კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:01

სამსახურში


– უღრმესი მადლობა, ბატონო სიმონ, უღრმესი მადლობა, ანგარიში რომ გამიწიეთ... განა არ მესმის. ამ დროს, როცა ყველაზე მეტი სამუშაო გვაქვს, ორი კვირით უფასო შვებულება რას ნიშნავს... ეს ჩემი გამოუვალი, მართლაცდა გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, როგორ შეგაწუხებდით...

უღრმესი მადლობა, რა დამავიწყებს... ოღონდ, რაკი ასეთი მადლი მოისხით, ერთ თხოვნასაც შემოგკადრებთ: არ მინდა ჩვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ, სადაც მივდივარ. ხომ იცით, შემოდგომაა, ყველას სოფლისკენ მიუწევს გული, იქ, სოფელში რომ ვინმე მესტუმროს, ახლა ამის დრო არ მექნება, ხომ აგიხსენით, დედაჩემი რა დღეშიც ჩავარდნილა...

ჩალოგინებულ მოხუც ქალთან რა სტუმრობის დროა, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც დაემართოს, ეჰ, მოხუცია, მაგრამ ამის გაფიქრებაც კი მზარავს, თქვენც ხომ გესმით, ბატონო სიმონ, დედას ვინ შეგვიცვლის, ვიდრე დედა ცოცხალი გყავს, არც ობოლი ხარ და არც მიუსაფარი, უდედოდ კი... რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ...

ეჰ, თქვენც ხომ შარშან დაკარგეთ დედა... ახლა ყველას რომ ვუთხრა, რისთვისაც მივდივარ: დედა მყავს მძიმედ ავად და უნდა მივხედო-მეთქი, ხომ იცით, შეწუხდებიან: ვინ წამალს შემომთავაზებს, ვინ ექიმს და არც ეგ მინდა... არ მინდა ხალხის აფორიაქება, ხომ გესმით...

ამიტომ ძალიან დამავალებთ, თუ ამაშიც შემიწყობთ ხელს... დაე, იცოდნენ, რომ მივლინებაში წავედი... დიდი მადლობა, ბატონო სიმონ, უღრმესი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, აბა, სულ კარგად...


ოჯახში


– ხვალ მივლინებაში მივდივარ ორი კვირით. სოხუმში. ჰო, ჩამილაგე, ბევრი არაფერია საჭირო, კარგი ამინდები ყოფილა. ლაბადა არ გინდა... არა. ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, დაიმახსოვრე: თუ ვინმემ დამირეკოს, თუ კი არა, ხომ იცი, დარეკავს ვინმე, არავისთან წამოგცდეს, სოხუმში არისო...

ამ ხანებში იქით რომ მოუწიოს ვინმეს წამოსვლა, ვიცი, მინახულებენ, შემოივლიან და ახლა მე სმისა და ქეიფის თავი არა მაქვს. თანაც, მართლა ბევრი საქმე მაქვს მოსაწესრიგებელი.

უფროსმა განსაკუთრებით მთხოვა... ასე უთხარი, კისლოვოდსკშია დასასვენებლად-თქო... დაიწყე უკვე ჩალაგება, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე, აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი...


არც ოჯახში, არც სამსახურში


– რა გაძლებს ორი კვირა უშენოდ... ავდგეთ. ჩავიცვათ. თუმცა შენ იწექი, თუ გინდა. დროზე უნდა მივიდე შინ, გასამზადებელი ვარ, ნეტავი ერთად მივდიოდეთ სადმე როგორც შარშან... ეჰ, სხვა ქალაქში რომ მივდიოდე, ნამდვილად წაგიყვანდი, მაგრამ ქუთაისში არ გამოვა, შენც ხომ იცი...

როგორ მეზარება, რომ იცოდე... რაღა ახლა მოუნდათ იმათაც მემკვიდრეობის დამტკიცება... თვითონ აღარაფრის თავი არა აქვთ, ჩემს სიდედრსა და სიმამრს, და მე მომიწევს ყველაფერზე სირბილი, ხომ გესმის... მაგრამ რას ვიზამ... პატარა მემკვიდრეობას კი არ ეხება საქმე.

რა გაძლებს ეს ორი კვირა იმათთან სახლში... სხვაგან... ერთად წავიდოდით, მაგრამ მანდ... მთელი ქალაქი ჩემი ცოლის ნათესავებით არის სავსე... აბა, არ მოიწყინო... ასე... ერთხელ კიდევ, ასე... დაგირეკავ აუცილებლად, კარგად იყავი, ჩემო ძვირფასო...


ქუჩაში


– გამარჯობა!

– გაგიმარჯოს!

– როგორა ხარ? რამდენი ხანია აღარ მომიკრავს შენთვის თვალი!

– არა მიშავს. შენ როგორ გიკითხო?

– რა ვიცი, მართლა კარგად გამოიყურები: შორიდან გიყურებდი, ისე მოაბიჯებდი, სადმე კარგ ადგილას რომ მიიჩქარის კაცი.

– მართალია, მადრიდს მივემგზავრები.

– აუჰ! როგორ მოახერხე?

– თუ ძალიან მოინდომებ, ხომ იცი... მთელი ცხოვრების ოცნება მისრულდება! ესპანეთი, მადრიდი! ჩემი სიგიჟეა!

– აბა, შენ იცი, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!

– გმადლობთ, გმადლობთ... კეთილად მენახე!


საავადმყოფოში


– უკაცრავად, შეიძლება მთავარ ექიმთან შესვლა?

– მობრძანდით, სწორედ თავისუფალია.

–  ო-ო-ო-ჰ! ამას ვის ვხედავ! მართლა შენა ხარ? არა, მართლა შენა ხარ? მოიცა ერთი, კარგად შეგხედო! რა ქარმა გადმოგაგდო! რა ჭკუამ გიკარნახა?! კაცი ხარ შენ და სინდისის რამე გცხია?! ბიჭო, ერთხელ მაინც როგორ არ გაგახსენდი, რა იშოვე ამ ქალაქში ამისთანა, ერთ მერხზე მაინც არ გაგვეტარებინოს შვიდი წელი! აღარ გახსოვს, შე უსინდისო, შენა?! დაჯექი. დაჯექი. მოიცა, ერთი კარგად შემოგხედო, როგორ გამოცვლილხარ...

– უნდა მიშველო, გოგი, ცუდად არის ჩემი საქმე!

– რა იყო, რა დაგემართა! თუკი რამე შემიძლია...

– რა დამემართა! ჰე, ეგ რომ ვიცოდე... ნერვები მღალატობს, გესმის, ნერვები! არავის დანახვა აღარ შემიძლია. გესმის? არავის. არავის. არავის ხმის გაგონება. სახე. ხმა... არავისი... დავიღალე, გადავიღალე... აღარ მინდა...

ხომ მაქვს უფლება, დავიღალო? ცოტა ხანს მინდა ჩემთვის ვიყო. სულ მარტო. სულ მარტო. სიჩუმე მინდა. გესმის? სიჩუმე. არ შეიძლება? გეკითხები, არ შეიძლება, კაცს სიჩუმეში მოგინდეს ყოფნა?!

ტირილი დამჩემდა, გესმის? ტირილი! თან ისეთ რამეზე, ისეთ სისულელეზე ავზლუქუნდები, რომ ლამის გულზე გავსკდე: ვთქვათ, ვუყურებ ტელევიზორს და დიქტორი აცხადებს ხმამაღლა და საზეიმოდ: "მოდის რუსთავის ფოლადი!" და გადმოინთხევა ფოლადის ლავა და გადმომეღვრება მდუღარე თვალებიდან. ვზივარ და ვქვითინებ! რა ეშმაკი მატირებს, გეკითხები?

მეორე წუთს აჩვენებენ სადღაც რაღაც ომს, ხალხი ერთმანეთს ხოცავს, ესვრის, ახრჩობენ, წვავენ და ვზივარ პირგამეხებული, ძარღვი არ შემიტოკდება! რაღაც არევ-დარევაა ჩემს ფსიქიკაში, მთლად მოვიშალე. დანარჩენს მერე მოგიყვები.

ახლა სახლიდან ვარ წამოსული, ზოგმა იცის, რომ მივლინებაში ვარ, ზოგს დედაჩემთან ვგონივარ სოფელში. ერთი სიტყვით, უნდა მიშველო, ეგებ შენთან დამაწვინო და ცალკე პალატა მომიხერხო... არადა, არ ვიცი, არ ვიცი, რა მომივა...

– მაგას რა უნდა! კარგია, რომ გაგახსენდი. მესმის. მესმის. ნერვები! ჰე, ახლა ისეთი დროა. ყველა-ყველა და მე როგორ ვერ გაგიგებ! მე თვითონ... ჩვენში დარჩეს და, როცა ვნერვიულობ... ყველგან თაგვები მელანდება! გეუბნები, პატარა, შავი თაგვები...

აი, ჩემი კაბინეტის გვერდით ერთი ოთახი გვაქვს თავისუფალი. ადრე იქ იყო ჩემი კაბინეტი, რემონტის შემდეგ ამ ოთახში გადმოვედი, ის ცარიელი დარჩა... არც ვიცი, რისთვის გამოვიყენო... იქ მოგათავსებ. დივანიც დგას, სავარძლებიც. წყალიც აქვს ცალკე, შხაპიც და სხვა რამეც. თუ გინდა, სულ ნუ გამოხვალ გარეთ: კაციშვილი არ შეგაწუხებს. იქნები ღმერთივით.

ფანჯრები ბაღში გადის, დიდებული ბაღი გვაქვს, სხვათა შორის, ეს საავადმყოფო ამ ბაღის გულისთვის ააშენეს აქ. ჩვენს ავადმყოფებს იქ სეირნობის თავი არა აქვთ. 3-4 საათის შემდეგ სულ ცარიელია. შეგიძლია, იქაც ისეირნო. ვეტყვი და საჭმელს გარეთ დაგიტოვებენ, კართან, თუ გინდა სულ ნუ გამოხვალ... როცა მოგშივა, შეიტანე და ჭამე.

ჰა, რას იტყვი... ოღონდ ერთადერთი... ავადმყოფის პიჟამო უნდა ჩაიცვა. თვალში არავის მოხვდეს მაინც, ხომ იცი... სხვა არაფერი მოგეთხოვება!

– შენი ჭირიმე, გოგი!


უნომრო პალატა


როდესაც მთავარმა ექიმმა, იგივე ბავშვობის მეგობარმა, მცირე თათბირისა თუ წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ ოთახი დატოვა და ბოლოს და ბოლოს, მარტო დარჩა ის, ვინც სოფელში, სოხუმში, კისლოვოდსკში, ქუთაისსა და მადრიდში ერთდროულად იყო გამგზავრებული - ამ მრავალი მიმართულებით (უფრო კი, როგორც ჩანს, საკუთარი თავისაკენ) წასულმა ადამიანმა თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა თბილისის ერთი შორეული უბნის შედარებით სუფთა ჰაერი, მთელი სხეულით შეიწოვა ოთახში გამეფებული სიჩუმე (დერმატინის შავი, სქელი კარი ჩქამსაც არ უშვებდა დერეფნიდან), რომელიც ფანჯარასთან შეუმჩნევლად გადადიოდა ბაღის შრიალში და სალბუნად ეფინებოდა მის გადაღლილ ნერვებს...

უზომო ნეტარებით დაემხო საწოლზე და ჩაეძინა ღრმა და - მშვიდი ძილით, ძილით, შვებას რომ მოაქვს. სიზმარში კი ხალისიანად ადგა საწოლიდან, სტვენა-სტვენით ჩაალაგა პატარა, ლამაზი ჩემოდანი, გავიდა აეროპორტში, ელეგანტური ხელის ქნევით (რომელსაც მოუხდებოდა შეძახილები: "გუდბაი, მაი დარლინგ!" უფრო კი "ადიოს, მი ამიგოს") დაემშვიდობა ნაცნობ-მეგობრებს, მსუბუქად შედგა ფეხი ტრაპზე და გაემგზავრა მადრიდს... მადრიდში ჩავიდა თუ არა, გამოეღვიძა...

ადგა, ფანჯარასთან მივიდა, ხეების ოდნავ მოქანავე კენწეროებს მიაჩერდა და მშვიდად და აუჩქარებლად დაიწყო ფიქრი: ადრე მადრიდს არასოდეს ხედავდა სიზმარში. ყოველთვის ცხადში მიემგზავრებოდა იქ. იქაც და მადეირას კუნძულებზეც, წითელი ზღვის სანაპიროზე და კუნძულ ერომანგაზე ან ესპირიტუ სანტოზე.

რა იყო ამაზე ადვილი! საკმარისი იყო ავტობუსის ფანჯარასთან მოხვედრილიყო, რომ თვალს სივრცე ჰქონდა გასაშტერებლად. ვიდრე ავტობუსი ვერიდან საბურთალოს ბაზრამდე გააღწევდა, ორი-სამი პატარა კუნძული უკვე შემოვლილი ჰქონდა: ნავით შორს გადიოდა ოკეანეში, თევზს იჭერდა, დიდხანს ეხეტებოდა ფეხშიშველი კუნძულის ქვიშიან ნაპირზე, ოკეანის მწვანე ქაფი წვივებს ულოკავდა, უცქეროდა კუნძულის საკვირველ ხეებს, უსმენდა უცხო ჩიტებს და უცხო სიტყვებს... მერე კი, ღამით, იდგა ვარსკვლავებით გადაბდღვრიალებული ცის ქვეშ, ნაპირზე, უყურებდა ცა როგორ ირწეოდა ოკეანის მრუმე-მწვანე სარკეში... უყურებდა და უყვარდა.

