კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:38

შავი ზღვის მიმართულებით, ერგეტას გზაზე, სამეგრელოში, მარიამობისთვის შუადღის სიცხეში, გადაფარდაგებული ურემი მიჭრიალებს.

ფერდებჩავარდნილ ხარებს კარგა დაწინაურებული ყმაწვილი გლეხი მიუძღვის, ფეხშიშველი და მუხლებამდის აკაპიწებული. მას გაცვეთილი მოკლე ახალუხი აცვია, უქამრო, მკერდზე შეხსნილი. ქამარ-ხანჯალი ხურჯინივით მხარზე გადაუგდია: წინ რევოლვერი, უკან ხანჯალი. იღლიაში კი გრელი სახრე ამოუჩრია. ზანტად მიიმართება. განიერ ბეჭებს მიარხევს. მზისაგან შერუჯულ შიშველ წვივებზე კუნთების ჯაჭვი უთამაშებს.

გზა ტყიან ჭაობით მიიკლაკნება. მარჯვნივ და მარცხნივ გზის კიდეებს ლაყვებში ჩამდგარი წუმპე ლოშნის. შორიახლო, ლიანებით დახლართულ ღრუებში თხემლის მოწითალო ფესვები და მათი გველის მსგავსი ლანდები ლაღლაღებენ. ჭროღა–ზურგიანი ბაყაყების მთელი ხროვა ხავსის ზედაპირზე ყრუ ყიყინით მიმობნეულა. აქა-იქ გუბეებიდან ამოჩრილ ძელებზე კუზიანი თავწვრილა კუები უძრავად შესკუპულან.

ჰაერი შმორის სუნითა და სიცხის ბოლით გაგუდულა. ციების მთქნარებით გაორთქლილ გარემოს ნაადრევი ზრობის ფერი გადაჰკვრია და ზედ ძირს დაშვებული ცის გობი გადახურვია.

სული ეხუთება მეურმეს. თითქოს გადადგამს ნაბიჯს თუ არა, ქვეყანაც მყისვე გათავდებაო, წინ ჰორიზონტი არა აქვს. ეჩვენება: მიდის, მაგრამ არაფერს არ უახლოვდება. უკან რომ მოიხედავს, ჰგონია, არაფერს არ შორდება. სულ იგივეა, რაც იყო: არც ფერი იცვლება, არც სახე.

სულ ასეთია გზა. სულ ასეთია გარემო.

– მოოოჰ… - შესძახა ბოლოს ყმაწვილმა გლეხმა ხარებს, შესდგა და ურმისაკენ პირი მოიბრუნა.

სახეზე ოფლი ხვითქით გადმოუდის და გადაღეღილ მკერდის ფიცარზე ეღვენთება. მიმედ სუნთქავს. - გამოხედვა ფოლადიანი აქვს. აღნაგობა - კაჟიანი.

– მოოოჰ!.. ჩელა, ნუ ჩამორჩი! - აუწია ხმას, როცა ხარები დაუახლოვდნენ და ნამიანი თვალები ურმის კოფოზე შეისროლა.

ფარდაგადაფარებულ კოფოზე თავწაკრული ხნიერი ქალის სახე შეჰქანდა, და მუთაქას მკლავებით ჩაყრდნობილ ღია მკერდზე კანმოშვებული ხორცის სიმჭკნარეზე ჩამოეკიდა.

გუნდა-ლახოსტაკით შეფერილ წარბ-წამწამებით შავმა თვალებმა გამოანათეს და ხანდაზმულობის უმარილით შეფერფლილ სახეზე მოუთმენლობის ლანდები მიმოაბნიეს.

– კიდევ არ ჩანს ეს ოხერი ზღვა? ხარებთან მოდი, ბიჭო ამბაკო! ბუსკასაც შესძახე ერთი, სახრე გადაჰკარ. გული მიღონდება, ბიჭო, და თავის ტკივილი მკლავს. რა გზა ყოფილა ეს დასაქცევი!

გაისმა ქალის დანჟღრეული ხმა აკივლებით და ურმის ჭრიალს ისე შეეწყო, როგორც მოულოდნელი უცხო რამ მოახილი.

თქვა და ურემში შეწოლილი ტანი მოხდენით ისე მოიმარჯვა, რომ მუთაქაზე ჩამოჯდა. თავსაკრავი მოიხსნა, დაფერთხა. ხელახლად დაკეცა და კვლავ შუბლის გასწვრივ შემოიკრა.

მარცხენა ხელის თითებზე მომსხოთვლიანი ბეჭდები აუბრჭყვიალდნენ, ხოლო მარჯვენაზე ფართო სამაჯურის ბრინჯაოს ფერმა გაიკიაფა.

– ჰე, მაია უბედურო, რა დრო დაგიდგა?.. ბიჭო ამბაკო, მითხარი მაინც, ეს ზღვა ასე შორს ბოლშევიკებს ხომ არ გაუწევიათ? შენ გეცოდინება. საიდუმლო გამანდვე, ნუ დამიმალავ!

მეურმემ ლმობიერად ჩაიღიმა.

“ბოლშევიკებს ხომ არ გაუწევიათ!” - გაიმეორა მან ჩუმი დაცინვით და მოახლოებულ ურემს ცოტა განზე გაწევით წინ დაუდგა.

– ვითომ რათ უნდა გაეწიათ?

– ჩემი ჯინისთვის! აქაო, და, თავადის ქალს მაიას სული არ ამოხდა და, იქნება, ამ გზამ მაინც ბოლო მოუღოსო. მაშ! განა არ ვიცი, რაც ბრძანდებით.

– ამას კი არავინ არ დაიჯერებს და…

ჩაიცინა ამბაკომ და, ურემი რომ გაუთანასწორდა, თავადის ქალსა და კოფოზე ჩამოწეულ ფარდაგს შუა ცალი თვალი ურმის სიღრმეში შეაცურა.

თვალი შეასწრო მაიამ.

– ნუ გეშინია, შე უბედურო: აქ არის… ნურც გერიდება: ორივე თვალით შეიხედე და გაიხარე. აი… - და ქალმა ზედატანი ისე დახარა, რომ ურემში შესახედი ადგილი გაანთავისუფლა.

მეურმის თვალებმა ერთდროულად აღბეჭდეს: წინ, პირველ რიგზე, კოფოზე გადმოხრილი მაიას ღია მკერდის გაცვეთილი სამკაულები, მის უკან კი - შავი ვარსკვლავივით ანთებული ყმაწვილი ქალის გამწყრალი თვალების ელვარება.

– გაიხარე, აი… - გაიმეორა თავადის ქალმა და ორაზროვანი ხმის უსირცხვილო კილოს ისეთი ავხორციანი გამოხედვა დაატანა, რომ გლეხი ვერ მიხვდა, მეორედ წარმოთქმული “გაიხარე, აი” რას ეკუთვნოდა: მაიას გულის პირით უცაბედად გადმოშლილ უტევნო, დაწურულ მკერდს, თუ ურმის სიღრმეში შემალულ შავგვრემან გოგონას - ამბაკოს ნამდვილ ცოცხალ სამკაულს.

– დაფინო გოგო, გამოიხედე. ამბაკოს უნდა დარწმუნდეს, რომ უვნებელი ხარ! ეჩვენე-მეთქი ახლავე!

რა მინდაო? ხომ არ გაგიჟდა ნეტავ? ვაი, უბედური! - იყო მეურმისკენ მიმართული, შეკავებული წყრომის სიმებზე აწყვეტილი დაფინოს მორცხვი პასუხი.

ამ დროს ხარებმაც ჩაიარეს. ამბაკო მათ გვერდით მიჰყვა, ურემს კოფოს პირდაპირ აედევნა.

– ამბაკო, მითხარი: ძალიან გიყვარს ჩემი დაფინო? - ახლა ცბიერმა ცნობისმოყვარეობამ გაუთამაშა თვალებში მაიას. - ძალიან თუ გიყვარს, სულ ძალიან, ძალიან, მაშინ… - და თავადის ქალმა თვალები მინაბა… - თუმცა მოიცა, მერე გეტყვი… ჯერ პაპიროსი მოვსწიო. დაფინო, მოგვაწოდე პაპიროსი! ამბაკოსაც გაუკეთე. მაგრამ მას მსხვილად, იცოდე. მე კი - ჩვეულებრივზე უფრო წვრილი. თავი მტკივა, არ შემიძლია. ჩქარა! ჰოდა, იმას ვამბობდი… ძალიან გიყვარს-მეთქი, ბიჭო, დაფინო? ა? მაგრამ ბოლშევიკი რომ ხარ? ღმერთი არ გწამს და ეკლესია, გაგიწყრათ ორივეს მადლი… არც გვირგვინი გწამს ხომ? როგორ გინდა ახლა? ვერა, ვერ მოგცემ, ძამია, ჩემს დაფინოს… ტყუილი იმედი გაქვს.

ჩაიხრიალა ამაზე ამბაკომ, ვითომ ხუმრობა არისო, რასაც მაია ამბობდა.

– მართლა ვამბობ, კი არ გეხუმრები, მაგრამ… ამოდი, ამბაკო, ურემზე! აქ დაჯექი, და მოვილაპარაკოთ… დავეტევით, ნუ გეშინია. ხარებსაც აქედან უკეთ გარეკავ და არც დაიღლები. კისერი მეღძრობა მგონია, რომ ასე გელაპარაკები. ამოდი… დაფინოც ხომ ახლოს გეყოლება. საქმე გავათავოთ.

დაფინომ ნემსის ოდნად დახვეული, მაგრამ დაუწებებელი პაპიროსი გამოაწოდა მაიას.

– ამბაკოს?

– იმას ღვთის წყრომა, ქალბატონო. თვითონ გაიკეთოს, თუ მოწევა უნდა.

– გაუკეთე-მეთქი, გიბრძანებ!

– არ გავუკეთებ, ქალბატონო! ყალიონი აქვს.

– მაშ, მომეცი აქ ქისა. თუ არ შეგრცხვება, მე გავუკეთებ.

მაგრამ აქ ამბაკოც ჩაერია დავაში.

– ტყუილა შეწუხდები: მე მართლა ყალიონი მირჩევნია. შენი თუთუნი გამხმარ ბაიას ყვითელ ყვავილს ჰგავს და უძალოა, - ყალიონი ამოიღო, დაფერთხა, კბილებში გაირჭო. - მე ეს მირჩევნია… შენი გოგო მართალია… ოღონდ ცეცხლი კი მომაწოდოს, აი, ეს უბრძანე!..

– შენ არ იცი, ამბაკო, ჩემს მიერ დახვეული პაპიროსის გემო. ჩემი ხელიდან არ მოგიწევია. სცადე ერთი. შიგ ტვინში იცის შესისინება და გულზე ისე ტკბილად დაგეხვევა, როგორც ფიქრი ჩემს დაფინოზე… აჰა… მოსწიე-მეთქი.

