორი ფიგურა: მიეჭრნენ და თავზემოთ ხელების გააფთრებული ქნევით შიგ ყურში ჩასძახეს: «აუუუუ!»

მოჩვენება ნამდვილ პანიკაში ჩავარდა, რაც სრულიად გასაგებია მსგავს ვითარებაში. კიბეს ეცა, მაგრამ იქ ვაშინგტონი იყო ჩასაფრებული ბაღის სარწყავი მოწყობილობით. მტრებისგან ყოველმხრივ გარშემორტყმულმა დიდი რკინის ღუმელში დურთა თავი. საბედნიეროდ, ღუმელი არ ენთო.

ჩვენი მოჩვენება საკვამურს აუყვა და ასე მიიტანა სული თავის სადგომამდე საშინლად დასვრილმა, აბურძგნილმა და სასომიხდილმა.

ამის მერე თავი ანება ღამეულ ძრომიალს. ტყუპი ერთხანს განაგრძობდა ჩასაფრებას. ყოველ საღამოს, მშობლებისა და შინამოსამსახურის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, იატაკი თხილის ნაჭუჭებით იყო მოფენილი, მაგრამ აჩრდილი, ეტყობა, ისე დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ სახლის მობინადრეებს აღარ ეკარებოდა.

ამიტომ ბატონმა ოუტისმა შესაძლებლად ცნო, ისევ ჩასჯდომოდა რამდენიმე წლის წინ დაწყებულ თავის სქელტანიან ნაშრომს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ისტორიის შესახებ; ქალბატონმა ოუტისმა საუცხოო პიკნიკი გამართა ზღვის ნაპირას და მთელი საგრაფო გააოგნა _ სუყველა კერძი მოლუსკებისგან იყო დამზადებული, ბიჭები გაიტაცა ბურთმა, პოკერმა, კარტმა და სხვა ამერიკულმა სახალხო თამაშებმა; პონიზე ამხედრებული ვირჯინია კი ხეივნებში დასეირნობდა ჩეშირის გრაფის თანხლებით, რომელიც კენტერვილის სასახლეში ატარებდა თავისი არდადეგების ბოლო კვირას.

ჩათვალეს, რომ მოჩვენება გადაიხვეწა სასახლიდან. ბატონმა ოუტისმა მისწერა კიდეც ამის თაობაზე ლორდ კენტერვილს, რომელმაც საპასუხო წერილში სიხარული გამოხატა ამის გამო და სთხოვა, მიელოცა მისი სახელით ეს ამბავი ელჩის ღირსეული მეუღლისათვის.

მაგრამ ოუტისები ცდებოდნენ - მოჩვენება არსადაც არ გადახვეწილა. მართალია, ლამის დახეიბრდა, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სტუმრებს შორის ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიც იყო.

ეს კი სწორედ იმ ლორდ ფრენსის სტილტონის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც ერთხელ პოლკოვნიკ კარბერს ას გინეაზე დაენაძლევა.

დაენაძლევა, რომ ზარს გააგორებდა კენტერვილის მოჩვენებასთან. დილით კი ლორდი სამორინეს იატაკზე იპოვეს დამბლადაცემული. მართალია, მან ღრმა სიბერეს მიაღწია, მაგრამ ორად ორი სიტყვის თქმასღა ახერხებდა: «ორი ექვსიანი».

ეს ამბავი თავის დროზე ფართოდ გახმაურდა, თუმცა ძალიან ცდილობდნენ მის მიჩუმათებას ორივე კეთილშობილი ოჯახისადმი პატივისცემის გამო. მომხდარი დაწვრილებითაა აღწერილი ლორდ ტეტლის წიგნში «მოგონებანი უფლისწულ-რეგენტისა და მისი მეგობრების შესახებ». მოჩვენებას, ბუნებრივია, სურდა დაემტკიცებინა, რომ არ დაუკარგავს გავლენა სტილტონებზე, რომლებთანაც შორეული ნათესაობაც აკავშირებდა. მისი ბიძაშვილი მეორე ქორწინებით იყო გათხოვილი ბატონ ბალკლიზე; ხოლო უკანასკნელისგან, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ჩეშირის ჰერცოგთა საგვარეულო იწყება.

საგანგებოდ მოემზადა იმისათვის, როგორ გამოეცხადებოდა ვირჯინიას ახალგაზრდა თაყვანისმცემელს. საამისოდ თავისი ესოდენ წარმატებული როლი «ბერი ვამპირი, ანუ სისხლისგან დაცლილი ბენედიქტელი» შეარჩია.

ამ როლში იმდენად საზარელი იყო, რომ ერთხელ, 1764-ის ახალ წელს, მისმა მხილველმა ბებერმა ქალბატონმა სტარტაპმა გულშემზარავად დაიკივლა და აპოპლექსიური დარტყმა მიიღო. სამ დღეში აღესრულა კიდეც, მაგრამ მანამდე მოასწრო კენტერვილებისთვის, ახლო ნათესავებად რომ ეკუთვნოდა, უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე; ხოლო მთელი თავისი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა, ვინც წამლებით ამარაგებდა ხოლმე.

მაგრამ სულ ბოლო წამს ტყუპის შიშით მოჩვენებამ ვეღარ გაბედა ოთახიდან გამოსვლა. ახალგაზრდა ჰერცოგმა ლაღად იძინა დილამდე სამეფო სარეცელზე, დიდი ფოჩებით მორთული ბალდახინის ქვეშ. ღამით ვირჯინია ეზმანა.

– თავი მეხუთე –

რამდენიმე დღეში ვირჯინიამ და მისმა კულულებიანმა თაყვანისმცემელმა ცხენებით გაისეირნეს ბროკლეის ველებზე. ეკალბარდებში გოგონას ისე შემოეფხრიწა ტანსაცმელი, რომ სახლში უკანა შესასვლელიდან გადაწყვიტა შესვლა, არავინ დამინახოსო. გობელენის დარბაზს ჩაურბინა.

კარი გამოღებული იყო და შიგ თითქოს ვიღაცას მოჰკრა თვალი. დედაჩემის მკერავი თუაო, იფიქრა.

შეჩერდა და შიგ შეიხედა, დაფხრეწილი კაბის დაკერება უნდოდა ეთხოვა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მკერავი არა და კენტერვილის აჩრდილი კი შერჩა ხელთ.