უსმენდა ოკეანისა და კუნძულის ენით გამოუთქმელ მუსიკას და... გული უდნებოდა სიყვარულისაგან... ის ისილებოდა ამ სიყვარულით, ქროლდებოდა, აღარ იყო, მიფარფატებდა და ერეოდა ოკეანის ოდნავ სველსა და ოდნავ მკვრივ ჰაერს.

მას უყვარდა ოკეანე და მხოლოდ აქ შეეძლო ყვარებოდა მთელი სამყარო... ყველა კუნძულს თავისი მუსიკა ჰქონდა. ეს მუსიკა ისე ერთვოდა ოკეანის ხმადაბალ სიმღერას (რომელიც მხოლოდ ძლიერი, უზარმაზარი, ლურჯი და მწვანე ხმოვნებისაგან შედგებოდა: აიააეიო - ოაა, იოოო, - უუა), როგორც კუნძულის მიწას ლოკავდა ოკეანის წყალი...

ეს მუსიკა სრულიად აშკარად ესმოდა მას, ქარივით შრიალით წამოიმართებოდა, და უხმიანებდა სმენის საიდუმლო წიაღში... (ამ დროს ავტობუსი დიღმის მასივს უახლოვდებოდა ხოლმე...). ბოლოს ემშვიდობებოდა "თავის" პატარა საყვარელ კუნძულებს და მიეშურებოდა მოგზაურობის საბოლოო მიზნისაკენ - ყოველი მოგზაურობა, სად და როგორც არ უნდა დაწყებულიყო, ბოლოს ესპანეთით მთავრდებოდა, რაც თავად მოგზაურისთვისაც აუხსნელ გამონაკლისს წარმოადგენდა.

მას არ იზიდავდა დიდი და ცივილიზებული სახელმწიფოები. მისი გული შორეულ, უცხო და პატარა კუნძულებს ეკუთვნოდა (ეგებ იმიტომ, თვითონაც პატარა ქვეყნის შვილი რომ იყო), მაგრამ ესპანეთი, მადრიდი ყოველგვარ გზათა შესაყარად ექცა თავიდანვე, იმ შორეულ გზათა, მისი ოცნების ფერადი რუკა ცისფრად რომ დაექსელათ. მადრიდში თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში (განსხვავებით თბილისისაგან, სადაც თავს არასდროს გრძნობდა შინ.

აბა, როგორ უნდა იგრძნო შინ თავი, როცა ყველა გიცნობს და ყველა, რატომღაც ცუდი აზრისაა შენზე. ის არა სჯობია, სასიამოვნო მანძილიდან რომ გიცნობენ, და თუ შენზე არ გიჟდებიან, საწინააღმდეგოც არაფერი აქვთ. დაგინახავენ და მხიარულად დაგიქნევენ ხელს).

ის მსუბუქად მიდიოდა მადრიდის ქუჩებში. გადაივლიდა ხიდს, სადაც ყოველთვის ქროდა ქარი, საყელოს მაღლა უწევდა და თმას უფრიალებდა... ქუჩის მეორე მხარეს ახლად გაცნობილ მოხუცებსა და ბავშვებს შეუძახებდა. ისინიც მხიარულად პასუხობდნენ: "Buenos dias, amigo!"

გვერდით ახალგაზრდა ქალი ჩაივლიდა ტანის რწევით, შავი, წელში გამოყვანილი კაბის შრიალ-ფრიალით, მხრებზე დაყრილი თმებითა და ღრმად ამოჭრილი გულისპირით, სადაც ხორბლისფერ კანზე მკერდის ღართან მზეზე მოლაპლაპე ვერცხლის ჯვარი თრთოდა: - "Como es bella esa Seniorita!" "რა მშვენიერი ხართ, სენიორიტა!" შესძახებდა ის ალალი აღტაცებით და ქალი, როცა გასცდებოდა, გაიღიმებდა.

მერე კი ის მოედანი, სადაც დიდებული მწერლისა და მისი უკვდავი პერსონაჟების ქანდაკება იდგა... აქ კი გიტარა ყოვლად აუცილებელი იყო და მასაც ყოველთვის თან ჰქონდა... დადგებოდა მოედანზე და იწყებდა სიმღერას.

ასევე, აუცილებელი გახლდათ აქ ქარი (თმას უფრიალებდა). ის მღეროდა ძალიან მღელვარე და მელოდიურ სიმღერას ესპანურად. მსმენელთ მოუთხრობდა იმ ქვეყანაზე, საიდანაც იყო და იმ კუნძულებზე, რომლებიც მადრიდამდე შემოიარა.

ამ გრძელი სიმღერების მგრძნობიარე რეფრენი გახლდათ, თავიდან - "ყველგან სევდაა და ყველგან სიხარული, ყველგან - დაბადება, ყველგან - სიკვდილი, ყველგან ტირიან და ყველგან მღერიან. მაშ, მოდით, ვანუგეშოთ ერთმანეთი, მოდი, გავუღიმოთ ერთმანეთს".

ბოლოს: "და მე მოვედი თქვენთან"... ის მღეროდა თავის აუხსნელ სიყვარულზე ესპანეთისადმი. ხალხი მატულობდა ირგვლივ: ისე შესცქეროდნენ, როგორც ნისკარტში პალმის რტოგარჭობილ მტრედს. ხელს უქნევდნენ აღტაცებულნი. გაისმოდა სიმპათიის გამომხატველი შეძახილები: "შეხედეთ, სულ ესპანელს ჰგავს!"


* * * * * * *

თუ მართლა არსებობენ ადამიანთა მარადიული ტიპები, რომლებიც ყველა ეპოქაში შესაბამისი სახით იბადებიან, მაგალითად, ქადაგები, მისიონერები, ტირანები თუ მმართველები, პოლიტიკოსნი და მოძღვარნი (რამეთუ, ამბობენ, ადამიანთან ბუნებასა და მიდრეკილებებს, ამის შესაბამისად, ბედ-იღბალსაც ჩვენი მარადიული მნათობების გამოშუქება და ზეგავლენა განსაზღვრავსო), მაშინ რაღა ფიცი და მტკიცი სჭირდება, რომ სანდრო ლიჩელი დაუცხრომელ მოგზაურთა კასტას ეკუთვნოდა. სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო: ის რომ კოლუმბისა და ამერიგო ვესპუჩის თანამედროვე ყოფილიყო და პირველ დიდ მოგზაურობათა და აღმოჩენათა ეპოქაში ეცხოვრა (თუკი თავისი ბედკრული ქვეყნის გადამკიდეს ეკონომიურად არ შეეშლებოდა ხელი), აუცილებლად აღმოაჩენდა რომელიმე ქვეყანას და შეიძლება კოლუმბი თუ ვესპუჩი სულაც პირში ჩალაგამოვლებული დაეტოვებინა. მეტი რაღა საბუთი გინდათ: დაჯდებოდა ან დაწვებოდა თუ არა, მაშინვე სამოგზაუროდ მიეშურებოდა: კუნძულ ტანგატაპუსა თუ ვანუა-ლივიზე. არაფერი არ უნდოდა ამ ცხოვრებისაგან და თავისი გულუბრყვილობის გამო, სულაც არ ახსენდებოდა, რომ სამაგიეროდ მოგზაურობას უნდოდა ბევრი რამ და სულ მოკლე მგზავრობისთვისაც კი (თუნდაც თბილისიდან ასპინძამდე) საჭირო იყო სულ ცოტა: ფული, ბილეთი, დრო და უფლება. მაგრამ მსგავსი უმნიშვნელო ფაქტორებისაკენ სანდრო ლიჩელის ლაღად მოფარფატე სულს ერთხელაც არ ჩამოუხედია.

ეჰ! პოეტებო და მოგზაურებო! ეჰ! არტისტული სულის ადამიანებო!

მას გაცილებით დიდმნიშვნელოვან აუცილებლობად მიაჩნდა, მაგალითად, გიტარა და ესპანური სიმღერების ცოდნა: შეიძინა გიტარა, შეისწავლა დაკვრა, ესპანური სიმღერები და იმდენი ესპანური, რომ ხალხს დამეგობრებოდა (რადგან გაქცევით, აბა, რატომ უნდა გაქცეულიყო ვინმე მისგან!). სხვადასხვა ესპანურ ფრაზებს, ფრაგმენტებს სიმღერებიდან და ცნობილი ლექსებიდან ის შემოქმედებითად აერთიანებდა, რათა ზუსტად გამოეხატა თავისი გულისნადები (საერთოდ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანდრო ლიჩელის ამ ესპანური ვარიაციების გრამატიკულ სისწორეზე თავს ვერ დავდებ. მათი ემოციური გამომსახველობა კი აშკარაა). დიახ, შემდეგ ქარი ისევ აუცილებელი გახლდათ, როგორც გიტარა. ქარს იმ დღეს უნდა ექროლა, როცა ის მადრიდის ერთ-ერთ ხიდზე გადადიოდა და სერვანტესის ძეგლისაკენ იღებდა გეზს: რადგან არც ერთხელ არ დაუნახავს ეს კადრი ისე, რომ მის თმას ქარში არ ეფრიალა.

სანდრო ლიჩელს არ ახასიათებდა ფილოსოფიური თვითანალიზი და თვითჩაძიებები, თორემ ეგებ კიდეც გაჰკვირვებოდა თავის ეს ახირება-აკვიატება (რაც ისევე ბუნებრივად მიაჩნდა, როგორც სამსახურში დაგვიანება) და ასეთი ღრმააზროვანი კითხვები დაესვა საკუთარი პიროვნებისათვის:

"ვინ ვარ მე და რატომ მეძახის წყნარი ოკეანე და ესპანეთი?"

"რატომ მაინცდამაინც მადრიდი და არა ვაშინგტონი, ანდა ადის-აბება?"

"რას ეძებს, რა უნდა ადამიანის უკვდავ სულს, ამ თავნება, მოუხელთებელ ფრინველს, რომელიც დაჟინებით მიმოქრის პლანეტებსა და კონტინენტებს შორის, სხეულსაც იქით ეწევა და სულაც არ დაგიდევს გრავიტაციისა თუ სივრცეში მოძრაობის კანონებს. არც სატრანსპორტო, მატერიალურ, პოლიტიკურ თუ ოჯახურ (დიახაც ანგარიშგასაწევ) ფაქტორებზე ფიქრით იცხელებს თავს, მაგრამ სანდრო ლიჩელი არავითარი კითხვებით არ აწუხებდა საკუთარ არსებას და მხოლოდ ანებივრებდა მშვენიერი მოგზაურობით.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ იმ პატარა კუნძულების საქმე ცოტა სხვაგვარად გახლდათ: გარკვეულად მათი სახელების ჟღერადობამაც განაპირობა, რომ ისინი სანდრო ლიჩელის საყვარელ კუნძულებად იქცნენ (თორემ წყნარ ოკეანეში ბევრი სხვა პატარა კუნძულიც იყო, მაგრამ სანდრო ლიჩელი იქ გამგზავრებას არ აპირებდა), რადგან ამ კაცზე მაგიურად მოქმედებდა ზოგიერთი სიტყვა. აბა, როგორ არ შეუხტებოდა გული, როცა პირველად შემოესმა მათი სახელები: "ერომანგა", "მოროტაი", "შუაზელ", "მარაუტა"... ლიჩელი მთლიანად შეიპყრო ამ სიტყვათა ჯადოსნურმა ჟღერამ, მაგრამ ისევე არასდროს უცდია მათი მნიშვნელობების გარკვევა, როგორც ამ კუნძულების გეოგრაფიული პირობების შესწავლა. მისთვის სრულიად საკმარისი იყო იმის დადგენა, რომ ისინი ისევე იყვნენ გაფანტულნი სადღაც წყნარ ოკეანეში, როგორც წვრილ-წვრილი ვარსკვლავები დიდ-დიდ მნათობებსა და ნისლეულებს შორის. ამ კუნძულებზე სანდრო ხედავდა მღვიმეებსა და შიშველ ქარაფებს, მელანივით მუქ ტბებსა და მათ ნაპირზე ყვითელ ნაყოფებიან უცხო ჯიშის ხეებს, ძოწისფრად რომ იღებებოდნენ ჩამავალი მზის ნათელში.

