I
მის ემილი გრირსონი რომ გარდაიცვალა, მთელი ჩვენი ქალაქი წავიდა დაკრძალვაზე: კაცები - დაცემული ძეგლისადმი ერთგვარი მოკრძალებით, ქალები - უფრო ცნობისმოყვარეობის გამო; ერთი სული ჰქონდათ, შიგნიდან ენახათ სახლი, სადაც სულ ცოტა, ათი წელი იქნებოდა, არავის შეეხედა მოხუცი მსახურის გარდა - ერთდროულად მებაღეც რომ იყო და მზარეულიც.
დიდი, მკვიდრად ნაგები, ოდესღაც თეთრად შეღებილი, სამოცდაათიანი წლების მომეტებულად მსუბუქი სტილის თაღებით, წვეტებითა და ჩუქურთმებიანი აივნებით მორთული სახლი იმ ქუჩაზე წამოჭიმულიყო, ერთ დროს ყველაზე გამორჩეულად რომ ითვლებოდა ჩვენში, მაგრამ გარაჟებმა და ბამბეულის საამქროებმა ამ შემოგარენში წარჩინებული ოჯახებიც კი განდევნეს და მათი სახსენებელი მოსპეს; მხოლოდ მის ემილის სახლი დარჩა; შელახული კი იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად და თავმომწონედ არ ეპუებოდა ბამბეულით დატვირთულ ფორნებსა და ბენზინის საქაჩებს. იდგა და ტოლს არ უდებდა არავის, ვინც თვალში ეკლად ესობოდა. ახლა მის ემილიც წავიდა, იმ წარჩინებულ ოჯახებთან შესაერთებლად, ჭადრებით დაბურულ სასაფლაოზე რომ იწვნენ, ჯეფერსონის ბრძოლაში დაღუპულ ფედერალური არმიისა და კონფედერაციის ჯარისკაცთა ჩამწკრივებულ, უსახელო საფლავებს შორის.
სიცოცხლეში მის ემილი იყო ტრადიციის, მოვალეობისა და საზრუნავის განსახიერება, რომლის უცნაური ვალიც ქალაქს მემკვიდრეობით გადმოეცა 1894 წლის იმ დღიდან, როცა მერმა, პოლკოვნიკმა სარტორისმა (სწორედ მან გამოსცა თავის დროზე ბრძანება, არც ერთი ზანგი ქალი ქუჩაში უწინსაფროდ არ გამოჩნდესო) გადასახადებისგან გაანთავისუფლა. ხელშეკრულება, მის ემილის მამის სიკვდილიდან მოყოლებული, სამუდამო იყო. ოღონდ ქალი მოწყალებას როდი იღებდა. პოლკოვნიკმა სარტორისმა საამისოდ ჩახლართული ამბავი შეთხზა _ ვითომდა, მის ემილის მამას ქალაქისთვის ფული უსესხებია, და ვალის გადახდა, ქალაქს საკუთარი სარგებლისთვის, ამ გზით მოუსურვებია. მხოლოდ პოლკოვნიკი სარტორისის თაობისა და ყაიდის კაცს შეეძლო ამის მოფიქრება და მხოლოდ ქალს შეეძლო ამის დაჯერება.
როცა უფრო თანამედროვედ მოაზროვნე, მომდევნო თაობის წარმომადგენლები გახდნენ მერები და მუნიციპალიტეტის მოხელეები, ამ საქმემ პატარა უკმაყოფილება გამოიწვია. წლის პირველ რიცხვში მის ემილის ფოსტით საგადასახადო უწყება გაუგზავნეს. თებერვალი დადგა და პასუხი არ ჩანდა. მაშინ ოფიციალური წერილი მისწერეს _ სთხოვდნენ, შერიფის კანტორაში მისულიყო თავისი საქმის გასარკვევად. ერთი კვირის თავზე მერმა თვითონ მისწერა. სთავაზობდა, გეწვევით, ან მანქანას გამოგიგზავნითო. პასუხად ძველებურ ქაღალდზე წვრილი, სადა ხელით და უფერული მელნით დაწერილი ბარათი მიიღო. მის ემილი ატყობინებდა, გარეთ აღარ გამოვდივარო. ბარათს გაუხსნელი საგადასახადო უწყებაც ახლდა. უკომენტაროდ.