მოჩვენება ფანჯარასთან იჯდა და უყურებდა, როგორ სცვიოდა გაყვითლებულ ხეებს ფოთლები, როგორ ცეკვავდნენ ისინი პარკის გრძელ ხეივანში. თავი გადაჯვარედინებულ ხელებზე ედო. მთელი მისი პოზა სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. ისეთი ეული ჩანდა, ისე დაჩაჩანაკებული და უმწეო, რომ პატარა ვირჯინიას, თავიდან გაქცევა და თავის ოთახში გამოკეტვა რომ ჰქონდა გადაწყვეტილი, შეეცოდა და მისი ნუგეშისცემა მოუნდა. ისე მსუბუქად მიაბიჯებდა და ისე ღრმად წუხდა, რომ ჩონჩხმა მისი ყოფნა მხოლოდ გვიან შენიშნა, - როცა გოგონა გამოელაპარაკა.

– დამიჯერეთ, მე თქვენ ძალიან თანაგიგრძნობთ. ხვალ ჩემი ძმები იტონში ბრუნდებიან და მაშინ, თუ თქვენ კარგად მოიქცევით, არავინ არაფერს დაგიშავებთ.

– თქვენ მთხოვთ, კარგად მოვიქცე, არა? რა აზრი აქვს ამას? - ჰკითხა მოჩვენებამ და გაკვირვებით ამოხედა ლამაზ გოგონას, რომელმაც გაბედა მასთან გამოლაპარაკება, - არავითარი! იცი თუ არა, რომ მე, უბრალოდ, უნდა ვაჟღარუნო ჯაჭვები, ვისისინო სასახლის ჭუჭრუტანებში და ვიბორიალო ღამღამობით? შენ, ალბათ, ამას ეძახი ცუდ ქცევას.

მაგრამ იცი თუ არა, რომ სწორედ ესაა ჩემი არსებობის მთელი აზრი?

– არავითარი აზრი ამაში არაა და თქვენ მშვენივრად იცით, რომ ცუდად იქცეოდით. ქალბატონმა ამნიმ პირველივე დღეს გვითხრა, რომ თქვენ მოკალით ცოლი.

– დავუშვათ, ასეა, - გაღიზიანება დაეტყო სულს, - მაგრამ ეს ჩემი პირადი საქმეა და სხვას არავის ეხება.

– ადამიანთა მოკვლა არაა კარგი. ეს ძალიან, ძალიან ცუდია, - თქვა ვირჯინიამ იმ პურიტანული სერიოზულობით, რომელიც, ალბათ, ახალი ინგლისის რომელიღაც შორეული წინაპრისგან ერგო მემკვიდრეობით, ახლა კი მის საყვარელ სახეს ეფინებოდა ჟამ-ჟამად.

– ო, როგორ ვერ ვიტან ამ იაფფასიან ჭკუის სწავლებას, აბსტრაქტულ ეთიკას! ჩემი ცოლი ძალიან შეუხედავი იყო; არ მახსოვს, რიგიანად გაეხამებინოს ჩემი პერანგის საყელო; არც სამზარეულოსი გაეგებოდა რამე. დიდი მოუხერხებელი ვინმე იყო. ავიღოთ თუნდაც ასეთი შემთხვევა. ერთხელ ჰოგლეის ტყეში ნადირობისას, ირემი გავაგორე; დიდებული ფური, სულ ერთი წლისა. გგონია, თავი გაართვა და ბოლოს და ბოლოს სუფრაზე მომართვა? ან კი რაღა აზრი აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს? ეს ხომ წარსულია? ვთქვათ და, ნამდვილად მოვკალი ცოლი, მაგრამ არც ის იყო მაინცდამაინც ლამაზი, რომ მისმა ძმებმა შიმშილით ამომხადეს სული და ასე მიმიყვანეს სიკვდილის პირას.

– შიმშილით მოგკლეს? ო, ბატონო მოჩვენებავ…

მაპატიეთ, მინდოდა მეთქვა, ბატონო საიმონ. თქვენ, ალბათ, ახლაც გშიათ! მე ჩანთაში კარაქიანი პური მაქვს. ინებეთ, გეთაყვა!

– არა, გმადლობთ. მე დიდი ხანია არაფერს ვჭამ, მაგრამ ეს შენს თავაზიანობას ოდნავადაც არ ამცირებს; და საერთოდ, შენ გაცილებით სჯობიხარ შენს საშინელ, უზრდელ, უხეშ და უპატიოსნო ოჯახს.

– არ გაბედოთ ასეთი ლაპარაკი! - წამოიძახა გოგონამ და ფეხი დააბაკუნა, - ეს თქვენ ხართ უზრდელი, საშინელი და უხეში; ხოლო რაც შეეხება პატიოსნებას, თავადაც მშვენივრად მოგეხსენებათ, ვინ მპარავდა ყუთიდან საღებავებს იმ თქვენი სულელური სისხლიანი ლაქისათვის. ჯერ იყო და, ყველა წითელი საღებავი გაქრა, მათ შორის ალისფერი; ასე რომ, მე ვეღარ ვხატავდი დაისებს. შემდეგ თქვენ ამომაცალეთ ზურმუხტოვანი მწვანე და ყვითელი ქრომი. აღარაფერი დამიტოვეთ, ინდიგოსა და ჩინური მათეთრებლის გარდა.

იძულებული გავხდი და შემოვიფარგლე მთვარიანი პეიზაჟებით. ისინი კი აუტანლად მოსაწყენია, თან ძნელად დასახატი, მაგრამ ერთხელაც არ დამიბეზღებიხართ, თუმცა კი ძალიან გაბრაზებული ვიყავი. და საერთოდ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, სისულელეა… განა არსებობს ზურმუხტისფერი სისხლი?

– მაშ, რაღა უნდა მექნა? - თქვა აჩრდილმა, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, - ახლანდელ დროში ნამდვილი სისხლის შოვნა არც ისე ადვილია. ხოლო რაკი შენმა ძვირფასმა ძამიამ საქმეში "სანიმუშო ლაქასაწინააღმდეგო სითხე" ჩართო - და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო - მე სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, თუ არა შენი საღებავების გამოყენება. რაც შეეხება ფერს, იცი თუ არა, რომ ეს გემოვნების საქმეა? კენტერვილებს ცისფერი სისხლი გვაქვს; ყველაზე ცისფერი მთელ ინგლისში.