საერთოდ, რაც შეეხება გეოგრაფიულ განსწავლულობას, ამ საკითხში სანდრო ლიჩელის საქმე ცოტა თავისებურად გახლდათ. თუ ის სიზუსტეს გამოიჩენდა საკუთარი ცნობიერების მიმართ, უნდა ეღიარებინა, რომ მისი გეოგრაფიული წარმოდგენები იმ ბავშვის გაკვირვების საფეხურზე დარჩენილიყო, რომელსაც ვერაფრით ვერ გაუგია, რატომ ძირს არ ცვივიან ქალაქები და ადამიანები, თუკი დედამიწა ბურთივით მრგვალია და თანაც ტრიალებს! მაგრამ რა გულუბრყვილობა იქნებოდა, თუკი ვინმე დაასკვნიდა, სანდრო ლიჩელი გაუნათლებელი კაცი ყოფილაო; ლიჩელი ფრიად ნაკითხი გახლდათ და საშუალო სკოლაც ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, დამსახურებულ ოქროს მედალზე. მაშასადამე, გეოგრაფია და ფიზიკა-გეომეტრია მშვენივრად ჰქონდა შესწავლილი, მათი კანონებიც კარგად მოეხსენებოდა. მაგრამ, მერე რა? ის ცოდნა ცალკე არსებობდა და ის გაკვირვება - ცალკე, სულაც არ გამორიცხავდნენ ერთმანეთს.

დიახ, ვიმეორებ, სანდრო ლიჩელს არ ახასიათებდა თვით-ანალიზი, რომ შეკითხვა დაესვა თავისი თავისთვის: "ვინა ვარ მე და რატომ მეძახის უცნობი სივრცე?" მაგრამ თუკი სხვა ვინმე მოიცლის და იკითხავს ამას, თანაც საჯაროდ, ცხადია, იქ უამრავი პასუხი თუ ჰიპოთეზა იჩენს თავს:

მაგალითად, ვინმე უდარდელი ხელს აიქნევს და ჩაილაპარაკებს, "კაცია და გუნებაო", და, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დიდებულია ეს ხალხური ფორმულა, ასე საყვარლად რომ იცავს ადამიანის ინდივიდუალობას, პიროვნების თავისუფლებას და ასე შემდეგ (რასაც, ცხადია, მხოლოდ თამამი სულის პატრონი წამოიძახებდა თავის დროზე), ამ შემთხვევაში საკითხის გადაჭრად ვერ ჩაითვლება.

ვიღაცას გენეტიკის შემოქმედებითად განვითარებული თეორია გაახსენდებოდა და დაუშვებდა, რომ სანდრო ლიჩელს თავის წინაპართაგან მხოლოდ მოგრძო, თხელი ცხვირი და მარჯვენა ფერდზე კვერცხის ფორმის ლაქა კი არ ჰქონდა გადმოცემული, არამედ, აი ეს ლტოლვაც გარკვეული ქვეყნებისაკენ მათგან მიღებულ მემკვიდრეობად უნდა ჩაეთვალა, ერთგვარ ესტაფეტად, ვინ იცის, რამდენი თაობის მანძილზე თაობათა გარკვეული ინტერვალებით რომ გადაეცემოდა მათი გვარის ზოგ-ზოგ შთამომავალთ. ეგებ რომელიმე მისი შორეული წინაპარი, იქნებ სწორედ ის, ვისაც კვერცხის ფორმის ყავისფერი ლაქა ჰქონდა მარჯვენა ფერდზე, ბედისწერამ ესპანეთში მოახვედრა. და მერე მუდამ თან დაჰქონდა ამ ქვეყნის ხატი? ან ეგებ აფრებიანი ხომალდით ჩაუვლიდა ხოლმე იმ პატარა კუნძულებს? ეგებ ამ კაცს სატრფო ჰყავდა მადრიდში, რაღაც განგების ძალით იქ მოხვედრილი ქართველი ასული და დღენიადაგ ამ ქალაქისაკენ ისწრაფოდა იმისი გული? ეგებ მისი ასრულებული თუ აუსრულებელი სურვილები იყო იმ ყავისფერ ლაქასთან ერთად რომ გასრიალდა ლიჩელების გვარის ფიზიკურ თუ სულიერ კაპილარებში? ვინ იცის.

ხოლო სხვა მრავალგანსხეულების ეგზომ მანუგეშებელ მოძღვრებას გაიხსენებდა, რომელიც ასე ამღელვარებს ადამიანის წარმოსახვას და ფანტაზიას, საოცარი ვარაუდებისაკენ უბიძგებს მას, და იტყოდა: რომ მისი წინაპარი კი არა, შეიძლება თავად სანდრო ლიჩელი იყო რომელიმე წინა ცხოვრებაში მადრიდის მოქალაქე, სულით და ხორცით ესპანელი, ვინმე ხოზე დე მორა თუ გარსილასო დე ლა ვეგა; ვინ იცის, ეგებ თავად აგებდა მადრიდის ქუჩებში ქვაფენილს ან აშენებდა ტაძარს ან სახელი ჰქონდა განთქმული როგორც მოხეტიალე მომღერალ-ხუგლარს? ეგებ ესპანელი ზღვაოსანი იყო და განძი ჰქონდა ჩამარხული წყნარი ოკეანის რომელიმე იმ პატარა კუნძულზე? ან ეგებ რუი დიასის ლაშქარში კასტილიის განთავისუფლებისათვის იბრძოდა სულაც? და ვის გაუკვირდება, დაუდგრომელი ესპანელი ქართველ კაცად რომ დაბადებულიყო მერე! ოღონდ, რატომ? - ეს კი განგების შეუღწეველ ლაბორატორიაში მიმდინარე ამოუხსნელ რეაქციად უნდა ჩაითვალოს.

მავანი უფრო შორს წავიდოდა. უფრო ძველ, უფრო უცნაურ და პოეტურ მოძღვრებას გაიხსენებდა და იტყოდა, რომ შეიძლება სანდრო ლიჩელი ოდესღაც სულაც თევზი იყო, დიდი, შავფარფლება, თვალსევდიანი თევზი და წყნარ ოკეანეში იმ კუნძულების წყალში ცხოვრობდა! ხანდახან ტალღას აჰყვებოდა, თავს დაადებდა კუნძულის ნაპირს და ფიქრობდა: "მიწა". ანდა შეიძლება ფრინველი გახლდათ, უძველესი დროის უცხო, უსახელო, მარტოსული ფრინველი და იმ პატარ-პატარა კუნძულებზე ბუდობდა. დაფრინავდა მათ თავზე და უცნაური კივილით აცილებდა ჩამავალ მზეს... ან ეგებ ამ უდაბური კუნძულების ცხოველი იყო, და მერე ესპანეთის რომელიმე მეფის სამხეცეში მოხვდა? ვინ იცის, ვინ იცის რას აღარ იტყოდნენ საკვირველი ჰიპოთეზების მოყვარულნი! ვინ იცის, საიდან მოდიოდა სანდრო ლიჩელის მოხეტიალე სული და რა შორი გზებით ჩასახლდა ერთი თბილისელი კაცის გამხდარ სხეულში? ხომ იმასაც ამბობენ: ყველაფერი მოგონებააო! ოცნებაც – ოდესღაც არსებულის მოგონებააო! ვინ იცის, სწორედ ის უშორესი ცხოვრების მოგონება იყო, ასე რომ ჩქეფდა მისი სულის ნისლეულში და ეძახდა, ეძახდა წყნარი ოკეანის შავ-მწვანე ღამეებისა და მარტოსული კუნძულებისაკენ.

ოღონდ, ნურავინ იფიქრებს, რომ სანდრო ლიჩელი, რაკი გაუთავებლად მოგზაურობდა და, მაშასადამე, უმეტესწილად თავისი ფაქტიური ადგილსამყოფელიდან ფაქტიურად შორს იმყოფებოდა, სამსახურზე გულარძნილი კაცი გახლდათ. სულაც არა! სწორედ პირიქით. ის დაწესებულების ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე და სერიოზულ მუშაკად ითვლებოდა. ესეც თქვენ! ანუ იმათ, ვისაც მარტივი მიზეზ-შედეგობრიობა უყვარს.

ვიცი, ხშირად მომიწევს სანდრო ლიჩელის დაცვა; ბარემ აქედანვე დავიჭერ თადარიგს და განვაცხადებ: ძალიან შეცდება ზოგიერთი გულუბრყვილო ან, რაც უარესია, ინტრიგანი, თუკი დაასკვნის: საქართველოზე გული ჰქონია აყრილი სანდრო ლიჩელს და თურმე სამუდამოდ სხვაგან ცხოვრებას ესწრაფვისო (რაც სანდრო ლიჩელისათვის სასიკეთო დასკვნა არ იქნებოდა). არამც და არამც! როგორც ქართველების უმრავლესობა, ისიც მეტისმეტად მტკიცედ იყო მიჯაჭვული სამშობლო ქვეყანაზე და ეს მიჯაჭვულობა მისი ბედისწერა გახლდათ, მისი სისხლი და ისტორია და ძალიანაც კარგად მოეხსენებოდა, აქ რომ კიდეც ფეხით დაეკიდათ (გამორიცხული, აბა, რა არის), სულერთია, სხვა ქვეყანაში მაინც ვერ გაძლებდა დიდხანს და იქ ცხოვრებას გემოს ვერ ჩაატანდა (რაც მრავალთა სამწუხარო გამოცდილებამაც დაგვიდასტურა). დიახ, მაგრამ სამშობლოსადმი მისი სიყვარული ისევე ბუნებრივი იყო, როგორც შორეული ქვეყნებისაკენ ლტოლვა. და შორეული ქვეყნების სიყვარული ისევე ბუნებრივი გახლდათ, როგორც ზღაპრებში მზეთუნახავის შეყვარება უნახავად. მერედა, რა უმნიშვნელო საგანი იქცეოდა ხოლმე იქ მეფისწულისა თუ რაინდის დაუცხრომელი ლტოლვისა და სულაც სიყვარულის მიზეზად: მზეთუნახავის სილამაზეზე შორიდან მოღწეული ხმები; ან უცბად სარკმელზე შემომჯდარი ჩიტის ნისკარტიდან ოთახში ჩამოფარფატებული მბზინავი თმის ღერი! უცნობი ქალის ერთი ღერი თმა! აბა, რას შეედრებოდა თმის ეს ერთი ღერი სხვადასხვა ჟურნალებში ნანახ ფერად ფოტოებს, თანამედროვე ფოტოხელოვნების ბრწყინვალე მიღწევებზე რომ მეტყველებენ და ასე ცოცხლად გვიჩვენებენ უცხო ქვეყნების კოლორიტულ ცხოვრებასა და ბუნებას, ან მით უმეტეს, ტელემოგზაურობას უშორეს ქვეყნებში შესაბამისი მუსიკის თანხლებით. და რა გასაკვირი იყო, რომ ადამიანს ამ სხვათა მოგზაურობის დროს რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები შეჰყვარებოდა და თავადაც აღძვროდა იქ წასვლის სურვილი? ხოლო რატომ მაინცდამაინც ეს ქვეყანა და არა სხვა, - ეს ისევ საიდუმლოდ რჩება.

ნურც იმას იფიქრებს ვინმე, თითქოს სანდრო ლიჩელისათვის ეს წარმოსახვითი მოგზაურობა ფუჭი დროსტარება იყო, ერთხელ და სამუდამოდ მოწყვეტილი რეალობას. არა! სანდრო ლიჩელი დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს მოგზაურობა, როცა იქნებოდა, შედგებოდა, ისევე როგორც, როცა იქნებოდა, პენსიაში გავიდოდა. რა აძლევდა ამ რწმენის საფუძველს? - მისივე სურვილის სიძლიერე, ის რომ, ეს სურვილი ასე თავისთავად, ბუნებრივად გაჩნდა და არსებობდა. აი, სწორედ ეს ბუნებრიობა. თვითონ სანდრო ლიჩელს, რაკი თვითანალიზი არ ახასიათებდა, არც ამ თავისი რწმენის რაობაზე უფიქრია. მაგრამ მას არც თავისი ცხოვრების აღწერა განუზრახავს ოდესმე და, მაშასადამე, მაინცდამაინც არ დამდგარა აუცილებლობის წინაშე: გაეცნობიერებინა საკუთარ განცდათა ძირები. რაკი მისი ამბის მოყოლა მე ვითავე, თავიც უნდა ავიტკივო და ლიჩელის განცდათა ფსიქოლოგიური საფუძველი რაღაცნაირად განვმარტო. ასე რომ, ესეც ჩემი ვარაუდი გახლავთ, თუ რატომ იყო სანდრო ლიჩელი დარწმუნებული, როცა იქნება წავალ იქ, სადაც მთელი ცხოვრება მივდივარო.