გამოართვა მაინც ამბაკომ. ყალიონი ჯიბეში ჩაიდვა.

გააბოლა პაპიროსი და ჯერ შეღრანჯვით კომლს გაეთამაშა, მერე დაფინოსკენ გაიხედა თვალების შეუფერებელი, ვითომდა ეშმაკური ახამხამებით.

– არ მოგწონვარ, გოგო? - და ისეთი სახე უჩვენა, თითქოს უთხრაო: შენ თუ არა, შენს ქალბატონს, ხომ ხედავ, რომ მოვწონვარო.

– მიწა კი გაგისკდა! - ესროლა დაფინომ ურმის სიღრმიდან და თვალები აარიდა.

გამარჯვებულივით თავმომწონე ამბაკომ თვალები მოსწყვიტა უკადრის გოგოს და მაიაზე გადაიტანა. - მაია კი, თითქოს მონადირე უცხო ნადირს თოფს უმიზნებსო, ისე დასცქეროდა კოფოდან მერუმეს და მის არშიყობის უშნო ხერხებს უთვალთვალებდა.

გლეხი შეფეთდა, ეს რომ დაინახა. სახეზე ღიმილი უნებლიედ ჩამოსცილდა. არ მოელოდა: თავადის ქალის თვალებიდან ყველა ხვეულით გამომზირალი, ყოველი მოკრალებისაგან გამარცული, ნდომის ურიცხვი ქარი პირდაპირ სახეში უბერავდა.

შერცხვა მეურმეს. ნაბიჯი შეანელა. მერე ურემსაც ჩამორჩა.

ფარდას მიეფარა მაიას სახე.

“ჰო, რა კაპუეტია! გამიგონია, სისხლი უყვარსო!” მძიმედ წარმოსთქვა ახალგაზრდა გლეხმა, როცა ურმის უკან მარტოდ დარჩა.

წინ კი, კოფოზე, თითქოს ურმის დანჟღრეული უსაპნო ბორბლის მორგვის შიგნით გაისმაო, ქალის ხმამ ყრუდ დაიჭრიალა:

“უბედურო თავადის ქალო მაია, ეს რა დროება დაგიდგა!”


* * * * * * *


მზე დასავლეთისაკენ გადაიხარა, და მგზავრებს სინესტის სიომ შემოუქროლა.

შორიახლო, გზის პირად, აქა-იქ გაბნეული ჯარგვლის სახლები გამოჩნდნენ და შემოღობილი ეზოების წინ მაღალი ალვის ხეების რიგებმა ჩაიშრიალეს.

ურმიდან კარგა დაშორებით წინ მიმავალ ამბაკოს მგლისფერი ძაღლები ყეფით დაესივნენ.

უცებ ერთ მხრით, გზის ლარის გაყოლებაზე, შორს, ტყის ფარდა გადაიშალა და დაქანებულ ცის თვალმიუწვდომელ კიდურს ქვემოდან ლურჯი არშია უეცარი ალივლივებით შეეფინა.

– გათავდა, მგონი, ჩვენი ტანჯვაც, დაფინო… აბა, ერთი დააკვირდი, ზღვის არშია არის, რომ მოჩანს, თუ არა?

დაფინო მუხლებზე წამოდგა. ფარდაგიდან თავი გამოჰყო, და გრლად გაწვდილი ხელის გულით კოფოზე მდებარე მუთაქაზე დამყარებულმა, წინ გადაშლილი ჰორიზონტი ნიშანში ამოიღო.

ტუჩების ზევით, საულვაშეზე, მოშავო ფიფქი ებნია და ოდნავ აფეთქილ ღაწვებზე ჯერ უჩინარი ეშხის კამკამა თრთვილი მირონივით ეპკურა.

– ზღვაა, ქალბატონო! - უეცარი გახარებით წარმოსთქვა და მოულოდნელმა სიწითლემ სახე აულეწა. მაიამ უნებლიეთ ყურადღება მიაქცია დაფინოს უეცარ გახარებას. ჯერ მთელ ტანზე უსიტყვოდ თვალები შეავლო მას და მერე სახეში შეაცქერდა.

– მოვედით, მადლობა ღმერთს! - თავისთვის ჩაილაპარაკა ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაფინომ და თავის ადგილს დაუბრუნდა.

მაიამ განაგძრო მისი დაზვერვა.

მერე თითქოს შორეულმა ეჭვმა გულის ყურში უთქმელი რამ საიდუმლოება ჩასჩურჩულაო, სახე მოკუმა და შეტევით ჰკითხა:

– დაფინო, შენს გულს ასე რა გაუხარდა?

არ მოელოდა დაფინო ასეთ შეკითხვას. თვალები ასწია და გაუბედავი გაკვირვებით შეხედა ქალბატონს.

– ის, რომ მოვედით, ქალბატონო! - უპასუხა მორჩილებით.

მაიამ თითქოს ერთი ხნით მძიმე სიჩუმე ჩამოაგდო.

– უკანასკნელად ბონდო რომ ნახე, რა დამაბარაო მითხარი? მომაგონე: კარგად არ მახსოვს… - თვალები საცდელად დაიპატარავა სიჩუმის შემდეგ მაიამ და ნელი, შემპარავი ხმით შეეკითხა შემკრთალ დაფინოს.

– ან იქ დაგხვდებითო… ან მეორე-მესამე დღეს მაინც უთუოდ ჩამოვალო! ასე მითხრა მაშინ.

– ასე თქვა: “დაგხვდებითო, თუ… დაგხვდებიო? კარგად მოიგონე!

– დაგხვდებიო, ქალბატონო, შემეშალა.

– მეტი რა გელაპარაკა?

– მეტი არაფერი.

და დაფინო სახეზე ახლა უფრო შეწითლდა.

– სულ, სულ არაფერი?

– არაფერი, ქალბატონო.

– პირდაპირ გელაპარაკა ხომ?

– კი.

– მერე?

დაფინო გაჩუმდა.

– არ წაგხუმრებია?

– ბატონ ბონდოს ხუმრობა უყვარს, ქალბატონო.

– ჰო და, როგორ წაგეხუმრა-მეთქი?

– აქ ორი თითი წამითათუნა… - და დაფინომ ნიკაპის ქვეშ ოდნავ მოხაზულ ღაბაბზე თითი მორცხვად მიიდვა.

სული ვერ მოითქვა მაიამ. სიტყვაც გაუწყდა უცებ. თითქოს თვალებშიც დაუბნელდაო.

მაგრამ არ შენძრეულა, სახეც არ შეუცვლია, ისე ნელა, მოდუნებით ამართა ხელი და სალოკი თითი ნიკაპს ქვეშ მოისვა.

თითქო რაღაცა მოინახულა და ვერ იპოვნაო, გულდაწყვეტილად ხელი ისევ ძირს დაუშვა.

– მაჩვენე, აბა, შენი… - მიმართა მერე ჩუმი ხმით გოგოს.

დაფინომ შინაური შვლის ნუკრივით ქალბატონს ყელმოღერებული სახე გაუწვდინა.

სწრაფი შეხებით, ელვის ხაზივით, გაითამაშა მაიას თითმა დაფინოს ღაბაბზე.

– ბედნიერი ხარ, გოგო, რომ ახალგაზრდა ხარ… - თქვა და თვალები დაფინოს მიღმა სადღაც შორს სივრცეში შეაჩერა. უცნაურმა სევდამ სახე დაუჩრდილა.

– ჰოდა, მერე რა მოხდა, როცა ასე მოგეალერსა… რა გითხრა მაშინ? - იდუმალი ხმით ჰკითხა დაფინოს სიჩუმის შემდეგ.

– იხუმრა, ქალბატონო.

ახლა უცებ შეიცვალა მაია, თითქოს მოთმინების ფიალა აევსოო.

– ჰო, ვიცი! სიტყვები მითხარი ჩქარა! - შეუპოვრად მიმართა გოგოს და თითქოს ხანჯლის გალესვას შეუდგაო, ისეთი სახე მიიღო.

– “ის გლეხის წუნკალი ბიჭი, ამბაკო რომ ჰქვიან, ზღვაზედაც თუ დავინახე, უთუოდ შემომაკვდებაო”… ეს მითხრა მხოლოდ.

მაია შეკავებული სიჩუმით შეხვდა ამ განცხადებას.

– შენი აზრით, რა უნდოდა, რომ ამით ეთქვა? - ჰკითხა მერე და თვალებში ნალესი ხანჯლის პირმა გაუელვა.

– მე რა ვიცი, ქალბატონო? - უპასუხა შეშინებულმა დაფინომ და თავი ძირს დახარა.

– სტყუი, გველის წიწილავ! - ერთი წამით მოთმინება დაჰკარგა მაიამ. სახე რისხვამ მოუქცია და შიშველი მკერდის ნაფერფლი კანი გულით ნაწურმა სისხლმა ლურჯად დაუდაღა.

მაგრამ მეორე წამშივე საკვირველად გამოიცვალა: თითქოს ორმა, სრულიად მოწინააღმდეგე ფიქრმა მის თავში ელვის სისწრაფით გაიბროლა და ერთმა მეორის ადგილი დაიჭირაო, - გაუგონარი თავისმორევით მოთმინების ძალა მოიკრიბა მან და აფეთქებული რისხვით ტყვიები აზრის გაკრთომის უმალესად უჩინარ ადგილს მიჰმალა.

ახლა სულ სხვა სახით შეხედა გოგოს და ისე გაუცინა, თითქოს ამასწინანდელი გაწყრომა ხუმრობად მოეჩვენაო.

– ვერ მიმხვდარხარ, სულელო გოგო, თუ ბონდო ასე რატომ გეხუმრა… მე კი მივხვდი, რა აზრი ჰქონდა მის სიტყვებს, თუმცა იმ დროს იქ არ ვყოფილვარ. მითხარი მართალი, დაფი: ბონდო მოგწონს თუ არა? შენი მოყვარული ქალბატონისთვის, აბა რა დაგიმალავს, რომ ეს დაუმალო! გულზე ხელი დაიფარე… აი ასე… თვალებში პირდაპირ შემომხედე… აი, ასე… და სთქვი, რაც მაგ პაწია გულში საიდუმლოდ დამარხული გაქვს?

სახე დაუახლოვა თავადის ქალმა დაფინოს, თვალი თვალთან მიუტანა, და ეს სიტყვები როგორც გველმა ისე შეუსისინა.

მისმა ხმამ ჟრუანტელივით დაუარა მთელ ტანში დაფინოს: - მაიას ხმა ლბილად ისმოდა, ალერსიანად, მაგრამ რაღაც ფარული კილო ახლდა გამოუცნობი, როგორც სიკვდილის დაუნდობელი მოალერსება.