მუნიციპალიტეტში საგანგებო კრება მოიწვიეს. დელეგაცია მის ემილის ეწვია. დააკაკუნეს კარზე, რომელიც არც ერთ სტუმარს არ შეუღია მას შემდეგ, რაც მასპინძელმა ფაიფურის მოხატვის სწავლება შეწყვიტა რვა თუ ათი წლის წინათ. მოხუცი ზანგი შეუძღვათ ჩაბნელებულ ჰოლში; იქიდან კიბე კიდევ უფრო ჩაბნელებულ სივრცეში ადიოდა და იკარგებოდა. მტვრისა და უცხოვრებელი სახლის სუნი იდგა; დახშული, დაობებული სუნი. ზანგმა მძიმე, ტყავგადაკრული ავეჯით გაწყობილ სასტუმრო ოთახში შეიყვანა. ერთ ფანჯარაზე დარაბები გახსნა და დაინახეს, რომ ტყავი დამსკდარიყო. როცა დასხდნენ, მტვრის კორიანტელი ზანტად აბორიალდა და ფარფატით დატრიალდა მზის ერთადერთ სხივში. ბუხრის წინ, მოოქროვილ მილბერტზე, მის ემილის მამის პასტელით შესრულებული პორტრეტი იდო.
ფეხზე წამოდგნენ, როცა შემოვიდა _ პატარა, მსუქანი, შავებში ჩაცმული ქალი. ოქროს წვრილი ძეწკვი წელამდე სწვდებოდა და ქამარში იკარგებოდა, გახუნებულ, ოქროსთავიან ჯოხს ეყრდნობოდა. ტანდაბალი იყო, ძვალწვრილი; ალბათ სწორედ ამიტომ ის, რაც სხვისთვის სისრულე იქნებოდა, მისთვის სიმსუქნე უფრო იყო. გასიებულს ჰგავდა, თითქოს სხეული უმოძრაო წყალში ჩაეშვათ დიდი ხნის წინათ და გაფერმკრთალებოდა. მსუქან სახეში ჩამალული თვალები ცომის გუნდაში ჩაჭედილ ორ პაწაწინა ნახშირს უგავდა; სანამ სტუმრები თავიანთი მოსვლის მიზეზს აუწყებდნენ, ქალის მზერა სწრაფად ინაცვლებდა ერთი სახიდან მეორეზე.
დაჯდომა არ შეუთავაზებია. კარებში იდგა და აუმღვრევლად უსმენდა, ვიდრე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ენის ბორძიკით არ დადუმდა. მერე ძეწკვის ბოლოს მოწიკწიკე უხილავი საათის ხმა შემოესმათ.
მშრალი და ცივი ხმა ჰქონდა:
- მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება. ეს პოლკოვნიკმა სარტორისმა ამიხსნა. იქნებ, რომელიმე თქვენგანს ხელი მიუწვდება ქალაქის არქივზე. იქაური ჩანაწერებით გაარკვევთ ყველაფერს.
- მიგვიწვდება. ჩვენ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ვართ, მის ემილი. შერიფის ბარათი არ მიიღეთ?
- მივიღე რაღაც ქაღალდი, დიახ. - წარმოთქვა მის ემილიმ, - შეიძლება, იმ კაცს თავი შერიფი ჰგონია... ჯეფერსონში მე გადასახადები არ მეხება.
- მაგრამ იცით, ჩანაწერებში ისეთი არაფერია, თქვენს სიტყვებს რომ ადასტურებდეს. მოგვიწევს...
- პოლკოვნიკი სარტორისს მიაკითხეთ. მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება.
- კი მაგრამ, მის ემილი...
- პოლკოვნიკ სარტორისს მიაკითხეთ. - (პოლკოვნიკი სარტორისი თითქმის ათი წლის გარდაცვლილი იყო), - მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება. ტომ! - ზანგი გამოჩნდა. - გააცილე ჯენტლმენები.
II
ასე აჯობათ. კუდით ქვა ასროლინა, როგორც მათ მამებს, ოცდაათი წლის წინათ, სუნის გამო რომ მიაკითხეს. ეს მამამისის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მოხდა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც შეყვარებულმა - კაცმა, რომელიც გვეგონა, ცოლად ითხოვსო, - მიატოვა. მამამისის სიკვდილის შემდეგ იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მას მერე კი, რაც შეყვარებული გაექცა, საერთოდ ათასში ერთხელ თუ მოჰკრავდა ვინმე თვალს. რამდენიმე მანდილოსანმა გაბედა მისვლა, მაგრამ არ მიიღეს. სახლში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ზანგი იყო - მაშინ ახალგაზრდა კაცი - სანოვაგის კალათით რომ შედიოდა და გამოდიოდა.