მაგრამ რაიმე გზის გამონახვა, "მიდგომ-მოდგომა", გაკითხვა-გამოკითხვა, იმ შორეულ კუნძულებს რომ თავი დავანებოთ, ესპანეთში მოგზაურობის განსახორციელებლად (სულ ცოტა საგზურის შესახებ კითხვა მაინც პროფკავშირებში) სანდრო ლიჩელს აზრად არ მოსვლია. საქმე ის გახლდათ, რომ მისი ეს დიდებული მოგზაურობა, საუბედუროდ (საქმისათვის), ყოველთვის იწყებოდა ერთი საბედისწერო ფრაზით და კადრით: "ერთ მშვენიერ დღეს ადგა და წავიდა", "ერთ მშვენიერ დღეს ესპანეთში გაემგზავრა", ისევე როგორც ქართული ზღაპარი იწყება მრავლისმეტყველი და უცვლელი ფორმულით - "იყო და არა იყო რა". "ერთ მშვენიერ დღეს"... მაშასადამე, ყოველგვარი ფსიქოლოგიური და პრაქტიკული შემზადების, აწონ-დაწონის, თხოვნის, ვედრებისა და ტანჯვა-წვალების გარეშე. გადაწყვეტილება და ასრულება ლამის ერთსა და იმავე დღეს, ან დიდი-დიდი ორი დღის მანძილზე ხდებოდა. და აბა, ამის შემდეგ, ყოველგვარი მოსამზადებელი სამუშაოები და წინასწარი ღონისძიებანი, რაც, თუ საქმეს ახლოდან შევხედავთ, რამდენიმე წლის მანძილზე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო (და არც არავითარ გარანტიას არ იძლეოდა საქმის წარმატებით დაგვირგვინებისა, რადგან, ჩვენში დარჩეს და, ესპანეთის საგზურს სანდრო ლიჩელამდე ვინ მიუშვებდა!), არ იქნებოდა წარმოსახვაში ასეთი მშვენიერი, მოულოდნელი და გულისგამახარი მოგზაურობის შებღალვა? კიდევ ვიმეორებ, სანდრო ლიჩელს მიზეზებზე ფიქრი არ უყვარდა და ამისათვის არ ეცალა: ისევ მე ვუშვებ ამას, ალბათ იმიტომ არ ირჯებოდა ოცნების განსახორციელებლად-მეთქი. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის ემზადებოდა თავისებურად და კეთილსინდისიერად: ისწავლა გიტარაზე დაკვრა, ესპანური სიმღერები და სალაპარაკო ენა (საერთოდ სანდროს ეგონა, რომ ყველა შორეულ და კარგ ადგილას ესპანურად ლაპარაკობდნენ. ხოლო ზოგჯერ მზად იყო, ისიც კი ჰგონებოდა, ჩიტებიც ესპანურად ჭიკჭიკებენო). დასამალი რაღაა და ბრტყელი ტყავის ქამარიც კი შეიძინა და ფართოფარფლებიანი ქუდი, ურომლისოდაც ერთი წამით არ შეეძლო საკუთარი თავის წარმოდგენა იმ კუნძულებზე. და კიდევ: ადგენდა სიებს, თუ რა საჩუქრები უნდა წაეღო მადრიდში (ამას ხმამაღლა რა ათქმევინებდა, მაგრამ გულში დარწმუნებულიც კი გახლდათ, რომ იქ ელოდებოდნენ კიდეც და უკვირდათ: ამდენი ხანი სად არისო) და წყნარი ოკეანის კუნძულებზე, უკეთუ იქ მოსახლეობა აღმოჩნდებოდა.

ასე გადიოდა წლები. არც უგუნებოდ, არც უნუგეშოდ... მაგრამ ეს კი ნამდვილად აღარ ვიცი, როგორ მოხდა ან როდის დაიწყო ამის მოხდომა: ერთ მშვენიერ დღეს სანდრო ლიჩელისათვის ცხადი გახდა, რომ ვერასოდეს გაემგზავრებოდა ვერც თავის კუნძულებზე, ვერც ესპანეთში. მასში ნელ-ნელა მომწიფდა ეს ეჭვი, დაახლოებით იმ დროს, ორმოც წელს რომ გადააბიჯა. თანდათან განმტკიცდა და ბოლოს რწმენად იქცა... როდესაც სანდრო ლიჩელმა ცხოვრების ლოგიკას უსწორა თვალი, საღად და, თქვენ წარმოიდგინეთ, ადვილად დაასკვნა: თუ საგზური გამოჩნდებოდა, არ იქნებოდა ფული, როცა იქნებოდა ფული, არ იქნებოდა საგზური, როცა იქნებოდა ორივე - არ მისცემდნენ შვებულებას, თუ იქნებოდა სამივე - უღალატებდა ჯანმრთელობა, როცა იქნებოდა ოთხივე - მოუკვდებოდა დედა, ავად გაუხდებოდა ცოლი ან თვითონ წაიღებდა წერილს ანუ გაემგზავრებოდა სამყაროს ყველაზე საინტერესო ქვეყანაში, გარკვეული მსოფლმხედველობის წარმომადგენელნი “მოუსავლეთს” რომ უწოდებენ.

როდის აუღო სანდრო ლიჩელმა ალღო ცხოვრებას? ეტყობა, როცა ერომანგადან ტონგატაპუსკენ მიცურავდა და მადრიდში ცნობილ მოედანზე მღეროდა - მისი გამოუცნობი არსების ერთი ნაწილი ძალიანაც ყურს უგდებდა ცხოვრების ხმას ან, უფრო სწორად, ბუზღუნს. და თვალს ადევნებდა, ყოველდღიურობის მტვერწაყრილი ჯაჭვები როგორ ხეხავდნენ ხალისით გათენებულ დღეებს და როგორ მიჰყრიდნენ ხოლმე საღამო ხანს დამტვრეული ეჟვნებივით სადღაც ორმოში. არ ვიცი, კიდევ რას ადევნებდა თვალს... მაგრამ უნებლიე ტირილიც მაშინ დაეწყო, როცა ორმოცდაშვიდ წელს მიუახლოვდა... დიახ. პირველად ტელევიზორის წინ დაემართა. ფრაზაზე: “მოდის რუსთავის ფოლადი!” შემდეგ “ღელავს მწვანე ზღვა!” და ჩაის თვალუწვდენელი პლანტაციები მოჩანდა კადრში. მერე სამსახურში კრებებზეც ემართებოდა. იჯდა და ტიროდა. შემდეგ უნებლიე სიცილი დაერთო ამას. თუ ტირილის დამალვა კიდევ რაღაცნაირად შეიძლებოდა, კაცს თვალების ანთება ანდა ალერგია (ეს უნივერსალური დაავადება, ამქვეყნად ყველაფრის გამოწვევა რომ შეუძლია) მოემიზეზებინა - სიცილს რაღაც უზამდით! დიახ, ხშირად იჯდა და სრულიად შეუფერებელ ადგილას ხითხითებდა. თუმცა ნუ გადავაჭარბებთ! ხალხი საკუთარი საწუხარით არის შეპყრობილი და ნერვებიც არავისა აქვს წესრიგზე. ასე რომ, ჯერჯერობით არავის ხვდებოდა თვალში სანდრო ლიჩელის სიცილ-ტირილი, არავის აშფოთებდა თავად მის გარდა.

აქ კი არ მინდა ავჩქარდე და დავიჟინო: სანდრო ლიჩელის ნერვიული მდგომარეობა მაინცდამაინც მოგზაურობაზე ხელის აღებამ გამოიწვია-მეთქი. დროში თანმიმდევრობა ხომ ყოველთვის არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. თანაც აქ მისი ცხოვრების ერთ მხარეზე გავამახვილეთ ყურადღება, მისი ერთი შინაგანი თავგადასავალი მოვყევით, მაგრამ რამდენი სხვა ასპექტიც ჰქონდა მის მრავალშტოიან ყოფიერებას: მხოლოდ მთელი ცხოვრების სრული სურათის შექმნით (ეს კი, აბა, ვის შეუძლია!) შეიძლება იმ სულიერი მდგომარეობის ახსნა, რისი წყალობითაც სანდრო ლიჩელი ბოლოს და ბოლოს მართლა გაემგზავრა: კვალის სრული აბნევითა და დაფარვით ორკვირიანი ნავსაყუდელის საძებნელად.

და აი, ახლა საავადმყოფოს უნომრო პალატის ფანჯარასთან იდგა და პირველად ჩაფიქრებოდა საკუთარი სულის უცნაურ “საქციელს”, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ წლების წინ დავიწყებულმა მოგზაურობამ სიზმარში გადაინაცვლა: სიმარტოვესა და სიჩუმეში პირველივე ძილის დროს ლიჩელი ისევ ესპანეთში გაემგზავრა... დიახ, იდგა და ფართო ფანჯრებიდან ბაღში იცქირებოდა, სადაც ვეება მუხები და რცხილები შრიალებდნენ და უსაზღვრო მადლიერებით იყო აღვსილი განგების მიმართ, რომ ბოლოს და ბოლოს სიმყუდროვესა და სიმშვიდეში მოახვედრა, რასაც ბოლო ხანებში ისევე ელტვოდა, როგორც ადრე წყნარი ოკეანის კუნძულებს. საერთოდ, სანდრო ლიჩელს უმადურობა არ ახასიათებდა: ახლაც ცრემლები დაუგორდა ლოყაზე. მაგრამ ეს ნევრასთენიით გამოწვეული კი არა, სიხარულის მსუბუქი ცრემლი იყო, უსაზღვრო თავისუფლების საუფლოში მოხვედრილი ადამიანის ცრემლი!

ახლა შეეძლო ფანჯარასთან მდგარიყო თუნდაც მთელი სამოცი საათი. იატაკზე დაწოლილიყო და სავარძელი მუცელზე დაედგა. მაგიდაზე ყირა გაეჭიმა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო, ფეხები ძირს ჩამოეკიდა და მთვარისათვის სახეში შეეცინა. ქაღალდის ჩიტები გაეფრინა ფანჯრიდან, ქაღალდის ბაყაყებით აევსო ოთახი. შეეძლო ემღერა, ეყმუვლა, ეკიკინა, ებუყბუყა... რასაც შეუდგა კიდეც ხალისით. შეეძლო დაღონებული ყოფილიყო, თუკი დაღონდებოდა, მშვიდად ეტირა და ბოლოს წაეკითხა სამი საყვარელი წიგნი, რომელთა წაკითხვაც ათი-თორმეტი წელი ამაოდ ნატრობდა და ცდილობდა (რა გულუბრყვილო და დაუკვირვებელი იქნება, ვინც არ დაიჯერებს, რომ ეს შესაძლებელია!). ახლა შეეძლო თუნდაც სამჯერ გადაეკითხა თითოეული. ვინ დაუშლიდა! მთავარმა ექიმმა მკაცრად გააფრთხილა ყველა, ცუდუბრალოდ არავის შეეწუხებინა “მისი უახლოესი ადამიანი და მძიმე პაციენტი, რომლის გამოკვლევა-მკურნალობას თავის თავზე იღებდა”.

ეს ოთახი დერეფნის მყუდრო მოსახვევში მდებარეობდა, მთავარი ექიმის კაბინეტის გვერდით. ამ მოსახვევში უსაქმოდ ისედაც არავინ უხვევდა, ისე რომ, დერმატინის მძიმე კარი რომ არ ყოფილიყო, მაინც არ შეწუხდებოდა მთავარი ექიმის “უახლოესი ადამიანი და მძიმე პაციენტი”, რომელიც ჯერჯერობით იატაკზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა: გარინდებული და საკუთარ თავში წასული, ამ სიტყვის უღრმესი მნიშვნელობით.

მკურნალობის კურსი

ეჰ, როგორ ცდებოდა, ვისაც მთავარი ექიმი ყოველგვარ განსაკუთრებულობას მოკლებულ, მშრალ და უხასიათო კაცად მიაჩნდა! აბა, ერთი მის გულში ჩაეხედათ (მაგრამ გულში ჩასახედად ვიღას სცალია)! იმ უცნაურობასაც რომ თავი დავანებოთ (რაც თვითონ აღიარა: შავნაღვლიანობის დროს ყველგან პატარა, შავ თაგვებს ვხედავო), ერთი გენახათ, თავგადასავლებისადმი ბავშვური სიყვარულის როგორმა რეციდივმა იფეთქა მის არსებაში, როდესაც ასე მოულოდნელად გამოეცხადა თანასოფლელი და თანაკლასელი. ამ კაცის სული საოცარი განცდებით აღივსო: ლამის დეტექტიური რომანის გმირად წარმოიდგინა თავი, რაღაც კონსპირაციების უბადლო მეთაურად, პირველი წუთებიდანვე შეეცვალა გამომეტყველება და სიარულიც კი: იერი მრავლისმეტყველი, გამოუცნობი გაუხდა, გამოხედვა - გამჭოლი და გამაშიშვლებელი, ხოლო სიარული... არა, ეს თვითონ უნდა ენახა ადამიანს, როგორ უახლოვდებოდა და შორდებოდა საიდუმლო კარს. კონსპირაციის ერთ-ერთ მთავარ მომენტს წარმოადგენდა მისი სახის ის ენით გამოუთქმელი გამომეტყველება, რაც მაშინ იჩენდა ხოლმე თავს, როცა თანამშრომლები მოწიწებით კითხულობდნენ მისი “უახლოესი ადამიანის” ჯანმრთელობას. მაშინ შეფიქრიანებული და მკაცრი იერით, შეკავებული მჭმუნვარებით (როცა არ უნდათ სხვებს გადასდონ შიში და საწუხარი) ძუნწად პასუხობდა: “არ მინდა ავჩქარდე, შეეჩვიოს აქაურობას, დამშვიდდეს, გამოვიკვლევთ. დიაგნოზს ალბათ 8-9 დღეში დავსვამ. ეჭვი მაქვს რაღაც ანთებით პროცესზე მუცლის ღრუში”.