– რატომ გაჩუმდი? მითხარი-მეთქი, გოგო: ის წყეული ვაჟი მოგწონს თუ არა?

– რას ბრანებ, ქალბატონო!

– რატომ? შენ უკვე დიდი ხარ, დაფი. ჩემს ხელში გაიზარდე და აი, ამოტელა გახდი. მე ვიცი, შენ უკვე სიყვარულზე ოცნებობ. მე ვიცი ეს, რადგანაც შენი ვარდი გაშლილია და ვაჟის ალერსის ნამი სწყურია. გინდა, ბონდოს უდიდესი საიდუმლო გაგანდო? შენ მას მოსწონხარ, ჩემო ლამაზო, და მოსწონხარ ისე, როგორც არავინ, ა? რატომ შეკრთი? შეგეშინდა? ეს ხომ სიყვარულის ნიშნებია, ჩემო გოგონავ, და სიყვარულის ამბებს მე ისე ვიცნობ, როგორც ჩემს თითებს ორსავე ხელზე.

– რა სიტყვებს ამბობ, ქალბატონო? რატომ გნებავს, ასე მეხუმრო? მე ხომ შენი მოსამსახურე ვარ. - და დაფინოს წამწამებზე ცრემლმა გაიციალა.

– მაშ დავიჯერო, ამბაკოზე ხარ შეყვარებული?

– ხომ სიტყვაც მიმაცემინე.

გაჩუმდა მაია, თითქოს თავში ერთი აზრი უცებ გაუწყდა და მეორემ, უცხომ, გაუელვაო.

მერე ასე დიდხანს უცქირა მტირალ დაფინოს.

რაღაც სათუთი და მოულოდნელი, რაღაც წმინდა და შორეული, ძლივს შესამჩნევი ზოლის სახით თვალებში კრთომით შეეფინა და ცოდვის დაღებით დასერილ სახეზე უმარილს შიგნიდან გადაეფარა.

უცებ მთრთოლვარე ხელი გაშალა, დაწვდა დაფინოს ხელს და ისეთი სახით ჩაიკრა გულში, თითქოს მიუწვდომელი განი მოიტაცა და გულთან დაიმალაო.

– საბრალო ჩემო გოგონავ… მაპატიე… დამნაშავე ვარ.


* * * * * * *


შავი ზღვის ნელი სუნთქვა ზაფხულის მიწურულში. ლურჯი ქარგები სამეგრელოს ნაპირებისა და მიბნედილი სიმშვიდე შორეული ჰორიზონტების.

საღამოს მოახლოვება. - ლურჯი ქვიშა და ლურჯი ზღვა. ლურჯივე ცა და ამავე ფერის ტყეები. შორს კიდევ ზმორებით გადმომცქირალი მთების ნისლიანი ლანდები და მათ შორის დაკარგული ზღაპრების ლურჯი ზმანება.

ზღვის პირად: ნააბანოებ მოაგარაკეთა ერთი ჯგუფის მიწურული დღის სითალხეში გახვეული მდუმარება. ორიოდე ბალღი ქვიშაზე და მოშორებით ფინია, რომელიც სადღაც გართხმული ღრუბლის უცნაურ სახეს უყეფს.

შორიახლო ოციოდე გვიმრით გადახურული წკნელის კარავი. აქა-იქ, კარვების წინ აყირავებულ ურმებს ქვეშ მბჟუტავი ცეცხლი და ბებრების ნელი ფუსფუსი.

სოფლის მხრიდან კარვებში შემომავალი გზის თავში ახოვანი ვაჟკაცი სდგას და გზის გაყოლებას გასცქერის. წყლის ფერი ჩოხა აცვია და გულისპირით თეთრი ახალუხი უჩანს. დარაიას თეთრი ყაბალახი მხარზე გრლად აქვს გადაგდებული. ხელები ხანჯალზე უწყვია.

ლარივით სწორია მისი ტანი, შუაში წელთან გადანასკვული.

სდგას და ჩონგურის კილოზე რომელსაღაც ნელ მოტივს უსტვენს. ხანდახან კიდევ იმავე მოტივზე თავისთვის ჩაიღიღინებს.

უდარდელია.

მაგრამ დიდი ხანი არ გაივლის, რომ უცებ შესწყვეტს სტვენას და ღიღინს: - ანაზდად გზაზე მოახლოვებული ურმის ჭრიალი გაისმა და ხეების დაზნექილი ტოტების სიმწვანეში შეცურებული ნაცნობი ფარდაგის სიჭრელე გამოჩნდა.

– აჰა, ახლანდელი ტახტრევანიც ჩემი დიდი დედოფალისა… - ჩაილაპარაკა გაღიმებით ვაჟმა და ურმის შესაგებებლად დინჯი ნაბიჯით გაემართა.

– მოვედით! დააყენე ხარები, ამბაკო! ჩამოსვლა მინდა! ახლა ფეხითაც გავივლი. - გაისმა კოფოზე მაიას ხმა.

– ჩემი სალამი, თავადის ასულო! მომილოცავს მშვიდობით ჩამოსვლა.

– აჰა, ბონდო! ჩემო მშვენიერო ყმაწვილო! მოდი მომეხმარე, ჩამომსვი.

– როგორ გიკითხო, დედოფალო? - მიეახლა მაიას ბონდო.

– ახლა კარგად ვარ, ბონდო. შენთან რომ ვარ, ყოველთვის კარგად ვარ, ჩემო რაინდო. მაშ, მომელოდი, გასხოვდი? ჯავრობდი, რომ დავაგვიანე? აჰა, ჩქარა, მომეცი ხელი… ჩამომსვი მალე.

გამოცდლი იყო ბონდო: ძალა და საქმის ცოდნა შესწევდა, მსუბუქად ჩამოსვა თავადის ქალი და ისიც მოახერხა: სანამ მიწაზე ფეხს დაადგმევინებდა, ორსავე ხელზე აკოცა.

მერე, როცა მაიას უკან გადმოსახტომად გამზადებული დაფინო დაინახა, გახარებული თვალები მისკენ გასტყორცნა.

– დაიცა, ჩემო ლამაზო! მოგეხმარები.

მაგრამ მაიას ხელები ისე შემოეკვრნენ მკლავებზე ბონდოს, რომ ფეხი ადგილიდან არ მოაცვლევინეს.

ბონდომაც, ვითომ უნებლიე გაკვირვებით, დაფინოსაგან თვალები მაიაზე გადაიტანა: ეს რას ნიშნავსო.

და როცა შეხედა, - ჩუმად, შემღიტინებლად გაუცინა, თითქოს აგრნობინა: ეჭვს მიგიხვდი და ეს რა შენი საკადრისიაო.

მაიამ პასუხად იგი თავისკენ მიიზიდა.

– ბონდო… - ძლივს გასაგონად უთხრა მხოლოდ.

დაფინო კალმახივით ჩამოსხლტა ურმიდან და თავის ქალბატონს უკან დაუდგა.

ურემს ჩაუარეს.

ამბაკო ამ დროს ხარებს ედგა წინ, ჰაერში შემართული სახრით ხელში.

– შენთვის მუშტარი მყავს, ბიჭო ამბაკო: ერთი ნაცნობი უკან ბრუნდება. კარგ ფულს მოგვცემს, თუ ხვალ დილითვე წაიყვან. შენც ხარები არ გაგიცდება. ბარგი კი ცოტა აქვს. პასუხი ამ საღამოსვე შემატყობინე… თუ არა, სხვა მეურმეებიც არიან. – სალამის მიუცემლად უთხრა ყმაწვილ გლეხს ბონდომ, როცა გაუპირდაპირდა.

– მე არ მცალია! - მოკლედ ესროლა ამბაკომ პასუხი და ხარებს სახრე გაუტყლაშუნა: - მე არ მცალია და… - მიუკარებლობის გამომხატველი ხმით გაიმეორა და მიმავალთ ზურგი შეაქცია.

მწარე ღიმილი ფარულად მოსწყდა მაიას ტუჩებს.

– ამბაკო ჩემთან დარჩება! ამბაკო ჩემთან დარჩება ბოლომდის, ბონდო!

თითქოს იერიშს იგერიებსო, ისე წარმოსთქვა მან დ ნაბიჯს აუჩქარა. ტუჩებზე იკბინა ბონდომ.

ასე ჩაიარეს.

უკან მიმავალმა დაფინომ კი ურემთან შეიგვიანა, სადაც ამბაკო იდგა.

– გაიგონე, რა მითხრა? - გაჯავრებული შეეგება დაფინოს ამბაკო. - “ბიჭოო” დამიახა. ხომ დაინახე, ზურგი შევაქციე და სიტყვა მოკლედ მოვუჭერი. ჰმ… ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ ბიჭოს დრო გადასულია. - ამბობდა ამბაკო და რისხვისაგან ანთებული თვალებით იქით იმზირებოდა, სადაც მიმავალი ბონდო ეგულებოდა.

– იცი, რა გითხრა, - მოეფარა გაჯავრებულს დაფინო, - ისე გაისმა შენს ხელში სახრის გატლაშუნება, მეგონა, რომ იმ კადნიერს გადაკარი. შემეშინდა, ჩხუბი არ ატყდეს-მეთქი.

– მერე რა, რომ ამტყდარიყო. დიდი ხნის ჯავრს ამოვიყრიდი.

– სუ! რომ არაფერი დაუშავებია!

– მაშ, რა მისი დახმარება გინდოდა? დედაბერი ხომ არ იყავი, რომ ურმიდან ჩამოსვლა გაგჭირვებოდა?.. მე ვიცი მისი ამბავი, ვინცა ბრანდება.


* * * * * * *


წელსაც ზღვაზეა თავადის ქალი მაია.

წელსაც ზღვაზეა თავადის ქალი მაია, მაგრამ ნეტავი არ დაჩვეოდა ზღვის აბანოებს, როცა მდიდარი იყო და მართლა თავადობდა. ახლა მისთვის კურორტები არ არსებობენ და გაყაჩაღებულმა ცხოვრებამ მას ყველა გზა შეუკრა, რომლებითაც წინათ დადიოდა.

ცხოვრებას ხანიც აჰყვა - ეს მეორე ყაჩაღი - და… აჰა, გაარცულია თავადის ქალი ყოველნაირად: ქონება და დიდებასთან ერთად გაჰქრა მისი ახალგაზრდობაც.

შერჩა მხოლოდ ერთი მოახლე და ერთადერთი კიდევ ნუგეში. პირველი არის მისი გაზრდილი ობოლი გოგო დაფინო, ხოლო მეორე - ოდესღაც შმაგი მისი მიჯნური, განთქმული არშიყი ბონდო თავადი - უკანასკნელი სიყვარული და მიზანი მაიას ცხოვრების.

