კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:44

წავედით ბებრიჭალაში ღორების საყიდლად. მე ვარ და ეგ არი, ეგ ბღუკი, ეს ორნი მივდივართ.

მე ათი თუმანი მიმაქვს, მაგას კიდევ - თორმეტი, სულ თავისი ჯანის ხალტურა. სამი დღე თათარაშვილისათვის უშველნია, უკალატოზნია, - ეს ოთხთუმანნახევარი, ორი დღე ჩხებიანისთვის, - ეგ სამი თუმანი, ორი დღე ბაირაღისთვის და ერთი დღეც ლონგინოზისთვის.

გაუხვევია ფული დედაკაცის ხილაბანდში, წელზე აქვს შემოკრული, ხალათს ქვეშიდან, ზემოდან კიდევ თოკი აქვს შემოჭერილი შვიდ თუ რვა პირად. თანაც ბუშლატი აცვია. აი, - თოვლია, ჩექმები და ბუშლატები გვაცვია, და ის ბუშლატი აექა სცემს ბღუკს, მუხლს ქვემოთ.

ატყდა, გინდა თუ არა, ფეხით წავიდეთო. რა არიო, ბიჭო, რა გზა არიო! ხო იცით, როგორი ხუხუნითაც იცის სიარული. წამიყვანა, მივდივარ ამ თოვლში, წინ მიმიძღვის. წამოგვეწია ჯამბაზის ბიჭი, დასხედითო, გვეუბნება, ეგ კიდევ უარზეა, კაცო, - არაო, მანქანა რად გვინდაო! გამოუღრინა ჯამბაზის ბიჭმა, - ე, ბნელოო! დაჯექიო!

და მაშინ ძლივს იკადრა. ავბობღდით ზედა. მე კაბინის უკან ჩავიკუნტე, ეგა - დგას, ნიავით იგრილებს სახეს, და ეგრე ჩაგვრეკა ხიდამდე, თვითონ ქვევით დაუხვია ჯამბაზის ბიჭმა, წისქვილისკენ, ჩვენ კიდევ გზაზე ჩამოგვსხა, ხიდის ცოტა აქეთ.

ჩამოვედით, ახლა იმ გზაზე მივდივართ და ვერ ისვენებს ბღუკი, სულ ამას გაიძახის: - გადავუხდი, ღვინოს დავალევინებ, ხო იცი, როგორი ღვინოცა მაქვსო! მეც დასტურს ვაძლევ დიდის ამბით: - უნდა გადავუხადოთ-მეთქი, მაშა! ეხლა თუ არა, შემოდგომაზე, თხლე-ჭაჭა რომ დაიწმინდება, თითო ჩარექა უნდა დავალევინოთ, ეკუთვნის-მეთქი.

– ეეო, მაიმუნოო! - ოხერია, ხო იცით, მიმიხვდა, მაგრამ ისევ თავისზეა: - მე ჩემი ჯანის დაუხარჯავად არავისი არაფერი მინდაო. სულ ჯანზე იყურება, კაცო! აბა შენ იცი-მეთქი, და გავედით კიდეც ეგრე, ამ ლაპარაკში, ბებრიჭალაში!

ხომ გითხარით, - თოვლია! თოვლია, მაგრამ ახალწლის წინა დღეებია და მაინც კარგი ბაზრობაა. ღორებიცა ჰყავთ და სხვა საქონელიც ბლომად! დედაკაცებიცა დგანან, შალებში გახვეულები, დახლებთან. ხელებს იორთქლავენ. აქა-იქ ცეცხლებიც ანთია. სხედან გზის მიკვირია ხალხი იმ ცეცხლებთან და სვამენ.

ავუარეთ, ჩამოვუარეთ ღორებს, ერთი დავაფასებინეთ, მეორე. ხან ერთსა ვფხანთ, ხან - მეორეს. ერთი ფშაველია, ნახევარი კოლტი ღორი ჰყავს, - დიდი აბგა ჰკიდია, იმ აბგაში რკო უყრია, ამოიღებს მუჭით და გადაუყრის, თვითონ კომბალზეა დაყრდნობილი, ჩაჰყოფს აეგრე ღრმად ხელს, ამოიღებს რკოს და გადაუყრის. ღორები კიდევ ათქლაფუნებენ.

იმ ფშავლის ერთ ნაკერატალს დაადგა თვალი ბღუკმა. შავია, ფინთად მაყურებელი. აი, ეშვები, ქაფი გადმოსდის პირიდან. ჯაგარი აქვს - მტკაველ-ნახევარი. მე ვიყიდე, ერთი პალდოელი დედაკაცისაგან ვიყიდე, შინ გაზრდილი, ჭკვიანი, კოხტა, წონით. კილო მანეთად. მაშინ ეგრე იყო. ფშაველიც წონითა ჰყიდის, მაგრამ ბღუკმა არა ქნა, მე წონა არ ვიციო!