სამედიცინო პერსონალს თავი არ აუტკივებია იმაზე ფიქრით, რა ცვლილებები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მთავარი ექიმის “უახლოესი ადამიანის” გამოჩენას მათ სამყაროში. მართალია, საავადმყოფოში ხშირად იწვნენ მარტოხელა მთავარი ექიმის სხვადასხვა ჯურის ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები, მაგრამ განა სამედიცინო პერსონალს ყურადღება არ უნდა მიექცია იმ ფაქტისათვის, ჩემი უახლოესი ადამიანიო - მთავარ ექიმს მანამდე არავისზე რომ არ ეთქვა? და თუ ყურადღება მიაქცია, არ უნდა ეფიქრა, რომ მთავარი ექიმი “უახლოესი ადამიანისადმი” ჩვეულებრივ ყურადღებaს არ დასჯერდებოდა? ეს რომ ეფიქრა, ამ ამბის მეორე დღეს, საღამოს ათ საათზე მორიგე ექიმს, რომელიც საორდინატოროში იჯდა და კონიაკს წრუპავდა, თან ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდა, ან მორიგე ექთანს, მედდებთან ერთად ჩაის რომ შეექცეოდა და პალატებში ჩამორიგებული თერმომეტრების აკრება სულ დავიწყებოდა - ანგელოზები არ დაუფრთხებოდათ და გულები არ დაუსკდებოდათ! - დიდი ხნის შინ წასული მთავარი ექიმი მოულოდნელად გამოჩნდა მთავარ კორპუსში და მრისხანედ ჩაიარა დერეფნებში. მორიგე ექიმმა თავზე თეთრი ჩაჩი ჩამოიფხატა. ხელი დასტაცა ფონენდოსკოპს და ქარიშხალივით გაიჭრა პალატებისაკენ - საღამოს ჩამოვლას შეუდგა. ისეთი არნახული გულითადობით გასინჯა ავადმყოფები და ისეთი გულისყურით მოისმინა მათი ჩივილები (ჩაიწერა კიდეც!), რომ ზოგიერთ პაციენტს გაკვირვებისაგან სიცხემ აუწია და სხვანიც საგრძნობლად აფორიაქდნენ. მორიგე ექთანიც ფეხდაფეხ მისდევდა, ავადმყოფებს სასთუმალსა და საბნებს უსწორებდა და ბოდიშს იხდიდა, თერმომეტრების აკრება რომ დააგვიანდა. მოგეხსენებათ, ავადმყოფები ავად არიან, ესე იგი მთავარ სატკივართან ერთად ნერვებიც გადაძაბული აქვთ, აღქმა გამძაფრებული, გაზვიადებული... მათ ეჭვიანობა ახასიათებთ, ხშირად ყოვლად უწყინარ მოვლენაში, რაღაც განსაკუთრებულად საშიშს ხედავენ და... მორიგე ექიმისა და ექთნის უცნაურმა საქციელმა, როგორც მოგახსენეთ, პალატებში საყოველთაო მოუსვენრობა გამოიწვია... იმ ღამით ავადმყოფებს ცუდად ეძინათ, მათი საწოლებიც ხშირ-ხშირად და შეშფოთებულად ჭრიალებდნენ (ზოგი სიკეთე მავნებელია)... მთავარ ექიმს ფეხდაფეხ დადევნებულმა მედდამ კი დაინახა, როგორი მძიმე გამომეტყველებით მიადგა იგი დერმატინის შავ კარს და გამოაღო, მაგრამ ის აღარ დაუნახავს, რა სახეგაბადრულმა მიხურა კარი ზურგს უკან...

სანდრო ლიჩელი მადლიერებისა და სიხარულის ნიშნად მთავარ ექიმს გადაეხვია. მთავარმა ექიმმა ხელების ფშვნეტით გახსნა შავი ჩანთა და ამოალაგა სხვადასხვა ჯურის დელიკატესები: ყველი, კარაქი, ძეხვი... და სხვა. მერე კი ორი დიდ-პატარა ბოთლი. პატარა ბოთლს ჰქონდა წარწერა “სარაჯიშვილი №1”, დიდ, მუცელგამობერილ ბოთლს კი - “სარაჯიშვილი №2”. მთავარმა ექიმმა აუხსნა პაციენტს, რომ “სარაჯიშვილი №1” დამამშვიდებელი მიქსტურა იყო და შეეძლო დაელია ღამღამობით. №2 კი, არც მეტი და არც ნაკლები, კონიაკი “ენისელი” გახლდათ და აუცილებლად უნდა დაელია “ტონუსის, დადებითი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად”. და, საერთოდ, მთავარი ექიმი ხანგრძლივად შეჩერდა №2-ის აშკარა უპირატესობაზე. ამის შემდეგ მეგობრები სავარძელში მოკალათდნენ და დაიწყეს ისეთი ბგერების გამოცემა, რასაც ეწოდება “მხიარული ხითხითი”.

ღამის პირველ საათამდე ისინი უსხდნენ სახელდახელო, მაგრამ ძვირფას სუფრას და დაუსრულებლივ იხსენებდნენ თავიანთ ბავშვობას: მხოლოდ ახლა გამოუტყდნენ ერთმანეთს, რომ ორივეს ერთი გოგო უყვარდა - თანაკლასელი, მხოლოდ ახლა გაარკვიეს მაშინდელი გაუგებრობა: თურმე სანდრო დარწმუნებული იყო, რომ მისი სატრფო გიორგის ეტრფოდა. გიორგის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სანდროსა და იმ გოგოს მზე ერთმანეთზე ამოსდიოდათ. ბოლოს მათი სატრფო სკოლის დამთავრებისთანავე რომ სხვას გაჰყვა, თავისზე ბევრად უფროსს, ბიჭებს ისევ მოუბრუნდათ გული ერთმანეთზე, საერთო უბედურებამ დაახლოვა, თუმცა კრინტი არაფერზე დაუძრავთ, სანდროს ეგონა, რომ სატრფომ გიორგის უღალატა, გიორგის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ნაღალატევი და მიტოვებული სანდრო იყო.

ახლა ისხდნენ და ოცდაათი წლის შემდეგ ისევ იხსენებდნენ, როგორი სიცილი და როგორი ტირილი იცოდა, როგორ დარბოდა და როგორ ბრაზობდა, თმა როგორ უფრო უხდებოდა - ერთ ნაწნავად თუ ორად. ახლა უფრო იყვნენ დარწმუნებულნი, რომ იმისთანა მშვენიერება მათ სოფელში კი არა, მთელ საქართველოშიც არავის დალანდებოდა. ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და დიდხანს დავობდნენ: რომელი ყურის ძირას ჰქონდა ხალი: მარჯვნივ თუ მარცხნივ. ბოლოს თითოეული თავის აზრზე დარჩა, ერთ საკითხში კი მთლიანად ერთად აღმოჩნდნენ: ორივეს კარგად დამახსოვრებოდა, რომ პატარძალი ქორწილის დღეს სევდიანი იყო, ქმრისთვის არც შეუხედავსო, ამას ხშირ-ხშირად და მრავლისმეტყველად იმეორებდნენ. ბოლოს იმაშიც გამოტყდნენ, რომ ერთხელ გიორგის ციცრის კვერცხი ეჩუქებინა, სანდროს - ხოხბის ფრთა. რადგან მზეთუნახავი თითოეულს მეორის საკუთრებად მიაჩნდა, ცხადია, ეს საქციელი ღალატი იყო ძმაკაცის მიმართ. ის კიდევ გიორგის ეუბნებოდა თურმე, სანდროსთანა ერთიც არ არისო. სანდროს კი უმტკიცებდა, გიორგისთან ვერავინ მოვაო. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ერთისთვისაც ლოყაზე ეკოცნა, მეორესთვისაც და გაქცეულიყო. ამ ამბების გარკვევამ და გახსენებამ ორთავეს გული შეუძრა და “სარაჯიშვილი №2”-ის ზედაპირი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ფსკერს.

თაფლისფერთვალება უცნაურმა გოგომ მათი მთელი სოფელი შემოიყოლა და ვრცელი, ყვითელი ოთახი თანდათან აავსო სანდრო ლიჩელის ბავშვობამ: კანგადამსკდარი, ღამესავით შავი ქლიავისა და მზესუმზირის გადატეხილი ღეროდან გამოჟონილი წებოვანი რძის სურნელმა, ნაკვერცხლებზე მიყრილი, მოპარული ნედლი სიმინდის შიშინმა, საღამოს შინ მიმავალი ნახირის ბღავილმა, მთვარე რომ მიუძღვებოდა სოფლისაკენ, ორღობის ბოლოში აფრიალებულმა ჩითის წითელმა კაბამ - გულს დაძგერებულმა ხანძარმა, უბეში გამთბარმა მწყრის დაჭორფლილმა კვერცხებმა, ყვითელმა მთვარემ, რომლისთვისაც დედამისს ცომიანი ხელი გაერტყა სახეში და ლაქები დაემჩნია, მიკიოტის კივილმა ღამის უდაბნოში... სახლის კუთხეს ამოფარებული ბიჭის ტირილმა პატარა თანასოფლელის დასაფლავების დღეს... და კიდევ სხვა უამრავმა ქვიშაწაყრილმა წვრილმანმა, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად ჩნდებიან, როცა ორი ადამიანი იგონებს ერთსა და იმავეს. ყველაფერი ეს ნელა და ცრემლიანად ჩაიხატა უნომრო პალატის ოთხკუთხა სივრცეში და ვინმე შემოსული ვერც კი გაიგებდა, რომ მან ორღობეში ამოჰყო თავი და ფერდებსავსე, გაღეჭილი ბალახის სუნით გაჟღენთილ წითელ ძროხას დაეჯახა, ან ცომით სავსე ვარცლს წამოედო, ან პატარა ბიჭის ანკესებს, ან ფეხი ჩადგა ნაწვიმარ მიწაზე დარჩენილ გუბეში, სადაც ქაღალდის ნავები და ღრუბლის ნაფლეთები მიცურავდნენ...

და რომელი პალიტრა უფრო მკვეთრი იყო, რომელი კინოფირი უფრო ფერადი - ნამდვილად მომხდარი და მეხსიერების ფსკერზე დალექილი ბავშვობა, თუ არ მომხდარი, ოცნების ეკრანზე მოციმციმე შორეული ცხოვრება - წყნარი ოკეანე, კუნძულები და მადრიდი? ვინ იცის? მთავარი ის გახლდათ რომ სანდრო ლიჩელის უცნაური მეთოდით მოპოვებულ სიმყუდროვეში ნელა და შრიალით გადიოდა ორივე ფირი და ცოცხლდებოდა დავიწყებული წარსული და განუხორციელებელი მომავალი.

და განა გასაკვირი არ იყო მთავარი ექიმის სულიერი სიღრმე და კულტურის დონე, რომ თავის ნერვებდასუსტებულ პაციენტს რაიმე მედიკამენტი კი არ დაუნიშნა, არამედ ბაღში სეირნობა, კითხვა, ხატვა და სიმღერა. გულითადი დიალოგები საღამოს 10-11 საათიდან ღამის 12-1 საათამდე და, რაც მთავარია, მიანიჭა ადგილსამყოფელის შეუვალობის სრული რწმენა! ამავე დროს მთავარი ექიმი კმაყოფილებით შენიშნავდა, რომ ხსენებული კურსი კეთილისმყოფელად მოქმედებდა როგორც სნეულზე, ისე მკურნალზეც: უდედმამო და უცოლშვილო მთავარი ექიმი საოცარი ხალისით მიისწრაფოდა ყოველ საღამოს საავადმყოფოსაკენ.

გაუთვალისწინებელი შედეგები

რა იცოდა ზოგ-ზოგმა ავადმყოფმა, რომ თავისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის უხილავი პაციენტის -  სანდრო ლიჩელის მადლობელი უნდა ყოფილიყო: მაშასადამე, მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ სანდრო ლიჩელი, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ნევრასთენიამ შეიპყრო და საავადმყოფოს მიაშურა... მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ ეს მიზეზნი და მიზეზნი არსებობდნენ და ასე შემდეგ (ზოგი ჭირი მარგებელია), რადგან მთავარი ექიმის სისტემატური გვიანი ვიზიტების გამო, საავადმყოფოში იდეალურმა წესრიგმა დაისადგურა: ერბოს ვინ დააქცევს, მაგრამ რომ დაქცეულიყო, დერეფნებში პირწმინდად აიკრიფებოდა. პალატებშიც, დღის 4 საათის შემდეგ სადგურის მოსაცდელს რომ ემსგავსებოდნენ, სისუფთავე დამკვიდრდა. გაჩნდა მედიკამენტები, რომლებიც დღის მეორე ნახევარში რატომღაც არასდროს არ ჩანდა. დროზე და სწორად კეთდებოდა ნემსები, მორიგე მედდებს დანიშნულებანი ერთმანეთში აღარ ერეოდათ, და ერთის მაგივრად მეორეს არ აძლევდნენ “ნოშპასა” თუ “ბისეპტოლს”; დამლაგებლებმა შეწყვიტეს გვიან ღამით პალატებში სინათლის ანთება და ხელზე გასაყიდი საქონლის: საცვლების, სარჭების, საპატიმროებში დამზადებული სპილენძის ჯვარცმების გამოფენა-გაყიდვა, ავადმყოფებს რწმენა ჩაესახათ, რომ მათი გამოჯანმრთელება ვიღაცას აღელვებდა, რომ საქმე არც ისე ცუდად იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი გამოკეთდა კიდეც...