– აჰა, ზღვა… დიდი, ლურჯი ზღვა! ჩემი საყვარელი ზღვა! და შენ ჩემთან ხარ, ბონდო, ჩემო გიჟო ყმაწვილო! აჰა, წელსაც ზღვაზე ვარ, და შენც ჩემთან ხარ.

ხომ ჩემთან ხარ, ბონდო, შენი ჭირიმე და სხვასთან არავისთან? რატომ გაჩუმდი და მოიწყინე? წამოდი, დავსხდეთ ზღვის პირად.

შეხედე კარგად, რა წყნარად სუნთქავს დღეს ჩემი საყვარელი, საოცნებო ზღვა, თითქოს ჩვილ ბავშვს ოდნავ დარწეულ აკვანში ტკბილად სძინავსო… აი, მისი ნაპირებიც როგორ მეგებებიან ჩუმი ალერსით, და ცის შორეული ტატნობის გაღიმებული სიმშვიდეც როგორ მესალმება თავადის ასულს…

ასე მგონია, რომ ნიავის ფარფატი ყურში საიდუმლოდ ბედნიერებას ჰპირდება ჩემს ესოდენ დაკორტნილ გულს… გაიხედე, აი, შორს, ძალიან შორს ჩემი მშობელი ზვიადი მთები მოჩანან.

მათ შორის მე ვჭვრეტ ჩემს დაკარგულ ახალგაზრდობას, რომელიც თითქოს დაბრუნებულაო, ისე მივსებს გულს იმედებით, თითქოს მეძახის, მიხმობს სიცოცხლესა და ბედნიერებისათვის სწორედ ისე, როგორც ოდესღაც იყო სინამდვილეში… და შენც ხომ ჩემთან ხარ, ბონდო! ჩემთან ხარ, აქ ჩემი გულისთვის ჩამოსული… ჩემს სიყვარულს დანატრებული…

მაშ, ასე: ზღვაზე ვარ. და შენც ჩემთან ხარ… ასე ვიყოთ მარტო, სულ ერთად, ბონდო. ზღვა, რომელიც დიდია და ლურჯი, შენ, რომელიც მზე ხარ ჩემი ცხოვრების, და მე, რომელსაც სწყურია შენი სითბო! ასე ვიყოთ სამნი: ზღვა, შენ და მე.

– თავადის ასულო, დაგავიწყდა სათვალავში ერთიც ჩაგეგდო და… შეგეშალა. კიდევ არის ვინმე, რომელიც გამოგრჩა.

– ვინ? რას ამბობ, ბონდო? რას ამბობ-მეთქი, ბონდო?

და მაიას თვალებს უცებ დაფინოს სახე მოელანდა.

ამ მოლანდებას ბონდომაც მოჰკრა თვალი.

– ვინ და, ამბაკო. მეურმე, ბატონო, აი, ის, ჩემთან ბოლომდის აქ დარჩებაო, რომ მიბრძანე… სხვა ვინ იქნებოდა, რომ გაიკვირვე!

სიხარულის ღიმილმა დააფრთხო დაფინოს ლანდი მაიას სახეზე, - ბონდოს სიტყვებმა გაახარეს თავადის ქალი.

– მე მაინც წამსვლელი ვარ, და ის ჩასთვალე… დეე, ის იყოს, რა გაეწყობა!

– როგორ თუ წამსვლელი? სად? რატომ? - და მაიას თვალები ისე დიდრონი გაუხდნენ, თითქოს ზღვას გადაწვდნენო.

შეაგვიანა პასუხი ბონდომ, თავი ცივად დაიჭირა.

– რევკომს ჩემი ცხენ-უნაგირი ჰყავს ერთ თვეზე მეტია… შემატყობინეს, დაბრუნებას აპირებენო. ახლა უნდა მივაკითხო.

– ჩემზე იყოს რჩეული ცხენ-უნაგირი, ბონდო, ოღონდ ახლა ნუ წახვალ.

– აუცილებელი არ უნდა იყოს ჩემი აქ ყოფნა! ისევ დავბრუნდები თქვენი აქედან წასვლის დროისთვის. ახლა კი უთუოდ უნდა წავიდე.

ბონდომ ძალიან მტკიცე სახე მიიღო. ოღონდ თვალებიდან, როცა ამ სიტყვებს ლაპარაკობდა, ორაზროვნების ცბიერი სხივი ანკესივით ისე გადმოისროლა, რომ თავადის ქალის მიხვედრა ზედ უთუოდ უნდა წამოგებოდა.

მაგრამ მაიას ანკესი არ სჭიროდა. მან ისედაც იცოდა, თუ რა აწუხებდა მის არშიყს ბონდოს და რატომ იყო ასე გამწყრალი.

დაფინოს გზაზე ნაამბობის შემდეგ მაიასთვის ცხადი იყო: ბონდოს ამბაკოს ხარების გაცდენა კი არ აინტერესებდა, რომ მეურმის უკან დაბრუნება ასე ფიცხლად მოიწადინა.

– არა, შენ არ წახვალ აქედან, ბონდო!

– ჩემო დედოფალო, მაპატიე, მაგრამ არ შეიძლება… უთუოდ უნდა წავიდე: ხვალ დილითვე გზას გავუდგები… შენაპირები ხომ აგისრულე: დაგხვდები-მეთქი და დაგხვდი კიდეც. აქედან წასვლას რომ დააპირებ, ისევ ჩამოვალ და გაგაცილებ. ამის სიტყვა მომიცია.

– შენ ხუმრობ, ბონდო!

– არა, ჩემო თავადის ასულო.

შეუვალი იყო ბონდოს ხმა. მის გადაწყვეტილებასაც თითქოს ბეჭედი აზისო, ასე დაანახვა იგი მაიას.

– მართალია, მე ის არა ვარ, ბონდო, რაც ვიყავი… მაგრამ ჯერ კიდევ არ მოვხუცებულვარ და ჩემი სიყვარული ახლა უფრო მძაფრია, ვინემ ოდესმე იყო… თუ ჩემი ტანის სურნელი აღარ გაგონებს ახლად მოწველილი, გაუწურავი რძის სურნელს, რომელიც ოდესმე ასე გხიბლავდა, სამაგიეროდ მას ხომ ძველი ღვინის ძალა აქვს ახლა, რომელიც ნამდვილი ვაჟკაცის სასმელია, ვაჟკაცის ნამდვილი დამათრობელი…

თუ ჩემი პირის ბაგე ვარდის მორცხვი კოკორივით არ ფშვინავს, მას ხომ, სამაგიეროდ, მოუკლავი ნდომის ძალა აქვს შემატებული, რომელიც ყოველი მორცხვობის საზღვრის გადამლახველია, და ისეთი ვნების, აღმძვრელი, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს მიჯნავს.

თუ ჩემს ალერსს მოკრძალება არა აქვს, როგორც ტანგადმოშლილ სავსე მთვარეს, თუ მან გამოუცდელობის აცახცახება არ იცის და ვაჟის წინაშე თვალთა მინაბვაც მისთვის უცნობია, - სამაგიეროდ მოურიდებელია იგი და ყველა წესის დამრღვევი, როგორც უკანასკნელი ტრფიალის გიჟური წყურვილი და ხორცის აღტკინება ვნების მიწურვის წინ…

არა, ბონდო, შენ კიდევ არ იცი ძალა ჩემი სიყვარულისა, თორემ ადვილად მას ვერ დასთმობდი. მითხარი, ხომ არსად წახვალ, ვიდრე მე აქ ვარ და შენი სიყვარული მწყურია.

– კარგი, მაშ, მხოლოდ სამი დღით წავალ… ამისი ნება კი უთუოდ უნდა მომცე.

– არც ერთი დღით, ბონდო!

– ცხენ-უნაგირი დამეკარგება, ჩემო საყვარელო ქალბატონო…

– ჩემზე იყოს! აკი გითხარი.

– ის დრო სად არის, თავადის ქალო, როდესაც გეშოვებოდა. კარგი, ორ დღეში უკან დავბრუნდები, შენ მზესა ვფიცავ!

– ჰო, რით დაგაკავო ჩემთან, ბონდო, რომ აღარ ვიცი! რა გსურს, რა გინდა?

კენჭებზე მოკლედ გაიარა. ხელებზე თითები დაიმტვრია. თითქოს მხლოდ ახლა იგრძნოო, რომ ბეჭდები ჰქონდა, თითების შეხებით მოინახულა. მერე ზედ დახედა, წაირო ერთი ლალის თვლიანი. ხელისგულზე შეათამაშა.

ბონდო მალვით თვალს ადევნებდა მაიას. მიუხვდა, რაც განზრახვა გულში აღეძრა. მივიდა, ბეჭდიანი ხელი დაუჭირა. ჯერ ზედ აკოცა. მერე ბეჭედი გამოართვა და ისევ თითზე წამოაცვა.

– შენი სიყვარული ყველა საჩუქარს მირჩევნია, მაია! - წასჩურჩულა ალერსით.

– მაშ, არ წახვალ ხომ? ახლავე მითხარი.

– ორი დღით… და ნუ გაჯავრდები. შენი მოღალატე ვიყო, თუ დროზე არ დავბრუნდი.

– რომ არ დაბრუნდე?

ბონდომ ხელი შეუშვა მაიას. მოხდენილად დასწვდა ქვიშაზე ერთ კენჭს და აიღო, ჰაერში აისროლა, მერე მარჯვედ დაიჭირა, მხარგაშლით შეტრიალდა, მკლავი შურდულივით მოიქნია და ასე ზღვაში შეისროლა.

– შენი მოღლატე ვიყო-მეთქი, გითხარი… - დაუჯერებლად უპასუხა შემდეგ მაიას და ისევ მიუახლოვდა. ხელი დაუჭირა, ორაზროვანი თვალები გაუსწორა.

– ბონდო, - სულ ჩუმად, იდუმალ მიმართა მას მაიამ, - ბონდო, მომიახლოვდი. ყური მათხოვე, მინდა რაღაცა გითხრა.

ბონდო ცერზე შესდგა, თავი ოდნავ დახარა და გამახვილებული სახით ყური პირთან მიუტანა მაიას.

– დარჩი-მეთქი და… დარჩი-მეთქი და… გინდა, აგისრულო, მალულად გულში რომ სურვილს ატარებ?.. გინდა, აგისრულო-მეთქი, შე სააგელო?

– ყურს უთხარი, მე არა! აი, ყურს, თავადის ასულო.

– მაშ, აჰა… დარჩი და თვალს დავუხუჭავ ამიერიდან მე ჩემს სიფხიზლეს. დაფინოს მფარველად არ ვეყოლები.