მაგრამ თქვენ, ამერიკელებს, ასეთი რამეები არ გაინტერესებთ.

– თქვენ რა იცით, ჩვენ რა გვაინტერესებს? გირჩევთ, ჩამობრძანდით ჩვენთან და გაიფართოეთ თვალსაწიერი.

მამიკო სიამოვნებით მოგიხერხებთ უფასო მგზავრობას. მართალია, ბაჟი სპირტიანებზე და, მაშასადამე, ალბათ ყოველივე სპირიტულზეც საშინლად მაღალია, მაგრამ საბაჟოზე არ დაგაბრკოლებენ. იქ ყველა მოხელე დემოკრატია. ნიუ-იორკში კი უზარმაზარი წარმატება გელით. მე იმდენი ადამიანი ვიცი, სიამოვნებით რომ გაიღებენ ასი ათას დოლარს, ოღონდ კი უბრალო, ჩვეულებრივი ბაბუა ჰყავდეთ; ასჯერ მეტს გადაიხდიან, ოღონდ კი მოჩვენება გაიჩინონ ოჯახში.

– ვშიშობ, რომ არ მომეწონება თქვენი ამერიკა.

– ნუთუ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენში არაფერია წარღვნამდელი და ქვის ხანისა? - დამცინავად ჰკითხა ვირჯინიამ.

– არაფერი წარღვნამდელი და ქვის ხანისა? მაშ, რაღაა თქვენი ფლოტი და მანერები?

– აბა, ნახვამდის. წავალ და ვთხოვ მამას, კიდევ ერთი კვირით გაუგრძელოს ტყუპს აქ ყოფნის ვადა.

– გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია! - წამოიძახა აჩრდილმა, - მე ისე მარტოსული და უბედური ვარ! მე სრულიად არ მესმის, რა ვქნა. ყველაზე მეტად დაძინებას ვისურვებდი, მაგრამ ვაი, რომ არ შემიძლია.

– რა სისულელეს ლაპარაკობთ! ამისათვის საკმარისია ჩაწვეთ და სანთელი აანთოთ.

აი, ღვიძილი კი მართლა ძნელია; მეტადრე ეკლესიაში, დაძინებისათვის კი არავითარი ძალისხმევა არაა საჭირო. ეს ძუძუთა ბავშვსაც კი შეუძლია, თუმცა თითქმის არაფერი გაეგება, მთლად ჩერჩეტია.

– მე უკვე სამასი წელიწადია აღარ მძინავს, - ნაღვლიანად აღმოხდა აჩრდილს. ვირჯინიას მშვენიერი, ცისფერი თვალები გაკვირვებისაგან გაუფართოვდა, _ დიახ, სამასი წელიწადია აღარ ვიცი, რაა ძილი. უსაშველოდ დავიღალე!

ვირჯინიას სახე მოეღუშა, ბაგეები ვარდის კოკრებივით აუთრთოლდა; მიუახლოვდა მოჩვენებას, ჩაიმუხლა და ჩახედა უძველეს, დანაოჭებულ სახეში.

– ბეჩავი, ბეჩავი მოჩვენება! - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, - ნუთუ ისეთი ადგილი არ გეგულებათ, სადაც ძილს ისურვებდით?

– შორს, ძალიან შორს აქედან… იქ, ფიჭვნარებს იქით, - მიუგო მოჩვენებამ წყნარი, მეოცნებე ხმით, - პატარა ბაღია. ბალახი იქ მაღალია და ხშირი. ბალახებში ყვავიან თავიტკენიები, ასე რომ ჰგვანან ციურ ვარსკვლავებს.

იქ მთელი ღამე ბულბული გალობს; მთელი ღამე, განუწყვეტლად ცივი, ბროლის მთვარე დამცხრალი სახით დაჰყურებს ქვეყნიერებას და მძლავრ ურთხელს გაუშლია ვეებერთელა ტოტები.

ვირჯინიას ცრემლით აევსო თვალები; დასველებული სახე ხელისგულებში ჩარგო.

– შენ სიკვდილის ბაღს გულისხმობ? - ჩურჩულით თქვა.

– დიახ, სწორედ მას. ალბათ, როგორი მშვენიერია სიკვდილი! რა კარგია, იწვე რბილ, თბილ მიწაში და იცოდე, რომ იქვე, შენ ზევით ბალახები ირხევიან. იწვე და უსმენდე მარადიულ სიჩუმეს. რა კარგია, არ იყოს არც «გუშინ», არც «ხვალ». რომ შეიძლება დაივიწყო დროის სვლა, გადახვიდე სამუდამო დავიწყებაში და პოვო სიმშვიდე… იცი, შენ შეგიძლია მიშველო. შენ შეგიძლია გააღო ჩემთვის სიკვდილის ტაძრის ჭიშკარი.

აკი შენთან სიყვარულია. სიყვარული კი სიკვდილზე ძლიერია!

ვირჯინიას ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და ერთხანს მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონას ეჩვენებოდა, ყველაფერი ეს მეზმანაო თითქოს. მერე ისევ მოჩვენება ალაპარაკდა და მისი ხმა ქარის სუნთქვას ედრებოდა.

– შენ არ წაგიკითხავს ძველი წინასწარმეტყველება, ბიბლიოთეკის ფანჯარაზე გამოსახული?

– ო, არაერთხელ! - წამოიძახა გოგონამ და მოჩვენებას მიაპყრო მზერა, - მე მისი დაზეპირებაც მოვასწარი. ის ძველებური, უცნაური ასოებითაა გამოყვანილი. ასე რომ, უცბად ვერც წაიკითხავ. სულ რვა სტრიქონია:

"როდესაც ნორჩი ქალწულის ნებით

ცოდვილ ბაგეებს დასცდება ლოცვა;

გამხმარი ნუში აღდგება მკვდრეთით

და აყვავდება ხელახლა როცა;

და უწმინდესი ქალწულის ცრემლით

გადირეცხება ამდენი გლოვა,

მაშინ დაცხრება ჭექა-ქუხილი

და სასახლეში სიმშვიდე მოვა".

ოღონდ არ მესმის, რას ნიშნავს ეს.

– ეს ნიშნავს, - წუხილით მიუგო აჩრდილმა, - რომ შენ უნდა გამოიტირო ჩემი ცოდვები, რადგან მე აღარ შემომრჩა ცრემლი.