გიტარა, ანუ დარაჯის ღამის ვიზიონი

მთვარე, რომელიც ერთ ღრუბელს რომ თავს დააღწევს, მეორე ღრუბელს, როგორც ვეშაპს ისე უვარდება ხახაში, შიგადაშიგ მაინც ახერხებს ცვალებადი შუქით გაანათოს ძველი ბაღის ძველთაძველი ხეები და საავადმყოფოს მართკუთხა ფანჯრები, რომელთა რაფებზეც სნეულთა მოკრძალებული საკვებია დაორთქლილი ქილებითა და ბოთლებით გამოდგმული.

ბაღში მიმოფანტულ ცარიელ ლურჯ სკამებს ყვითელი ფოთლები ეფინება... ეს საავადმყოფოს ბაღია და ამ სკამებზე შეყვარებულნი არ ეხვევიან მთვარის ბადეში (სხვა პარკებში კი ამ დროს ისინი მრავლად არიან, სხედან ერთმანეთის სუნთქვაში ჩალექილები).

სადღაც შემკრთალი ღამის ჩიტი დაუსტვენს და ღამესაც შეაკრთობს... ყველაფერი იდუმალ ბინდბუნდში გარინდებულა და უძახის ადამიანს ღამის წიაღში ჩასაკარგავად.

საავადმყოფოს დარაჯი, იგივე კარისკაცი, ჩაფიქრებული მიუყვება ბაღის წითელ ბილიკს. დღისით მას დაებადა ეჭვი, რომ ბაღის მესერი სადღაც გამონგრეული იყო. საღამო ხანს ისეთი მნახველები გამოვიდნენ მთავარი შესასვლელიდან, რომლებიც დღისით არ შეუშვია. ეს კი, სულ ცოტა, დღეში შვიდ-რვა მანეთის ზარალს ნიშნავდა.

როგორც ჩანს, ვიღაცეები საავადმყოფოს ეზოში იპარებოდნენ და უკანა შესასვლელიდან შედიოდნენ კორპუსში. ასე სერიოზულად შეფიქრიანებული მიდიოდა საავადმყოფოს დარაჯი და მიაშრიალებდა ყვითელ ფოთლებს, როდესაც თვალი მოჰკრა სწორედ მესრის მხრიდან მთავარი კორპუსისკენ მომავალ აჩრდილს. აჩრდილის გამოჩენა დარაჯმა საკუთარი ეჭვების აშკარა დადასტურებად მიიჩნია; ვიღაც ახირებული მნახველი თავს იგდებდა და ლამის საღამოს ათ საათზე მობრძანდებოდა ავადმყოფთან, თანაც არ სურდა ამ გვიანი ვიზიტისათვის, დაწესებულების წესების აშკარა დარღვევისათვის ერთი მანეთი მაინც გაემეტებინა. მნახველის უსინდისობით აღშფოთებული დარაჯი ვეება მუხას ამოეფარა, მერე კი ბუჩქებში გაფოფხდა... მას სურდა პირდაპირ შესასვლელთან გაება დამნაშავე მახეში და ეს გაზრდილი დანაშაული - მესრიდან გადმოძრომა ხუთი-ექვსი მანეთი მაინც დაესვა მისთვის. უცბად დარაჯმა აჩრდილის ხელში რაღაც დიდი და უცნაური ფორმის საგანი შენიშნა. ეს არ იყო არც ყვავილები, არც ტორტი, არც ქვაბი, არც ბალიში, არც "სუდნო", არც ნარდი, არაფერი იმის მსგავსი, რაც შეიძლებოდა ავადმყოფთან მიეტანათ. პატარა ტელევიზორიც კი არ გახლდათ, რომლის შეტანაც კარისკაცის პრეისკურანტის მიხედვით ცხრა-ათი მანეთი ღირდა... ეს იყო... არა, დარაჯი სულაც ვერ მიხვდა, რა იყო ეს - თეთრ ნაჭერში გახვეული ვეება საგანი, - კარისკაცი ბუჩქებში გაიტრუნა და აშკარად გაიგონა ჯერ კნავილი, მერე ყეფა! ამ ხმებს აჩრდილი გამოსცემდა - გაიღო მეორე სართულის ფანჯარა და იქიდან თეთრი თოკი გადმოეშვა (დაგრეხილი დოლბანდი). აჩრდილმა ის საგანი თოკს გამოაბა და თვალი გააყოლა, როგორ წავიდა ზემოთ... ათი-თხუთმეტი მანეთის სუნი დატრიალდა, გააჩნია, რამდენად აკრძალული და მიუღებელი საგანი შეაპარეს. მთვარე ისევ ღრუბელმა შთანთქა და აჩრდილი ჩრდილში მოექცა, იგი შესასვლელისაკენ გაემართა და მიუახლოვდა კიდეც კარს, რომ კარისკაცმა ისკუპა და ყოვლად საეჭვო პიროვნებას ზურგზე მოექცა.

პიროვნება შემოტრიალდა, ერთი მოქნევით ჩამოიწყვიტა მამაცი დარაჯი, უთაქა კიდეც, თვალები დაუბრიალა, იდიოტი უწოდა და შენობაში შევიდა. დარაჯის გონება იმწუთს გაცილებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე, რომელიც გნებავთ, იდიოტისა. ტვინის ყველა უჯრედში ერთბაშად ჩამობნელდა და ამ დიდებულმა ორგანომ უარი განაცხადა ცხოვრების შემდგომ შემეცნებაზე: საეჭვო პირი, იგივე აჩრდილი - მთავარი ექიმი გამოდგა.

საავადმყოფოს კარისკაცმა (იგივე დარაჯმა), რომელიც მისაღებში სკამზე მიესვენა, ორსაათიანი გაოგნების, სულაც დამბლის შემდეგ, დაასკვნა, რომ არაფერიც არ დაუნახავს, რომ თურმე არ ტყუოდა ცხონებული ბებიამისი, ძველი, სავსე მთვარე მოჩვენებებს იწვევსო, რომ ამტკიცებდა, რომ ღამით ბნელ პარკში სიარული მართლაც მხოლოდ იდიოტს მოუვიდოდა აზრად, რომ იმ ოხერ მესერს დღისით შეამოწმებდა, უკეთუ ღვთის წყალობით ყველაფერი მოჩვენება იყო და მთავარ ექიმს ისევე არ დაენახა არაფერი, როგორც მას თვითონ და, მაშასადამე, არც სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდა.

"Donde estas, amigo mio? Sale la luna..." ისმოდა უნომრო პალატაში: გიტარის გულისშემძვრელი ჰანგები და ესპანური სიმღერა, მართალია, არაპროფესიონალურ დონეზე შესრულებული, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი გულმხურვალებით, რომ ოთახში duende-ს რაღაც აჩრდილიც კი აფარფატდა. მთავარი ექიმი და მისი ახლობელი ადამიანი "სარაჯიშვილ №2"-ის თბილი ნისლებიდან ერთმანეთს შესცინოდნენ და ასე წარმატებით განხორციელებული ოპერაციით გახალისებულნი მუსიკის ხმებზე რიტმულად ირწეოდნენ.

"Donde estas, amigo mio? Sale la luna..."  "სადა ხარ, ჩემო მეგობარო, მთვარე ამოდის..."

ცხვირსახოცი ყურმილზე, ანუ "მალე ჩამოვალ, ჩემო ძვირფასო"

მეშვიდე დღეს სანდრო ლიჩელმა მორიდებით სთხოვა მფარველსა და მეგობარს, მის მაგივრად დაერეკა "ერთ ადამიანთან" და ეთქვა: ვითომ სანდრო იყო, ვითომ ქუთაისიდან რეკავდა, ვითომ ცუდად იყო, ვითომ წუხდა ამდენი ხნის უნახაობას, ვითომ ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა თბილისში და დღე-დღეზე აპირებდა წამოსვლას. ნუ გაგიკვირდებათ, მეგობრებო! "ვითომ" - ეს მრავლისმეტყველი ენობრივი ფენომენი, ჩვენი ყოფიერების რაღაც უღრმეს მოვლენას რომ გამოხატავს, კერძოდ კი, არარსებულ არსებულს, საერთოდ სანდრო ლიჩელის (და არა მარტო მისი) ცხოვრების არსებითი განზომილება გახლდათ! მისი ცხოვრების ორივე ძირითადი ნაკადი - როგორც ხილული (სამსახური, ოჯახი და სხვა), ისევე უხილავი (მოგზაურობა და სხვა) "ვითომ"-ის ცდომილი ვარსკვლავით განათებულ სივრცეში მიედინებოდა. პირველი იმიტომ, რომ იყო და არც იყო: რაკი ლიჩელი მასში მთელი არსებით არ მონაწილეობდა, მეორე კი არ იყო და მაინც იყო, რამდენადაც ლიჩელის არსების არსებითი ნაწილი დაეპყრო და გაეტაცნა.

გეგმა დეტალურად იქნა დამუშავებული. რეპეტიციაც ჩატარდა, რომლის დროსაც სანდრო ლიჩელი "იმ ადამიანს" განასახიერებდა: საწოლზე წამოწოლილიყო, წარმოსახვითი ყურმილი მხრითა და ყურით ეჭირა და მშვიდად "იქლიბავდა ფრჩხილებს", ხოლო მთავარ ექიმს მუჭზე ცხვირსახოცი გადაეფარებინა და მოგუდული ხმით ლაპარაკობდა, რომ სანდრო იყო, ძლივს დარეკა და ცუდად ესმოდა. ცხვირსახოცის, მიკროფონივით მომრგვალებული მუჭისა და დაჭიმული ხორხის წყალობით, მის ხმას ყოველგვარი თავისებურება დაჰკარგვოდა; ეს იყო უბრალოდ ხმა, მოღწეული შორიდან. მთავარმა ექიმმა ქაღალდის ჩიტის ფრთაზე მიწერილი ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი წაიღო და მეორე დღეს საკუთარ სახლში წარმატებით ჩაატარა მორიგი ოპერაცია. ქალის ნელმა ხმამ მშვიდად მიიღო მისი მხურვალე ინფორმაციები და მშვიდად დაუდასტურა მონატრება: ველოდებოდი შენს ზარსო. მთვარმა ექიმმა ქაღალდის ჩიტის მეორე ფრთაზე ქალის პასუხები წააწერა და იმ საღამოს სანდრო ლიჩელს უკანვე დაუბრუნა. ეს უკანასკნელი მაინცდამაინც არ დაინტერესებულა ჩიტის ამ მეორე ფრთით, "სარაჯიშვილი №2" -ისაკენ გაიწოდა ხელი...

"El diamante de una estrella

ha rayado el hondo cielo,

Pajaro de luz, que quire

escapar del universo..."

საღამოობით ფანჯარაში გაქვავებული სანდრო ლიჩელი ხშირად წარმოთქვამდა ხოლმე დიდი ესპანელი პოეტის ამ ლექსს, რომელიც მას განსაკუთრებით ხვდებოდა გულზე და ამიტომაც ზეპირად დაესწავლა. ეს გახლდათ ხმადაბალი და მხურვალე დეკლამაცია, შიგადაშიგ სიმღერაში გარდამავალი: "ელ დიამანტე დე უნა ესტრელა, ა რაიადო ელ ონდო სიელო, პახარო დე ლუს, კე კიერე ესკაპარ დელ უნივერსო". შემდეგ სანდრო ლიჩელი ფანჯრის წინ აყუდებულ დარბაისელ ხეებს ქართულად უთარგმნიდა წარმოთქმულ სტრიქონებს (ალბათ, იმ მოსაზრებით, რომ ხეებს, რაკი ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ, ქართული უფრო ესმოდათ, ვიდრე ესპანური): "ვარსკვლავის წახნაგმა ალმასივით გაკაწრა ცის სარკე. სინათლის ჩიტს სურს გაფრენა სამყაროდან". რასაკვირველია, ეს შემოქმედებითი თარგმანი გახლდათ და არა სიტყვასიტყვით, მაგალითად, ორიგინალში წახნაგი სულაც არ არის ნახსენები და არც სარკე. მაგრამ რაკი ვარსკვლავი ალმასსაა შედარებული და ნათქვამია, ალმასივით გაკაწრა, გაკვეთა ცის სიღრმეო, სანდრო ლიჩელმა შედარება უფრო გამოკვეთა, გაამძაფრა. "ესკაპარ დელ უნივერსო", _ სწორედ ეს ბოლო სტრიქონი გადადიოდა სიმღერაში და მეორდებოდა: "...სამყაროდან გაფრენა". ის განსაკუთრებული მღელვარება, სანდრო ლიჩელი ამ სიტყვებს რომ მღეროდა, მაფიქრებინებს: მისთვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხო ამდაგვარი მასშტაბური ლტოლვა: სამყაროდან აფრენის, ვარსკვლავივით ასხლეტის სურვილი. და, ვინ იცის, ეგებ ის ლოკალური მიზანსწრაფვა (მადრიდი და კუნძულები) სულაც ამ უსაზღვრო მისტიკური ლტოლვის კონკრეტული გამოხატულება, ანდა პირველი საფეხური იყო?!