უცნაური რახრახიანი სიცილი ასტეხა უცებ ბონდომ. კბილები მთელ ნაპირზე თეთრ რაზმებად გაშალა. ველური ხმები ააყვირა. მერე მოგონილი გაოცების ამოახილი დაუფარავი გახარების ჭიხვინში არია და მიწყნარებული ლურჯი გარემოს სიმშვიდემ დიდი ხნით შეკავებული აღტკინების თოფები დასცალა.

– ეს რა დაგიწამებია ბონდოსთვის, თავადის ასულო? არა გრცხვენია? ეს რა დაგიწამებია ბონდოსთვის, ყველა საიდუმლოების დედოფალო, თავადის ქალო მაია!

თავადის ქალი მაია კი გაუცინებლად იღიმებოდა და ისე შესცქეროდა აჭიხვინებულ ვაჟკაცს, როგორც შურით ამღვრეული თვალები სასიკვდილოდ გამეტებულ მტერს.


* * * * * * *


მარიამობის წინაღამის თევა იყო ზღვის პირად გამართული.

შეღამდა თუ არა, მახლობელი სოფლებიდან ხალხმა თავი იქ მოიყარა, სადაც გაშლილი სააგარაკო ადგილი მდებარეობდა.

ჩამოსული მოაგარაკეებიც ადგილობრივ ხალხს შეუერთდნენ. სოფლის წესისებრ, ბოროტი სულების დასაფრთხობად, ამათაც თავიანთი კარების წინ ჯვრიანი ჭოლოკები ამართეს და კოცონები ააბრიალეს.

ღამის მთეველი ხალხის ყურადღებას მოაგარაკეთა შორის ჩამდგარი თავადის ქალი მაია იპყრობდა მისი მოახლითურთ, დაფინოთი, და მათი შორიახლო ლანდივით მოლასლასე შავ ნაბადში ჩაყურსული, უცხო ვინმე ვაჟკაცი, რომელიც იყო ბონდო, მაიას არშიყი.

თავადის ქალი მაია ტრადიციული პატივისცემით იყო გარემოცული. ათასი გაკვირვებული თვალი რიგრიგობით ნიშანში იღებდა მის ჩაცმულობას, ტანადობას, თავდაჭერილობას, სახეს, თვალებს, ხელებს და კოცონების ალზე აბრჭყვიალებულ მისი თითების ბეჭდებს სამაჯურითურთ.

მოდიოდნენ. უახლოვდებოდნენ. ნიკაპზე თითებს მიიწყობდნენ და შორიახლო შედგომით ათვალიერებდნენ. ესენი იყვნენ სოფლის დედაკაცები.

– თავადის ქალი მაია… - გაისმოდა გაოცებული ჩაჩურჩულება. - ხედავ, თავადის ქალი მაია!

– ბატონიშვილის ქალი მაია! რას მოვესწარით!… არ გიკვირთ, სად მოსულა?

– ა? როგორი ყოფილა! უცქირე, უცქირე: რა გული უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ იცინის ეს სასიკვდილე და სახე მხიარული აქვს. გამიგონია, თითქოს მის კვალზე სიკვდილი დაიარებაო.

– ახალ კანონს თურმე ყველაფერი ჩამოურთმევია… აღარაფერი გააჩნიაო.

– არაფერი გააჩნიაო, ამბობ? ხელის თითებზე დააკვირდი ერთი. ან ვერ ამჩნევ, რა შალი აქვს მოსხმული? ყველას გვიყიდის!

– ვინ თქვა, მოხუცდაო! რომ არ ეტყობა?

– ისეთ წამლებს ხმარობს თურმე… და როგორც ამბობენ, თილისმაც უნდა ჰქონდეს ხნიერობის წინააღმდეგ. თორემ რა ხნისაა! დედაჩემისაგან გამიგონია: მე იმ წელიწადს გამათხოვესო, როცა სააფხაზოდან მაგის მამას მთავრის შვილმა მოციქულები მიუგზავნა, შენი ქალი მომათხოვეო.

– უი, რას ამბობ?

ღამის თევა კი თავისი წესით მიდიოდა.

ტყისა და ზღვის ნაპირის გასწვრივ დანთებული კოცონები მალე გაღვივდა და ცის ტატნობს ალის ენები შეეკიდა.

გაჰქრნენ ცაზე ვარსკვლავები.

კოცონების გარშემო უჩვეულო როკვა გაიმართა და გაგიჟებულ ფერხულში თავდაუზოგველად ჩაება ქალი და კაცი, დიდი და პატარა.

ჯვრით დადაღული ვაჟები ცეცხლის ალში გაეხვივნენ.

თმებში სანთელშეწეპებული გოგო-ბიჭების წივილ-კივილმა ტყის სიღრმეში შემალულ ღამის საშიშ მდუმარებას გასაფანტავად წვრილი კენჭები დაუშინა შუილით.

ალაგ-ალაგ საცეკვაო წრეებიც შეიკრა და რაშა-რერას ათამაშებულმა ხმებმა კიდით კიდემდე მიმოაბნიეს ცეკვის რიტმის “ეჟვნები”.

წესიერებისათვის მახლობელი თემის რევკომიც ჩამოსულიყო - ახლად დამყარებული მთავრობა, - და შეიარაღებული ძალის - ორი მილიციონერის - თანხლებით კარვებს შორის მეთვალყურეთ ჩამდგარიყო, შეუპოვარი გამომეტყველებით.

მეურმე ამბაკო, მობოლშევიკე ყმაწვილი გლეხი, რევოლვერით წელზე რევკომს გვერდით ამოსდგომოდა სამხედრო ყარაულივით, და ცალი თვალი ფარულად იმ წრეში შეემართა, სადაც ფერად შალში გახვეული დაფინო იდგა მაიასთან ერთად, და მისგან დაშორებით, რაღაც საეჭვოდ განცალკევებული, მაღალი შავი ლანდი მიმოდიოდა ღამესავით გულჩათხრობილი.

შუაღამემაც მოაწია.

ახლა სოფლის მამაკაცობა - თავკაცების მეთაურობით - ღამის თევას სათავეში ჩაუდგა.

გაიმართა “მხარდამხარის” დევური ცეკვა და ჰაერი ხალხის კრებულის მეხურმა დაგუგუნებამ შეაზანზარა:

“ჰოი, აბრა, აბრალე…”

მხარბეჭებითა და მკლავებით ერთმანეთს გადაეჭდო გლეხობა და ჯაჭვივით შეკრული წრე ცოცხალ ციხეს დაამსგავსა. ერთი კაცივით, მაგრამ მიმე მთასავით, შექანდა იგი და დაირა ადგილიდან.

“ჰოი, ა-ბრა, ა-ბრა-ლე-ე-ე!

აშო მო-მი-სარ-გა-ლე-ე-ე…”

აქუხდა ხალხი მაღლა ჰაერში შეხტომით და მუხლების ტანზევით შესროლით.

რამდენსაც მაღლა აუწევდა ხმას ხალხი, იმდენს უფრო მაღლა შეხტებოდა და მუხლებს ჰაერში შეისროდა.

ამ გუგუნისა და როკვისაგან ბოლოს მიწა შეინძრა და ტყეში ხეები წამოსაქცევად შექანდნენ.

დაფრთხნენ კუდიანები, მზაკვრები და მესიაკონები. ტყის მეორე განაპირას გაიქცნენ ღამის მთავართან - დიდ მენცართან. მოახსენეს ხალხის სიფხიზლისა და სიმტკიცის ამბავი.

უბელო მგელზე იჯდა მენცარი და კუდიანების ფერხულს მართავდა.

ათასი ხელის ჩხირებზე დამყარებულ ასკოკიან საწნახელზე თმაგაშლილი უკბილო როკაპი ვაჟკაცივით გადამჯდარიყო ასკილის შოლტით შეიარაღებული.

ხელების ჩხირებზე საწნახელი ისე ტრიალებდა, როგორც წყალმიშვებული დოლაბი, და მის გარშემო ათასი ხმა რაღაც ქაჯურს გაჰკიოდა.

ყველაზე მაღლა საწნახელზე გადამჯდარი როკაპის ხმა გაისმოდა:

“ტაბაკონაშა! აბა, ტაბაკონაშა…”

მგელზე იჯდა მენცარი და ყველაზე უფრო მაღალი ხის წვერს შეჰყურებდა მოუთმენლად. ხის წვერზე ერთი ვინმე მესიაკონი შესკუპებულიყო და ბუს თვალებით გასცქეროდა ზღვის პირად ციხესავით შეკრული ხალხის ცეკვასა და მოძრაობას.

ის დრო იყო, როცა მიწა შეინძრა “აბრალეს” ქუხილისაგან და ხეზე შესკუპებული მესიაკონიც ძირს ჩამოვარდა, მგელზე შემჯდარ მენცარს თავს დაეცა.

“ტაბაკონაშა, აბა!”

დასჭექა მაშინ მენცარმა და შიშისზარდაცემული კუდიანების მაყრიონი სტვენითა და კივილით მოსწყდა თავის ადგილს.

როკაპმა შოლტი გაატყლაშუნა.

“ტაბაკონაშა!”

დასჭყივლა მან უკანასკნელად და ფერხულიც ტაბაკოსაკენ დაირა უკანმოუხედავად.

– კუდიანების ღამეა ეს ღამე, ბონდო… და შენც ისე გიჭირავს თავი, თითქოს როკაპმა სასიკვდილოდ დაგდაღაო… კუდიანების ღამეა ეს ღამე, ბონდო, რა სთქვი, რა გსურს, რომ აგისრულო? ასე ნუ მოგიწყენია… სანამ როკაპი ტაბაკონას წავიდოდეს და მენცარის მეუფებას ბოლო მოეღებოდეს…

– მე თავი მტკივა, თავადის ასულო, უქეიფოდ ვარ. მომეცი ნება, წავიდე კარავში და დავისვენო. არ შემილია!

– ვიცი, რა სატკივარი გაწუხებს. გინდა, მოგარჩინო, უბედურო ჩემო არშიყო?

– ხუმრობის გუნებაზე ვერ ვარ, თავადო…

– უნდა შენი პირით გათქმევინო, რაც ასე გაწუხებს! სანამ დამიმალავ? ხომ გითხარი, ამ ღამეს ყველაფერი შესაძლებელია-მეთქი!

– გარდა ერთი რამისა, ჩემო ქალბატონო.

– რას გულისხმობ ამ ერთ რამეში? მითხარი: ჩემს დაპირებას ხომ არა? სთქვი, ნუ გერიდება! მინდა, რამ გასიამოვნო… ძალიან მინდა რომ გაგახარო.

– ღამე მშვიდობისა. უნდა წავიდე. ავად გახლავარ… არ შემიძლია.

ნაბადზე აეკრა ბონდოს მაია. ხალხს აარიდა, განზე გაიყოლია. თვალი თვალში გაუყარა და გულამდის ჩააწვდინა.

მერე უცებ შესდგა და ერთი ნაბიჯით დაწინაურდა…

– ბონდო, მობრუნდი, შემომხედე.

