I
ბოლოს, ბევრი წვალების და ლაპარაკის შემდეგ, პოლიციის ბოქაულმა აღმოაჩინა, რომ ოცდასამი წელიწადია რაც პოლიციელი პეტროვი ბაზარში მსაახურობს, იქვე ცხოვრობს და არც კი სცოდნია ჩანჩურას ნამდვილი გვარი და სახელი.
მუნჯი ჩანჩურა იქვე იდგა და ფიქრობდა:
– რა ვქნა, ეს სად მომიყვანეს, ან რა უნდათ ჩემგან!
ჩანჩურას წლოვანება, სარწმუნოება, ტომი და ხელობა ბოქაულისა და პეტროვისათვის საუკუნო საიდუმლოებად დარჩა.
როდის და რომელ ქალაქიდან ან სოფლიდან გადმოსახლდა? უცოლოა თუ ცოლიანი? იქნება შვილებიცა ჰყავს?იქნება სამხედრო ბეგარაც არ მოუხდია ერთადლიან ჩანჩურას? ან იქნება ჯერ შარშანდელი ხარჯიც არ გადაუხდია წონით ფუთ-ნახევრიან გლახას.
აბა საიდან უნდა გაეგო ეს საიდუმლოება პეტროვს, როდესაც ამისთანა სიბრძნე მხოლოდ ყოვლად ძლიერსა და ყოვლის მცოდნე პასპორტს უნდა სცოდნოდა,რომელიც ჩანჩურას არ აღმოაჩნდა!
ეს კიდევ არაფერია: ის როგორღა მოხდა, რომ ოცდასამი წელია რაც ჩანჩურა ქალაქში ცხოვრობს და პოლიციის დავთრებში ჯერ ჩაწერილიც არ ყოფილა?!
და ასეთის უკანონობით გაბრაზებულმა ბოქაულმა დაადგინა: "ცნობის ტომისა, გვარისა და სარწმუნოების კაცი - "ჩანჩურა” - გადასახლებულ იქნას თავის სამშობლოში”.
მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა თვითონვე გაიგო თავისი დადგენილობის უაზრობა, წარწერა წაშალა და ისევ პეტროვს მიუბრუნდა:
– გაანთავისუფლე, მაგრამ თვალ-ყური ადევნე, და თუ კიდე მოიტაცოს ხორცი, მაშინვე აქ მომიყვანე. შენ კი ფრთხილად იყავი, თორემ… ეგრე როგორ შეიძლება! ეს სამსახური კი არა, ეგ…ეგ…ოცდასამი წელიწადი! წადი, მაგრამ გაფრთხილდი!
ჩანჩურამ ერთი საათის წვალებისა და ბოქაულის ლაპარაკიდან, რასაკვირველია, ვერაფერი გაიგო.
მოღიმარე და გახარებული ჩანჩურა პაწაწინა და ჩქარის ნაბიჯით ისევ ბაზრისკენ მიცუნცულებდა. დიდისა და ნელის ნაბიჯით წინ მიუძღოდა და თან ჰ ფიქრობდა:
– გამაგდებენ, უეჭველად გამაგდებენ, ან უარეს უბანში გადმიყვანენ. - და მაშინვე გადსწყვიტა: - რაც უნდა მიყონ, თუნდ მომკლან, სულ ერთია, ამაღამ ერთი ქურდი ან "სიცილისტი” უნდა დავიჭირო. არ დავიძინებ, ორ დღე-ღამეს არ დავიძინებ და დავიჭერ.
II
როდის და საიდან გაჩნდა ბაზარში ჩანჩურა-არც ერთმა ბებერმა ყასაბმა არ იცის, მაგრამ მთელი ბაზარი იცნობს მუნჯ ლილიპუტს.
ჩანჩურას ცემა-ტყეპა, მის დილიდან საღამომდე ბაზარში ხეტიალი, თორმეტი წლის არტუშასთან და იმის მეგობარ ძაღლ-მურასთან მუდმივი ჩხუბი ყასბებისთვის ისეთივე ყოველდღიური ამბავია, როგორც სალდათები, დედაკაცები, მზარეულები, მათი მოტყუება წონაში და პოლიციელ პეტროვის ყვირილი.
ყველა ყოველდღე ჰხედავს მობუზულ ჩანჩურას.
მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს. უწვერ-ულვაშო, დაღმეჭილი, ნაოჭებიანი და მიწის ფერი პირსახე. პატარა, ლობიოს ოდენა, ღრმად ჩამძვრალი, ზოგჯერ ნატირალი, უფრო ხშირად კი მოღიმაღე თვალები.
მაჯის სისქე, პირსახე უფრო შავი და გამხმარი კისერი. სამი გოჯის სიგრძე და ყავისფერი ტიტველა ფეხები და ათნაირი ფერის ძონძებისგან შეკერილი შალვარი, რომელიც იმდენად მოკლეა, ისედაც ჯუჯა ჩანჩურას მუხლებამდე ძლივსღა სწვდება.
არტუშას მეგობარი მურა-ძაღლი ჩანჩურას შარვალს საშინლად ემტერება ამიტომ შარვლის პატრონს იმის დაკერებაზე ბევრი დრო ეკარგება.