შენ უნდა ილოცო ჩემი სულისთვის, რადგან მე აღარ შემომრჩა რწმენა; და მაშინ, თუ შენ ყოველთვის დარჩები ასეთი კეთილი, წმინდა და თვინიერი, სიკვდილის ანგელოზი შემიწყნარებს მე. საშინელი ჩვენებები დაგედევნებიან სიბნელეში, ბოროტ ხმებს ჩაგისისინებენ ყურში, მაგრამ ვერას დაგაკლებენ, რადგან ჯოჯოხეთის ბნელი ძალები უძლურნი არიან ბავშვის სიწმინდესთან!

გოგონა გარინდებული უსმენდა. აჩრდილმა შეხედა მის დაბლა დახრილ ოქროსკულულებიან თავს და სასოწარკვეთილებისაგან აწრიალდა. უცებ გოგონა წელში გაიმართა. გაფითრებული იყო. თვალები უცნაურად უელავდა.

– მე არ მეშინია! - თქვა დაბეჯითებით, - მე ანგელოზს შევავედრებ თქვენს სულს.

აჩრდილი აღტაცებული წამოდგა, დასწვდა გოგონას ნატიფ ხელს, ძველებური ჰაეროვანი რხევით დაუკრა თავი და ნაზად ეამბორა.

ყინულივით ცივი იყო მისი ხელები, ბაგეები კი - ცეცხლივით მწველი; მაგრამ ვირჯინიამ თავი შეიკავა. ჩონჩხმა ხელჩაკიდებული გამოატარა ის ნახევრად ჩაბნელებული მთელი დარბაზი.

ჟამთასვლისაგან ფერწასულ მწვანე გობელენებზე მონადირეთა პატარა ფიგურები იყო ამოქარგული. ისინი ფოჩებიან საყვირებს უკრავდნენ და ნამცეცა ხელებს ვირჯინიას უქნევდნენ, თითქოს ანიშნებდნენ, უკან დაბრუნდიო.

"დაბრუნდი, პატარა ვირჯინია, დაბრუნდი!" - ყვიროდნენ ისინი, მაგრამ აჩრდილმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელზე და გოგონამ თვალები დახუჭა, რათა არ დაენახა მონადირეები. ხვლიკისკუდიანი თვალებდაჭყეტილი ურჩხულები თვალს უკრავდნენ ჩუქურთმებიანი ბუხრის თაღიდან და ხმადაბლა ბურტყუნებდნენ მის კვალდაკვალ: "ფრთხილად, პატარა ვირჯინია, ფრთხილად! ვაითუ ვეღარ გნახოთ ამიერიდან", მაგრამ მოჩვენება უფრო და უფრო უჩქარებდა ნაბიჯს და ვირჯინია ყურს არ უგდებდა მათ.

როცა დარბაზის ბოლოში გავიდნენ, მოჩვენება შეჩერდა და წყნარად წარმოთქვა გოგონასათვის გაუგებარი რამდენიმე სიტყვა. გოგონამ თვალები გაახილა და დაინახა, როგორ თანდათან გამქრალა კედელი, ვითარცა ბურუსი რამ და მის ცხვირწინ პირი დაუბჩენია შავ უფსკრულს. დაუბერა ყინულოვანმა ქარმა და გოგონამ იგრძნო, როგორ ექაჩებოდნენ კაბაზე.

– ჩქარა, ჩქარა! - უყვიროდა აჩრდილი, - თორემ ძალიან, ძალიან გვიან იქნება.

წამიც და კედლის პანელი მათ ზურგს უკან შეიკრა. გობელენებიან დარბაზში აღარავინ იყო.

– თავი მეექვსე –

ათ წუთში ზანზალაკმა დაიწკრიალა - ოჯახს ჩაიზე უხმობდნენ.

ვირჯინია კი არ ჩანდა.

ქალბატონმა ოუტისმა ერთ-ერთი მსახური გაუშვა მის მოსაყვანად. მსახური მალევე დაბრუნდა და განაცხადა, რომ გოგონას ვერსად მიაკვლია.

ვირჯინიას სჩვეოდა ყოველ საღამოს ბაღში გასვლა სასადილო მაგიდის ყვავილებისათვის. ამიტომ ქალბატონ ოუტისს თავიდან არაფრის შეშინებია, მაგრამ როცა ექვსი შესრულდა, ვირჯინია კი არ ჩანდა, ქალბატონი ოუტისი აშკარად აღელდა და ბიჭუნებს უბრძანა, ეძებნათ დაი პარკში. თვითონ კი ბატონ ოუტისთან ერთად მთელი სახლი დაიარა, ყველა კუნჭული გადააქოთა. შვიდის ნახევარზე ბიჭუნები დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ვირჯინიას კვალს ვერსად წააწყდნენ.

ახლა ყველანი შეშფოთდნენ. არც იცოდნენ, რა ეღონათ. უცებ ბატონ ოუტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ ბოშათა ბანაკს თავის ერთ-ერთ მამულში ცოტა ხნით გაჩერების ნება დართო.

მაშინვე უფროს ვაჟსა და ორ თანამშრომელთან ერთად ბლეკფელის ხევისაკენ გაეშურა. სწორედ აქ ეგულებოდა ბოშები. მოუსვენრობისაგან აწრიალებულ ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგსაც უსიკვდილოდ მათთან ერთად სურდა წასვლა, მაგრამ ბატონი ოუტისი მოერიდა შესაძლო ჩხუბს და წინდახედულად უთხრა უარი. როცა მიაღწიეს ბლეკფელის ხევს, იქ ცეცხლიღა ბჟუტავდა, ბალახში თეფშები ეყარა. ბოშებს გუდა-ნაბადი აეკრათ და აბარგებულიყვნენ.

ბატონმა ოუტისმა ვაშინგტონსა და თანამშრომლებს ძებნის გაგრძელება დაავალა, თვითონ კი შინისაკენ გაეჩქარა, რათა მთელი საგრაფოს პოლიციის ინსპექტორებისათვის დეპეშები დაეგზავნა და ეთხოვა დახმარება მაწანწალებისა და ბოშების მიერ გატაცებული გოგონას მოძებნაში. შემდეგ განკარგულება გასცა და ცხენი მოჰგვარეს. ცოლი და ტყუპი სადილზე დაიყოლია, თვითონ კი მხლებლებთან ერთად ცხენით გაქუსლა ასკოტისაკენ.