- სად გინახავთ, კაცი, - როგორიც არ უნდა იყოს, - სამზარეულოს წესიერად უვლიდეს, - ამბობდნენ მანდილოსნები. ჰოდა, არც გაკვირვებიათ, სუნი რომ გაჩნდა. ეს თითქოს ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო ტლანქ, სისხლსავსე ცხოვრებასა და ამაღლებულ, ძლიერ გრირსონებს შორის.
მეზობლის ქალმა მერთან, ოთხმოცი წლის მოსამართლე სტივენსთან იჩივლა.
- კი მაგრამ, ჩვენგან რა გნებავთ, მადამ? - იკითხა მერმა.
- როგორ?! შეუთვალეთ, მიხედოს იქაურობას, კანონი არ არსებობს?
- დარწმუნებული ვარ, მანამდე საქმე არ მივა, - თქვა მოსამართლე სტივენსმა, - იქნებ, ზანგმა ეზოში გველი ან ვირთხა მოჰკლა და მიატოვა. დაველეპარაკები.
მეორე დღეს კიდევ ორმა კაცმა შესჩივლა. ერთმა მათგანმა მორიდებით გამოხატა გულისწყრომა: “რამე უნდა ვიღონოთ, მოსამართლევ, ღმერთმა დაგვიფაროს მის ემილის შეწუხებისგან, მაგრამ რამე უნდა ვიღონოთ.” იმ ღამეს მუნიციპალიტეტის საბჭო შეიკრიბა - სამი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა კაცი, მომავალი თაობის წარმომადგენელი.
- ეგ რა სალაპარაკოა, - განაცხადა მან, - შეუთვალეთ, თავისი სამოსახლო გაასუფთავოს. ვადროვოთ და თუ არ მიხედავს...
- დასწყევლოს ღმერთმა, სერ, - უთხრა მოსამართლე სტივენმა, - პირში ვინ მიახლის მანდილოსანს, სუნი აგდისო?
ერთი სიტყვით, მეორე ღამეს, უფრო სწორად, ნაშუაღამევს, ოთხმა კაცმა გადაიარა მის ემილი ეზო, სახლს ქურდულად აუარეს გვერდი, აგურის საძირკვლის გასწვრივ, ღრიჭოებში ეძებდნენ, საიდან ამოდიოდა სუნი; ამასობაში ერთ-ერთი მათგანი მხარზე გადაკიდებული ტომრიდან თეთრ ფხვნილს იღებდა და ხელის ისეთი მოძრაობით აფრქვევდა იქაურობას, თითქოს რაღაცას თესავსო. უკან დაბრუნებისას, კიდევ ერთხელ რომ გადმოიარეს ეზო, ჩაბნელებული ფანჯარა განათდა და მის ემილი გამოჩნდა. იჯდა. შუქი ზურგიდან ეცემოდა მის კერპივით უძრავ ფიგურას. ფაციფუცით გადაიარეს მოლი და ქუჩას გაყოლებული ხეების ჩრდილს შეეფარნენ. ერთი-ორი კვირის შემდეგ სუნი გაჰქრა.
აი, პირველად სწორედ მაშინ იგრძნო ხალხმა სიბრალული. ჩვენს ქალაქში ახსოვდათ, როგორ გაგიჟდა ბებიამისის და, მოხუცი ქალბატონი უოტი და საბოლოოდ ირწმუნეს, გრირსონებს სულ ტყუილად ჰქონდათ კუდი ყავარზე გადებულიო. აქაოდა, მის ემილის შესაფერისი კაცი არავინააო და ასეთები. კარგა ხანს გრირსონები ცოცხალი სურათებივით გამოგვეცხადებოდნენ ხოლმე: უკანა პლანზე - თეთრებში გამოწყობილი, ტანწერწეტა მის ემილი, წინ - მამამისის გაჩაჩხული სილუეტი, ქალისკენ ზურგშექცევით იდგა და მათრახი ჩაებღუჯა. ამ ორ ფიგურას ჩარჩოდ ევლებოდა შესასვლელი კარი. ოცდაათს მიღწეული მის ემილი ისევ გაუთხოვარი იყო; ჩვენც, ის კი არა, რომ გვიხაროდა ეს ამბავი, მაგრამ თითქოს ნიშნს ვუგებდით; გვარში სიგიჟე კი ჰქონდათ, მაგრამ ყველა უარით მაინც არ უნდა გაებრუნებინა, თუ რა თქმა უნდა, საქმეს კარგი პირი უჩანდა.