ჩანჩურამ ძალიან კარგად იცის, რომ უშარვლოდ გარეთ გასვლა არ შეიძლება, რადგან მის მეორე და მურაზე უარესი მტერი პოლიციელი პეტროვი მათრახით დაედევნება და ბაზრიდან გააგდებს. ეს კი ჩანჩურასთვის უდიდესი სასჯელია, რადგან, ჯერ ერთი, ვინ იცის, ბაზრის იქით არის რამე თუ არა, და თუნდაც იყოს, უეჭველია, ყასბები, მაინც არ იქნებიან, და რომ იყვნენ კიდევაც, ისინი ჩანჩურას არ იცნობენ და, მაშასადამე, არც გულ-ღვიძლის ნაჭრებს მისცემენ.
ერთხელ ჩანჩურას ვიღაცამ ორი დაგლეჯილი დაა დამპალი ქალამანი აჩუქა, მაგრამ იმავე საღამოს მურამ წაართვა.
მას აქეთ ჩანჩურასავით არავის არაფერი უჩუქებია, თუმცა არა: ერთ დროს ჩანჩუდრას ქუდის მსგავსი ტყავის ნაგლეჯიც ჰქონდა, ისიც ნაჩუქარი, მაგრამ... არა, ის საძაგელი მურა, რაღა სულ ჩანჩურას ტყავეულობას, კანჭებსა და შარვალს ემტერება!
არც მურა და არც პეტროვი ისე ძლიერ არ აწუწუნებენ ჩანჩურას, როგორც ერთი ბებერი ყასაბის - დარჩოს 12 წწლის ბიჭი-ეშმაკი არტუშა.
ერთხელ - ჩანჩურამ, რათქმა უნდა, არ იცის, რამდენი წლის ან დღის წინათ მოხდა ეს ამბავი, - ერთხელ ჩანჩურამ ჩვეულებრივად ცხვრის ფილტვის მოტაცება განიზრახა.
ბებერი ყასაბი დარჩო დახლთან იდგა და პურსა სჭამდა. ჩანჩურამ ფილტვი აიღო, უბეში ჩაიდო, მობრუნდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს... სწორედ ამ დროს საიდანღაც საძაგელი არტუშა ამოძვრა, ჩანჩურას გზა გადაუღობა, დიდი საყასბო დანა მოუქნია და...
მას შემდეგ ჩანჩურას ათის მაგივრად რვა თითი ღა დარჩა.
III
ბაზარში ყველაზე ადრე ჩანჩურა გამოდის და ყოველ დღე მხოლოდ იმას ხედავს, რომ დუქნებში დილით აუარებელი ხორცი აწყვია.
მერე ყასბები ამოდენა ხორცს ნაჭერ-ნაჭრად სჭრიან და ვიღაც ვიღაცეებს ურიგებენ. საკვირველი ის არის, რომ ყასბები ჩანჩურასავით კი არ უტყაპუნებენ თავში, არამე თავაზიანად დუქანში შეჰყავთ, ხორცის უშველებელ ნაჭრებსაც აძლევენ და ზრდილობიანადაც ისტუმრებენ.
მართალია, ვიღაც-ვიღაცეები ყასბებს სამაგიეროდ შავსა და თეთრს "ჟესტის” ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ მაინც საკვირველია, რად უნდათ ყასბებს ეს "ჟესტის” ნაჭრები? ჩანჩურას კარგად ახსოვს, რომ ერთხელ იმანაც იპოვნა ქუჩაში ასეთი თეთრი, მრგვალი ნაჭერი, მაგრამ მეპურე სიმონამ წაართვა და სამაგიეროდ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მისცა.
ოჰ, ის თეთრი პური! მას აქეთ ჩანჩურას მისი გემო არ უნახავს.
საკვირველი არ არის, რომ არტუშაც სწორედ ისე იქცევა, როგორც სხვები, მაგრამ მურას რაღა ღმერთი გაუწყრა, რომ ჩანჩურას გარდა არავის ფეხებსა და შარვლებს არ ემტერება!
ჩანჩურას რამდენჯერმე უნახავს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს მურასთვის კარგებიც წაუთაქებიაც, მაგრამ ძაღლს იმათზე კბილები არ უხმარია. პირიქით, ისეთ ტირილსა და წკმუტუნს მოჰრთავდა, რომ მისი მეტოქე ჩანჩურაც კი შეიბრალებდა ხოლმე და ღიმილით მასთან ნუგეშის მისაცემად მივიდოდა. მაგრამ სხვის ჯავრს უმადური მურა ყოველთვის ისევ ჩანჩურაზე ამოიყრიდა ხოლმე.
სანამ ბაზარში ხალხი ირევა, ჩანჩურა ქუჩის თავში დადის. ბოლოში გასვლა საშიშია, რადგან პეტროვი ყოველთვის იქა სდგას, და თუ ჩანჩურა დაინახა, უეჭველად გამოუდგება, მათრახის ქნევას დაუწყებს და ყვირილ-მუქარით ერთ ალიაქოთს ასტეხს:
– ია ტე პაკაჟუ! ია-ა-ა ტე პაკაჟუ-უ-უ-უ!-და მათრახის ქნევით ნახევარ საათობით დასდევს მშიერ ჩანჩურას. მაგრამ არშინნახევრიან ჩანჩურას, მადლობა უფალსა, მარდი ფეხები აქვს! ჩანჩურას ტრორუარზე გავლა პეტროვისგან სასტიკად აკრძალული აქვს.