ბოლოს სანდრო ლიჩელი ფანჯრიდან ჩატარებული მხატვრული კითხვის საღამოს შეცვლილი, ნაღველშეპარული ხმით წარმოთქმული სტრიქონებით ამთავრებდა: "El manantial besa al viento sin tocarlo..."

"ელ მანანციალ ბესა ალ ვიენტო სინტოკარლო..." – "შადრევანი კოცნის ქარს შეუხებლად".

მისი სულის რომელ მოძრაობაზე მიგვანიშნებდა ეს ლამაზი, მაგრამ გრილი და მკაცრი მეტაფორა? რატომ უყვარდა ეს სტრიქონი სანდრო ლიჩელს. რას ეუბნებოდა? ნუთუ ის (ლიჩელი) მეტაფორულად (და ქვეშეცნეულად) ასე გამოხატავდა თავისი ლტოლვისა და სურვილების ამაოებას? შადრევანი თავის მოუსვენარ სულად მიაჩნდა, ხოლო ქარი ყველაფერ იმად, რასაც ელტვოდა, რასაც ნატრობდა, რის დაჭერასაც ლამობდა... "შადრევანი კოცნის ქარს შეუხებლად"... ეგებ ხვდებოდა, რომ განუხორციელებელი, მოციმციმე შეხება აკავშირებს ადამიანს თავის მიმომქროლავ ბედნიერებასთან? ან შეიძლება სულ სხვა აზრს სდებდა ამ სტრიქონებში, შეიძლება უფრო შორს (უფრო სწორად - უფრო ღრმად) მიდიოდა და ფიქრობდა, რომ ადამიანის სულიც ასე ფარულად ეხება რაღაც უხილავს: როგორც შადრევნის თეთრი ტუჩები ქარს! ბოლოს და ბოლოს ეს სტრიქონები ხომ ლექსიდანაა, რომელსაც "სიკვდილი განთიადისას" ჰქვია.

ზუსტად არ ვიცი, რას ფიქრობდა სანდრო ლიჩელი, შეიძლება ისეთ აზრსაც სდებდა ამ სტრიქონებში, რაც მათ ავტორს არც უგულისხმია. ასე იყო თუ ისე, მხატვრული კითხვა გვიანი საღამოს მუქ სილურჯეში ყოველთვის მთავრდებოდა გრილი და თეთრი სტრიქონით "შადრევანი კოცნის ქარს შეუხებლად".

 შემდეგ კი სანდრო ლიჩელი ღამეულ ბაღში დასეირნობდა, დროდადრო ყვითელი ფოთლის ასაღებად იხრებოდა და ხან ქართულად, ხან ესპანურად ღიღინებდა: "სადა ხარ, ჩემო მეგობარო? მთვარე ამოდის"

(მე პირადად ეჭვი მაქვს, რომ ეს სტრიქონი მთლიანად სანდროს გამოგონილი არა, მაგრამ შემოქმედებითად გადამუშავებული უნდა იყოს. ჩემი აზრით, აქ ორი სხვადასხვა ფრაზაა გაერთიანებული: პირველი ამოღებული უნდა იყოს ესპანური ენის სახელმძღვანელოდან, კერძოდ პარაგრაფიდან: "კითხვითი წინადადება", მეორე კი ისევ გარსია ლორკას ლექსში აღმოვაჩინე: "მთვარე ამოდის").

რა უცნაურად იქცა ეს შემოდგომა მისი სულის წყნარ გაზაფხულად! სანდრო ლიჩელი დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს სავსე მთვარე ჩუმად ამბობდა: "შენი გულიც ასე სავსეა, სანდრო, როგორც ჩემი სხეული". ხოლო დღისით, როცა ის ფანჯრის რაფაზე ჩიტებს საკენკს უყრიდა, შემოდგომის მზე თავზე ნაზად უსვამდა ხელს და ეუბნებოდა: "დამშვიდდი, სანდრო, ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველი შემთხვევისათვის

გული მიგრძნობს, ამასობაში კიდევ დაგროვდებოდა თუ ბრალდებები არა, საყვედურები მაინც, შენიშვნები კი აუცილებლად სანდრო ლიჩელის მიმართ. ვიცი, ზოგი საჯაროდ თუ არა, გულში აუცილებლად იტყოდა: "დიდი ჭკუამხიარული და ეგოისტი ყოფილა ეს სანდრო ლიჩელია თუ ვიღაცაო. ქვეყანა იქცევა და ის კიდევ როგორ გაერთოს, იმაზე ფიქრობს, ამ ხნის კაცი რაღაც სისულელეებით იქცევს თავს... არც ერთი ჩვენი პრობლემა არ აწუხებს, თანაც რა ქარაფშუტობაა, რაღაც უაზრო მოგზაურობის აკვიატება და მსგავსი უსარგებლო ოცნებებით თავის გამოტენა... მერე ის ესპანური სიმღერები რომ აუჩემებია და მთვარიან ღამეებში "სალე ლა ლუნას" გაიძახის, ქართული სიმღერა ნაკლებ მგრძნობიარეა თუ რა? ასეთ წუთებში მშობლიური ჰანგები რომ ახსენდებოდეს, უფრო უპრიანი არ იქნებოდა: მაგალითად, "ახ, მთვარევ, მთვარევ", ანდა "მიმღერე, რამეო!"

განაგრძეთ, განაგრძეთ. მე სანდრო ლიჩელივით გულუბრყვილო არ გახლავართ და ასეთი (ზოგი გულწრფელი, ზოგი განგებ დასმული) კითხვებით თავგზა ადვილად არ ამებნევა. ეგ კითხვები მანამდე გავითვალისწინე, ვიდრე სანდრო ლიჩელის ამბის თხრობას შევუდგებოდი. ამიტომ ახლავე შევეცდები ნათელვყო ამ შენიშვნების უსაფუძვლობა. არ გეგონოთ სანდრო ლიჩელისადმი მიკერძოებას ვიჩენდე. მაგალითად, ვერც მე მოვიწონებ, დასაწყისში ასე შთაგონებულად რომ ტყუოდა და ამდენი ხალხი გააცუცურაკა! (მაგრამ "შთაგონებულად-მეთქი" ხომ გაიგონეთ! ეს კი ნიშნავს, რომ ლიჩელი თავადვე იჯერებდა ხოლმე საკუთარ გამონაგონს და, მაშასადამე, იმწუთში - ტყუილის მომენტში, გულწრფელი იყო. სიცხის საზომივით ტყუილის საზომი რომ არსებობდეს, ის ინსტრუმენტი ხსენებულ წუთებში ტყუილს არ აღნიშნვდა. ასე რომ, ეს საკითხიც ღიად რჩება).

ახლა კი გამოთქმულ შენიშვნებს დავაჯგუფებ და თანამიმდევრულად გავცემ პასუხს.

1. სანდრო ლიჩელი ეგოისტია, გამოთიშულია საერთო საზოგადოებრივ პრობლემებს და მხოლოდ თავის გართობაზე ფიქრობს.

2. ლიჩელი უცხოურს ანიჭებს უპირატესობას მშობლიურის წინაშე.

3. სანდრო ლიჩელი უსარგებლო ადამიანია.

ვიწყებ პასუხებს:

1. თქვენგან მიკვირს, მეგობრებო! ჯერ ხომ სულ შვიდი დღეა, რაც სანდრო ლიჩელი თავისთვის მარტოობს. დანარჩენი ოცდაშვიდი წელიწადი ხომ პატიოსნად მუშაობდა, თანაც სადმე გაუმგზავრებლად! და ორი კვირის შემდეგ ხომ ისევ იმუშავებს! რა თვალში მოგხვდათ ეს შვიდი დღე! რა ისეთი დანაშაულია! თანაც ჩვენი პოეტის მშვენიერი ლექსი რომ გავიხსენოთ, ეგებ უკანასკნელ დღეზე და სიხარულზე მღერის სანდრო ლიჩელი "გვირილაზე გატრუნულ პეპელასავით", ეგებ ამის შემდეგ უფრო მძიმე და გაუხარელი დღეები ელის და ეს ორკვირიანი დასვენება ძალების მოსაკრებად გადმოუგდო უფალმა ღმერთმა? (აბა, რა ვქნა, ლიჩელის დასაცავად პოეტები თუ არ მოვიშველიე, სხვა ვინ დამიდგება გვერდით!).

2. მეორე საკითხზე ზემოთ მოგახსენებდით, მაგრამ ეტყობა, უყურადღებოდ იქნა დატოვებული ჩემი სიტყვები. საქმე ის გახლავთ, რომ "შორეული" და "ახლობელი" - ადამიანის სულისათვის, ჩვენი ცხოვრებისათვის ყოვლად აუცილებელი ორი ფენომენია და ისინი ერთმანეთს ვერ შეენაცვლებიან. თუ ადამიანი მხოლოდ ახლობლისა და მშობლიურის სფეროში ჩათბა, ჩატკბა და ჩარჩა, არაფერი მოსაწონი აქ არ არის. მას შორეულიც უნდა ეძახდეს, იზიდავდეს. იმ "შორეულს" კიდეც რომ მისწვდეს, მასზე შორეულმა უნდა მონუსხოს და მიიხმოს, რადგან მიღწეულით, არსებობით დაუკმაყოფილებლობა გახლავთ ნამდვილი ადამიანური ცხოვრების ნიშანი. როგორც მიხვდებოდით, ამ "შორეულს" ზოგადი მნიშვნელობით ვხმარობ. ერთისთვის ეს შორეული ქვეყნები იქნება, მეორესთვის - შორეული ვარსკვლავები ან ვარსკვლავებივით შორს მოციმციმე მიზნები, ხოლო მავანისათვის სულაც უხილავი სამყაროები. რაც შეეხება სანდრო ლიჩელს, მისთვის - "შორეულს" ესპანეთის, ოკეანისა და კუნძულების სახე ჰქონდა მიღებული. მაშასადამე, როცა მისი სული ამ შორეულს ელამუნებოდა და შეჰფოფინებდა, ბუნებრივია, ესპანურად ილაპარაკებდა და არა ქართულად (თორემ ქართული და საქართველო, გაგიხარიათ, სტკიოდა და უკვნესოდა გულში და თანაც ისე, რომ ამაზე ლაპარაკსაც კი გაურბოდა).

3. რაც შეეხება მესამე შენიშვნას, აქ კი არ შემიძლია, არ გავბრაზდე! სანდრო ლიჩელის ჭკუამხიარულობასა და უსარგებლობაზე ითქვა რაღაც! ჯერ თავი დავანებოთ იმას, რომ ოცნებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და როგორც დღეს ბავშვმაც იცის, ყოველგვარი აღმოჩენების, გამოგონებებისა და ნოვატორობის მარადიული კერა თვით ზუსტ მეცნიერებათა საუფლოშიც კი სწორედ ოცნება-ფანტაზიით აფორიაქებული თავებია და არა პედანტურად მოწესრიგებული. დიახ, გავიმეორებ ძალიან ნაცნობ და მრავალგზის გამოთქმულ აზრს: სანდრო ლიჩელისთანა ახირებული მეოცნებენი, ორბიტიდან ამოვარდნილი სხეულები რომ არ არსებულიყვნენ, ვერც ხომალდები ეღირსებოდა კაცობრიობას და ვერც თვითმფრინავები! მერედა რომელი ჭკვათამყოფელი დამიმტკიცებს, თითქოს ამქვეყნად არსებობდეს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც გამოგონებები, აღმოჩენები და ახალი იდეები არ სჭირდებოდეს პრაქტიკულ სფეროში! თორემ ფრენასა და ფარფატს მიჩვეული სულები თავისუფლების ვირუსის მატარებელნი რომ არიან და სწორედ მათში და მათი წყალობით რომ იფეთქებს ხოლმე მონობის მსხვრევის ეპიდემია (სწორედ შინაგანად შემზადებული), ეს ყველას მოეხსენება! (თუნდაც ეს მოწოდება აშკარად არ ჩანდეს, მაგალითად, მეოცნებეთა ცნობილი კასტის - პოეტთა შემოქმედებაში, ის იმდენად ძლიერად მოქმედებს იქ, უხილავადაც კი, რომ პოეტთა მკვლელობით იწყება ხოლმე ხალხის დამონება. განა სანდრო ლიჩელი სწორედ ასეთი პოეტის ლექსებს არ ამბობდა გულანათრთოლი?!). და უსამართლობაზე დაფუძნებულ ზოგ-ზოგ სახელმწიფოს (აღარ დავასახელებ ამ, ისედაც გამწვავებულ ვითარებაში) სულაც არ ეპრიანება ხსენებული მარადიული ვირუსის მატარებელი სულების ატანა და მათი, ასე ვთქვათ, ფარფატი; მაგრამ რაკი ოცნებას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონია, რაღას იზამენ! ხომ რაღაცნაირად უნდა შეინარჩუნონ ფანტაზიის ბალანსი. თორემ გაგიხარიათ, ისინი გაიხარებდნენ, თუ მათი მიწები ფრთაგამოხრული, ბზის ბუჩქებივით თანაბრად გაკრეჭილი, ერთნაირგამოხედვიანი მოლასლასე არსებებით დაიფარებოდა! კიდევ კარგი, რომ ოცნებას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონია! კიდევ კარგი, რომ ოცნება არ ჩანს, თორემ ზოგიერთ განსაკუთრებულად ახირებულს, თმასავით გადაკრეჭავდნენ კიდეც!