მამამისის სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბერიკაცს მის ემილისთვის სახლის მეტი არაფერი დაუტოვებია. ჰოდა, ხალხს გული მიეცა - ახლა კი შესძლებდნენ მის ემილის შეცოდებას. მარტოდმარტო, უსახსროდ დარჩენილი ქალი, წესით, ადამიანს უნდა დამსგავსებოდა. ახლა თვითონაც იწვნევდა გროშებზე წუხილსა და სასოწარკვეთას.
მისტერ გრირსონი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მანდილოსნები დამწკრივდნენ და სახლს მიადგნენ, რათა ჩვეულებისამებრ, ჭირისუფლისთვის თანაგრძნობა გამოეცხადებინათ და დახმარება შეეთავაზებინათ. მის ემილი კარში დახვდათ. განსაკუთრღებული არაფერი ეცვა და სახეზე დარდის კვალიც არ ეტყობოდა. მოახსენათ, მამაჩემი სულაც არ მომკვდარაო. სამი დღეE ამ სიტყვებით ისტუმრებდა მღვდლებსაც და ექიმებსაც, რომლებიც ათათბირებდნენ, შეგვიშვი, ცხედარი გაგვაპატიოსნებინეო. ბოლოს, როცა იფიქრეს, სხვა გზა აღარ არის, კანონის ძალით უნდა შევიჭრათო, ქალი გატყდა და მამაისიც ნაჩქარევდა დაასაფლავეს.
მაშინ არც არავის უფიქრია, გიჟიაო. მიგვაჩნდა, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მოქცეულიყო. კარგად გვახსოვდა, რამდენი ახალგაზრდა კაცი მიაბრძანა უარით მამამისმა და ვიცოდით - ახლა, ქალს ქვეყანაზე რომ აღარავინ დარჩა, სწორედ იმას ჩაებღაუჭებოდა, ვინც ცარიელ-ტარიელი დატოვა. ასე ხდება ხოლმე.
III
დიდხანს ავადმყოფობდა. გარეთ რომ გამოვიდა, თმა პატარა გოგოსავით ჰქონდა შეჭრილი და რაღაცით ეკლესიის ვიტრაჟებიდან მომზირალ ანგელოზებს ჰგავდა - ტრაგიკული და უშფოთველი.
ქალაქმა ის-ის იყო, ტროტუარის მოკირწყვლის თაობაზე დადო ხელშეკრეულება. მამამისის სიკვდილის შემდეგ, ზაფხულში, მუშაობაც დაიწყეს. სამშენებლო კომპანიამ ძაღლები, ჯორები და მანქანები გამოგზავნა, ზედამხედველიც მოაყოლა, სახელად ჰომერ ბერონი, იანკი - ბრგე, შავგვრემანი, ენერგიული კაცი. ხმამაღალი ლაპარაკი სჩვეოდა და სახის კანთან შედარებით ღია ფერის თვალები ჰქონდა. პატარა ბიჭები ჯგროდ დაჰყვებოდნენ კუდში, აბა, როგორ უწყრება ზანგებსო; მერე ზანგების სიმღერასაც უსმენდნენ ძალაყინების აწევისა და ჩარტყმისას. მალე ზედამხედველს ქალაქში ყველა იცნობდა. თუ სადმე, სკვერთან, სიცილ-ხარხარი ისმოდა, ესე იგი, იმ ჯგუფის შუაგულში ბერონი იდგა. მერე კვირაობით, ნაშუადღევს, მის ემილისთან ერთად დაიწყო სეირნობა თავლიდან ქირით გამოყვანილი, ორცხენიანი, ყვითელი კაბრიოლეტით.