ბონდო მობრუნდა. თვალები აახამხამა და შეხედა. მერე ბავშვივით გაიბუტა და სახე აარიდა, განზე გადგა.

– წადი, ბონდო, - ჩემს კარავში წადი, ნება მომიცია. ჩემს ლოგინში დაწექი. მომვლელს გამოგიგზავნი: მოგარჩენს, შიში ნუ გაქვს. უკვდავების წამალს დაგალევინებს. მაშინ მაინც მიხვდი, მაშინ მაინც გაზომე, გულქვაო ვაჟო, თუ რა დიდია მაიას სიყვარული შენდამი… წადი, ლოდინი არ დაგჭირდება.

მარტო რომ დარჩა, მაიამ დაფინოს გასძახა. ნაცნობთა წრიდან გამოიყვანა.

გიჟური ანთებით იმზირებოდნენ თავადის ქალის თვალები.

სახეზე ღრაკნილი ელვის ხაზები მიმოუქროდნენ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად.

მკერდიდან დაგლეჯილი სუნთქვის ხრიალი სცვივოდა.

მიუწვდომელი, დაფარული განზრახვის ცეცხლი მთელ ტანზე შეჰკიდებოდა და ბედის ცდის სურვილს ისე შეეპყრო, როგორც სიკვდილს.

– მცივა, დაფინო! შენი შალი უფრო თბილია… მომეცი ჩქარა… შენ კი ჩემი წაიღე, ჩქარა-მეთქი! ასე. ახლა წადი და იქ, კოცონთან მომიცადე… - მერე ხელი უბიძგა დაფინოს, თავიდან მოიშორა: უკან, ისევ ნაცნობთა წრეში დააბრუნა.

თვითონ კი სირბილით კარავს მიაშურა.

კართან შესდგა. სული მოითქვა.

მერე ყურები დასცქვიტა და მიაყურა. ნელა შეაღო კარი.

კვლავ მიაყურა და შემდეგ ტანი ბნელ კარავში ქურდივით შეასრიალა.

მაგრამ ზედ კართან, მოულოდნელად, თრთოლვით ატანილმა ხელმა მკლავზე თითები მარწუხის კბილებივით შემოაკრა და თვალის დახამხამებაში სადღაც გაიტაცა, როგორც ქორმა წიწილი.

ეს იყო ის, რისთვისაც ბედს სცდიდა თავადის ქალი მაია.

თითქოს დავიწყებული ქალწულობა დაუბრუნდა და პირველი სიყვარულის გაუმეორებელი ტკბობის წუთები გაუცხოველდაო, ისე მიჰყვა იგი ვაჟკაცის ხელებს, ფოთოლივით მსუბუქი და დარხეული.

– დაფი, შენ ხელშია ჩემი სიცოცხლე: გინდა დამარჩენ, გინდა მომკლავ…

ბნედა შეკიდებულ ხმაზე უჩურჩულებდა ბონდო მქშინავ მკერდზე მიკრულ მაიას.

დეე, იყოს მოტყუილებით გამოწვეული ეს ვაჟკაცური გახელება. დეე, იყოს სხვისადმი მიმართული ეს ნდომა მამაკაცური, ოღონდ მაიას ტანმა ერთი წამით მაინც იგრნოს ეს ცეცხლი. ალესილი ვნებისა, ეს ძალოვანი ლტოლვა სქესური ნებისყოფისა.

მაგრამ უცებ, თითქო მეხი გავარდა და ბონდოს გული გაუპოო, ისე შეჰქანდა ვაჟი. გულზე მიკრული ქალი ხელის ძლიერი კვრით მკერდიდან მოიგლიჯა და ჩვარივით განზე გაისროლა, კუთხეში მიაგდო.

– ჰო, საზიზღარო, ეს რა მიყავი? მომშორდი-მეთქი ახლავე! - დაიყვირა მან და გულიდან შხამიანი ზიზღი გადმოანთხია.

მაია კედელს მიეხეთქა. შალი გადავრა. თავზე თმა აეშალა.

და ბნელ კარავში უცებ სიჩუმე დამყარდა.

მერე სიჩუმეში ბონდოს ქშინვა გაისმა.

თავადის ქალი მაია კი, თითქოს სადღაც გაჰქრაო, ხმას არ იღებდა, სულსაც კი არ ითქვამდა.

მაგრამ უცებ გიჟური სიცილი გაისმა კარავში, და მაიას ლანდი მსუბუქი რხევითა და კისკისით, თითქოს იქ არაფერი მომხდარაო, ბონდოს მიუახლოვდა.

– ეს ხუმრობა იყო, ბონდო! და შენ რად გეწყინა ასე საშინლად? სულელო, გეხუმრე. გეხუმრე-მეთქი.

– არ მომეკარო, გთხოვ. მე ასეთი ხუმრობა არ მწამს!

მაიას სიცილი ისევ ისე უცბად შესწყდა, როგორც გაისმა.

– გეხუმრე-მეთქი, სულელო! - დაიწყო მან ახლა სულ სხვა კილოზე - შენ კი შეურაცხყავ თავადის ქალი მაია, რომელმაც პატიება არ იცის. შენ შეურაცხყავ სიყვარული, ბონდო!

გაბზარული ზარის ხმაზე დაასრულა მან და ბონდოს წინ შესდგა.

– ნუ მელაპარაკები ასე, მაია. არ შეიძლება! - ბრაზით შეუტია ბონდომ.

მაია დადუმდა.

– კარგია, რომ ბნელა კარავში და შენს სახეს ვერ ვხედავ, ბონდო!

– მე კიდევ შენსას, ქალბატონო!

თითქოს ერთმანეთი ტყვიით დასჭრესო და მერე იარა გაისინჯესო, ისე დადუმდნენ.

– შენ ჩემთვისაც გითქვამს: “გინდა დამარჩენ, გინდა მომკლავ!”

– მერე?

– თავადის ქალს მაიას შენამდე სხვებისგანაც ქონებია ეს უფლება მინიჭებული… მით უსარგებლნია კიდევაც!

მორიელივით დაჰკბინეს ამ სიტყვებმა ბონდო.

– ჩემთან კი ვერ ისარგებლებ მაგ უფლებით: დაგაგვიანდა… დრო გასულია!

– განწირვისათვის ყველა დრო ერთია. მაგრამ ეს იმან იცის, ვისაც ნამდვილად გაუწირავს! უბედურო, ამღამინდელი ღამე მზაკვრების ღამეა: შეურაცხყოფილი ქალის გულის იარას ნუ აღიზიანებ! გამათენებინე, იქნება, დღემ ჭრილობა მომიშუშოს.

– მე ის გოგო მიყვარს. რა დღეს, რა ხვალ - ჩემი იქნება! აი, გეუბნები: შენი მზაკვრობის კი არ მეშინია!

უცებ გაშიშვლდა სიძულვილი ორივე მხრივ, და ბნელ კარავში ყვითელი ფერის კოცონები დაენთნენ.

მაგრამ მაიამ, მაინც გონება შემოინახა.

გარინდებული დუმილის შემდეგ, მან მოულოდნელად ხმა შეალბილა და სიტყვები სულ სხვა ჰანგზე მომართა, რომელთა მიღმა, ბონდოსთვის უჩინოდ, საბედისწერო განაჩენის მოქნეული ხმლის ლანდი ელვარებდა.

– კარგი, ნუ ღელავ, ჩემო რაინდო. ჩემს ბედს შევრიგებულვარ: მიშორებ - წავალ. ვხედავ აღარ გსურს ჩემი სიყვარული… პატიოსანი.

უკანასკნელი იყოს ჩვენი შეხვედრა, მაგრამ არ მინდა იფიქრო, რომ მე სიტყვის პატრონი არ ვარ, და დანაპირები არ შეგისრულე, სანამ ერთმანეთი გვიყვარდა…

ჩემი თავისთვის არ მიღალატნია და ახლაც არ მინდა მას მოღალატე გავუხდე… იმისთვის, რაც ჩვენს შორის აქამდე იყო, მომეცი ნება, ისეთი ჯილდო მოგართვა, რომელიც სიყვარულის დედოფალს, თავადის ქალს მაიას შეშვენის.

დეე, ასრულდეს, რაც ბედისწერისაგან განაჩენია: ჩემი ადგილი ამ ღამიდან დაფინოსთვის დამითმია. ოღონდ, ბონდო, როცა ამ განაჩენის სისრულეში მოყვანის საათი დარეკავს და შენ მას გაიგონებ ან იგრძნობ, ან დაინახავ, მომიგონე მე – მაია, თავადის ქალი, შენი განწირული სიყვარული, და ეს საშინელი ამაღამინდელი ამბავი, რომელიც აქ, ამ კარავში, ჩვენს შორის მოხდა.


* * * * * * *


ღამის თევა გრძელდებოდა. კვლავ ენთო კოცონები ზღვის პირად და “აბრალეს” ხმა კიდით–კიდემდე გმინავდა ცამდის აწვდენილი.

თავადის ქალი მაია დინჯი ნაბიჯით დაუბრუნდა ნაცნობ მოაგარაკეთა წრეს, სადაც დაფინოც იმყოფებოდა.

მისმა დანახვამ გაკვირვება გამოიწვია. ყველა გააოცა, რომ თავადის ქალი უშალოდ იყო.

ჰკითხეს, თუ სად ბრანდებოდა, შალი რა უყო, ან სადმე ხიფათს რასმე თუ გადაეყარა.

დაფინომ შალი მიაწოდა თავის ქალბატონს.

– მადლობელი ვარ, დაფინო! მე შენი შალი კარავში დამრჩა, ლოგინზე. ნუ დაიზარებ, ჩემო მშვენიერო, გაიქეცი, მომირბენინე…

დედოფალივით მშვიდი იყო მაია. თავაზიანობის თავადური ღიმილი ფარულად აჯდა ტუჩებზე.

– ახლავე, ქალბატონო! მანამ კი ეს მოიხურე. - და დაფინომ წასასვლელად ნაბიჯი გადადგა.

მაგრამ მაიამ უცებ ხელი დასტაცა მკლავზე დაფინოს. შეაყენა, არ გაუშვა.

– გითხარი თუ არა, რომ ლოგინზე დამრჩა-მეთქი? - ჰკითხა და სახეში შეხედა გოგოს.

თითქოს ჯოჯოხეთს თავიდან ბოლომდის გალავანი ახსნაო, - ისე დააბრიალა შავი თვალები.

– კი, ქალბატონო. ახლავე მოვიტან.

მაიამ ხელი მაინც არ შეუშვა მკლავზე დაფინოს.

შეაგვიანა. მერე უცებ:

– მაშ, კარგი, გაიქეცი.