ჩანჩურამ ისედაც იცის, რომ ხალხში გარევა არ შეიძლება, ამიტომ ყოველთვის შუა ქუჩაზე დადის. ამის გამო მეეტლეებისა და მედროგეებისაგან ყოველდღე მრავალი შოლტი ჰხვდება, მაგრამ ამას ჩანჩურა ყურადღებას არ აქცევს, რადგან, ალბათ, მას შოლტიც ისევე ესაჭიროება, როგორც ყასაბის მუშტები, პატარა ბიჭების სილები, პეტროვის მათრახი, მურას კბილები და არტუშას ათასნაირი ოინები.
როცა შუადღე გადადის და ყასბები ხორცის "დარიგებას” ათავებენ, მაშინ ჩანჩურას დროც მოდის.
ჩანჩურას ერთი მსხვილი და წვეტიანი მავთული აქვს. ყასბებმა ამ შამფურის წართმევა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ამაოდ: ჩანჩურა თავს მოიკლავს და ამ შამფურს არავის დაუთმობს.
ეს შამფური ჩანჩურას შუადღემდე სადღაც აქვს დამალული, შუადღის შემდეგ კი ბაზარში გამოაქვს, რომელიმე დუქნის წინ აიტუზება და დამნაშავის ღიმილით, მურასებური წკმუტუნით ყასაბს თავის მოსვლას ატყობინებს.
თუ ღიმილით და წკმუტუნით ვერას გაჰხდა, შამფურს ნელ-ნელა ფანჯარაში შეაპარებს, ხორცის რომელსამე ნაჭერს ჩხვეტას დასუწყებს და თან-და-თან წკმუტუნსაც მოუმატებს.
თუ ყასბი კარგ გუნებაზეა, ჩანჩურას კისერში ხელს წაავლებს, ციბრუტივით დაატრიალებს, ორიოდესაც წაუთაქებ და სამაგიეროდ ფილტვის პაწაწინა ნაჭერს მიუგდებს.
ჩანჩურა ამ ნაჭერს დამპალ ჩვარში გაახვევს, უბეში ჩაიდებს და მეორე ყასაბს ეწვევა.
თუ კარგი დარია და კარგი ვაჭრობაც იყო და, მაშასადამე, ყასბებიც კარგ გუნებაზე არიან, ყველანი მუშტით ან სილით მიესალმებიან, სამაგეროდ ფილტვის ნაჭრებსაც მისცემენ და გაისტუმრებენ.
მაგრამ, რადგან ერთსა და იმავე დროს კარგი ვაჭრობაც და კარგი დარიც იშვიათია, ამიტომ ჩანჩურაც თავის პატარა მუცელს ძალიან იშვიათად აძღობს.
როცა ჩანჩურა ათიოდე ფილტვის ნაჭერს შეაგროვებს, მაშინვე შინისკენ წასასვლელად დაემზადება, მაგრამ…
არა, რაღა სწორედ ამ დროს გადაუდგებიან ხოლმე წინ გახარებულ ჩანჩურას არტუშა და მურა! ჩანჩურამ, რასაკვირველია, კარგად იცის რა განსაცდელიც მოელის იმის დღევანდელ სადილს. ამიტომ არტუშას და მურას დანახვაზე მაშინვე ქვეით გაიქცევა. მაგრამ საშინელი სისწრაფით მოელვარე ფეხის გულებს კვალ-და -კვალ მისდევენ არტუშა, მურა, მისი მხიარული წკმუტუნი, ყასბების ხარხარი და პეტროვის ჭექა:
– ია ტე პაკაჟუ! ია-ა-ა ტე პაკაჟუ-უ-უ!
ჩანჩურამ იცის, რომ არტუშას და მურას ვერსად წაუვა, ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ მტვრიან ქუჩაზე პიქვე დაეცემა და ორივე ხელით ჩვარში გახვეულ ფილტვის ნაჭრებს ებღაუჭება, მაგრამ ამაოდ: არტუშა ზურგზე დააჯდება, მურა-კისერზე. ცოტა ხანს შეისვენებენ. შემდეგ არტუშა სულგანაბულ ჩანჩურას გულაღმა გადმოაბრუნებს, ხელებს დაუჭერს და თავის მეგობარს განკარგულებას მისცემს:
– მურკა, იშჩი! იპოვე!
მურაც ჩანჩურას პირდაპირ უბეში ეცემა, დაუწყებს კბენას, კაწვრას და, ცოტა ხნის შემდეგ, გამარჯვების ნიშნად ჩვარში გამოხვეულ ნადავლს ზევით მოარბეინებს.
ყასბები გამარჯვებულსა და ამაყად მომავალ მურას სიცილ-ხარ-ხარით და ტაშით აჯილდოებენ, ხოლო დაღონებულსა და თვალცრემლიან ჩანჩურას აქეთ-იქიდან უყვირიან:
– ჰაი შე მართლაც და ჩანჩურავ, შენა!
– ი პატარა ძაღლმა როგორ გაჯობა, შე საწყალო, შენა?
ჩანჩურა მტვერსა და ცრემლებს იწმენდავს და მეორე დღემდის ხორცის თხოვნას ვეღარ ჰბედავს.