ფშაველი თხუთმეტ თუმანს აფასებს იმ ნაკერატალს, - დიდია, კაცო, - ბღუკი ათს აძლევს. წავა, ვითომ დაიკარგება, რკინეულობის მაღაზიაში შევა, იქიდან იყურება ცალი თვალით, გამოვა და ისევ ათს აძლევს. ფშაველი ეუბნება, ავწონოთო, სხვებიც ეუბნებიან, აწონეთ, კაცოო. ბღუკი მაინც თავის სიტყვაზეა, - წონის ხორცი რომ მინდოდეს, გზის პირებზეც ბევრი ჰკიდიაო. წავა, დაიკარგება, მობრუნდება და ხუთ მანეთს წაუმატებს.

იწვალა, ის ფშაველიც აწვალა, ხალხიც შეაწუხა, მაყურებელი ხალხი, და ბოლოს მოტეხა, თერთმეტ თუმნად მისცა ფშაველმა: ხოლოთო, მანქანით უნდა წაიყვანოო, ეგრე ვერ წაიყვანო, ეგრე ძნელიაო.

ბღუკი არაფერს ეუბნება. დაუთვალა ის თერთმეტი თუმანი, ერთი თუმანიღა დარჩა, ისიც გაახვია იმ ხილაბანდში, შემოიკრა წელზე. თოკი რომა აქვს წამოღებული, მაგარი, პრეჟისა, გაუკეთა იმ თოკს ყულფი. მარტო ვერაო, მარტო ვერ წაიყვანო, კაცო, ეუბნება ფშაველი.

ხალხიც ეუბნება. ამ ბღუკმა კიდევა, გაუკეთა თოკს ყულფი, ერთი ჩუმად უთხრა - ქუცი, ქუციო, - და, როგორ იყო, კაცო, როგორ მოსდო ის თოკი მხარ-იღლივ! - მოსდო, შემოახვია, გაკვანძა და თოკის მეორე ბოლო ბრტყელ ქამარზე გამოიბა.

ხალხი ეუბნება, ნუ ეგრე, მანდ მაინც ნუღარ იბამ, ბიჭო, არაფერი გატკინოსო, მაგრამ ბღუკმა არ დაიშალა, გაიკვანძა იქაც და გაუჯავრდა ნაკერატალს ღობიდან ამოძრობილი ჯოხით, გამოაცილა სხვა ღორებს.

მთელი ბაზარი მაგას უყურებს. არი ერთი "წაიყვანს", "ვერ წაიყვანს". თქვენ არხეინად იყავითო, - იღრიჭება ბღუკი. - წადი შენ წინაო, - მე მეუბნება. გამოვიგდე წინ მე ჩემი ღორი. ჩემი ჭკვიანია, კაცო - "ნუ" და "ნწუ" არა სჭირდება, ეგრე მოდის, მომყვება ეგეც, მოდის ის ნაკერატალიც. რას ეუბნება, რა ვიცი, ისე კი ეჩურჩულება რაღაცებს.

გაკვირვებული უყურებს მთელი ბაზარი. ამოვედით მაღლა. გამოვედით ხიდზე და დაუხვიეთ ქვემოთ, მეურნეობის ვენახებისკენ. ახლა წინ ეგ მიდის, კაცო, ბღუკი, ხელზე გაზრდილი ბატკანივით მიახუსხუსებს ჯოხით იმ ნაკერატალს.

მოვედით, საყარაულო რომ არის, იმასთან და იმ საყარაულოსთან პირველად დადგა - ნაკერატალიც დადგა. ბღუკიც. დაისვენოსო, ქარი ამოიღოსო. ის არის, უნდა გავუსწრო კიდეც ჩემი ჭკვიანით და, რომ არ გავუპირდაპირდი... ის ნაკერატალი დგას, პირს იქაფებს, როგორღაც უგუნებოდ იხედება აქეთ-იქით... რომ გადავუპირდაპირდი, ერთი - ღუკო! - იმ ნაკერატალმა, მიბრუნდა და, რომ გაჰკრა, ამ ბღუკს ეიქ გადაუვარდა ქუდი, აი, ქუდიცა, ჯოხიცა.

ცოტაზე კი გაჰყვა სირბილითა და მერე წაიქცა, კაცო! ჯერ ისევ თოვლია, ფეხი ცურავს, ის წაქცეული კიდევ რას მოეჭიდება! მირბის ნაკერატალი და მიაქვს ბღუკი, მიათრევს ნალოსავით. ნახა ამ ჩემმა ჭკვიანმა, იმ ღორმა ეგრეო და ჰკრა ფხაჭი ჩემმაც. ჩემმა კიდევ აქეთ, შიგ ვენახში, თანაც გარდიგარდმო.