ორი მილიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ უკან ფლოქვების თქარათქური მოესმათ.

ბატონმა ოუტისმა მოიხედა: მათ თავის პონიზე ამხედრებული ახალგაზრდა ჰერცოგი ეწეოდა. ის უქუდოდ იყო. სახე ჭარხალივით გასწითლებოდა.

– მომიტევეთ, ბატონო ოუტის, - თქვა სულმოუთქმელად, - მაგრამ განა შემიძლია სადილობა, როცა ვირჯინია დაკარგულია? ნუ გამიწყრებით, გეთაყვა, მაგრამ უნდა გითხრათ: შარშან ჩვენთვის ნიშნობის უფლება რომ მოგეცათ, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. თქვენ მე უკან არ გამაბრუნებთ, ხომ ასეა? მე არ მსურს იქ დაბრუნება და არც დავბრუნდები.

ამ თვალწარმტაცი არისტოკრატის შემყურე ელჩმა ღიმილი ვერ შეიკავა. გული აუჩუყა ამ ბიჭის ასეთმა ერთგულებამ ვირჯინიასადმი. გადაიხარა მისკენ და მხარზე ალერსით მოუთათუნა ხელი.

– რაო, სესილ, სხვა რა გზა მაქვს, - მიუგო მან, - რაკი გადაწყვიტე, რომ არ დაბრუნდები, თან უნდა წაგიყვანო. ეგაა, რომ ქუდის ყიდვა მოგვიწევს ასკოტში.

– მე ქუდი არ მჭირდება! მე ვირჯინია მჭირდება! - სიცილით წამოიძახა ახალგაზრდა ჰერცოგმა და ერთად გაქუსლეს რკინიგზის სადგურისკენ.

ბატონმა ოუტისმა ჰკითხა სადგურის უფროსს, ბაქანზე ვინმეს ხომ არ მოგიკრავთ თვალი ასეთი და ასეთი გოგონასთვისო.

იმან გარკვეული ვერაფერი უპასუხა, მაგრამ ყველა ხაზზე უდეპეშა და დაჰპირდა ბატონ ოუტისს, რომ ფხიზლად იქნებოდნენ, ხოლო თუ რაიმეს გაარკვევდნენ, მაშინვე აცნობებდნენ.

ელჩმა ახალგაზრდა ჰერცოგს ქუდი უყიდა სელით მოვაჭრის ფარდულში, რომელიც ის იყო, იკეტებოდა. შემდეგ ამალასთან ერთად სოფელ ბექსლისკენ გასწია, რომელიც ოთხი მილით იყო სადგურიდან დაშორებული. მიასწავლეს, რომ იქ დიდი სათემო საძოვრები იყო და ბოშები იყრიდნენ ხოლმე თავს. გააღვიძეს სოფლისთავი, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს და საძოვრების გავლით შინ დაბრუნდნენ.

სასახლეში თერთმეტისათვის მოაღწიეს დაღლილებმა და სასომიხდილებმა. ჭიშკართან ვაშინგტონი და ტყუპი ფარნებით ელოდნენ, რადგან დაბურულ ხეივანში ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი.

ვაი, რომ არც აქ იყო არავითარი სანუგეშო სიახლე. ვირჯინიას თითქოს ცამ უყო პირი. არსად მისი კვალი არ ჩანდა.

თურმე ბოშებს ბროკლეის ველებზე დაეწივნენ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. თავიანთი უცაბედი აბარგება ბოშებმა იმით ახსნეს, რომ ჩერტონის ბაზრობაზე დაგვიანებისა ეშინოდათ; თურმე მისი გახსნის დღე შეეშალათ. თვითონაც ძალიან შეწუხდნენ გოგონას გაქრობის გამო და ოთხი მათგანი ძებნაშიც დაეხმარა ჭირისუფალს. ისინი ერთობ მადლიერნი იყვნენ ბატონ ოუტისისა იმისათვის, რომ მან თავისი მამული დაუთმო ბანაკისათვის. ერთად დაჩხრიკეს სათევზე წყალსაცავის ფსკერი, საგვარეულო მამულის ყოველი კუთხე-კუნჭული, მაგრამ ამაოდ.

ბატონი ოუტისი და ბიჭები სრულიად დათრგუნვილნი ბრუნდებოდნენ სასახლეში. მათ კვალდაკვალ მოჰყვებოდა ცხენოსანი მხლებელი, რომელსაც მოჰყავდა ორივე ცხენი და პონი. ჰოლში ტრიალებდა შეშინებულ მსახურთა გროვა, ხოლო ბიბლიოთეკაში, დივანზე საწყალობლად იწვა ქალბატონი ოუტისი.

გონზე თითქმის აღარ იყო ამ საშინელ დღეს განცდილი უბედურების გამო. მსახური ქალი ჟამ-ჟამად სპირტით უსველებდა შუბლს. ბატონმა ოუტისმა ძლივს დაითანხმა ცოტა წახემსებაზე და ბრძანა, ვახშამი მოერთმიათ ყველასათვის, ვინც სასახლეში მოიყარა თავი.

ეს ძალიან მწუხარე ვახშამი იყო. არავინ ხმას არ იღებდა. ტყუპიც კი დუმდა და დათრგუნვილი ჩანდა. მათ ძლიერ უყვარდათ დაი. ნავახშმევს ბატონმა ოუტისმა ყველა დასაძინებლად გაისტუმრა.

მაინც ვეღარაფერს ვიღონებთ ამაღამ, დილას კი ტელეგრაფით სასწრაფოდ გამოვიძახებო სამძებრო პოლიციას სკოტლენდ-იარდიდან. ახალგაზრდა ჰერცოგს ღამის თევა ეწადა, მაგრამ არ გაჭრა მისმა ხვეწნა-მუდარამ. და იმწამს, როცა ისინი სასადილო ოთახიდან გამოდიოდნენ, ეკლესიის კოშკიდან საათმა თორმეტი ჩამოჰკრა. უკანასკნელ ზარზე უცებ ძლიერი ტკაცანი გაისმა. ვიღაცამ გულის მომწყვლელად დაიყვირა და მთელი სახლი შეირყა ჭექა-ქუხილისგან; ხოლო როცა ჰაერში აჟღერდა მომხიბვლელი, არამიწიერი მუსიკა, კიბის თავზე კედლის პანელი გრუხუნით გაირღვა და კიბის ბაქანზე ტილოსავით გაფითრებული ვირჯინია გამოვიდა პატარა ზარდახშით ხელში.