არტუშა ჩანჩურას დიდ ცხვირსაც ძალიან ემტერება, ხშირად მოღიმარე ჩანჩურას ცხვირში ხელს წაავლებს, დუქნიდან დუქნამდე დაჰყავს და წვრილი ხმით გაჰკივის:
– მოწყალება მიიღეთ!.. ღმერთმა დიდხანს გაცხოვროს, გაგზარდოთ… ღმერთმა გადღეგრძელოთ, ღმერთმა ჩანჩურას ხნისა მოგყაროთ… მოწყალება მიიღეთ! საწყალ ჩანჩურას სამი დღეა არაფერი უჭამია. მოწყალება მიიღეთ!
– ღმერთი მოგცემს, ღმერთი! - უპასუხებენ ზოგიერთები. ზოგნი კი ისევ ფილტვის ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ რა ჰქნას საწყალმა ჩანჩურამ: საძაგელი მურა იქვე დარბის და არტუშაც ცოტა ხნითაც არ ჰშორდება.
– ზოგჯერ კიდევ ჩანჩურას გრძელ კანაფს გამოაბავს ყელზე, ბაზარში დაჰყავს, ტაშს უკრავს და მღერის:
-ჰაი მაიმუნ, მაიმუნ! ოინ მაიმუნ!
ჩანჩურაც თამაშობს: ორივე ხელს მაღლა იშვერს და, და ერთ ადგილას ტრიალებს, პატარა ფეხებს აქეთ-იქით იქნევს და განუწყვეტლივ იღიმება. მურა კი ჩანჩურას გარშემო უვლის, მხიარულად წკმუტუნებს, ყეფს, უკან ფეხებზე სდგება და ”სლუჟს აკეთებს.
ყასბები ტროტუარზე დგანან, პატარა ბიჭები "ცირკს" დასდევენ, ყველანი ხარხარებენ და ჰყვირიან:
– მალადეც, ჩანჩურ! მალადეც, მალადეც!
ჩანჩურას ესმის ქება და უფრო ცდილობს: ხტის, წკმუტუნებს და თავი პაწაწა ხელ-ფეხს უფრო მეტის სიფიცხით იქნევს.
“ცირკი” რომ გათავდება, გახარებული მურა წითელი ხორცის ნაჭრებს შეექცევა, დაღონებულ-დაღლილი ჩანჩურა კი იქვე სდგას, მურას შურით შესცქერის და ტუჩებს აცმაცუნებს.
IV
ჩანჩურას მტრების გარდა მეგობრებიცა ჰყავს. აი, მაგალითად, მეპურე სიმონა ჩანჩურას მეგობარი რომ არ ყოფილიყო, განა თავის თბილ სათონეში ყოველ ღამე დასაძინებელ ადგილს მისცემდა? განა დღეში რამდენჯერმე თბილ წყალს დაალევინებდა და ქვასავით გამხამარ პურს აჭმევდა?
ჩანჩურას კარგად ახსოვს ის დრო, როცა სიმონა ერთი დაგლეჯილი ტომარა აიღო, თავისა და ხელების ამოსაყოფად ორივე კუთხე და შუა გული ამოუჭრა, შიგ ჩანჩურა ჩასვა და ახალი ტანისამოსი ბაზარში გაისტუმრა.
მართალია, ჩანჩურასაგან ნაშოვნი ხორცის უმეტეს წილს სიმონა სჭამს, მაგრამ სად ათიოდე ფილტვის ნაჭერი და სად ფიცრულ სათონეში ღამის გათევება!
ამ ცოტა ხანს ბაზარში დიდი სასწაული მოხადა. ერთი კვირა იქნება, რაც არტუშა და მურა ჩანჩურას დაუმეგობრდნენ. არტუშას ყოველ საღამოს მურა და ჩანჩურა სადღაც მიჰყავს და უკან მხოლოდ ერთი ან ორი საათის შემდეგ ბრუნდებიან.
მურა ყოველთვის წინ მიდის და პირით ხელსახოცში გამოკრული ფილტვი მიაქვს. უკან არტუშა და მომღიმარე ჩანჩურა მისდევს.
არტუშას არავინ ეკითხება, სად ან რად დაჰყავს თავისი მეგობრები. ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალ "შტუკას" ჰნახავს და ამიტომ მოთმინებით უცდის არტუშას "ცირკს”.
სამი დღეა რაც ჩანჩურა აღარც ხორცსა თხოულობს და აღარც სიმონას გამხმარ პურსა სჭამს. მხოლოდ ჩვეულებრივად ქუჩაში დახეტიალობს და საღამომდე ახალ მეგობრებს უცდის.
V
ზაფხულის ცხელი დღე იყო.
ყასბებმა ისადილეს, იქაურობა მოჰგავეს, ტროტუარები მორწყეს და მოსვენებას მიეცნენ. ზოგი დუქანში სთვლემს, ზოგი ისევ მუშტარს ელოდება, ზოგნი კი დუქნების წინ დამსხდარან და ცალი ყბით მოპირდაპირე ყასბებს ეკლაპარაკებიან.
მთელ ბაზარში მოძრაობა შეწყდა. ყველა ისვენებს,იშხლართება და მაძღრად ამთქნარებს.
უცებ ქუჩის ბოლოს რაღაც ხმაურობა და სიცილი გაისმა. დუქნების წინ რამდენიმე ყასბის ბიჭმა გაირბინა.