თავიდან გაგვიხარდა, რომ მის ემილის რაღაც ინტერესი გაუჩნდა; თუმცა, მანდილოსნები გაიძახოდნენ, გრირსონების ქალი ჩრდილოელზე, თან დღიურ მუშაზე, სერიოზულად როგორ იფიქრებსო. დანარჩენები, უფროსები, ამბობდნენ, ღირსეულ ქალს დარდიც კი ვერ დაავიწყებს ოჯახიშვილობასო. თუმცა ამ სიტყვას - “ოჯახიშვილობას” - არც ახსენებდნენ. უბრალოდ, ამბობდნენ: “საბრალო ემილი, ნათესავებს უნდა ჩამოეკითხათ.” ალაბამაში ჰყავდა ნათესავები, მაგრამ დიდი ხნის წინათ მამამისი დამდურებიათ იმ გიჟი ქალის, მოხუცი ქალბატონი უოტონის გამო და მათ ოჯახებს ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. დაკრძალვაზეც კი არავინ ჩამოსულა.
როგორც კი უფროსებს დასცდათ, საბრალო ემილიო, მაშინვე მითქმა-მოთქმა და ჩურჩული ატყდა: “თქვენ გგონიათ, მართლა ეგრეა საქმე?” - ეკითხებოდნენ ერთმანეთს. “რასაკვირველია, სხვა რა უნდა იყოს...” ამას პირზე ხელაფარებულები თუ იტყოდნენ, აბრეშუმისა და ფარჩის შარიშურით, კვირა დღეს; და შეკაზმული ეკიპაჟის მსუბუქ, სწრაფ ბაკაბუკს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ნაშუადღევის მზეში მიხურულ დარაბებს მიღმა ნიავივით დარხეული ჩურჩული: “საბრალო ემილი...”
თავაწეული დადიოდა. მაშინაც კი, როცა ვფიქრობდით, თავი მოიჭრაო. თითქოს ახლა კიდევ უფრო დაჟინებით მოითხოვდა, გვეღიარებინა მისი - უკანასკნელი გრირსონის - ღირსება; თითქოს უნდოდა, მიწიერებასთან შეხებით კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი შეუვალობა. მაშინდელივით, ვირთხის წამალი, დარიშხანი რომ იყიდა. ეს დაახლოებით ერთი წლის მერე მოხდა მას შემდეგ, რაც “საბრალო ემილი”-დ დაუწყეს ხსენება. მაშინ ორი ნათესავი ჰყავდა სტუმრად.
- საწამლავი მინდა, - უთხრა აფთიაქარს. ოცდაათს გადაცილებული იყო, ჯერ კიდევ ტანწერწეტა, თუმცა არა, ჩვეულებრივზე გამხდარი ჩანდა. ცივი, ქედმაღალი, შავთვალება. საფეთქლებსა და თვალის ბუდეებზე კანი განსაკუთრებულად ჰქონდა დაჭიმული. ალბათ ასე წარმოგიდგენიათ შუქურის მეთვალყურის სახე. - საწამლავი მინდა.
- დიახ, მის ემილი, რომელი გნებავთ? თაგვებისა და მღრღნელებისათვის? გაირჩევთ...
- ყველაზე უკეთესი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი.
აფთიაქარმა რამოდენიმე ჩამოუთვალა.
- ყველაფერს ჰკლავს. სპილოსაც კი. მაგრამ თქვენ გჭირდებათ...
- დარიშხანი. - მოუჭრა მის ემილიმ - კარგია?
- კარგია... დარიშხანი... დიახ, მემ, მაგრამ გნებავთ, რომ...
- დარიშხანი მინდა.
აფთიაქარმა შეხედა. ქალმა თვალი თვალში გაუყარა. გამომწვევი სახე ჰქონდა.
- კი ბატონო, - უთხრა აფთიაქარმა, - თუ მაინცდამაინც ეს გჭირდებათ... ოღონდ კანონი მოითხოვს, რომ მითხრათ, რისთვის აპირებთ გამოყენებას.
მის ემილი ოდნავ თავაწეული შეჰყურებდა, მდუმარედ, თვალმოუშორებლად. აფთიქარმა მის მზერას ვეღარ გაუძლო. მოტრიალდა, გავიდა. დარიშხანი აიღო და შეუხვია. პაკეტი ქალს ზანგმა მსახურმა გამოუტანა, აფთიაქარი აღარ გამოსულა. მის ემილიმ პაკეტი შინ გახსნა. კოლოფზე. თავის ქალასა და გადაჯვარედინებული ძვლების ქვეშ ეწერა: “ვირთხებისათვის”.