ყველანი ჯგროდ მისცვივდნენ და შემოეხვივნენ. ქალბატონმა ოუტისმა მაგრად ჩაიკრა გულში; ახალგაზრდა ჰერცოგმა გზნებით აკოცა; ტყუპი კი ველურივით როკავდა მის გარშემო.

– ო, ღმერთო, ჩემო გოგონა, სად დაიკარგე მთელი დღე? - წამოიძახა ბატონმა ოუტისმა. ცდილობდა, ხმაში მკაცრი კილო გამოერია, რადგან ყოველივე ეს სულელურ თამაშად წარმოუდგა, - მე და სესილმა შენს ძებნაში ქვეყანა შემოვიარეთ; დედაშენს კი გული კინაღამ გაუსკდა შიშისაგან.

აღარასოდეს აღარ გვეხუმრო ასე.

– ხუმრობა ნებადართულია მხოლოდ მოჩვენებასთან! მო-ჩვე-ნე-ბასთან! - ხმამაღლა დამარცვლა ტყუპმა და როკვა განაგრძო.

– საყვარელო ჩემო, მშობლიურო, გიპოვეთ, მადლობა ღმერთს! - წარამარა იმეორებდა ქალბატონი ოუტისი და ათრთოლებულ ქალიშვილს კოცნიდა, თან აბურდულ ოქროს კულულებზე ეფერებოდა, - აღარასოდეს დამტოვო ამდენი ხნით!

– მამა, - წყნარი ხმით ალაპარაკდა ვირჯინია, - მე მთელი ეს საღამო სულთან გავატარე.

ის მოკვდა. თქვენ უნდა მიხვიდეთ და შეხედოთ მას. ის ცხოვრებაში ძალიან ცუდად იქცეოდა, მაგრამ მოინანია თავისი ცოდვები და მისახსოვრა განძეულობით სავსე აი ეს ზარდახშა.

ყველანი გაოგნებულნი შესცქეროდნენ, მაგრამ ის სრულიად მშვიდად ლაპარაკობდა. მერე მიბრუნდა და ყველანი კედლის პანელის ხვრელთან მიიყვანა; აქედან ვიწრო საიდუმლო დერეფნით განაგრძეს გზა. ვაშინგტონი უკან მიჰყვებოდა პროცესიას ანთებული სანთლით, რომელიც მაგიდიდან აიღო.

მალე მიადგნენ დიდ ანჯამებზე დაკიდებულ მუხის კარს, რომელიც ჟანგიანი ლურსმნებით იყო მიჭედილი.

შეეხო თუ არა ვირჯინია, კარი მაშინვე გაიღო. ყველანი დაბალჭერიან სენაკში შევიდნენ. ჭერი კამაროვანი იყო. კედელში ნამცეცა, გისოსებიანი სარკმელი იყო დატანებული. კედელში ჩასმულ უშველებელ რკინის რგოლზე მიჯაჭვული იყო უკიდურესად დაძაბუნებული ჩონჩხი, რომელიც ქვის იატაკის მთელ სიგრძეზე გაშოტილიყო. თითქოს ცდილობდა, მისწვდომოდა თავისი გრძელი ძვალ-თითებით ძველებურ ლანგარსა და დოქს. ისინი კი ისე იყო დადებული, რომ ვერ მისწვდომოდა.

დოქი, ეტყობოდა, ერთ დროს წყლით იყო სავსე, რადგან ფსკერი და კედლები მწვანედ იყო დაობებული. ლანგარზე ერთი მუჭა მტვერიღა დარჩენილიყო.

ვირჯინიამ ჩონჩხის გვერდით დაიჩოქა, პატარა ხელები შეატყუპა და ხმადაბლა, ჩურჩულით შეუდგა ლოცვას. დანარჩენები განცვიფრებით შესცქეროდნენ ყოველივე ამას. გრძნობდნენ, რომ მათ წინაშე ფარდა ეხდებოდა ძველი ტრაგედიის საიდუმლოს.

– შეხედეთ, შეხედეთ! - უცბად წამოიძახა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა; ის მთელი ეს დრო სარკმელში იყურებოდა, რათა გაერკვია, სასახლის რომელ ნაწილში იმყოფებოდნენ, - გამხმარი ნუში აყვავდა! მე კარგად ვარჩევ მის ყვავილებს, რადგან ამაღამ ასე მკაფიოდ ანათებს მთვარე.

– ეს ნიშნავს, რომ უფალმა მიუტევა მას! - საზეიმოდ გამოაცხადა ვირჯინიამ და წამოდგა. ყველამ შენიშნა, რომ რაღაც მშვენიერმა ციალმა გააცისკროვნა მისი სახე.

– თქვენ ანგელოზი ხართ! - აღმოხდა ახალგაზრდა ჰერცოგს; მიეჭრა, ხელები მოხვია და აკოცა.

– თავი მეშვიდე –

ამ არაჩვეულებრივი მოვლენებიდან მეოთხე დღეს, შუაღამემდე სადღაც ერთი საათით ადრე, კენტერვილის სასახლიდან სამგლოვიარო კორტეჟი დაიძრა. კატაფალკში რვა შავი ცხენი იყო შებმული და თითოეულს თავი სირაქლემის ბუმბულებით ჰქონდა მორთული.

ტყვიის კუბოზე მდიდრული ძოწისფერი სუდარა ეფარა კენტერვილების გერბით, რაიც ოქროს ძაფით იყო ნაქსოვი. კატაფალკისა და ეკიპაჟების გვერდით მსახურები მიაბიჯებდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელ ამ მსვლელობას არაჩვეულებრივი ელფერი დაჰკრავდა.

