კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:02

შეუგნებლად დაერიდა ბავშვების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“... „ბავშვები“... „ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

– გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

– მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

– ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ...

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

– რა დაგემართა, კაცო?

– არაფერი!

– ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს...

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერვშსაც

თო, ღმერთო!


* * * * * * * 


– მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშვები.

– გვაჭმევ?

– კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშვებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშვების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

– აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...

ბავშვები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...

მეორე ლუკმა...

სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.

ბავშვები შემოვარდენ.

– მომეცი, მამა!..

– მეც!..

– გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

– მამა, მამა!!..

– მამა, ერთი ლუკმა!

ბავშვები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშვები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

– მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშვების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა.

ბავშვების სივილი მოაგონდა...

მე შევჭამე....

ბავშვებს არაფერი ვაჭამე...

ღმერთო, რა მომივიდა?..

სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ადგა, მივიდა ბავშვებთან...

გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

– მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშვმა.

– რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.

– მთლად შეჭამე?

– !!

– მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...

მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშვსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით.

მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...

კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

– რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