– ცირკი! ცირკი! - დაიძახეს აქეთ-იქიდან და ეს ამბავი უმალვე მთელ ბაზარს მოედო. ხალხი ქუჩდება.
ცოტა ხნის შემდეგ ბებერი ყასბებიც დაიძრნენ. ქუჩის ბოლოს ხმაურობამ და სიცილმა იმატა. ყველა იქით გარბის, საცა უკვე ასიოდე კაცი შეგროვილა, შუაში ჩანჩურა, მურა და არტუშა ჩაუყენებიათ და იცინიან, ხარხარებენ, ჰყვირიან.
გაცხარებული არტუშა აქეთ-იქით დარბის, შამფურს იქნევს და გაჰკივის:
– განი! განი! განი!
როცა ხალხმა განი მისცა,არტუშამ ქუდი მოიხადა და ყველას ჩამოუარა.
– თითო შაური! თითო შაური! აბა, ჰა, მოწყალება მოიღეთ. თორემ ოთხი დღეა ჩანჩურა მშიერია. თითო შაური ჩამოდით, თითო შაური!
აქეთ-იქიდან შაურიანები და ორ-კაპიკიანები ბლომად ცვიოდა არტუშას ქუდში. ჩასუქებული და სიცხისგან გაწითლებული ყასბები ტროტუარზე იდგნენ და, თუმცა ჯერ არავინ იცოდა ახალი "შტუკა”, მაინც ყველანი წინდაწინვე იცინოდნენ და ყვიროდნენ:
– არტუშ, იმედი არ გამიცრუო, თორემ, ღმერთმანი, შენ მაგივრად ჩანჩურას ვცემ, აი!
არტუშამ ჯიბიდან წითელი სისხლიანი ფილტვი ამოიღო, ორად გასჭრა, ქუდში ჩაიწყო და ტროტუარზე ჩამოჯდა.
სანამ არტუშა ფილტვსა სჭრიდა, მურა იმის წინ იდგა, ტუჩებს ილოკავდა, კუდს იქნევდა, მოუთმენლად ტოკავდა და წკმუტუნებდა.
ჩანჩურას ორივე ხელით პატარა და ღრმად ჩამძვრალი ეჭირა, ტოკავდა, ჰკანკალებად, იცინოდა და თავის წვრილსა და სრულიად მისუსტებულ ხმას ათასნაირად უქცევდა.
მისი სიცილის მაყურებლებიც თავს ვერ იმაგრებდნენ და გულიანად ხითხითებდნენ.
არტუშამ ფილტვის ერთი ნახევარი აიღო და დაიძახა :
– აბა, მურა, ყოჩაღად იყავი, თორემ თავდაყირა დაგკიდავ!
მურა ერთი ნახტომით ჩანჩურას ამოუდგა და უფრო უარესად დაიწყო ტოკვა, კუდის ქნევა, წკმუტუნი და ყეფა.
ჩანჩურამ დაიმკლავა, სიცილი შეწყვიდა, ერთი ფეხი წინ წასდგა და არტუშას ისევ ჩააცქერდა, თითქოს სადაცაა გადახტება და მოპირდაპირეს ერთი დარტყმით ძირს დასცემსო.
ხალხი მიხვდა "შტუკას”, დაიძრა და ყვირილ-ხმაურით წამოვიდა.
– ჩანჩურ, მაგრა დადექ! მაგრა დადექ!
– ყოჩაღად იყავ, ყოჩაღად, შე დალეულო,შენა!
– ჩანჩურ არ შემარცხვინო თორემ ვაი შენი ბრალი!
ჩანჩურამაც, თითქო წაქეზება გაიგო, თავის მომხრეებს კბილები დაუკრიჭა, თავის დაქნევით გამარჯვების იმედი მისცა და ფეხი შეიცვალა.
– მურა, შე პატრონ ძაღლო, შენა!
– პირდაპირ ცხვირში ეცი მაგ ჩანჩურას, მაგას!
– ისე სთეთქვე ეგ ჩანჩურას, რომ სულ თავბედი იწყევლოს!
მურამ გაიგო, რომ იმას ჩანჩურაზე მეტი მომხრე ჰყავდა და უფრო გაგულადდა.
– მურა ჩემი ფალავანია! - დაიძახა არტუშამ.
არტუშას ფალავანი ერთ ადგილზე შეხტა.
– ჩანჩურა ჩემი ფალავანია!
– მურა ჩემია! მურა ჩემია!
– ჩანჩურა ჩემია, ჩანჩურა! - ჰყვიროდა ხალხი და ყვლა სიცილით და ხელების ქნევით ამხნევებდა და აქეზებდა თავის ფალავანს. ზოგიერთებმა ნიძლავიც დასდეს.
– მურა! - დაიძახა არტუშამ და ის ხელი, რომელშიც ფილტვი ეჭირა, მაღლა ასწია.
მურა უკანა ფეხებზე ჩაცუჩქდა, არტუშას დააცქერდა და გაშეშდა.
ყვირილი და სიცილ-ხარხარი ერთი წამით შეწყდა.
არტუშამ ხელი აიქნია, ფილტვის ნაჭერი ჰაერში ააგდო და დაიყვირა:
– მურა, შეხტა!
მურამ ისკუპა თვალის დახამხამებაზე ჩანჩურას მხარზე მოაჯდა, მერე იქიდანაც ნახევარი ადლის სიმაღლეზე შეხტა, მაგრამ უკანვე გადმოვარდა.