მიცვალებულის უახლოესი ნათესავი, ლორდი კენტერვილი საგანგებოდ ჩამოვიდა დაკრძალვაზე უელსიდან. ის პირველ კარეტაში იჯდა პატარა ვირჯინიასთან ერთად. მათ მოჰყვებოდათ შეერთებული შტატების ელჩი მეუღლითურთ; შემდეგ ვაშინგტონი და სამი ბიჭუნა. პროცესიის ბოლოში მიდიოდა კარეტა, რომელშიც ქალბატონი ამნი იჯდა. ეჭვი არავის შეჰპარვია ერთ რამეში: რაკი მოჩვენება ამ ღირსეულ ქალბატონს ორმოცდაათ წელიწადზე მეტხანს აფრთხობდა, მაშასადამე, ქალბატონს ყველა საფუძველი ჰქონდა, გაეცილებინა ის უკანასკნელ გზაზე.

კარეტებიდან გადმოსულნი სამარესთან მივიდნენ, რომელიც ღრმად იყო გაჭრილი სოფლის სასაფლაოს კუთხეში, პირდაპირ ურთხელის ძირას. ღირსმა მამამ ოგასტუს დემპირმა დიდი შთაგონებით წაიკითხა სულის მოსახსენებელი ლოცვა.

როცა მღვდელი გაჩუმდა, მსახურებმა ძველი ჩვეულებისამებრ ჩააქრეს თავიანთი ჩირაღდნები; ხოლო, როცა კუბოს საფლავში უშვებდნენ, ვირჯინია მიუახლოვდა მას და სახურავზე ნუშის თეთრი და ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული დიდი ჯვარი დაადო. იმავე წამს ღრუბლიდან გამოცურდა მთვარე და პატარა საფლავი მკრთალი ვერცხლით მორწყა; ხოლო შორეულ ჭალაში ბულბული ამღერდა. ვირჯინიას გაახსენდა, როგორ აღწერა მოჩვენებამ სიკვდილის ბაღი. თვალები ცრემლით აევსო. აქეთობისას, ერთი სიტყვა რაა, ის არ დასცდენია.

მეორე დილას, სანამ ლორდი კენტერვილი ლონდონს გაემგზავრებოდა, ბატონმა ოუტისმა ლაპარაკი ჩამოუგდო ვირჯინიასათვის მოჩვენების ნაჩუქარ განძეულობაზე. დიდებული რამ იყო ეს განძეულობა; მეტადრე კი ლალის ყელსაბამი ვენეციურ ჩარჩოში, მეთექვსმეტე საუკუნის შემოქმედების იშვიათი ნიმუში. მისი ღირებულება ისე დიდი იყო, რომ ბატონი ოუტისი გოგონას უკრძალავდა საჩუქრის მიღებას.

– მილორდ, - თქვა ელჩმა, - მე ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში კანონი "მკვდარი ხელის" შესახებ ვრცელდება არა მხოლოდ მიწის საკუთრებაზე, არამედ ოჯახურ განძეულობაზეც.

ამიტომ ჩემი ქალიშვილისათვის გადაცემული განძეულობა სინამდვილეში თქვენს საგვარეულოს ეკუთვნის ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა ეკუთვნოდეს. მაშ, გთხოვთ, წაიღოთ ის ლონდონში და ჩათვალოთ თქვენი კანონიერი ქონების ნაწილად; ქონებად, რაც დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, თუმცა კი რამდენადმე უცნაურ გარემოებაში.

რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ნაკლებად ეტანება ესოდენ ძვირფას სამშვენისებს. გარდა ამისა, ქალბატონმა ოუტისმა მაცნობა - მან კი, უნდა გამოგიტყდეთ, ქალიშვილობის წლებში რამდენიმე ზამთარი გაატარა ბოსტონში და ცუდად როდი ერკვევა ხელოვნების საკითხებში - რომ ეს სამკაული დიდი ფული ღირს; და თუ გაიყიდებოდა, მასში სოლიდურ თანხას გადაიხდიდნენ.

ასეთ პირობებში, ლორდ კენტერვილ, მოგეხსენებათ, ვერ დავუშვებ, რომ ეს განძეულობა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერგოს. საერთოდაც, ასეთი ძვირად ღირებული ზიზილ-პიპილები, როგორი მართებულიც და აუცილებელიც უნდა ეჩვენებოდეთ ისინი ბრიტანელ არისტოკრატებს პრესტიჟისათვის, არაფრად სჭირდებათ სისადავის ურყევ რესპუბლიკურ პრინციპებზე აღზრდილ ადამიანებს.

სხვათა შორის, ვერ დაგიმალავთ, - განაგრძობდა ელჩი, - ვირჯინია ბედნიერი იქნებოდა, თუ ნებას დართავდით, ჰქონოდა ზარდახშა თქვენი უბედური, გზააბნეული წინაპრის სახსოვრად. რამდენადაც ეს ნივთი ძველი და საკმაოდ გაცვეთილიცაა, იქნებ მართლა შესაძლებლად ჩაგეთვალათ მისი თხოვნის ასრულება.

მე კი, ჩემდათავად, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მაკვირვებს ჩემი ქალიშვილის დაინტერესება შუა საუკუნეებით. ამის ახსნა შემიძლია მხოლოდ ერთი რამით: ვირჯინია დაიბადა ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში, როცა ქალბატონი ოუტისი ათენიდან ბრუნდებოდა.

ლორდმა კენტერვილმა პატივცემული ელჩის საუბარი უდიდესი გულისყურით მოისმინა. შიგადაშიგ ჭაღარა ულვაშს თითებით აიპრეხდა ხოლმე უნებლიე ღიმილის დასაფარავად.

როცა ბატონმა ოუტისმა დაასრულა, მან მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:

– ძვირფასო ბატონო ოუტის, თქვენმა მშვენიერმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, ბატონ საიმონს, ჭეშმარიტად ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და მე, ისევე როგორც ყველა ჩემი ნათესავი, უზომოდ მადლობელი ვარ მისი და აღტაცებულიც - მისი გასაოცარი გაბედულებითა და თავგანწირვით.

განძეულობა კანონიერად ეკუთვნის მას და მხოლოდ მას. მისთვის ამ სამკაულების გამორთმევა ისეთი უგულობა იქნებოდა ჩემგან, რომ რამდენიმე კვირაში ბებერი ცოდვილი უეჭველად ამოვიდოდა სამარიდან და სიცოცხლის ბოლომდე არ მომასვენებდა.

თანაც ეს განძეულობა, - განაგრძობდა ლორდი, - სულაც არაა საოჯახო საკუთრება, რადგანაც არც ერთი ეს სამკაული მოხსენიებული არაა ანდერძში ან სხვა იურიდიულ დოკუმენტში და მათი არსებობის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცოდა.