IV
ჰოდა, მეორე დღეს ყველა გაიძახოდა, თავს მოიკლავსო. ალბათ ეს ყველაფერს აჯობებდა. თავიდან, ჰომერ ბერონთან რომ დაიწყო სიარული, ვამბობდით, ცოლად გაჰყვებაო. მერე ვთქვით, დაიყოლიებსო, რადგან ჰომერმა ერთხელ განაცხადა (უყვარდა კაცებთან ლაქლაქი, ახალგაზრდებთან ერთად სვამდა ხოლმე ქალაქის კლუბში), ცოლის მომყვანი არა ვარო. მერე, კვირაობით, ნაშუადღევს, დახურული დარაბებიდან რომ ვუყურებდით, როგორ ჩაივლიდნენ ხოლმე ლაპლაპა კაბრიოლეტით, ვამბობდით - საბრალო ემილი... მის ემილი წელგამართული იჯდა, ჰომერ ბერონს ჩაკეცილი შლაპა ეხურა, კბილებში სიგარა ჰქონდა გაჩრილი, ყვითელი ხელთათმანები ეცვა, აღვირი და მათრახი ეჭირა.
მერე აქა-იქ მანდილოსნები ალაპარაკდნენ, ეს ქალაქის სირცხვილია და ახალგაზრდები ცუდ მაგალითს უყურებენო. კაცები ჩარევას არ აპირებდნენ, მაგრამ ბოლოს მანდილოსნებმა ბაპტისტების მღვდელი აიძულეს, მის ემილისთან მისულიყო. მღვდელს არავისთვის გაუმხელია, რა მოხდა იმ საუბრისას, მაგრამ ხელმეორედ მისვლაზე უარი განაცხადა. კვირადღეს ის ორნი ისევ გამოვიდნენ ეკიპაჟით სასეირნოდ, მეორე დღეს კი მღვდლის ცოლმა ალაბამაში წერილი მისწერა მის ემილის ნათესავებს.
ჰოდა, შინ ისევ სისხლით ნათესავები ჰყავდნენ. ჩვენც მოვემზადეთ, რომ თვალი გვედევნებინა, რა მოხდებოდა. თავდაპირველად არაფერიც არ მოხდა. მერე ვიფიქრეთ, ალბათ დაქორწინებას აპირებენო. გავიგეთ, რომ მის ემილი ოქრომჭედელთან მისულა და მამაკაცის პირსაბანი ნაკრები შეუკვეთავს - ვერცხლისა, ყოველ ნივთზე ამოკვეთილი ასოებით: “ჰ. ბ.” ორი დღის შემდეგ შევიტყვეთ, რომ მამაკაცის ტანსაცმლის სრული კომპლექტი უყიდია, ღამის საცვლებიანად, და ვთქვით, ალბათ უკვე იქორწინესო. ძალიანაც გაგვიხარდა. გაგვიხარდა იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, იმ ორმა ნათესავმა ქალმა გრირსონობაში ემილის აჯობა-თქო.
ერთი სიტყვით, ჰომერ ბერონის გამგზავრება არ გაგვკვირვებია (ამასობაში ქუჩებიც მოკირწყლეს). ამ ამბავმა ცოტა არ იყოს, გაგვაწბილა, რადგან საჯაროდ არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ ვიფიქრეთ, ალბათ მის ემილის ჩასვლისთვის ემზადება, ან იქნებ, ნათესავების თავიდან მოსაშორებლად მარტო დატოვაო (ყველაფერი შეთქმულებას დაემსგავსა და გვინდოდა, მის ემილის დავხმარებოდით ნათესავების გაცურებაში). მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, ქალები წავიდნენ და როგორც ველოდით, სამი დღის შემდეგ ჰომერ ბერონი ქალაქში დაბრუნდა. ერთ საღამოს მეზობელმა დაინახა, დაბინდებისას როგორ შეუშვა ზანგმა ბერონი სამზარეულოს კარიდან.
მას მერე ჰომერ ბერონი აღარავის უნახავს. ერთხანს მის ემილიც აღარ გამოჩენილა. მხოლოდ მოხუცი ზანგი მსახური შედიოდა და გამოდიოდა, ხელში სანოვაგის კალათით, მაგრამ შესასვლელი კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, ხანდახან ფანჯარაში წუთით მოვკრავდით ხოლმე თვალს მის ემილის, იმღამინდელივით, კირის მოფრქვევისას რომ დაინახეს კაცებმა, მაგრამ ქუჩაში თითქმის ექვსი თვე არ გამოსულა. მერე მივხვდით, რომ რომ ასეც იყო მოსალოდნელი; თითქოს მამამისი, რომელმაც ბევრჯერ აუწეწა შვილს ცხოვრება, ისეთი ძლიერი და მრისხანე გამოდგა, რომ სიკვდილიც ვერ მოერია.