კარგით. ახლა მომისმინეთ. თავს ვანებებ ფანტაზია-წარმოსახვაზე ზოგად საუბარს და ისეთ არგუმენტს ვამზადებ, რომ ჩემთან მოკამათე თვით ყველაზე დიდ ცინიკოსსა და პრაგმატისტსაც კი ერთადერთი გზა დარჩება - გზა სრული დუმილისაკენ, რაც ჩვენს დროში აღარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ სრული თანხმობის იდენტურია.

ნუთუ არ დაგამახსოვრდათ, რას მღეროდა სანდრო ლიჩელი მადრიდის ცნობილ მოედანზე? აბა, კარგად გაიხსენეთ მისი სიტყვები! "ყველგან დარდია და ყველგან სიხარული... მაშ, მოდი ვანუგეშოთ ერთმანეთი, მოდი, გავუღიმოთ ერთმანეთს".

მერე, რას ნიშნავს: უცხო კაცი უცხო ხალხს რომ ამას ეუბნება და მთელი ცხოვრება საჩუქრებს ამზადებს კუნძულელებისათვის! რას ნიშნავს და ხალხთა დამეგობრებას! ხალხთა შორის მშვიდობის, სიყვარულისა და გულითადი მეგობრობის დამყარების აფეთქებულ, დაუოკებელ სურვილს! მერედა დღეს, ჩვენს ეპოქაში, ჩვენს მსოფლიოში ასეთი კონვულსიებით რომ უახლოვდება ოცი გრძელი, მღელვარე საუკუნის დასასრულს - რა შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური!

წარმოიდგინეთ, სანდრო ლიჩელი თავისი გულისშემძვრელი სიმღერებით რომ მოევლინებოდა უცხო ქვეყანას და ეტყოდა, როგორ უყვარდა ის ქვეყანა და ის ხალხი, უანგაროდ და უმიზეზოდ, თან ილაპარაკებდა თავისი სამშობლოს სახელით, რა ამაღელვებელი მაგალითი იქნებოდა ყველა ერისა და ქვეყნისათვის! მისი ანთებული თვალები და გადამდები სიმღერები უფრო მეტს გააკეთებდნენ, ვიდრე გაუთავებელი კონფერენციები და პრესკონფერენციები. და რა ჩემი, ან, მით უმეტეს, სანდრო ლიჩელის ბრალია, თუკი არავის მოსვლია აზრად მისი აალებული სულის ამ დიდებული მიზნებით გამოყენება!

...ახლა კი აღარ მოვცდები, მიზეზიან მოკამათეებთან პაექრობაზე წუთსაც არ დავკარგავ და მთელ დარჩენილ დროს ისევ სანდრო ლიჩელის სულისა და ცხოვრების საკვირველ გზათა გაშუქებას მოვანდომებ იმ სუსტი ფანრით, რომელიც ჩემს ხელთაა.

"დეჰარ"

1. "ლურჯი ქსოვილი - პატარა მრგვალ მაგიდაზე, ზედ ყვითელი, გაუმჭვირვალე შუშის ვაზა, ვაზაში - კამის მწვანე თაიგული (რა ლამაზი მცენარეა კამა). იქვე ძველი, შავი, სქელყდიანი წიგნი, დახურული; წიგნზე მუქი მწვანე საფერფლე და გვერდით ერთი დიდი მუქი ფორთოხალი. ეს ყველაფერი - მომწვანო-მოლურჯო კედლის ან ფარდის ფონზე..."

2. "შავი, მაღალი, მბზინავი, ტანწერწეტა ბოთლი. იქვე - დიდი, ვარდისფერი ნიჟარა. ორი გამჭვირვალე თეთრი სირჩა, მოშაბიამნისფერო სუფრაზე. გვერდით პატარა ტოტი, რომელი აჯობებს? ნაძვის? არა. ალუბლის პატარა ტოტი, სისხლისფერი ალუბლებით დახუნძლული..."

3. "სარკესავით უძრავი მწვანე ტბა. ნაპირზე ნავი. მზე ჩადის. მუქ ვარდისფერ-მოშვინდისფრო შუქშია ყველაფერი გახვეული. კაცის სილუეტი ტბის პირას. ტბისკენ მიმავალი ბილიკის ბოლოს. ხელით თვალს იჩრდილავს და რაღაც დაძაბული გაჰყურებს ტბაში... ირგვლივ შამბნარი..."

4. "უზარმაზარი მთვარე. ძველი კოშკების ქონგურები - თითქოს ზედ მთვარეზე მიხატული... შავი კვიპაროსები... კვიპაროსის კენწეროდან აფრენილი შავი ფრინველი, ცეცხლისფერთვალება".

5. "ოკეანის ნაპირას - კაცი გადაბრუნებული ნავის გვერდით... კაცს ფართო ქამარი აქვს წელზე და თეთრ, გაღეღილ პერანგს ქარი უფრიალებს, თმაც აწეწილი აქვს. ჰაერი - კრიალა, გრილი. წყალი - მწვანე. მზე ამოდის. ყველაფერი ბრწყინავს: წყალი, კაცის თვალები: კაცს ხელები აქვს წინ გაწვდილი, თავი უკან გადაგდებული, თითქოს ამბობდეს: "ეჰეი-ჰეი, გამარჯობა, მზევ... მე გელოდები... მე შენ მიყვარხარ..."

რა არის ეს? ეს სანდრო ლიჩელის ნახატები გახლავთ, ესეც ადრე იყო, წლების წინ; ასეთ და მსგავს ნახატებს ხატავდა სანდრო ლიჩელი ისე, რომ არც ზეთის საღებავებისთვის უხდებოდა ენაგადმოგდებული სირბილი, არც ტილოსა და ფუნჯებისათვის. და იმასაც ვერავინ უსაყვდურებდა, ყველაფერს სვრი, თხუპნიო. არც ცალკე კუთხე იყო საჭირო და არც ბევრი დრო - სულ რაღაც წამები ყოფნიდა.

ეს გახლდათ ყველაზე სწრაფი, იაფი და ალბათ, ყველაზე ხარისხიანი მეთოდი, რადგან ფიქრის მასალისაგან იყო ტილოც, საღებავიც, ფუნჯიც და ჩარჩოც. მერედა, ასეთი ხარისხის ან საღებავი სად უნდა ეშოვნა, ან ფუნჯი, რომელი "ულტრამარინი" და "Кадмий лимонный" შეედრებოდა იმ ხასხასა, წვნიან, მბზინავ ფერებს - სანდრო ლიჩელის წარმოსახვის ნივთიერებისაგან რომ იყო დამზადებული!

მე შენ გეტყვი და, დასკდებოდა ცოტა ხნის შემდეგ, ჩაშრებოდა და ლაქი დასჭირდებოდა გასაცოცხლებლად! თანაც ისინი იქმნებოდნენ, როცა სანდრო ლიჩელი იწვა და არ ეძინა: ოჯახი ძილში იყო წასული, სანდრო - თავის თავში. ანდა როცა სამსახურში თავისუფალ დროს თავს ხელზე ჩამოაყრდნობდა (თითქოს ერთმანეთს ანუგეშებდა მისი სხეულის ეს ორი ნაწილი) და უზარმაზარი ფანჯრებიდან სევდიანად შემოსცქეროდნენ წინ აყუდებული შენობის ძველი, ბათქაშდამსკდარი კედლები თუ შორეული ხრიოკი გორაკები.

მაშასადამე, კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა ამ მეთოდს: ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლებოდა ხატვა. ერთადერთი ნაკლი სჭირდა ამ ნახატებს - ისინი არ ჩანდნენ. ეს სანდრო ლიჩელის უხილავი გალერეა გახლდათ. მერე რა! ეგებ სამყაროს რომელიმე უხილავ, საიდუმლო საუფლოში არსებობდეს კიდეც ასეთი უხილავი გალერეა ან ბიბლიოთეკა, სადაც ყველა ოცნებით დახატული ნახატი იქნება შეგროვებული და ყველა ოცნებაში დაწერილი ლექსი თუ მოთხრობა.

ეგებ იყოს კიდეც ვინმე ასეთი უხილავი მწყალობელი, რომელიც ხელმოცარულთა, გადარეულთა, გონებადაბნელებულთა, ადრე გარდაცვლილთა თუ თვითმკვლელთა ფიქრში შესრულებულ, მაგრამ განუხორციელებელ ქმნილებებს აგროვებს?

ეგებ მის ხელში გადადიოდეს ყველა ის ნისლოვანი ნაწარმოებები, რაც მათ ავტორებს სიგიჟემ, სიკვდილმა, სიღატაკემ ან სხვა უიღბლობამ წაგლიჯა ფიქრიდან? არ ვიცი, როგორი იქნება ეს მწყალობელი: ექვსფრთიანი ქერუბიმი თუ ცხრაფრთიანი სერაფიმი. მაგრამ მე ის მეხატება ოკეანისფერთვალება არსებად (მე მას დავარქმევ "დეჰარს"), რომელსაც წყალივით ტალღოვანი, ვერცხლისფერი თმა და მოსასხამი აქვს და მისი საუფლო ოკეანის ფსკერზეა თითქოს.

ამ გალერეაში ყველაფერი მოძრაობს, თრთის, ლიცლიცებს, იცვლება; სურათებზე ფერები ერთმანეთს ენაცვლებიან - რადგან ეს შეუქმნელი ნახატებია და შემოქმედთ არა ჰქონდათ გადაწყვეტილი, იქ ლურჯი ფერი დარჩებოდა საბოლოოდ თუ ღია ცისფერი, ამიტომ ხან ერთი ფერი ჩნდება, ხან კი მეორე, სურათებზე გამოსახული ადამიანები და ცხოველები იცვლიან პოზასა და გამომეტყველებას, რადგან ავტორებს ხშირად არ ჰქონდათ მათი საბოლოო დგომა და იერი მოფიქრებული და სხვადასხვაგვარად ხედავდნენ მათ.

ასევე ბიბლიოთეკაში - ნაწარმოებს იქ ხშირად რამდენიმე დასაწყისი ან დასასრული აქვს, ზოგი პერსონაჟი ძალზე მკვეთრია, ზოგი ბუნდოვანი, თითქოს ნისლისგან ნაძერწი... მაგრამ იქ ყველაფერია აკინძული - ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეს, და ისმის შეუქმნელი მუსიკის ჰანგები და თვალუწვდენელ სივრცეზე მოჩანს მოძრავი ქანდაკებები, ტაძრები და სასახლეები, ოცნების მასალისაგან ნაგები შენობები, რომლებიც არასდროს აშენებულა.

მწყალობელს უტყუარი საზომი და გემოვნება აქვს: ის ხელოვნების ნამდვილ შედევრებს აგროვებს მხოლოდ, უხილავ შედევრებს, არშექმნილ შედევრებს... ეს უცნაური კოლექციონერი ჩუმად მიუყვება გალერეის კედლებს, ოკეანისფერი თვალებით ათვალიერებს ნახატებს, უსმენს მუსიკას და ფიქრობს: "ოცნება, ოცნება, ოცნება. არაფერი არ იკარგება. უხილავი რჩება: უხილავად (ო, დიდო ღვთაება "დეჰარ"! მე მინდა არსებობდე შენ).

თუ ეს ყველაფერი ასეა, რაღა თქმა უნდა, რომ სანდრო ლიჩელის ნახატები ამ გალერეის საპატიო ადგილზე იქნებოდა გამოფენილი. ხომ ხედავთ ახლა, რა უპირატესობა აქვს ოცნებაში ქმნას! შეუქმნელი შედევრები შეიძლება, "დეჰარის" გალერეაში მაინც მოხვდნენ და რამდენი შექმნილი შედევრი დაღუპულა უპატრონობით (ისე რომ, გალერეა კი არა, ტკბილი სიტყვაც არ ღირსებია), და კიდევ რამდენი დაიღუპება! ისინი - როგორც შექმნილები, ვერც შეუქმნელ ქმნილებათა გალერეაში მოხვდებიან!

ეჰ, დაუდეგარი სულის ადამიანებო! სილამაზისა და სიხარულის მაძიებელნო! საიდუმლოს მოწყურებულნო! შემეცნების გზაზე გატანჯულებო! იქით იყოს უხილავი გალერეა, და ეგებ ვერც ვერაფერი იპოვოთ ამ წამალზე უფრო წამალი, ამ მშველელზე უფრო სანდო, ამ მასალაზე უფრო მყარი და გამძლე, ვიდრე თქვენი წარმოსახვაა.

ოცნება - ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია, ჩვენი უხილავი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის სჯობია მას.

ახლა კი უნომრო პალატაში სანდრო ლიჩელი ფანქრით ხატავდა... ხატავდა ფანჯრიდან დანახულ სანახს.


დასასრული

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