გავიხლართეთ ვაზებში. ვარ ერთ "ქუცი-ქუცში" და ბალნისა და დინგის კრულვაში და, რომა მგონია, ბაზარში ჰყავს მითრეული იმ ნაკერატალს ბღუკი, გავიხედე და ახლა აქეთ არ მოათრევს?! ჩაფრენილია თოკზე, ხმას არ იღებს და მოათრევს! ქვა რომ დახვდეს რამე, ტვინს შეასხმევინებს ზედა, მაგას კიდევ, ბღუკს, ვითომც არაფერი, თვალები აქვს, თითქოს მამიდას ელოდებაო.

– ქუდიო, ბიჭოო! - ერთი ეს დაიძახა და ჩაატარა ნაკერატალმა და წაიღო. მე ჩემი სადარდელი მაქვს, მე ჩემი ღორის მოჭკვიანებაში ვარ, რა მექუდება, კაცო! ერთი პლანიდან გამოვაძვრენ, მეორეში მივარდება, სულ დამაგაზა ყველაფერი, და ისევ არ მესმის: -

– ქუდიო, ბიჭო, ქუდიო! - მოუბრუნებია ნაკერატალს ბღუკი და ისევ თავქვე მიათრევს, ბაზრისკენ. დაინახა ჩემმა ღორმა და გაჰყვა ისიც იმის გზას. გული მისკდება, კაცო, მგონია, აღარ არი ბღუკი, გაცვდა. ეგ კიდევ ქვემოდან მამშვიდებს: - ნუ გეშინიან, დაიღლებიან, დადგებიანო, მე ეგეთ ბეზარზე ვარ, ცოტაც და გავუშვებ ჩემ ღორს, ეგ კიდევ - დაიღლებიან, დადგებიანო.

მე მიმარბენინებს ჩემი ღორი, მაგას მიათრევს ნაკერატალი, და ეგრე აგვიყვანეს დიდ გზამდე. აქ კი შეფიქრიანდა ბღუკი, წაჰყვა თოკს, დაიმოკლა, დაიმოკლა, წასწვდა უკანა ფეხში. იწყინა ნაკერატალმა, დაბღუნავდა. არ მინდა მივხედო, კაცო! ერთი რომ გაუსვას ეშვი, გაარღვევს ცალპირი ნაკერივით, ეგ კიდევ, ბღუკი, ნუ გეშინიანო! წაიღო ნაკერატალმა, ჩაატარა ისევ. მეც, როგორც იქნა, მოვაბრუნე ჩემი ღორი. და რომ მივდივარ, დაკარგული მყავს ისინი თვალიდანა, გავიხედოთ და არ მოდის ღრეჭით?

– რა უყავი-მეთქი, ბიჭო, ღორსა.

– დავაბიო, ისე, როგორც დაუთოვებულიო.

იპოვნა ქუდიც, დაბერტყა, გაასწორა, დაიხურა და გამომყვა.

ნაკერატალი კაკალზე ჰყავდა მიბმული, კოხტად, მშვიდად ახსნა, გაუჯავრდა და წავიდა. მიდის ნაკერატალი დაფიქრებული, დაღონებული, მისდევს ჩემი ღორიც. მოდის ეს ბღუკი და იღრიჭება თავისთვის.

– ხომ გეუბნებოდი, ირბენს, ირბენს და დადგება-მეთქი. დადგა თუ არა ჩვენი ვანუასავითა! იმანაც ირბინა, ირბინა, ხან ბაქოში იყო, ხან რუსეთში, ხან ზაქათალაში, მერე მოვიდა და დადგა: ეგრეა!

მარნებთან რომ შევიქაქანეთ, ხალათი აიწია, ცოტა მეწვება, ალბათ გამეკაწრაო. რის გაკაწრული, კაცო, ლილაში გავლებულივით იყო დალურჯებული, მაინც იღრიჭებოდა:

– დავდო ცეცხლზე დიდ-დიდი მწვადებიო, ხელად გამივლისო!

და დადო, ახალი წლის წინა დღეს, თოვლში, ყიამეთში პირდაპირ ეზოში ენთოთ დიდი ცეცხლი და ყველას თავ-თავისი შამფური ეჭირა, ბღუკსაც, შვილებსაც, ცოლსაც. მე შენ გეტყვი, გაუცივდება რომელიმე! ცოლ-შვილიც ეგეთები ჰყავს, თვალს ვერ დაახამხამებენ, ფიწალი რომ ატაკო, სულ პატარები კი არიან, ბღუკები. თან სიმღერაც იციან, - "ჩავუხტეთ და ჩავუხტეთო"... არა, ძმაო, ღმერთმა ნუ ქნას, ეგენი ვინმეს ჩაუხტნენ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