მერე, მის ემილი რომ გამოჩნდა, გასუქებული იყო, თმაში ჭაღარა შერეოდა. კიდევ რამდენიმე წელიწადში ჭაღარა სულ უფრო და უფრო მოემატა და ბოლოს თმამ პილპილშერეული მარილის ფერი, ფოლადივით რუხი ფერი მიიღო და აღარ შეცვლილა. სამოცდათოთხმეტი წლისა აღესრულა და სიკვდილის დღემდე ისევ მძლავრი, ფოლადივით რუხი თმა ჰქონდა - ენერგიულ კაცებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთი.
მას მერე შესასვლელი კარი აღარ გაუხსნია, იმ ექვსი თუ შვიდწლიანი პერიოდის გარდა, როცა ორმოცი წლისამ ფაიფურის მოხატვის სწავლება დაიწყო. სახელოსნო პირველ სართულზე მოაწყო, ერთ-ერთ ოთახში. პოლკოვნიკი სარტორისის თანამედროვეები ქალიშვილებსა და შვილიშვილებს ისევე მუდმივად, ისეთივე განწყობით უგზავნიდნენ, როგორც ეკლესიაში, გზავნიდნენ კვირაობით - ოცდახუთცენტიანის შესაწირად. ამასობაში გადსახადებისგანაც გაანთავისუფლეს.
მერე უფრო ახალი თაობა მომძლავრდა და ქალაქსაც ხელი დაატყო. მის ემილის მოსწავლეები გაიზარდნენ, წავიდ-წამოვიდნენ და შვილებსაც - საღებავის ყუთებით, მოყირჭებული ფუნჯებითა და ქალთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოსურათებით - აღარავინ უგზავნიდა. ჰოდა, უკანასკნელად ჩარაზა შესასვლელი კარი, რომელიც კარგა ხანს აღარ გახსნილა. ქალაქში უფასო საფოსტო მომსახურება რომ შემოიღეს, მხოლოდ მის ემილიმ თქვა უარი ჭიშკარზე ლითონისნომრიანი საფოსტო ყუთი ჩამოეკიდა. ყურიც არავის დაუგდო.
გადიოდა დრო. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ვადევნებდით თვალს, როგორ ჭაღარავდებოდა და მხრებში იხრებოდა ზანგი მსახური, როგორ შედიოდა და გამოდიოდა სანოვაგის კალათით. ყოველ დეკემბერს ვუგზავნიდით საგადასახადო უწყებას, რომელიც ერთი კვირის თავზე გაუხსნელი გვიბრუნდებოდა ფოსტით. დროდადრო თვალს მოვკრავდით ხოლმე მის ემილის - ფანჯარაში, პირველ სართულზე. როგორც ჩანს, მეორე სართული ჩაკეტილი ჰქონდა - ნიშაში გამოკვეთილი კერპის ტორსს ჰგავდა. დაბეჯითებით ვერასდროს ვიტყოდით, გვიყურებდა თუ არა. ასე გადადიოდა თაობიდან თაობაში - ძვირფასი, თანამდევი, შეუვალი, უშფოთველი, უკუღმართი.
ასეც მოკვდა. ლოგინად ჩავარდა. მოკვდა მტვრითა და აჩრდილებით სავსე სახლში, ბებერი ზანგი მსახურის ანაბარა. ისიც კი არ ვიცოდით, ავად თუ იყო. კარგა ხნის წინათ ჩავიქნიეთ ხელი და აღარ ვცდილობდით, ზანგისგან რამე შეგვეტყო. მსახური არავის ხმას არ სცემდა. იქნებ, არც მის ემილის. ჩახრინწული, ჟღრიალა ხმა გაუხდა, თითქოს დიდი ხნის დუმილით დაუჟანგდაო.
V
ყველაზე ადრე მისულ მანდილოსნებს ზანგი შესასვლელ კართან დახვდა. შიგნით შეუშვა და სახლი დახშულმა, შრიალა ხმებმა, გაფაციცებულმა, ცნობისმოყვარე თვალებმა გაავსო. მერე ზანგი გაჰქრა. სახლი გადაჭრა, უკანა მხრიდან, სამზარეულოდან გავიდა გარეთ და აღარავის უნახავს.