გარწმუნებთ, მათზე მე იმდენივე უფლება მაქვს, რამდენიც, ვთქვათ, თქვენს მსახურთუხუცესს. ეჭვიც არ მეპარება, როცა ვირჯინია გაიზრდება, სიამოვნებით ატარებს მათ. ამასთან, თქვენ გავიწყდებათ, ბატონო ოუტის, რომ სასახლე ავეჯიან-მოჩვენებიანად იყიდეთ და, მაშასადამე, ყველაფერი, რაც მოჩვენებას ეკუთვნოდა, ავტომატურად იქცა თქვენს საკუთრებად.

მართალია, ბატონი საიმონი ღამღამობით ერთგვარ აქტივობას იჩენდა, მაგრამ კანონის თვალსაზრისით ის მკვდრად ითვლებოდა. მაშასადამე, მამულის ყიდვით თქვენ მთელი მისი პირადი საკუთრებაც შეიძინეთ.

ბატონ ოუტისს გული ატკინა ლორდ კენტერვილის უარმა, მიეღო განძეულობა და სთხოვა, შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ კეთილშობილი პერი მტკიცე იყო და ბოლოს და ბოლოს დაითანხმა ელჩი, ნება დაერთო ქალიშვილისათვის, მიეღო ეს საჩუქარი.

როცა 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგინია, მისი ქორწინების გამო, დედოფალს წარუდგინეს, მისმა სამკაულებმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.

დიახ, დიახ, ჩეშირის ჰერცოგინია იგივე ჩვენი პატარა ვირჯინიაა. როგორც კი ახალგაზრდა ჰერცოგი სრულწლოვანი შეიქნა, ვირჯინია მისთხოვდა მას და ასე იქცა ჰერცოგინიად; ჰერცოგის გვირგვინი დაიდგა თავზე - ჯილდო, რომელსაც ყველა კეთილზნიანი ამერიკელი ქალიშვილი იღებს ხოლმე.

ვირჯინია და ახალგაზრდა ჰერცოგი ისე მომხიბვლელები იყვნენ და ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ მათმა კავშირმა აღტაცებაში მოიყვანა ყველა, ბებერი მარკიზა დამბლტონის გარდა.

ეს ქალბატონი ცდილობდა ჰერცოგისათვის თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიშვილიდან რომელიმე მიეთხოვებინა. ამ მიზნით სამი ძვირად ღირებული წვეულება გადაიხადა.

უცნაურია, რომ თვითონ ბატონი ოუტისიც არ გახლდათ მაინცდამაინც აღტაცებული. ახალგაზრდა ჰერცოგისადმი დიდი პირადი კეთილგანწყობის მიუხედავად, ის თეორიულად ყოველგვარი ტიტულის წინააღმდეგი იყო და მოცემულ შემთხვევაში, მის საკუთარ სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, "შიშობდა, ტკბობისაკენ მიდრეკილი არისტოკრატიის გავლენას არ მოედუნებინა მისი ქალიშვილი და არ შეერყია მისი რესპუბლიკური სისადავის პრინციპები".

მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოხერხდა მისი დარწმუნება ამ შიშის უსაფუძვლობაში; და როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერ-სკვერში აღმართული წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, ვეჭვობ, მთელ ინგლისში მოძებნილიყო მასზე ბედნიერი ადამიანი.

თაფლობის თვის შემდეგ ჰერცოგი და ჰერცოგინია კენტერვილის სასახლეს ეწვივნენ და იქ ყოფნის მეორე დღეს ინახულეს ფიჭვნარის ახლოს მიგდებული საფლავი. ვერა და ვერ მოიფიქრეს შესაფერისი ეპიტაფია ბატონ საიმონის საფლავის ქვისთვის. ბოლოს გადაწყვიტეს, ინიციალებსა და ბიბლიოთეკის ფანჯარაზე გამოსახულ ლექსს დასჯერებოდნენ.

ჰერცოგინიამ ცოცხალი ვარდები დააფინა საფლავზე. ერთხანს კენტერვილის მოჩვენების სამუდამო განსასვენებელთან იდგნენ, მერე კი ნახევრად დანგრეული ძველებური მონასტრისაკენ გაემართნენ. ჰერცოგინია წაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა.

მისმა ახალგაზრდა მეუღლემ კი მის ფეხებთან მოიკალათა. ის ეწეოდა და უსიტყვოდ შეჰფრფინვიდა მეუღლის მშვენიერ თვალებს. უცებ ბოლომდე მოუწეველი პაპიროსი გადააგდო, მეუღლის ხელს დასწვდა და უთხრა:

– ვირჯინია, ცოლი არაფერს არ უნდა უმალავდეს ქმარს, ხომ ასეა?

– მე არც არაფერს გიმალავ, ძვირფასო სესილ.

– ვთქვათ, არ მიმალავ, - გაეღიმა ჭაბუკს, - მაგრამ შენ ხომ არასოდეს გიამბია ერთი ამბავი: რა მოხდა, როცა შენ და მოჩვენება მარტონი იყავით ჩაკეტილნი?

– მე ეს არავისთვის მიამბია, სესილ, - თქვა ვირჯინიამ და უცებ სახე შეეცვალა.

– ვიცი, მაგრამ ჩემთვის შეგეძლო გეთქვა…

– სესილ, გეთაყვა, არაა საჭირო თხოვნა; მე არ შემიძლია ამის მოყოლა… უბედური ბატონი საიმონი. რაოდენ დავალებული ვარ მისგან! ნუ გეცინება, სესილ, ეს მართლა ასეა. მან დაინახა, რაა სიცოცხლე და რა - სიკვდილი… და მთავარი: რატომაა სიყვარული ორივეზე ძლიერი.

ჰერცოგი ადგა და აკოცა ცოლს.

– რა გაეწყობა, დაე ინახავდე ამ საიდუმლოს შენთვის, ოღონდ კი გული, შენი გული მეკუთვნოდეს მე, - უჩურჩულა ვაჟმა ქალს.

– ის მუდამ შენ გეკუთვნოდა, სესილ.

– მაგრამ ჩვენს შვილებს მაინც ხომ მოუყვები როდისმე?

ვირჯინია გაწითლდა და შეიშმუშნა...

თარგმნა: ზურაბ ხასაიამ

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