და ხელი მოსხლიტა. ხოლო როცა დაფინო წავიდა, თითები ჰაერში ისე გაასავსავა, თითქოს რაღაც გაუგებარი ნიშნები დაადევნაო: ისევ უკან უხმობს და არც სურს, რომ დაბრუნდესო.

– ჰო, წადი… ასეა გადაწყვეტილი! - ჩაილაპარაკა თავისთვის და უმალვე განშორდა ნაცნობთა წრეს.

მთვარეულივით ქანაობდა თავადის ქალი, ისე მიდიოდა.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, მოულოდნელად მეურმე ამბაკო წინ შეეჩეხა.

– ამბაკო ხარ, ბიჭო, მართლა, თუ მეჩვენება?

– მაშ, ამბაკო ვარ, ვერ მიცანი? მენცარი ხომ არ გეგონე ამ კუდიანების ღამეში, რომ შეგეშინდა!

უცნაურად შეაშტერდა მაია მეურმეს.

“საიდან გაჩნდა აქ ეს მეურმე? როგორ მოხდა ეს სასწაული?” აათვალ-ჩაათვალიერა.

– ეს რა არის, რომ გკიდია? - ჰკითხა მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ და რევოლვერზე მიუთითა.

– რევოლვერი…

– რად გინდა? ნამდვილი ხომ არ არის?

– მაშ, ხისას ხომ არ დავიკიდებდი? - გაეცინა ყმაწვილ გლეხს.

– ტყვიები მაინც არ გექნება. ალბათ, ცარიელია!

– ხუთივე შიგ ზის, თავის ალაგზე. რატომ დაეჭვდი?

– მაინც რად გინდა? კაცს ვერ გაიმეტებ!

– კაცს არა… მტერი კი არ გადამირჩება.

– ააცილებ. გლეხს სროლა საიდან გეცოდინება?

– ნასალდათარიც რომ არ ვიყვე, თვალი არა მაქვს, გული თუ ხელი?

– მტერმა რომ დაგასწროს?

– ეს შემთხვევაზე ჰკიდია: გამარჯვება მართლა დასწრებაზეა.

– გამოცდილი ყოფილხარ. ეს ამბავი გცოდნია.

– უცნაურ კითხვებს მაძლევ. მეც საკითხავად მოვდიოდი შენთან: დაფინო კოცონთან იდგა მთელი ღამე… ახლა სად წავიდა, აქ ვერ ვხედავ. სად არის შენი გოგო, რომ ვერ დავინახე.

– ჰო, რა დაწყობილია ბედისწერის კანონები, ამბაკო. შენ რომ დაფინოსთვის თვალი გიდევნებია, ძალიან მომწონს. ამ დროს რომ მომიკითხე, ეს უკვე განგება არის. მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ… დროზე მოსულხარ ჩემთან, სწორეა! დაფინო ავად შეიქნა და კარავში წავიდა. კარგს იზამ, რომ მიაკითხავდე. იქნება, რამე სჭირია!

– მართლა? - შეიცხადა ამბაკომ - ალბათ, გაცივდებოდა. ვაი, ჩემო თავო! - და შეყვარებული მეურმე სწრაფად გაიჭრა მაიას კარავისაკენ.

– მივდივარ! ამ წუთში იქ ვარ.

მაია კი ცერებზე შესდგა და ოდნავ აკივლებული, მაგრამ წამქეზებლური ხმით კვალდაკვალ დაადევნა მიმავალს:

– ივარგე, ჩემო ამბაკო! ივარგე, ბიჭო იცოდე!


* * * * * * *


მაიას კარავში ზედიზედ სამჯერ გავარდა ერთი და იგივე რევოლვერი…

შეირყა ღამის დაწყობილი თევა ზღვის პირზე. დაირღვა ფერხული. დაიშალა საცეკვაო წრეები. დიდი და პატარა თავადის ქალის მაიას კარავს მიაწყდა, საიდანაც მოულოდნელი სროლა გაისმა.

სულ მცირე ხანში ყველამ გაიგო, რომ ყმაწვილმა გლეხმა ამბაკომ სამი ტყვიით მოჰკლა თავადის ქალის მაიას არშიყი, უცხო ვაჟკაცი ამ კუთხის უცნობი ვინმე, ყოფილი თავადი…

ალვის ხესავით ტანავარდნილი, წელში ვიწროდ გადასკვნილი, ზღვაზე სატრფიალოდ ჩამოსული თავის საყვარელთან.

დილამდის არ შეწყვეტილა მისვლა-მოსვლა, ბჭობა, გამოძიება.

გათენებულზე მოკლულის გვამი ნაბადში გაახვიეს, საკაცეზე დაასვენეს და მახლობელი თემის რევკომის კანცელარიისკენ წაასვენეს.

დააპატიმრეს მეურმე ამბაკო, და ორი მილიციონერის თანხლებით იმავე გზით გაისტუმრეს.

შუადღისათვის იმავე კანცელარიაში, გამომიებლის ჩამოსვლის დროისთვის, მთავარ მოწმეებად დაიბარეს დაფინო და თავადის ქალი მაიაც.


* * * * * * *


დილის მზემ მთელი ორი მხარის სიგრის დღე გაშალა საქვეყნოდ და დედამიწას ნისლით შეკრული სახე გაუხსნა.

განვლილი ღამის ნაფეხურებში სიცხადე ჩადგა ხმალამოწვდილი.

დასაწყისი სიზმრის კოშმარებს ცის მნათობმა უკანასკნელი თვალები ამოსწვა.

დროს ბრუნვას ზურგს უკან ამოეფარა წუხანდელი ამბები.

დადგა დღე მშვიდი და პატიოსანი.

ოდნავ დარწეული ლურჯი ზღვის ზედაპირზე ვერცხლის ქოჩრები აიშალნენ და რაზმებად დაწყობილნი ნელი შუილით ნაპირს მოაწყდნენ. სადაფის შუბები ამართეს და გარემო ლურჯი თვალებით დაზვერეს.

– ვინ არის აქ ისეთი, ვინც აღარ უნდა იყვესო! - იკითხეს.

ნაპირზე, საბანაო ადგილას, თეთრი ტილო იყო კენჭებზე გაშლილი. ტილოზე იწვა თავადის ქალი მაია, ცალ გვერდზე, პირით ზღვისაკენ მიბრუნებული, გახდილ ტანზე ზეწარი ჰქონდა გადაფარებული.

თავთან პერანგამარა დაფინო უჯდა და თმას უვარცხნიდა.

მოთენთილი სახე ჰქონდა თავადის ასულს და მოუკაზმავი. უძილობით დაფლეთილ კანზე ნაოჭები ეყარა და განაცრებული უმარილის დაღები აჯდა.

თვალებში ნაღველის ფერი ჩასდგომოდა და მის მიღმა კიდევ სხვა რაღაც ფერი შეუცნობელისა და შორეულის, რომელიც სიკვდილის ლანდს ჰგავდა.

– “ვინ არის აქ ისეთი, ვინც აღარ უნდა იყვეს?” - იკითხეს მეორედ ზღვის ზვირთებმა და მაიას რომ თვალი მოჰკრეს გაოცებით შესდგნენ და წამით სული განაბეს.

მერე შეცხადებისავით ერთი დაიწივლეს გულამოსკვნილად და ბრილიანტებად დაიმსხვრნენ იქვე ნაპირთან.

… უბედური თავადის ქალი მაია”… - თითქოს ზვირთებს შეკითხვაზე უპასუხაო, ისე ხმამაღლად დაასრულა ფიქრი მაიამ.

და დაფინომაც მალულად ჩაისლოკინა.

თავადის ქალს მაიას თითქოს დავიწყებოდა დაფინოს იქ ყოფნა. გაუხარდა მისი ხმის გაგონება.

– დაფი? შენ კიდევ ჩემთან ხარ, ჩემო დაფინო? ჩემს მარტოობას იზიარებ, ჩემო ერთგულო გოგონავ. დაანებე თავი თმას. მოდი აქ, წინ დამიჯექი. ნუთუ არ გინდა ფარად მყავდე ამ განსაცდელის დროს? გესმის, როგორ მემუქრებიან ტალღები? ნუ ხარო ამ ქვეყანაზე. მეძებენ. მოტაცებას მიპირებენ. მოდი, წინ დამიჯექი. უთუოდ დაფრთხებიან უფსკრულის მოციქულები, როცა შენ დაგინახავენ. დაფრთხებიან, დაფი, რადგანაც სიკვდილზე უფრო ძლიერია სიცოცხლე, რომელიც შენი თვალებიდან გამოანათებს… მოდი, წინ დამიჯექი.

– აქ ვიყო, ქალბატონო. თმის დავარცხნას გავათავებ.

– ნუ გაათავებ, ჩემო დაფინო. აღარ მჭირია. შიში დამიფრთხე მხოლოდ, ის მირჩევნია. აი, გაიხედე, როგორ ამოდიან ზღვის უფსკრულიდან უცნაური ტალღები. შავები, ლურჯები, შეუპოვრები. შეხედე, ჩემსკენ მოდიან, შემომცქერიან. ყური დაუგდე, რა ხმაზე გაიახიან ჩემს სახელს კიდით კიდემდე! მიხმობენ. დაფი. მოდი თავადის ქალო, დროა ეზიარო არყოფნის მარადიული სიჩუმის საიდუმლოებასო. ნუთუ არ გესმის, დაფინო? მოდი, წინ დამიჯექი. როგორ დავიჯერო, არ გემეტება ჩემთვის შენი უმწიკვლოების ნათელი, რომელიც შენს ცოდვილ ქალბატონს წინ გაუღვება ცხოვრების უკანასკნელ გადასავალზე.

დაფინო ადგა. მაიას წინ დაჯდა.

– ასე… ოღონდ პირი ზღვისკენ გეჭიროს. მინდა, რომ ზღვას უცქეროდნენ შენი თვალები. მე კი შენს ჩრდილს ვეფარებოდე… აი, ასე.

მერე ერთხანს დადუმდა თავადის ქალი. მალე თითქოს დაწყნარდა კიდეც დაფინოს მოფარებული.

– შენც ყოველივე ისე უამბე გამომიებელს, როგორც მოხდა, ჩემო დაფინო, როცა დაგკითხავს. ერთი სიტყვა ტყუილი არ უთხრა. რა საჭიროა? მე გაგაგზავნე კარავში შალის მოსატანად. კარავში კი ვიღაც დაგხვდა… და… მაგრამ ამ დროს შენი საქმროც იქვე გაჩნდა. შენი დაცვა რომ მოინდომა… თუ როგორ იყო? შემოვიდა თუ არა, მაშინვე ესროლა ამბაკომ?

– მე არც გამიგია მისი მოსვლა. ის იყო დამიჭირა თუ არა ბონდომ…

– მოიცა: საცა გინდა, სთქვი მისი სახელი. ჩემთან ნუ ამბობ! განაგრძე.