ფილტვი, ჩანჩურა და მურა ერთად დაეცნენ მიწაზე, იმავე წამს ბრბომ ჰაერში შეანძრია.
მურა და ჩანჩურა მტვერში გორაობენ, ფართხალებენ და გაცხარებით იბრძვიან. ფილტვის ნაჭერის ერთი ნახევარი მურას უჭირავს პირში, მეორე ნახევარი და თვითონ მუირა კი - ჩანჩურას, რომელსაც ერთი ხელი მურასთვის ყელში წაუჭერია და მის დახრჩობას ცდილობს, მეორე ხელით კი ფილტვს თავისკენ ეწევა.
– არიქა, ჩანჩურ არიქა!
-დაახჩე, ჩანჩურ, დაახჩე, დაახჩე!
– ზეზე ადექი, შე ჩანჩურავ, შენა!
– ა-აპა-პა-პა! ადგომა არ შეიძლება, არ შეიძლება!
მურა, შე პატრონ ძაღლო, შენა!
არ გაუშვა, არ გაუშვა!
ყველანი ჰკივიან, წინ მიიწევენ, იგინებიან, ხელებს იქნევენ, ერთმანეთზე იწევენ და ერთმანეთს იჭერენ. ერთ ბიჭს პირში ოთხი თითი ჩაუდია, მტვერში ამოგორებულ ჩანჩურას და მურას გარშემო ურბენს და რაც ძალი და ღონე აქვს - უსტვენს.
განი, განი, განი! - სჭყივის არტუშა თან ციბრუტივით ტრიალებს ბურთივით დახტის და ჩანჩურას მომხრეებს შამფურივით ფეხებში სცემს.
– ნუ იცემები თორემ სუ კბილებს ჩაგამტვრევ!
– ნელა შე ვირთაგვა, შენა!
– არტუშ, დაჰკა! არტუშ, დაჰკა! - აქეზებენ მურას მომხრენი და არტუშაც გაორკეცებული სისწრაფით დარბის, შამფურს ელვასავით იქნევს და ხრინწიანი ხმით ჰყვირის:
– უკან, უკან, უკან! აბა, განი, განი, განი!
მურა თანდათან სუსტდება. ყვირილმა იმატა. ყასბებს მეტის სიცილისაგან თვალები დაეხუჭათ, ჩვრებივით ჩამოშვებული ლოყები აუწითლდათ, ძარღვები დაეჭიმათ და მთელი ტანი უფამფალებთ.
მთელი ბაზარი ჰგრგვინავს და ზანზარებს. პატარა ბიჭი მებრძოლთ ისევ გარშემო ურბენს და უსტვენს. იქვე ჩანჩურას და მურას მომხრენი ჩხუბობენ. გამარჯვებამ თითქოს ჩანჩურასკენ გადაიწია.
– არ გაუშვა! არ გაუშვა!
– ჰა ა-აი შე სამგლევ, შენა!
– ჰარიქა, ჩანჩურ, ჰარიქა, ჰარიქა!
მურამ ფილტვის ნაჭერს პირი გაუშვა. ძაღლის მომხრეებმა ყიჟინა დასცეს და წინ წაიწიეს. ჩანჩურამ მტვერში ამოსვრილ ხორცს ხელი დასტაცა და თავის პირისაკენ გააქანა.
მურა გაკაპასდა, გაცეცხლდა, გაწიწმატდა. ერთი ნახტომით ჩანჩურას ზედ თავპირზე დააჯდა და ხორცის მეორე ნახევარს ეცა.
– უ-უჰ, შენი ჭირიმე, შენი!
– ჩანჩურ, შეჭამე, შეჭამე, შე უბედურო, შენა!
– ცხვირში ეცი, ცხვირში, მაგ ჩანჩურას, მაგას!
მურამ თავის მომხრეთა ბრძანება გაიგო, ფილტვს პირი გაუშვა და ჩანჩურას ეცა. ჩანჩურას ფილტვი ისევ პირში ეჭირა და გორაობდა, ხან პირქვე ხან გულაღმა წვებოდა, ორივე ხელით თავპირს იფარებდა და მხიარულად წკმუტუნებდა.
მურა გარშემო ურბენდა. კბილებს აწკაპუნებდა, წინა ფეხებით თავპირს აკაწრავდა და ჰყეფდა.
მალე მურა და ჩანჩურა თავიანთ გორაობით და ფართხალით აყენებულ მტვერში გაეხვივნენ. ყასბებმა სიცილს ვეღარ გაუძლეს.
– ვაიმე დე-და!
– მოვკვდი... მიშველეთ!..
– ო-ო-ო, შე ეშმაკო შენა, შენა!
– ჩანჩურ, შენ გაგიწყრეს ჩემი გამჩენი, აჰა!
– განი, განი, განი!
– მურა, შენ გენაცვალე, შენა!
– ჩანჩურ, შე უბედურო, შენა! დაახჩე რაღა ეგ წუწკი, ეგა!
ყველანი აირივნენ, ატოკდნენ, შეჯგუფდნენ და მებრძოლთ ერთი ადლი ადგილიღა დაუტოვეს.