ორი ნათესავი ქალი მაშინვე ჩამოვიდა. დაკრძალვა მეორე დღეს დანიშნეს. მთელი ქალაქი მოვიდა ყვავილებში ჩაფლული მის ემილის სანახავად. კუბოს თავთან, - მანდილოსნების შრიალსა და პირქუშ, დამძიმებულ ჩურჩულს მიღმა - ფიქრებში წასულიყო მამამისის ფანქრით ნახატი სახე. წინკარსა და ეზოში ბერიკაცები ისხდნენ. რამდენიმე მათგანი ჯაგრისით ახლად გაკრიალებულ კონფედერატთა ფორმაში გამოწყობილიყო. ისხდნენ და ისე საუბრობდნენ მის ემილიზე, თითქოს მათი ტოლი და სწორი ყოფილიყოს; ალბათ ახლა თვითონაც სჯეროდათ, რომ მასთან უცეკვიათ და უარშიყიათ; ისხდნენ და თავდაყირა აყენებდნენ დროს თავისი მათემატიკური სიზუსტით - როგორც ბებერებს სჩვევიათ; მათთვის წარსული უკან მოტოვებული გზა კი არ არის, თანდათან რომ იკარგება უსასრულობაში, არამედ ვეება მინდორია, რომელსაც ზამთარი ვერ ეკარება, და დღევანდელობიდგან მხოლოდ ბოთლის ყელივით ვიწრო გასასვლელი ჰყოფს.
უკვე ვიცოდით, რომ იმ სამფლობელოში, კიბის თავზე, იყო ერთი ოთახი, სადაც ორმოცი წელი არავის შეეხედა. ამ ოთახში ჩარაზული კარი უნდა შეემტვრიათ. ოღონდ მოიცადეს, სანამ მის ემილის პატივს მიაგებდნენ.
დიდი წვალებით შეგლეჯილმა კარმა წლობით დაბუდებული მტვერი ააბორიალა. მძაფრი, აკლდამისებრი ჰაერით გაჟღენთილი ოთახი თითქოს საქორწინოდ იყო მორთული და გაწყობილი. ყველაფერი მტვრის სქელ ფენას დაეფარა - გახუნებული, ვარდისფერი ფარდები, ვარდისფერაბაჟურიანი ნათურები, ტრიუმოზე კოხტად ჩაემწკრივებინათ ნატიფი ბროლის ფლაკონები და მამაკაცის პირსაბანი ნაკრები. თითოეულ ნივთს ვერცხლის ზურგი ჰქონდა - ისეთი დაბინდული ვერცხლისა, რომ მონოგრამა აღარ იკითხებოდა. შორიახლოს საყელო და ჰალსტუხი ეგდო, თითქოს ახლახან მოიხსნესო. როცა აიღეს, მათ ადგილას, მტვერზე, ნახევარმთვარე დარჩა. სკამზე გადაკიდებული იყო გულმოდგინედ დაკეცილი კოსტუმი, იატაკზე ორი ფეხსაცმელი იდო, გვერდით წინდები ეყარა.
თვითონ კაცი საწოლში იწვა.
კარგა ხანს ვიდექით და უძრავად დავცქეროდით საზარელ, უსიცოცხლო ღიმილს. როგორც ჩანს, კაცი ერთ დროს ვიღაცას მოხვევია, მაგრამ უსასრულო ძილს, სიყვარულზე მეტხანს რომ ცოცხლობს და სიყვარულის გამომეტყველებასც კი ისაკუთრებს, გაუცურებია და სატრფო წაურთმევია. ის, რაც ამ კაცისგან დარჩა, ღამის საცვლის ნარჩენებს ქვეშ გახრწნილიყო და სამუდამოდ საწოლის ნაწილად ქცეულიყო. თვითონაც და ბალიშიც მის გვერდით, ყოვლისგამძლე და ყოვლისდამთრგუნველ მტვერში გახვეულიყო.
მერე მეორე ბალიშზე თავის ნაკვალევი შევნიშნეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა იქიდან რაღაც აიღო; ოდნავ წინ გადავიხარეთ, ნესტოებში უხილავი მტვრის მშრალი, მძაფრი სუნი გვეცა და ფოლადივით რუხი თმის გრძელი კულული დავინახეთ.
თარგმნა: ნინო ქაჯაიამ