– მე შიშისაგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულიყავი, რომ… ამ დროს ვიღაცამ ხელი დაჰკრა და… მიწაზე დაანარცხა. “ახლა კი არ გადამირჩები!” შეჰყვირა. ხმაზე ვიცანი, რომ ამბაკო იყო. რა მექნა, არ ვიცოდი… და როცა იგი წამოდგა იატაკიდან. უცებ სამჯერ გავარდა რევოლვერი და…

– წამოდგა იმისთვის, ალბათ, რომ ამბაკო მოეკლა, ხომ?..

უცებ ორივე დადუმდა.

დაფინო სტიროდა.

– ამბაკოს მალე გაანთავისუფლებენ. შეილება, როცა დაგკითხავენ, გამოგაყოლონ აქეთ კიდევაც. თუ არა და იცოდე, მის ხარებს მოუარე. დროზე აჭამე, დროზე გარეკე, დროზე დააბი. რა მამულ–დედულის პატრონები ხართ: ამ ხარებმა უნდა გარჩინონ..

უცებ წამოდგა თავადის ქალი მაია. მეორე მკლავიც მოხვია დაფინოს და გულში ჩაიკრა. სახე თმაში ჩაუმალა და ჩუმი ქვითინი დაიწყო გულამოსკვნილი.

კარგა ხანმა გაიარა.

მერე ისევ უცებ ხელი შეუშვა ერთგულ გოგოს.

– შუადღეც მალე მოაწევს. არ დაგაგვიანდეს: წასასვლელი ხარ რევკომში. დროა მაბანაო, ჩემო დაფინო.

ადგნენ. მაიამ ზეწარი მოიხვია.

– მომეხმარე, კენჭებზე ვერ დავდივარ.

დაფინო შეებჯინა.

ზღვის პირთან ქვიშაზე შესდგა მაია. დაფინოს მთელი ტანით დაეყრდნო.

კიდევ ჯარად აიშალნენ ზღვის ვერცხლის ზვირთები. მწყობრად წამოვიდნენ და ნაპირზე გამოიფანტნენ შუბებით.

მაიას წინ ყალყზე შესდგნენ.

– “ვინ არის აქ ისეთი, ვინც არ უნდა იყვეს?” - კვლავ იკითხეს.

– ჰო, ეს ზღვა დღეს რა რიგ მაშინებს, დაფი! მეჩვენება, თითქოს სიკვდილსაც ლურჯი ფერი აქვს, როგორც ზღვას. და როგორც ზღვა ისე დიდია, ისე ღრმაა სიკვდილი. ნეტავი შემძლოს მისი გული მოვიგო! რა შევწირო, ან რა აღუთქვა, რომ არ მაშინებდეს? რა გამაჩნია?!

აი, ეს ბეჭდები შემრჩა მხოლოდ და ეს სამაჯური! მათ თვლებში ჩემი ბედის ყველა საფეხურია აღბეჭდილი და… სიცოცხლე და სიკვდილი იმდენი ვაჟკაცის, რამდენიც ხელზე ბეჭედი მაქვს და სამაჯური.

– ამ სამაჯურით მე დავინიშნე სულ პირველად, დაფინო, როცა შენი ხნისა ვიყავი. აფხაზი იყო ჩემი პირველი საქმრო, სახელად ჰაიდბეი და გვარად ჩაჩბა, მთავრის შთამომავალი.

მე მას არ ვიცნობდი. არ მენახა. ამბობდნენ, ღამით მთვარეს ჰგავს და დღისით მზესაო. მოციქულები გამოუგზავნია მამას. როცა თანხმობა მიიღო, ძღვენი მოართვა: მის მორთმეულ ოცდახუთ ცხენში ორი წმინდა არაბული ერია, ახალი თოვლივით თეთრები და ჭკუიანები, როგორც ადამიანი.

თავადის ძღვენს ასი ქალი და კაცი მოჰყვებოდა მისი უფროსი დის მეთაურობით, რომელმაც ეს სამაჯური გადმომცა მის სახელით. მითხრა, აფხაზეთის შვიდი დედოფლის ნაქონი არისო და ისეთი ველი, როგორც ჩვენი ქვეყანა არისო. და ასი რჩეული, დინჯი და ზრდილი აფხაზი თავადის ასულს სიტყვას უდასტურებდა.

დრო დაინიშნა ქორწინებისა. წამოვიდა ჰაიდბეი, ბრწყინვალე ჩაჩბა, ოდიშისაკენ. მაგრამ, დაფინო, ყური დამიგდე… მე ის, როგორც მანამდე, შემდეგშიც აღარ დამინახავს…

ზამთარი იყო: ინგურში ფონით გადმოდიოდნენ. მამამ უბრანა ვეფხი ჩიჩუას ძვირფას სიძეს ინგურზე შეგებებოდა რჩეული ვაჟკაცებისაგან შემდგარი ამალით. პატივი ეცა. ხლებოდა. ვეფხი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. მთელ ჩვენს მხარეში არავინ იყო ისეთი, მას რომ ვაჟკაცობით და თვალტანადობით გატოლებოდა.

ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ფარულად. ეახლა ვეფხი სტუმარს. შინ კი ამ დროს საქორწინო მზადება იყო დიდი და გაუგონარი. საზეიმოდ დანიშნული სუფრა მთელი ეზოს სიგრეს წვდებოდა. ძვირფასი ნოხებითა, ფარდაგებით და ფარჩით იყო სეფა მორთული… და, დაფი, გაიგონე კარგად, რასაც გეტყვი.

არავინ იცის, თუ როგორ მოხდა, რომ ხუთასი კაცის თვალწინ ინგურში დაიღუპა ჩემი თავადი ჰაიდბეი ჩაჩბა. ჩემს წინ მუხლმოყრილი იდგა ვეფხი, ამ საზარელი ამბის მომტანი. თავად ხმას არ იღებდა. მის მაგიერ მხლებელი შემომცქეროდა.

პირველად ვხედავდი მე ისეთ თვალებს, რომლებით მე მაშინ ვეფხი მიმზერდა. მათგან რაღაც საშინელი ძალა გადმოიღვრებოდა. მაგრამ ამავ დროს მიმზიდველნიც იყვნენ ისინი.

დედაჩემს ვყავდი მკერდზე თავით მიხუტებული. მეფერებოდა. გარს მეხვივნენ საზეიმოდ მორთული ტოლმეგობრებიც. ყველა ტიროდა და ქვითინებდა. მე კი ვეფხის თვალებს ვყავდი დატყვევებული. ვკრთოდი შეშინებული. ცრემლი კი ჩემს თვალებს არ ეკარებოდა…

და ეს სამაჯური ჩემს დასანიშნად იმ უბედური ჰაიდბეის მორთმეულია. ჩემს მაჯას იგი მას შემდეგ არასოდეს მოშორებია, დაფი. მე მას ამიერიდან ზღვას ვწირავ! შეხედე კარგად: მიიღებს თუ არა ზღვა ამ ჩემს შესაწირავს?

– უიმე, ქალბატონო!

– სუ… აი, ზღვა როგორ დაწყნარდა. დაყუჩდა. შევდგათ შიგ ფეხი. გამთბარა კიდევაც. მომყევრი, დაფი. ჰო, და მერე ჩემი ცხოვრება გამოიცვალა, ჩემო პატარავ.

მამა მომიკვდა. მერე დედაც… დავრჩი გაუთხოვარი. ეს ბეჭედი, დაფინო, ოდიშის თავადს ეკუთვნის, ვეფხი ჩაჩუას. მე ის მიყვარდა. მაგრამ მე სხვას ვუყვარდი და იმ ხსვამ არ მოითმინა, რომ მე თავადი ვეფხი მიყვარდა… და მოჰკლა…

აჰა, ესეც ზღვას ჰქონდეს: იშვიათი ლალია, დიდი ოჯახის საგვარეულო განძი!.. დააკვირდი: შეიწირა თუ არა შესაწირავი ზღვამ?.. ჰა, უფრო დაწყნარდა ზღვა. წელამდის გვიწევს წყალი, მაგრამ… მუდამ ალერსით სავსე ჩემი ვეფხი ჩიჩუას ტრფიალს მაგონებს მისი შეხება.

მომყევი, ჩემო ერთგულო გოგო! ნუ გეშინია. ის “სხვა”, რომელმაც ჩიჩუა მოჰკლა-მეთქი, ნამდვილად სხვა კი არ იყო, არამედ ჩემიანი… ნათესავი.

მე ის მძულდა, გარწმუნებ, დაფინო… მის სახელსაც არ ვიტყვი, რადგან ახლაც მძულს… და ეს ბეჭედი ძველი ალმასით დამშვენებული, ახლაც რომ მკითხო, ვერ მოგცემ პასუხს, თუ მას ამდენ ხანს რად ვატარებ? აჰა, ესეც ზღვას ჰქონდეს, ჩემო დაფინო.

იგი მოჰკლა ჩვენმა ახალმა მოურავმა, უბრალო ლაკადელმა აზნაურმა, ჩემი სიყვარულისთვის, ჯოტო იყო მოურავის სახელი. მისგან მე არაფერი დამრჩენია გარდა მისი უერთგულესი სიყვარულის მოგონებისა. მაგრამ მის უბედურ სიკვდილს შენც მოსწრებიხარ, დაფი.

– ქალბატონო, ძალიან შორს მიდიხარ* ზღვის სიღრმე აქ საშიშია. გნებავს, დავბრუნდეთ?

– მეც სიღრმეს ვეებ, დაფინო! ზღვის სიღრმეს, რომელსაც შეუძლია ისე დამმალოს, ისე დამფაროს… რომ ეს ჩემი ტანი…

– დაბრუნება სჯობია, ქალბატონო.

– რატომ? აქ ხომ კარგია! მაგრამ თავსაკრავი რომ არ წამომიღია!. ეს როგორ მოხდა? შენი ბრალია… უნდა გაგიწყრე! ტკივილი ვიცი, თუ თავი შეხვეული არა მაქვს. დაბრუნდი დაფი, თავსაკრავი მომირბენინე. ახლავე. როგორ გაბედე და დაგავიწყდა! მალე-მეთქი, გიბრანებ. გესმის? თავსაკრავი მჭირია!

შეშინებული დაფინო სწრაფად წავიდა ნაპირისკენ.

აჩქარებისაგან ფეხი სწრაფად ეშლებოდა. წყალსაც ვერ სჭრიდა.

როცა ნაპირს მიაღწია, უკან მოუხედავად გაიქცა, სადაც მაიას ტანსაცმელი ეწყო. დასტაცა ხელი თავსაკრავს და უმალვე ისევ უკან გაბრუნდა.

გაიხედა:

აღარსად იყო თავადის ქალი მაია…

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