მტვერი გაიფანტა და ფალავნები ისევ გამოჩდნენ. ჩანჩურა გულაღმა იწვა, ორივე ხელი მურასთვის წაეჭირა, ფეხებს იქნევდა, ფართხალებდა ჰღმუოდა. მურა ჩანჩურას გულზე აჯდა და მისი დიდი ცხვირი კბილებით ეჭირა. ფილტვი იქვე მტვერში ეგდო. ხალხმა ყიჟინა დასცა და წინ წაიწია.
– აჯობა! აჯობა! გააშველეთ! - დაიყვირა უმეტესობამ და გასაშველებლად გაიწია.
– ჯერ არა! ჯერ არა!
– ვერ აჯობა, ვერა! - ყვიროდნენ ჩანჩურას მომხრენი, მაგრამ ვიღაცამ მურას ხელი დავლო, ჩანჩურას ცხვირს ძლივს ააგლიჯა, პირსისხლიანი ფალავანი ჰაერში აისროლა და მიაძახა:
– მურას გაუმარჯოს! ურა -ა-ა-ა!
– ურა-ა-ა-ა-ა! ურა-ა-ა-ა! - ჰგრგვინავდა ხალხი და შიშისაგან შეშლილ მურას ზევით ისროდა, ჰაერში იჭერდა და ისევ ისროდა.
გამარჯვებულნი ზევით წამოვიდნენ. წინ პატარა ბიჭები მორბოდნენ, ზოგნი კიდევ ძალზედ მოკუზულიყვნენ, პირში თითები ჩაედოთ, ხალხში თაგვებივით დაძვრებოდნენ და უსტვენდნენ.
იმათ ერთი პატარა ბიჭი მისდევდა, რომელსაც ტალახში ამოსვრილი ფილტვი ნადავლივით თავზე დაედო და ნელი და ამაყი ნაბიჯით მიდიოდა. გამარჯვებული არტუშა წინ მიუძღოდა, ლოტბარივით შამფურს იქნევდა და ხრიწიანი ხმით მღეროდა:
– მოვდივართ, მოგვი-ი-ხარიან, მოგვყავს წითელი მურ-ააო-ო.
VI
ბოლოს დამარცხებული ჩანჩურაც წამოდგა, ყურიდან, შუბლიდან, ცხვირიდან და ხელებიდან სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა. მტვრით და სისხლით შეთხუპნილი სახე უფრო დაღმიჭა. თვალებიდან ცრემლების მსგავსი რამ წამოედინა და ყელიდან ტირილის მსგავსი რამ ამოხდა.
ჩანჩურას ერთმა ხელი ჰკრა,თავში ჩაარტყა და ზიზღით მიაძახა:
– ჰაი, შე უბედურო, შენა!
– ერთი კიდევ, ერთი კიდევ ჩაარტყი ჩემ მაგივრადაც მაგ ჩანჩურას, მაგას! - მიაძახა მეორემ.
თავბრუდახვეული ჩანჩურა ხუთიოდე ნაბიჯზე გადავარდა.
მერე ხელმეორედ წამოდგა, თვალებიდან და ტუჩებიდან სისხლისა და ცრემლის ტალახი მოიწმინდა და ყვირილ-ხარხარით და სიმღერით მიმავალი ხალხი რომ დაინახა, თავის სიცოცხლეში პირველად ამოიიხრა ადამიანურად.
– ურა-ა! ურა-ა! - ისმოდა ქუჩის ბოლოში.
ურას ძახილი, არტუშას სიმღერა, ბიჭების სტვენა და გამარჯვების კიჟინა ჩანჩურას მომხრეებს შურსა და ჯავრს ჰგვრიდა. ჩანჩურა კი ცრემლებს იწმენდდა და მურასავით წკმუტუნებდა.
ქუჩის კუთხიდან უცებ პეტროვი გამოვარდა და იმოდენა ხალხი რომ დაინახა, საჩქაროდ ისევ სახლს მიეფარა და ხანგრძლივი ძლიერი სტვენა ასტეხა.
ცოტა ხნის შემდეგ ისეთივე სტვენა მეორე მხარეს განმეორდა. მერე მესამე და მეოთხე ადგილიდანაც პასუხი გასცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელნი პეტროვის წინამძღოლობით ხალხისკენ მირბოდნენ.
ხალხი ჯერ გაჩუმდა, მერე ალაპარაკდა და ისევ სიცილ-ხარხარით ასტეხა.
_Uჯცგჯლფ= ჰფც[ჯლბცმ= ჰფც[ჯლბცმ! - ჰყვიროდა შეშინებული პეტროვი, და როცა ერთ ადგილზე გაშეშებული ჩანჩურა დაინახა, მათრახის ქნევით და მუქარით პირდაპირ მისკენ წამოვიდა.
_ძ ნტ გჯრფ;ე= ზ-ფ ნტ გჯრფ;-ე! ‘ნჯ ნბ ყფრეჰფკტცბკ= იენ ჯრფზნსქ!
ჩანჩურა გასაქცევად მიბრუნდა, მაგრამ იმისკენ მომავალი პოლიციელი რომ დაინახა, ქუჩის მეორე მხარეს გადაირბინი, თავი დაჰღუნა და იქით გაიქცა, საცა ლაპარაკით და სიცილით ხალხი იშლებოდა.
პეტროვი ჩანჩურას გამოუდგა. ხალხმა რომ გამოქცეული “ფალავანი” დაინახა, ყიჟინი დასცა და ხარხარით წინ გადაეღობა.
– ჰარიქა, მურა! ჰარიქა, მურა! - დაიძახა ვიღაცამ და ჩანჩურამ ერთხელ კიდევ იგრძნო მურას გამარჯვებული კბილები.
ჩანჩურამ თავი უფრო დაბლა დაჰღუნა, თავპირზე ხელები აიფარა და შიგ შუა ხალხში შევარდა, მაგრამ ყაზბების მუშტებმა მაშინვე გამოატრიალეს. ჩანჩურამ უკან გამობრუნება სცადა, მაგრამ იქვე რომ პეტროვი და მისი მათრახი დაინახა, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა, მუშტების შსუაგულში შევარდა, წრე გაარღვია და, თავდახრილი, პატარა ქუჩაში შეგორდა, მაგრამ...
მაგრამ იმავე დროს მკერდში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო რომ…
შემდეგ რა მოხდა - ვეღარაფერი გაიგო.
ხალხმა ერთხმად დაიგმინა. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ყველანი იქით გაიქცნენ, საცა ორი დიდი ცხენის ქვეშ ჩანჩურა შავი კუნძივით გორაობდა.
ცხენები ჯერ შესდგნენ, შემდეგ ერთ ადგილზე ტოკვა დაიწყეს, მერე გაიწიეს და ფქვილით სავსე დროგი ჩანჩურაზე გადაატარეს.
ხალხი ერთ ადგილას შეკუმშდა და სდუმდა. მათ შუა ჩანჩურა მტვერსა და სისხლში ფართხალებდა, იგრიხებოდა ჰყმუოდა.
დამარცხებულ ჩანჩურას გვერდით გამარჯვებული მურა ჩაცუცქებულიყო და თავის მტერს გაოცებით დასცქეროდა.
შემდეგ ხალხიც ალაპარაკდა და აყაყანდა.
ცოტა ხნის შემდეგ პეტროვიც მოვიდა.
Uჯცგჯლფ= ჰფც[ჯლბცმ= ჰფც[ჯლბცმ! Yე=ხნჯ ნენ ბყნტჰტცყჯუჯ~ Yე= ჰფც[ჯლბცმ=ჰფც[ჯლბცმ! - მშვიდობიანად ურჩევდა მშვიდობის მცველი და ხან ერთსა და ხან მეორეს სუსტად მათრახს ჰკრავდა.
ერთმა პოლიციელმა მედროგე და იმისი ცხენები პოლიციაში წაიყვანა.პეტროვმა და მეორე პოლიციელმა ჩანჩურა ასწიეს, ეტლში ჩასდეს და სადღაც გაისტუმრეს.
მიმავალ ეტლიდან ცოტა ხანს კიდევ მოისმოდა ჩანჩურას მისუსტებული წკმუტუნი, შემდეგ ყველაფერი მისწყდა.
ათი წუთის შემდეგ პეტროვი მშვიდობიანობის ნამდვილ დამრღვევს - მურას დასდევდა. ნამდვილი დამნაშავე პეტროვს გარშემო ურბენდა, ეთამაშებოდა, მხიარულად ჰხტოდა, ჰყეფდა და პეტროვის გასაბრაზებლად ზოგჯერ წინ უცუცქდებოდა, ”სლუჟს" უკეთებდა.
პეტროვი დამნაშავეს ზანტად დასდევდა,მათრახს უქნევდა და ღიმილით ემუქრებოდა:
_Yე=გჯქვფ. ;ტ ნტ,ზ= გჯქვფ. ;ტ ზ ნტ,ზ! Nფულფ ,ტჰტუბცმ! B ჯნლე. ;ტ ზ ნტდზ! დჯნ ჯნლე.!
ხალხი ისევ გულიანად იცინოდა და თავის საყვარელ ფალავანს უფრო და უფრო აქეზებდა.
– ყოჩაღ, მურა! მალადეც, მურა!
– უკბინე, უკბინე, მურა! ცხვირში ეცი, ცხვირში!
მურაც დახტოდა, ყეფდა და ისევ "სლუჟს” აკეთებდა.
VII
მეორე დღეს პეტროვი ბოქაულმა დაიბარა და უთხრა:
– გუშინ საავადმყოფოში ვიღაც ჩანჩურა მოკვდა. ამბობენ ვითომ ის კაცი შენს უბანში ცხოვრობად, ამიტომ შენი მოვალეობაა დღესვე გაიგო ჩანჩურას ნამდვილი გვარი, სახელი, ხელობა, სარწმუნოება, ტომი და… ცოლიანი იყო თუ უცოლო, ან… და რა რამე თუ არა, ისიც გაიგე, საიდანაც და როდის ჩამოვიდა ის ჩანჩურა ჩვენს ქალაქში და… არც მისი წლოვანება დაგავიწყდეს. ყველაფერი დაწვრილებით დაწერე და დღესვე მომიტანე, წადი.
დაღონებული პეტროვი ბაზრისკენ მიდიოდა და ჰფიქრობდა:
– ახლა კი ნამდვილად გამაგდებენ, უეჭველად გამაგდებენ, თუ ამაღამვე ორი ქურდი ან ერთი "სიცილისტი”არ დავიჭირე, დილაზე ნამდვილად გამაგდებენ, უეჭველად გამაგდებენ.